გვერდის ფრაზა: არსებობს რეალური საფრთხე, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ ამ ბრძოლაში, კრება აღმოჩნდეს მხარე და ამ ანგარიშსწორებას შეეწიროს. რისი უფლებაც კრებას არ აქვს, რადგან ის ზეპარტიული იდეაა, რომელიც ყველაზე თავისუფალი და ნეიტრალური ტრიბუნა უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების მხარდამჭერი.
ნინო ბურჯანაძე საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მისი მეუღლის მიერ გახმოვანებული ინფორმაციების შესახებ განმარტებები ღია ეთერით ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. ბურჯანაძეს სახარბიელო მდგომარეობა არც სახალხო კრებაში დახვდა. ქალბატონი ნინოსგან განმარტებებს თანამებრძოლებიც ელოდნენ. რამდენად დააკმაყოფილა მან კოლეგათა ინტერესი, ჯერჯერობით ესეც უცნობი რჩება. ფაქტი ერთია, კრებაში პრობლემებია. 24 დეკემბერს გამართული სხდომის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ეკა ბესელიამ კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრობის უფლება შეიჩერა. რა მოხდა 24 დეკემბრის სხდომაზე და რა გახდა ბესელიას საბჭოდან წამოსვლის მიზეზი, ამის შესახებ ეკა ბესელია თავად საუბრობს.
- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მე კვლავ სახალხო კრების იდეის მხარდამჭერად ვრჩები და კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული კვლავ ვარ. მათი აღსრულებისთვის კი ვაპირებ, თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლა, თუნდაც უფლებადაცვითი საქმიანობით, კვლავ გავაგრძელო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას კრების იდეისადმი და იმ ადამიანებისადმი, ვინც ბოლომდე მისი ერთგულია, თუმცა 24 დეკემბერს გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი წევრობა აღმასრულებელ საბჭოში, შევაჩერო. მიზეზი ვითარებაა, რომელიც “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ შეიქმნა.
ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ ამ ბრძოლაში, კრება აღმოჩნდეს მხარე და ამ ანგარიშსწორებას შეეწიროს. საგაზეთო ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც სახალხო კრებაში “ქართული პარტიის” ლიდერების გაერთიანებასა და ფულადი გარიგებების მცდელობას ეხება, მძიმე ფონს ქმნის. ეს კრებას კიდევ ერთხელ აყენებს თავის მართლების მდგომარეობაში - ხომ არ არის იგი მართლაც ბურჯანაძის სახალხო კრება? ამ ფაქტების დემონსტრირებით, ვფიქრობ რაღაცნაირად თვითაღიარება და დადასტურებაც ხდება იმ ეჭვების, რომლებზეც კრების საბჭოს მუდმივად უწევდა განმარტებების კეთება. ამიტომ ეს კითხვები, დღის წესრიგში კიდევ უფრო მწვავედ დადგება.
საკითხები, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევენ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს. ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა ხდებოდა 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე. მათ პოლიტიკოსებისგან გულწრფელი პასუხები უნდა მიიღონ და ამავე დროს, მომხდარის შესახებ, თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა ლიდერმა უნდა აიღოს. როცა საფრთხეზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ დაპირისპირების ერთი მხარე სახალხო კრების საბჭოს წევრი ბურჯანაძეა. საკითხთა დიდი ნაწილი, რაზეც ბიწაძემ ინტერვიუში ისაუბრა, კრებას ეხება და ამ უკანასკნელმა არსებულ ეჭვებს გაუძლოს. ამავე დროს, ის შეიძლება ამ დაპირისპირებაში ჩართული მხარე აღმოჩნდეს. რისი უფლებაც კრებას არ აქვს, რადგან ის ზეპარტიული იდეაა, რომელიც ყველაზე თავისუფალი და ნეიტრალური ტრიბუნა უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების მხარდამჭერი.
