მოახლოებული ზამთრის წინ მოსახლეობას საგრძნობლად გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახდა გაუჭირდება. ბუნებრივი აირის უკვე გაძვირდა, ელექტროენერგიის ჯერ კიდევ შარშან გაზრდილი ტარიფი კი იანვრიდან ამოქმედდება. ისედაც ინფლაციით შეჭირვებული ხალხი მთავრობისგან დახმარების მოლოდინშია, ამ დროს მათ მხოლოდ ენერგოკომპანიების მიმართ პრეტენზიებზე შუამდგომლობას სთავაზობენ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ყოფნისას მხოლოდ იმის პირობა გასცა, რომ კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი მარტოოდენ მიზნობრივ ჯგუფებზე შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში კომუნალური ტარიფი არ დაფინანსდება.
ამის მეტი გიორგი კაკაურიძეს არაფერი უთქვს. შესაბამისად, ვის შეეხება კომუნალურების სუბსიდირება, იქნებიან მხოლოდ სოცდაუცველები, თუ შეღავათი სხვა, მოწყვლად ჯგუფებზე, მაგალითად, პენსიონერებზეც გავრცელდება, ოფიციალური უწყებები ჯერ არაფერს ამბობენ. რეალურად რა მოცემულობა იქნება ზამთრის წინ არჩევნების შემდეგ გავიგებთ, როცა ელექტორატის გულის მოგება მთავრობას აღარ დასჭირდება.
პროფესორი პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტს, უბრალოდ, ვეღარ ექნება სუბსიდირების რესურსი და მიზნობრივი დაფინანსება ყველა ასპექტით უფრო გამართლებულია.
„ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. აშკარაა, რომ ხალხს უჭირს გადასახდების გადახდა, თუმცა ყველა მუდმივად ვერ იქნება სუბსიდიის ქვეშ. ეს არ შედის არც ბიუჯეტის პოექტში და შესაბამისად, არც არსებობს რესურსი, რომ მასშტაბური სოციალური პაკეტი განხორციელდესს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ახლა, პოლიტიკაც, ეკონომიკაც, კულტურაც და სხვა ყველა სფეროც, მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის მძევალია და ასე იქნება ვაქცინაციის პროცესი სანამ სამიზნე მაჩვენებელს მიაღწევს.
გადასახადების ზრდა, არა მხოლოდ ჩვენთან, მთელ მსოფლიოში მტკივნეულად აღიქმება, მდიდარ ქვეყნებშიც კი. მაგრამ შეუძლებელია საგარეო ვალით და ნასესხები ფულით დაუსრულებლად გაგრძელდეს ქვეყნის ფუნქციობა“, - განაცხადა აროშიძემ.
ფაქტია, რომ მთვარობა მასშტაბურ სუბსიდრებას აღარ მიუბრუნდება. არადა მოსახლეობას აშკარად გაუჭირდება მიმდინარე ზამთრის გადატანა, რომელიც უკვე კარსაა მომდგარი. ერთადერთი, რაშიც მათ დახმარებას ჰპირდებიან, ენერგოკომპანიების მიმართ პრეტენზიებზე შუამდგომლობაა.
საამისოდ ენერგოომბუდსმენი „ფეისბუქ-ჯგუფს“ ქმნის, სადაც მოქალაქეებს შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეეძლებათ.
კერძოდ, სოციალურ ქსელში შეიქმნება მომხმარებლის მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც ინტერნეტსივრცეში მიიღებს აბონენტების პრეტენზიებს და ასევე დაჩქარებულ რეჟიმში მიაწვდის კომპანიას შესაბამის ინფორმაციას კონკრეტული აბონენტის პრობლემაზე. „ფეისბუქ-ჯგუფი“ უახლოეს დღეებში ამოქმედდება. მისი შექმნის მიზეზი გახდა ის, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ელექტროენერგიის მომხმარებლის პრეტენზიები შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ.
„არსებული სისტემური ხარვეზის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო უსწრაფესი და ადეკვატური ზომები. კომპანიას დაეკისრა ფინანსური სანქცია, დაევალა თითოეული აბონენტის გადამოწმება და თანხის დაკორექტირება. წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა 1 321 551 ლარი შეადგინა და მომხმარებლის ბალანსზე დაბრუნდა.
აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, ენერგოომბუდსმენის სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. მიუხედავად მასობრივი ღონისძიებებისა, ვმუშაობთ ინდივიდუალური განაცხადების განხილვაზე. თითოეული უკმაყოფილო მომხმარებლის წერილობითი განცხადება წარმოადგენს დამცველის სამსახურის დეტალური შესწავლის საგანს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოება მოითხოვს რიგი პროცედურების დაცვას, რაც დროში გაჭიანურებას იწვევს“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 12 აგვისტოს სემეკმა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) - 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა. სემეკში აცხადებდნენ, რომ დაჯარიმების მიზეზი თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები იყო.