ნაზარბაევის გამოცანა

ნაზარბაევის გამოცანა

დასავლეთს სჭირდება ყაზახეთი: ენერგეტიკა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა შუა აზიაში, მაგრამ როგორ შეიძლება დემოკრატია განვითარდეს ქვეყანაში, სადაც ყველა კარტი ავტორიტარი პრეზიდენტის ხელშია?

ახლახანს ასტანაში ეუთო-ს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) სამიტის დასასრულისთვის ჩამოვედი. ტემპერატურა მინუს 15 გრადუსი იყო და როგორც მითხრეს, მალე მინუს 40 გრადუსი გახდებოდა. ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. ქუჩები ხალხისგან დაცლილი იყო. საღამოს რვა საათისთვის ბნელოდა. ასეთია ზამთარი ასტანაში - ყაზახეთის დედაქალაქში.

ასტანაში თითქმის ყველა საბჭოთა შენობა თანამედროვე სახლებმა ჩაანაცვლა. მათი უმრავლესობა ცათამბჯენებია. ზოგიერთი ძალიან კიჩურია (როგორც ლას-ვეგასში), ზოგიერთი - ძალიან შთამბეჭდავი. დედაქალაქს ნორმან ფოსტერის და სხვა ცნობილ არქიტექტორთა ნამუშევრები ამშვენებს. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დედაქალაქი აქ ქვეყნის უმსხვილესი ქალაქიდან ალმა-ატადან 1997 წელს გადმოიტანა. ნაზარბაევს განაცხადის გაკეთება სურდა და გააკეთა კიდეც.

ყველა შესაძლო ფერის გარდამავალი და ბრჭყვიალა ნათურები – შენობებზე, ხეებზე, ფაქტობრივად ყველგან, სადაც კი მათი დაკიდება შეიძლება – გაყინულ ქალაქს სადღესასწაულო ელფერს სძენს. ახლახანს პიტერ ჰიტჩენსმა Mail Online-ში ასტანას „ფხენიანის, აღმოსავლეთ-ბერლინის და დუბაის საინტერესო ჰიბრიდი“ უწოდა. განათებული ნათურები თითქოს იმას გვახსენებს, რომ აქ არ აქვთ ელექტროენერგიის პრობლემა. ყაზახეთი ურანის მოპოვებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მას ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი აქვს. ნავთობის მარაგით რუსეთის შემდეგ პირველ ადგილზეა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, უახლოეს ათწლეულში ყაზახეთი შეიძლება მსოფლიოს წამყვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების ხუთეულში აღმოჩნდეს. კომპანიებმა Chevron, British Gas, Texaco ქვეყნის საწარმოო ბაზის განვითარებაში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

ნაზარბაევმა ენერგეტიკის სტრატეგიული მნიშვნელობა გააცნობიერა. მას ძალიან უყვარს ცნობილი „დიდი თამაშის“ საკუთარი ვერსიის თამაში. WikiLeaks-ის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დეპეშაში ნათქვამია, თუ როგორ უთხრა ერთ-ერთმა ფუნქციონერმა მენავთობემ აშშ-ს ელჩს, რომ რუსები და ჩინელები „მტაცებლებივით იტრიალებენ“ იმის მზადყოფნაში, რომ ხელში ჩაიგდონ ლუკმა, როგორც კი ჩავარდება დასავლური კონსორციუმების მცდელობა, განავითარონ ყაზახეთის ნავთობის და გაზის საბადოები. როგორც ჩანს, ყაზახებს გენებში აქვთ დიდი ზესახელმწიფოების ერთმანეთზე გადაკიდება. მე-18 საუკუნეში ხანმა აბილაიმ ერთგულება შეჰფიცა რუსეთის მეფესაც და ჩინეთის იმპერატორსაც და ასე შეინარჩუნა კონტროლი უზარმაზარ ყაზახურ ველებზე. ყაზახური ანდაზა ამბობს: „მას, ვისაც მეგობარი რუსი ჰყავს, ნაჯახი უნდა მოამზადოს“ და კიდევ ერთი: „ჩინელები მოვლენ – წითელი რუსი მამად მოგეჩვენება“.