24 დეკემბრის სხდომაზე, საბჭოს პოლიტიკურ წევრებს შევთავაზე, რომ დროებით, სანამ ეს ვითარება დასრულდებოდა და კითხვებზე პასუხები საჯაროდ გაიცემოდა, მათ კრებისგან დისტანცირება მოეხდინათ. ვთხოვე რომ კრება დროებით დაგვეტოვებინა ნეიტრალურ ფონზე, რათა ის იყოს თავისუფალი ამ დაპირისპირებებისგან და შევძლოთ მისი გადარჩენა. თუმცა, უარი მივიღე.
და უარის საფუძვლად რა არგუმენტები დაასახელეს?
- მათ თქვეს, ამ საფრთხეების საფუძველი არ არსებობს და არც იმის აუცილებლობაა, რომ პოლიტიკური სუბიექტები, კრებას დროებით გაემიჯნონ.
ისიც საინტერესოა, თავად ნინო ბურჯანაძისგან რა განმარტებები მოისმინეთ იმ ფაქტებზე, რომელთა შესახებ საგაზეთო ინტერვიუში ბადრი ბიწაძემ ისაუბრა?
- ამის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც ბურჯანაძე აცხადებს, იგი კვლავ მზად არის ამ თემებზე პირდაპირ ეთერში ისაუბროს, ღიად... მან, სხდომაზე ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად თავისი არგუმენტები მოიხმო, მაგრამ ეს არგუმენტები ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო. მეტსაც გეტყვით - მას პირადად ვუთხარი კიდეც, რომ თუ სამართლიანობაზეა საუბარი, ამ ვითარებაში ჩემთვის არცერთი მხარე არ გამოიყურება ზნეობრივ პოზიციაში.
ყველა მხარე ატარებს თავის წილ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის მხილებაა საჭირო და იმის თქმა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა. კარგი იქნება, თუ ნინო ბურჯანაძე ამ განცხადებას ახლა მაინც გააკეთებს. ასევე მიმაჩნია, რომ თუ ეს საკითხები გაირკვევა და ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდება, მაშინ აუცილებელია თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა აიღოს, მათ შორის - ქალბატონმა ბურჯანაძემაც, რადგან ის იმ პერიოდში ქვეყნის პირველი პირი იყო. კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ლევან გაჩეჩილაძემაც და იმ ადამიანებმაც, ვისაც პასუხი აქვს გასაცემი. თუ ეს პროცესი დაიწყო, შუა გზაზე არ უნდა შეჩერდეს და გაურკვეველი კითხვები არ უნდა დარჩეს.
როდის აპირებს ქალბატონი ნინო ამ თემებზე ღიად საუბარს? მითუმეტეს, რომ მასთან დებატებზე ლევან გაჩეჩილაძემ უარი განაცხადა.
- ვერ გეტყვით. ბურჯანაძე აცხადებს, რომ მზად არის ეთერში დაჯდეს და ისაუბროს საპრეზიდენტო არჩევნების დროს რა ხდებოდა, სააკაშვილმა მოიგო თუ არა, მართლაც გადაიხადა თუ არა თანხა და იყო თუ არა კორუფციული გარიგებები, საპრეზიდენტო სკამი რომ შეენარჩუნებინა. ასეთ შემთხვევაში კი, თუ არსებობს ქრთამის მიმცემი და ამღები, არსებობენ უკვე თანამონაწილეებიც და, ვიმეორებ, ამაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. შეუძლებელია, პოლიტიკა მუდმივად სიცრუეზე, ორპირობაზე და საკუთარ ინტერესებზე იყოს დამყარებული.
საბჭოს წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- რა თქმა უნდა, საქმის კურსში ყველა ჩავაყენე. სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა, საბჭოს წევრობის უფლებამოსილებას ვიჩერებ. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ, რადგან ჩემი წინადადება არ იქნა გაზიარებული, ჩემი შინაგანი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედება არ შემიძლია. აუცილებელია, კრება, როგორც იდეა, გადარჩეს და კრების საზოგადოებრივი ლიდერებიც ყველაზე ნეიტრალურ ფიგურებად უნდა დარჩნენ. ეს შესაძლებელი იქნება, თუ ყველა სამართლიანები და ობიექტურები ვიქნებით. არ ვიცი რას ნიშნავს ერთი მხარის მიმართ კრიტიკული იყო და მეორე მხარის მიმართ თვალი დახუჭო... თუმცა, ბუნებრივია, კრებაში ჩემს საქმიანობას და ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ, არ ვწყვეტ.
