ხაზარაძე მელიას და მელია ხაზარაძის ნაცვლად?

ხაზარაძე მელიას და მელია ხაზარაძის ნაცვლად?

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა - პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია მიდის და მის ნაცვლად პარტიაში „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მოდის, ამაზე for.ge უკვე წერდა. თუმცა, საინტერესოა, მელია პარტიიდან ვის გაიყოლებს და მოხდება თუ არა 18 წლიანი პარტიის მარტივ-მამრავლებად დაშლა და გაიზიარებს თუ არა ისეთი პარტიების ბედს, როგორიც იყო „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინება“.

ამ კითხვებით ანალიტიკოსებს მივმართეთ, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ ვითარებას აფასებენ.

„თუ მოხდება, რომ ხაზარაძე მელიას ადგილს დაიკავებს, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „მოქალაქეთა კავშირის“ ბედი აქვს გაზიარებული. ობიექტურად, რომ შევაფასოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პლუსები აქვს - მათ შეუძლიათ ელექტორატზე ზემოქმედება, პარტიაში მიშას ფაქტორი დღემდე მოქმედებს და იმ ადამინებს, ვინც ადრე ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა  წარსული ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი აქვთ.

აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელიას წამოსვლით შეიძლება პარტიის მთლიანი სტრუქტურა ვერ დაიშალოს, მაგრამ იმ ახალი ნაკადის გამოხშირვა დაიწყება, რომელიც მისი მისვლით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო და დარჩებიან  „ნაციონალური მოძრაობის“ ის  წევრები, რომლებიც პარტიის დაარსებიდან იქ არიან. მათ მიშა მადიდებლებს ვეძახი, ადამიანები, რომლებიც მიშამ სულ რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, მაინც ტაშს დაუკრავენ. 

მამუკა ხაზარაძემ რა უნდა შეიტანოს ახალი?! უბრალოდ, მოხდება მისი გუნდის ლუსტრაცია. ანუ, მივიღებთ მოცემულობას - მამუკა ხაზარაძე თავმჯდომარე გახდება, მაგრამ საზოგადოებას ახალს ვერაფერს შესთავაზებს. საზოგადოებამ გარკვეული პასუხი უკვე გასცა უკვე არჩევნებზე. როდესაც ის ბიზნესში იყო, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ტანდემში მოქმედებდა და მხოლოდ საკუთარი ფინანსების გაზრდაზე მუშაობდა. ახლა, პოლიტიკურადაც განულდება და სრულად მიშაზე დამოკიდებული გახდება“, - განუცხადა ანალიტიკოსმა, ზურა ქადაგიძემ for.ge-ს.

აღნიშულ საკითხზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდა, ექსპერტ ლევან ალაფიშვილს. „იმდენად წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძემ, მის მიერ დაფუძნებული პარტია დატოვოს და სხვა პარტიაში გადავიდეს, თანაც იმ პირობებში, რომ არავინ იცის, თავმჯდომარედ აირჩევენ თუ არა, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში დიდი რეიტინგების მქონე პარტიების „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ ბედს არ გაიზიარებს, თუნდაც პარტია მისმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დატოვოს.

„პირველ რიგში, გასარკვევია ნიკა მელია დატოვებს თუ არა პარტიას. პირადად, მე მგონია, რომ მელია პარტიას არ დატოვებს. პირიქით, გადამწყვეტ მომენტში ახლა მთავარი ერთიანობაა. ის თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, გამოდის, რომ მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, გარკვეული უთანხომება გააჩნია პარტიასთან, რაც ვფიქრობ, რომ რეალობას არ შეესაბამება. რაც შეეხება უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მგონია „მოქალაქეთა კავშირის“ ბედი გაიზიაროს. „მოქალაქეთა კავშირი“ მმართველი პარტია იყო და, როდესაც შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა, შესაბამისად, ის პარტიაც დაიშალა, ისევე, როგორც ასლან აბაშიძე გადადგა აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავრობის თანამდებობიდან, მისი პარტია „აღორძინებაც“ დაიშალა. ორივე პარტია გახლათ მმართველი პარტია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ნიკა მელიამ პარტია, რომც დატოვოს, მოგეხსენებათ, პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ეს არჩევნების შედეგებით დასტურდება კიდეც. ერთ მუნიციპალიტეტში (წალენჯიხაში. რედ) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო, სხვაგან აშკარა დარღვევების ფონზე დამარცხდნენ, თუმცა შედეგები თითქმის თანაბარი იყო „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ კანდიდატებს შორის (საუბარი მაქვს დიდ ქალაქებზე) და, ბუნებრივია, ამ პარტიას პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა არ იგეგმება“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

 

mamago ნიკა ჩიტი სად მუშაობს და რით არის დაკავებული ან რა უკავია?!
3 წლის უკან
Maverick mamago, მეგობარო, პასუხი მას უკავია "მიშა და მისი სამში ერთია"!
3 წლის უკან