თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არარსებული დებულების მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად აირჩიეს!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არარსებული დებულების მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად აირჩიეს!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორი ერთხმად აირჩია. საზოგადოება სხვას არც არაფერს ელოდა. თსუ აკადემიური საბჭოს თორმეტივე წევრი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანებისაგან შედგება. “გამწევ ძალას” პარლამენტის ვიცე-სპიკერუ ფრიდონ თოდუა და მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი ზურაბ დავითაშვილი წარმოადგენენ. ეს ის დავითაშვილია, რომელიც მონდომებით ამართლებდა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “იმიტირებული ქრონიკის” გაშვებას ნაცმოძრაობის “ნეიტრალური ექსპერტის” სახით.

როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ერთხმად დაამტკიცა. ამ შეთანხმებულ ერთობაში “იმიტირებული პლურალიზმის” მცდელობის სურვილიც კი არ გასჩენია ვინმეს.

რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი, რომელმაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნივერსიტეტის განვითარების საკუთარი კონცეფცია ინტერნეტშიც გამოაქვეყნა და არაერთი შეხვედრა გამართა სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ინტერვიუში აცხადებს: “არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. უბრალოდ, აკადემიურმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მაამებლობა ხელისუფლების მიმართ. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ყველაზე რეალურ პროგრამას (ანუ კვიტაშვილისას) დაუჭირეს მხარი, სინამდვილეში მათ უგულებელყვეს აკადემიური წრეების აზრი და განწყობა. როგორც აკაკი იტყოდა, კენჭისყრა სინდისისა და ღირსების საქმეა. დღეს აკადემიურ საბჭოს ერთმაც უმტყუნა და მეორემაც!”

აკადემიური საბჭოს წევრების არჩევის წესის მიხედვით, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა (იმავე დროს რექტორობის კანდიდატმა) ალექსანდრე კვიტაშვილმა ბრძანებით კომისია 7 წევრის შემადგენლობით განსაზღვრა. შემდეგ, შესაძლოა, ვიღაცის ერთგულებაში ეჭვი შეეპარათ და კვიტაშვილის ახალი ბრძანებით, 15 ნოემბერს ერთი წევრი გამოიყვანეს. ამგვარად, წესის დარღვევით, კომისია ლუწი - 6 წევრიანი შემადგენლობისა გახდა.

საარჩევნო კომისიაში, როგორც ეს ხშირად (თუ ყოველთვის არა) ხდება, ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიყვანეს. დანიშნულ (და არა არჩეულ თავმჯდომარეს!) - მიხეილ დევდარიანს უნივერსიტეტი ხელფასის სახით 1000 ლარს უხდის, მდივანს - ანგი ხუციშვილს 900 ლარს, ხოლო დანარჩენ წევრებს - 800-800 ლარს! როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, კომისიის წევრები ნამდვილად მოტივირებულნი არიან “სამართლიანი’’ არჩევნების ჩასატარებლად! 

ყველაზე კურიოზული მაინც ის არის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორის არჩევის დებულება არ არსებობს! მიუხედავად ამისა, 27 დეკემბერს რექტორის არჩევნები არარსებული დებულების მეორე მუხლის მე-3 პუნქტით აურჩევიათ!

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრე კვიტაშვილი აცხადებდა: “რექტორობის კანდიდატებს შორის დღეს კონკურენცია არ არის”.

რას ერჩით, სრული ჭეშმარიტებაა: რა კონკურენციაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კომისიის შექმნის წესს საკუთარ თავზე ირგებს და წევრებიც ისეთი შეჰყავს, რომლებიც მისი გამარჯვებისთვის უკან არაფერზე დაიხევენ. მით უფრო, როცა ასეთი მაღალი ხელფასი აქვთ ბიუჯეტის ხარჯზე.

ის, რომ ბიუჯეტიც და უნივერსიტეტიც ხალხისაა და არა ოდენ მათი კერძო ინტერესის საგანი, მერამდენეჯერ ივიწყებენ. მთავარია, რომ ახალ რექტორს კარგად დაუსწავლია მმართველი პარტიის ლოზუნგები; იგი პრიორიტეტად “სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული დონის უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბებას” მიიჩნევს. 

“თსუ ლიდერი მხოლოდ ქვეყანაში კი არა, რეგიონშიც იქნება!” - აცხადებს კვიტაშვილი. ჩვენ უკვე გვაქვს რეგიონში და მსოფლიოში უანალოგო გზები, სასტუმროები და მასწავლებელთა ხელფასები. ახლა ჯერი უნივერსიტეტზე მიდგა.