კრებაში განხეთქილების ერთ-ერთ მიზეზად ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტიც სახელდება. ამბობენ, რომ ამის წინააღმდეგი თქვენც იყავით. საბჭოს სხდომაზე, ქალბატონმა ნინომ ვიზიტის შედეგების შესახებ თუ ისაუბრა? რა საკითხზე ესაუბრა პუტინსა და რუსეთის პატრიარქს?
- სანამ საბჭოს სხდომაზე ვიმყოფებოდი, ჩვენ მხოლოდ იმ საგაზეთო ინტერვიუს შესახებ ვისაუბრეთ. მოსკოვში ვიზიტის შესახებ არ გვილაპარაკია. მე სხდომა ადრე დავტოვე, ამიტომ არ ვიცი მერე რა მოხდა. ისე, როცა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მოსკოვში თავისი პარტიის სახელით მიდიოდა და არა სახალხო კრების საბჭოს წარმომადგენლის, დისკუსია ამ თემაზე აღარც გამართულა. ეს მისი პიროვნული და პარტიული გადაწყვეტილება იყო და არა კრების. ასე რომ, დიდი დებატები ამ საკითხე არ ყოფილა.
ისიც გვითხარით, ალტერნატიული სახალხო კრების შექმნას როგორ აფასებთ და თუ არის შესაძლებელი, ახლო მომავალში თქვენც მათ გვერდით გიხილოთ?
- ნებისმიერ სამოქალაქო აქტივობას, რომელიც რეჟიმის შეცვლისკენ არის მიმართული, მხოლოდ მივესალმები. მითუმეტეს, რომ იქ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში შეუპოვარია. არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანების მიმართ იარლიყები ასე მარტივად გაიმეტო. ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა და პროცესი, რაც რეჟიმის წინააღმდეგაა მიმართული, მხარდაჭერილი უნდა იყოს. მითუმეტეს, ეს ადამიანები აცხადებენ, რომ სახალხო კრების იდეის მხარდამჭერებად რჩებიან და თავს არც ალტერნატიულ სტრუქტურად განიხილავენ.
ამოცანა ძალების დაქსაქსვა არ არის. პირიქით, ჯანსაღი ძალების ერთობაა საჭირო, ამიტომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ასეთ თემებს. თუ ყველაფერში კონკურენტი უნდა დავინახოთ, ეს პროცესს კარგად არ წაადგება. ისიც უნდა გავიაზროთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლაში ასევე საჭირონი არიან და ბრძოლის გასაგრძელებლად სხვა გზებს ეძებენ. იქნებ ამ ფონზე კრიტიკულად შევხედოთ საკუთარ პოზიციებს - ხომ არ არის ვინმე ამაში დამნაშავე? ჩემთვის მთავარი არაა, ვინ დაიბრალებს მთავარი საქმის გაკეთებას, მთავარია დადგეს შედეგი.
კითხვაზე არ მიპასუხეთ - მიდიხართ თუ არა “მეორე კრებაში”? ისეთი შეფასება გააკეთეთ, მგონი მართლაც შეიძლება მათ რიგებში აღმოჩნდეთ...
- არა, ამ საკითხზე საუბარი ამ ადამიანებთან არ მქონია. არც არანაირი გადაწყვეტილება მიმიღია. არა მგონია ხმებს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დადის, კონკრეტული საფუძველი ჰქონდეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ სამოქალაქო წინააღმდეგობის დაფუძნების შესახებ ყველაზე გვიან მე გავიგე. იდეა კარგია და შესაძლებელია, სახალხო კრების საბჭოს წარმომადგენლებმა და ამ მოძრაობამ ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ერთმანეთის კონკურენტებად კი არ განვიხილოთ, პირიქით - შევხედოთ როგორც პროცესს, რომელიც ხელს უწყობს რეჟიმის დასრულებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე მათ არც კრების ალტერნატივად და არც კონკურენტად არ განვიხილავ.