„სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - როცა დაგეძაბა ურთიერთობა ივანიშვილთან, მერე შეიცვალე პოზიცია? ბევრი მათგანის გულწრფელობის არ მჯერა“

„სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - როცა დაგეძაბა ურთიერთობა ივანიშვილთან, მერე შეიცვალე პოზიცია? ბევრი მათგანის გულწრფელობის არ მჯერა“

„ქართული ოცნების“ ყოფილმა მთავარმა სახეებმა უმოკლესი გზა განვლეს „ოცნებიდან“ ოპოზიციაში გადასასვლელად. თუმცა აღმოჩნდა, რომ „ოპოზიცია“ აქ შელამაზებული სიტყვაა და ბევრმა მათგანმა ამ არჩევნებზე სწორედ იმ ნაცებს დაუჭირა მხარი, რომლებსაც ერთ დროს თავგამოდებით ლანძღავდა.

გაოპოზიციონრება პოლიტიკაში მოსულა და ერთი პარტიიდან მეორეში გადახტომაც მომაკვდინებელი ცოდვა არ არის, მაგრამ ოპოზიციაცაა და ოპოზიციაც... როცა ოდესღაც ამბობდი, რომ ნაცების რეჟიმი სისხლიანი იყო, ნაცობის ქომაგად გახდომა რთული არჩევანია.

დღეს არ არის სააკაშვილის რეჟიმი, არ არის ნულოვანი ტოლერანტობა, მაგრამ ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ ბევრი თანამოაზრე მომდურავად გადაექცა. რატომ შეიცვალა ცალკეული ადამიანების პოზიცია, რა დააკლო „ოცნებამ“ იმას, რომ მარგველაშვილი, ხიდაშელი, მურმან დუმბაძე და სხვები განსხვავებულ ამპლუაში არ გვეხილა?

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულმა ადამიანებმა თავადვე უნდა ახსნან, რატომ იყვნენ წარსულში „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერები და დღეს რატომ არიან ოპოზიციაში. თუკი „ქართული ოცნება“ ცუდი იყო, მაშინ ექსპრეზიდენტმა მარგველაშვილმა უნდა აღიაროს, რომ ცდებოდა.

„ეს არ ეხება მხოლოდ მარგველაშვილს. მარგველაშვილის მსგავსად, დღეს ბევრი ადამიანი გამოდის და რომის პაპზე უფრო დიდ კათოლიკედ მოაქვს თავი. ამის უკან კი იმალება პირადი განაწყენებაც, არაპროფესიონალიზმიც, ამ შემთხვევაში, მარგველაშვილს არ ვგულისხმობ, მაგრამ რამდენიმე ექსპერტმა განაცხადა, რომ ვერ წარმოედგინა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოვიდოდა, ასეთი პრობლემები შეექმნებოდა საქართველოს. გამოდის, ადამიანებს აზროვნების პრობლემა აქვთ, არ ყოფილან რეალურად ექსპერტები და პროფესიონალები. არის მეორე ვარიანტიც, რომ შეგნებულად (სარგებლის მიღების მიზნით), ან შეუგნებლად მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“. საქმე გვაქვს ან გულუბრყვილობასთან, ან არაპროფესიონალიზმთან“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისი აზრით, რიგ შემთხვევებში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავგადაკლული მომხრეების დისტანცირება დღევანდელი „ოცნებიდან“ პირადი წყენით აიხსნება, რადგან, თუ დღეს „ქართული ოცნება“ ცუდია, მაშინ 2012 წელს რატომ იღებდნენ მონაწილეობას „ქართული ოცნების“ სახელით?!

ნიკა ჩიტაძე არ მალავს, რომ თავიდანვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის წინააღმდეგი იყო.

„მართალია, ნაციონალებს თავიანთი შეცდომები ჰქონდათ, მაგრამ მაშინ უკეთესი მთავრობა უნდა გამოჩენილიყო, რომ ნაციონალები ჩაენაცვლებინა. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და ვითომ აღშფოთებულები არიან, მაგრამ მათი აღშფოთება იმით შემოიფარგლება, რომ პასუხისმგებლობას არ იღებენ წლების წინანდელ პოზიციაზე. მით უმეტეს, რომ ისინი ხელს უწყობდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას. მეც პოლიტოლოგი ვარ და ისიც, ვინც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ქება-დიდებას ასხამდა, დღეს კი გამოდის და აღშფოთებულია?! პოლიტოლოგმა პოლიტიკური პროცესები წინასწარ ხომ უნდა განსაზღვროს? პოლიტოლოგიაში წიგნის ავტორი ვარ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩემი წიგნით ისწავლება და 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მეკუთვნის, ზოგიერთები კი ერთ-ორ ინტერვიუს მისცემენ და უკვე პოლიტოლოგებად მოიხსენიებიან. მარგველაშვილი ჩემი პარალელური კლასელი იყო, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, რადგან მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, ითვლება, რომ მისი სიტყვა უფრო რეიტინგულია?! მაშინ კითხვა ისმის, როცა დაგეძაბა ურთიერთობა ივანიშვილთან, მერე შეიცვალე პოზიცია? ბევრი მათგანის გულწრფელობის არ მჯერა“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

მანვე განმარტა, რომ პატივს სცემს იმ ადამიანების მოსაზრებას, ვინც „ქართულ ოცნებას“ გულუბრყვილოდ მხარს უჭერდა, ყოველგვარი დაინტერესების გარეშე. ასევეა ზვიად გამსახურდიას მომხრეების შემთხვევაშიც, ასევე, მისთვის აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციების მქონე სტალინისტების შემთხვევაშიც, რომლებთანაც იგი მეგობრობს. ეს ადამიანები არ თვალთმაქცობენ, ევროკავშირსა და ნატოზე ყალბად არ გვესაუბრებიან. ზოგიერთი ადამიანი კი დღეს რატომღაც აღშფოთებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნათქვამით, საქართველომ საკუთარი ტერიტორია დაბომბა და ომი დაიწყოო, ეს მაშინ, როცა, ნიკა ჩიტაძის თქმით, თავის დროზე იგივე ბიძინა ივანიშვილმაც თქვა.

„მაშინ ივანიშვილს რატომ უჭერდნენ მხარს?! ფულს ელოდებოდნენ?! მინდა, რომ მომავალში ხელისუფლებაში მოვიდნენ მართლაც პატრიოტები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და არა თვალთმაქცები, ევროპელობაზე ფარისევლურად მოსაუბრენი“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომქართული ოცნების“ ყოფილი მომხრეები, რომლებიც დღეს ნაცების ქომაგებად იქცნენ, არიან ადამიანები, რომლებმაც დღევანდელ ხელისუფლებაში თავიანთი ადგილი დაკარგეს და უადგილოდ დარჩნენ.

„ზოგადად, პოლიტიკაში როდესაც ხარ, ძალიან ძნელია, აზარტში არ შეხვიდე. ამიტომ პოლიტიკოსები როცა რჩებიან უსაქმოდ, ცდილობენ, რაღაც საქმეს მოჰკიდონ ხელი და ისევ პოლიტიკის გარშემო იტრიალონ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნაცებს აძლევენ ხმას, ეს ნიშნავს, რომ ისინი ხმას აძლევენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

 

 

mamago მეტს ელოდნენ!
3 წლის უკან