მაგრამ დიქტატორის საუკეთესო მეგობარი – ნავთობია. ნაზარბაევი საკუთარ ძალაუფლებას ისე იყენებს, თითქოს მე-19 საუკუნის მეფე იყოს და დასავლეთი ხმასაც ვერ იღებს. პრეზიდენტი ოცი წელია ამ თანამდებობაზეა, თავად ნიშნავს მერებს და მოსამართლეებს, აკონტროლებს პარტიას, რომელიც თავის მხრივ აკონტროლებს პარლამენტს და პერსონალურად განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს. 2007 წელს მორჩილმა საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვიტა, რომ ნაზარბაევი ქვეყნის მართვას შეუზღუდავი ვადით განაგრძობდა. დაახლოებით იმავე პერიოდში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით პრეზიდენტის საპატივცემულოდ ასტანასთვის ნურსულთანი დაერქმიათ... ნაზარბაევმა მოკრძალებულად თქვა უარი.

თუმცა, იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მას თავმდაბლობა არ გამოუმჟღავნებია და უარი არ უთქვამს ასტანის უნივერსტიტეტი მისი სახელობის გამხდარიყო. უნივერსიტეტის ახალი შენობა ძალიან შთამბეჭდავია. მთავარი კორპუსის ინტერიერი Hyatt-ის სასტუმროს გამოქვაბულის მსგავსი ვესტიბიულისა და ლოს-ანჯელესის ჰიპერმარკეტის ერთგვარ ნაზავს ჰგავს. იქ ბევრი პალმა, აუზი და უამრავი განათებული ხის სკამია, რომლებზეც სტუდენტები (ადგილობრივი ელიტის წარმომადგენელთა შვილები) ლექციებს შორის ისვენებენ, ეს უზარმაზარი სივრცე კი ამ გაყინულ ზამთარში შესანიშნავად თბება. და მართლაც, სიამოვნებაზე უარი რატომ უნდა თქვან? დიპლომატების სხვა წერილებიდან ირკვევა, რომ ნაზარბაევს უყვარს ცხოვრებით ტკბობა, კერძოდ - ისეთი საგნებით, როგორიცაა „სასახლე“ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ან „სახლი“ თურქეთის ზღვის სანაპიროზე, ან კერძო კონცერტები, რომლებსაც მაგალითად ელტონ ჯონი მართავს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა საერთო ჯამში მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებზე უკეთ ცხოვრობს. ტაჯიკეთი უკიდურესად ღარიბია. თურქმენეთსა და უზბეკეთში თავისუფლება გაცილებით მეტად იდევნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასტანამ სოციალური ხარჯები გაზარდა, გაილაშქრა რა საზოგადოებრივი უკმაყოფილების და მსოფლიო ფინანსური კრიზისის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა სხვა მაჩვენებლით, ქვეყანას წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. Freedom House-ის უახლესი მიმოხილვის თანახმად, ყაზახეთმა 196 შესაძლო ადგილიდან 169-ე ადგილი დაიკავა სამოქალაქო თავისუფლებების, პოლიტიკური უფლებებისა და ეკონომიკური თავისუფლების მდგომარეობის მხრივ, რაც სუდანზე უარესი მაჩვენებელია. 2002 წელს დაწვეს ოპოზიციური გაზეთის „რესპუბლიკას“ შენობა. 2005 წელს ერთი ცნობილი მოღვაწე, რომელიც პრეზიდენტს აკრიტიკებდა, მკვდარი იპოვეს და გამომძიებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. დაღუპულმა მოახერხა და საკუთარ თავს ორი ტყვია ესროლა, ერთი თავში და მეორე გულში.

