ისევ ქუჩა, პარლამენტის დატოვების მოწოდება და პერმანენტული აქციები - ოპოზიცია 2020 წლის მსგავსად, ჩაკეტილ წრეზე ბრუნდება. ამჟამადაც მიზეზი „გაყალბებული არჩევნებია“. რა რესურსი აქვს „ნაციოანლურ მოძრაობას“ და მასთან შეკედლებულ ოპოზიციის ნაწილს, თუკი ეუთო/ოდირი არჩევნებს ისევ ლეგიტიმურად ცნობს და დასავლეთიდან მხადაჭერა არ ექნება? დიდი ალბათობით, ოპოზიცია საკუთარი ელექტორატის გარდა ქუჩაში ვერავის გამოიყვანს. ერთადერთი იმედი ოპოზიციისთვის ისევ „მოშიმშილე“ მიხეილ სააკაშვილია, თუმცა სააკაშვილმა თუ აქამდე ვერ შეძლო მოსახლეობის დარაზმვა, რთული წარმოსადგენია, რა უნდა მოიმოქმედოს ერთი თვის შემდეგ ისეთი, რაც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს.
ოპოზიციამ აქცია, ჯერ, 7 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე დააანონსა, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, გონს მოვიდნენ და განაცხადეს, რომ აქციის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ნიკა მელიას თავს რომ კარგი ამბები არ ტრიალებს გასაგებია, მაგრამ წაგებული არჩევნების შემდეგ, ეტყობა, გონება ისე დაებინდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საკრალური თარიღი გამოაცხადა პოლიტიკური ბრძოლის დღედ. ელენე ხოშტარიას, როგორც ჩანს, საღი გონება მაინც შერჩა და სასწრაფოდ უარყო მელიას განცხადება: „ოპოზიცია საბოლოო თარიღზე არ შეთანხმებულა“, - განაცხადა მან.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიცია ხმების დაცვას სამართლებრივი გზითაც აპირებს. ნიკა მელია დროს ითხოვს და ხალხის მობილიზებას იწყებს. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს და პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ის ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს. შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ ენმ-ის 34 დეპუტატიც მას მიბაძავს და როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში დეპუტატები მანდატებს დატოვებენ.
„მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ სკამი მდომებოდა ან რამეს გავქცეოდი. ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე ვტოვებ პარლამენტს, რომ გავაგრძელო თქვენთან ერთად ქუჩაში ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის“, - განცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია რამდენიმე სცანარის გათამაშებას შეეცდება, თუმცა ეს უკვე იმდენად სასაცილო და ტრაგიკული იქნება, რომ 2024 წლამდე თვითდაზიანებას საბოლოოდ მიიყენებენ. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, მყვირალა აქციების გამართვას შეეცდება, თუმცა იგივე წრეზე წავა, რომელიც 2020 წელს უკვე გაიარა.
„არ გამოვრიცხავ, 7 ნოემბერს რუსთველის გადაკეტვა სცადონ. „ქართული ოცნების“ და ცესკოს ოფისებთან მივარდნენ. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთანაც მივდნენ. ეს იქნება ჩვეული ის მასკარადი, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებდით. ვნახავთ, რამდენიმე კაცი სასტვენებით, საყვირებით და სამანქანო ავტოკოლონით აქეთ-იქით როგორ დარბის. თუმცა საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის აწევას ვერ შეძლებენ. სააკაშვილი დაიმძიმებს, ალბათ, მდგომარეობას და საავადმყოფოში გადასაყვანი შეიძლება გახდეს.
თუმცა ხელისუფლება ოპოზიციას ამ გეგმასაც ჩაუშლის, რადგანაც თუ ასეთი საჭიროება გაჩნდა, მას ვერტფრენით გადაიყვანენ. ამიტომ მათთვის ეს პოლიტიკურ ავანსცენაზე საბრალო გაფანცქვალება იქნება. ალბათ, მანდატების და პარლამენტის დატოვებაზეც შეიძლება განცხადება სხვებმაც გააკეთონ. ამასთანავე არც ისაა გამორიცხული, საკრებულოში შესვლაზე უარი თქვან. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მათ მხარს არ უჭერს. ამის შემდეგ კი ოპოზიციის ნაწილში ისევ თვითრღვევა დაიწყება. ასევე ენმ-ში არსებული შიდა დაპირისპირებაც გამწვავდება, რაც მათი დაშლით დასრულდება“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ისევ დაუსრულებელ ლაბირინთშია და ამ რადიკალური განცხადებებით შუაშისტ და „ოცნების“ ამომრჩეველს აშინებს. ამიტომაც ოპოზიციის მხრიდან მოვლენების ქუჩაში გადატანა დასაწყისშივე განწირულია, თუკი სააკაშვილმა ციხეში გონება არ დაკარგა, კომაში არ ჩავარდა და საზოგადოებაში ამან აღშფოთება არ გამოიწვია.