არ არის გასაკვირი, რომ როდესაც ყაზახეთმა ეუთო-ს გარდამავალი თავმჯდომარე-ქვეყნის სტატუსი მიიღო, თითქმის ყველა უფლებადამცველი შეწუხდა. ამ პოსტზე ყოფნის ერთი წლის განმავლობაში (ახლა ეს ვადა იწურება) ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესების არანაირი სურვილი არ იგრძნობოდა. ჩნდება კითხვა: თუკი არსებობს ქვეყანა, რომელიც სავსეა ნავთობით და მის მმართველს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს, რა უნდა უყოს მას დემოკრატიისთვის მებრძოლმა?

მაგალითად, უნდა გვწამდეს ამერიკის განსაკუთრებულობის. ერთ-ერთ ადგილობრივ ჟურნალისტთან ერთად სასტუმროს ფოიეში (ეს უკვე ნამდვილი Hyatt Regency-ი იყო) ყავას ვსვამდი და ის ძალიან დამაჯერებლად მიმტიკიცებდა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ამერიკელებს ძალიან გაუჭირდებათ და მე მას ვთხოვე, აეხსნა ჩემთვის, საერთოდ რაში სჭირდებოდათ ამერიკელებს ამის გაკეთება. მან ძალიან მარტივი პასუხი გამცა - „თქვენ ხომ ამერიკელები ხართ“.

იგივე თემის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ როგორც ჩანს, ბევრი რიგითი ყაზახი ძალიან იმედგაცრუებული იყო, როდესაც ამ წლის ნოემბერში ამერიკელი მენავთობე და ლობისტი ჯეიმს გიფენი მხოლოდ საყვედურით გადარჩა. გიფენი ხელისუფლებას გაურიგდა და საგადასახადო გადაცდომა აღიარა. ამერიკელ მენავთობეს, რომელიც წარსულში ნაზარბაევს ნავთობის წარმოების საკითხებში კონსულტაციებს უწევდა, სახელმწიფოსთვის ნავთობკომპანიების მხრიდან ქრთამის სახით 78 მილიონი დოლარის გადაცემაში ადანაშაულებდნენ. ეს უცხო ქვეყანაში ქრთამის ფაქტზე ამერიკელის სამართლებრივი დევნის ყველაზე ხმაურიანი საქმე იყო. ყაზახებს სურდათ, რომ მათი პრეზიდენტი დამსახურებულად დასჯილიყო, მაგრამ იმის გაგებაც სურდათ, რომ ამერიკელები სწორად მოქმედებენ.

1990-იანი წლების დასაწყისში, მეწარმეების ამერიკულ ინსტიტუტში გამართულ ბანკეტზე აწ გარდაცვლილ ჯინ კირკპატრიკს, რომელიც იმ დროს ელჩად მუშაობდა, ვიღაცამ ჰკითხა: „ღირს თუ არა ამერიკელებმა გაგზავნონ თავიანთი არმია მშიერი სომალელების დასაპურებლად? კირპატრიკი, რომელსაც იდეალისტს ნამდვილად ვერ უწოდებ დაფიქრდა და თქვა, რომ ღირს, „რადგან ეს სწორია“ და ეს პოზიცია დღესაც მართალია - ამერიკული ღირებულებებისთვის ბრძოლა ეს თავისთავად ფასეულია, მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლა სწორია არა მხოლოდ მორალური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ მას სტრატეგიული ღირებულებაც აქვს და ყაზახეთი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

მარტივი კითხვა: რა მოხდება მაშინ, როდესაც სამოცდაათი წლის ნაზარბაევი აღარ იქნება? პასუხი კიდევ უფრო მარტივია - არავინ იცის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტახტის მემკვიდრე არც მის ნათესავებშია და, ზოგადად, არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს დაახლოებით ექვსი გავლენიანი დაჯგუფება, რომელიც ხელმძღვანელობს არა იდეოლოგიური ან კლანური, არამედ კომერციული ინტერესებით. ისინი სხვადასხვა ფლანგზე განლაგდნენ და ბრძოლაში ჩაბმისთვის ემზადებიან. როგორ იბრძოლებენ ისინი – მშვიდობიანი თუ ძალადობრივი გზით? ყველა საკითხს კულუარებში გადაწყვეტენ თუ ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ? მკითხაობა დიდხანს შეიძლება. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ისეც აღმოჩნდეს, რომ როგორც კი ქვეყანაში ახალი მთავრობა გაჩნდება, დასავლური კომპანიების მიერ გაფორმებული და პერსონალურად ნაზარბაევზე ძალიან მიბმული სარფიანი კონტრაქტები გადახედილ იქნას.