„ძალიან მიკვირს, ამდენი ხანი ადამიანები პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ და ვერ ვხდებოდნენ, რომ ერთი და იგივე შეცდომას უშვებენ. ქუჩაში პროცესების გადატანამ 2020 წელს რა ხეირი მისცათ? - არაფერი და იძულებულები გახდნენ პარლამენტში შესულიყვნენ. ახლა რას მისცემთ? შეიცვალა რამე? არაფერი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა და ციხეში ზის. ამიტომაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს. სააკაშვილის კოზირიც გათამაშდა და მეორე ტურებიც ამან გამოიწვია. ახლა რას იზამენ? რა თქმა უნდა, ყველა სააკაშვილზეა დამოკიდებული.
ალბათ, მათთვის ძალიან „კარგი ვარიანტია“ ციხეში გონება დაკარგოს და კომაში ჩავარდეს. აბა, სხვაგვარად ხალხის აღშფოთებას როგორ გამოიწვევენ?! თუმცა ეს ხელისუფლებასაც გათვლილი ექნება. ხალხს დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, გადატრიალება აშინებს. „ოცნებას“ შიში ამარჯვებინებს. ჩამოუყალიბებელ, ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველს და „ოცნების“ მხარდამჭერებს ყოველთვის ეშინიათ მსგავსი მოწოდებების. ამიტომ ქუჩაში მოვლენების გადატანა ოპოზიციასვე აზიანებს“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ქუჩის აქციებს მხარდაჭერა არც დასავლეთისგან ექნება, რადგანაც მათ საქართველოში დესტაბილიზაცია არ აწყობთ. ასევე, მათთვის გაუგებარია ადგილობრივ არჩევნებზე საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები რატომ უნდა მოითხოვო. შესაბამისად, მარტო დარჩენილი ოპოზიცია რადიკალური მოწოდებებით ხალხს მხოლოდ დააფრთხობს და შედეგს ვერ მიიღებს.
რას გვეუბნება ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა და ექნება თუ არა ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერა?
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირისგან სხვა არც არაფერი იყო მოსალოდნელი და მათი წინასწარი შეფასებები ოპოზიციას არაფერს აძლევს. „ეუთო/ოდირის განცახდება ოპოზიციას არაფერს მიცემს. ეს არის ორჭოფული განცახდება. კრიტიკა, მაგრამ ცალსახად მაინც არაფერს კონკრეტულს არ ამბობენ. დასავლეთმა არჩევნები არალეგიტიმურად რომ გამოაცხადოს, ასეთი რამ არ მოხდება. ეს წინასწარ ოპოზიციას უნდა სცოდნოდა და აქ გასაკვირი არაფერია. ამიტომ რა შედეგს ელიან, არ ვიცი. როცა პოლიტიკაში ხარ, უნდა იცოდე დასავლეთისგან რა არის მოსალოდნელი. მათთვის მიუღებელია ერთპარტიული მმართველობის ისევ ერთპარტიული მმართველობით შეცვლა. სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლება შეიცვალოს, დასავლეთი მომხრე არ არის. ეს ყველაფერში ჩანს და თუ ოპოზიციას ამის დანახვა არ უნდა, ვერც დაინახავს. ხალხი რომ იყოს სააკაშვილის დაბრუნების მომხრე, კიდევ ანგარიშს გაუწევდნენ, მაგრამ ასეც არ არის. მესამე პრეზიდენტის მიმართ მოსახლეობის დიდ ნაწილში აგრესიაა. ამიტომ მუდმივად არის ხაზგასმა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ინსტიტუტების ლეგალური გამოყენება უნდა მოხდეს, საპარლამენტო, სასამართლოს და სხვა ინსტიტუტების. ხოლო მერეა საუბარი კოალიციურ მმართველობაზე. აი, ამის მხარდაჭერა იქნება. ეს სულისკვეთება კი ოპოზიციაში არ იგრძნობა. პირიქით, გამოდიან და პარლამენტს ვტოვებთო. ვერაფერს ვერ შეძლებენ და იგივე შეცდომებს უშვებენ“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.
ესენი, ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვლენ , არც თვითონ მოისვენებენ, არც ქვეყანას მოასვენებენ. ხელისუფლებაში კიდევ ხალხს არ უნდა და რა ვქნათ?!
დამარცხებული ნიკანორ მელია რომ 10 ქულით გამარჯვებულ კახი კალაძეს მოუწოდებს: - შეეგუე დამარცხებას, ეს ტრაგედია არ არისო, - ეგრე სად არი?!