ახლა ნაზარბაევის ხელისუფლებას არაფერი ემუქრება, თუმცა როგორც ყველა დიქტატორული რეჟიმი, თავისი ბუნებით ისიც არასტაბილურია. მადლობა ღმერთს, ისლამისტი ექსტრემისტები ყაზახეთში ხმას არ იღებენ. ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია, მაგრამ ტრადიციულად - საერო ფასეულობებზე ორიენტირებული. ასეთ სიტუაციას ნაზარბაევიც უზრუნველყოფს. მეტიც - როგორც ჩანს, აქ შემაკავებელი ფაქტორის როლს მისი პერსონალური დაუნდობლობაც თამაშობდა, მაგრამ თუკი პოლიტიკური ვითარება შეირყა, ისლამისტებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ შანსი გაუჩნდათ.

პერსპექტივაში თუ შევხედავთ, დასავლეთმა საკუთარი მიდგომის დივერსიფიკაცია უნდა მოახდინოს და სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებში განახორციელოს ინვესტიცია. სხვა, ფსონს მომავალ ყაზახ დიქტატორზე დადებდა. რა თქმა უნდა, გონივრულია უკვე დაწყებულ მანევრებზე დაკვირვება და პოტენციურ მემკვიდრეებთან კონტაქტების დამყარების მცდელობა. ახლახანს WikiLeaks-ზე გამოქვეყნებული დიპლომატიური მიმოწერიდან თითქოს ჩანს, რომ ამერიკა სწორედ ასე იქცევა, მაგრამ ვაშინგტონი ფარული თამაშის მხოლოდ მოკლევადიანი დაგეგმვით არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ უნდა განავითაროს ყაზახი ხალხის დახმარების სერიოზული გრძელვადიანი სტრატეგია. ეს კი ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედია-საშუალებების და ყაზახური ოპოზიციის იმ ლიდერების უფრო საფუძვლიან მხარდაჭერას, როგორც მორალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, რომლებიც შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ პლურალიზმის და ტოლერანტობის წამთ. მაშინ ყაზახურ მთავრობას უფრო დამაჯერებლად მოსთხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ინტერნეტში ცენზურის შეწყვეტას, პრესის თავისუფლებაზე შეზღუდვების გაუქმებას და ცილისწამების დეკრიმინალიზაციას – მუხლის რომლითაც დიდწილად იდევნება განსხვავებული აზრი. ვაშინგტონი ნაზარბაევსაც ასევე უფრო მკაცრად უნდა მოეპყროს. მას ყურადღება და ლეგიტიმურობა ძალიან სჭირდება და ეუთო-ს თავმჯდომარეობამ მისი ყველა სურვილი დააკმაყოფილა. გაცილებით რთული სათქმელია ის, თუ რა მიიღო სანაცვლოდ დასავლეთმა.

დემოკრატიისთვის ბრძოლა – მოუწესრიგებელი, უმადური, ხანგრძლივი და სახიფათო საქმეა. თუკი ვაშინგტონი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის უფრო აქტიურად იბრძოლებს, ასტანადან ცივი ქარი დაუბერავს. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ზოგიერთ სავაჭრო შეთანხმებას ზიანი მიადგეს და იმ შემთხვევაშიც, თუკი გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდება, აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რომ ყაზახეთი მალე დასავლური ტიპის დემოკრატიულ ქვეყნად გარდაიქმნება, მაგრამ არსებობს ენერგეტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი ინტერესები, რაც უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შუა აზიაში კონსტრუქციულ თანამშრომლობას მოითხოვს. სწორედ ამიტომაა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების დრო, რომელშიც კომერციული ინტერესები, უსაფრთხოების ინტერესები და ამერიკული ფასეულობები ერთმანეთს შეერწყმება.
[foreignpress.ge]