კახა კალაძე თბილისის მერი მეორედ გახდა - მელია ისევ იმუქრება

კახა კალაძე თბილისის მერი მეორედ გახდა - მელია ისევ იმუქრება

კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ – 55,69%; ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 44.31% - ეს შედეგი აჩვენა ეგზიტპოლებმა. მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართა. მეორე ტურისთვის 1830 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ხმები, 4 ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

თბილისი:

კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 57,2%;

ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 42.8%

რუსთავი:

ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 53,8%;

დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 46,2%.

ქუთაისი:

იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 51,9%;

ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 48,1%.

ბათუმი:

არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 50,8%;

გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %.

„გორბიმ“ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. რაც შეეხება ცდომილების ზღვარს, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს.

ტრადიციულად, რადიკალურად განსხვავებულია „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვით, 18:00 საათისთვის თბილისის მერის არჩევნებში 51%-ით იმარჯვებს ნიკა მელია, კახა კალაძემ კი ამ კვლევის მიხედვით 49% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:

რუსთავი

დავით კირკიტაძე - 53%;

ნინო ლაცაბიძე - 47%;

ქუთაისი

ხატია დეკანოიძე - 53%,

იოსებ ხახალეიშვილი - 47%;

ზუგდიდი

ანზორ მელია - 53%;

მამუკა წოწერია - 47%;

ბათუმი

გიორგი კირთაძე 51%;

არჩილ ჩიქოვანი - 49%.

კომპანია „ანოვას“ ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი, ნინო ქოქოსაძეა, რომელმაც 2021 წლის 20 აგვისტოს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 15 ათასი ლარი გადაურიცხა. ქოქოსაძე აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელია.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ წინასწარი შედგების გამოცხადების შემდეგ მოქალაქეებს მიმართა. მან საკუთარ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ემსახუროს, როგორც თბილისის მერი.

„გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, ღირსეული გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, ყველას იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან დაკავშირებით, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან მიმართებით.

ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა, ეს არის თქვენი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ჩემო მეგობრებო, მე რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, მზად ვარ დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. მე პირობა დავდე, ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასე ვაგრძელებთ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა:

„გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას. მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მშვიდად და კარგად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების ბოლომდე მიყვანა. მისი თქმით, მმართველი პარტია არჩევნების მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებს.

„მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი, რომლითაც უარი ეთქვა იმას, რასაც უარი უნდა უთხრას ყველამ და მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ჩვენ პოლიტიკურ ძალას. დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ გამარჯვება. კახა კალაძეს ვულოცავთ გამარჯვებას და ვულოცავ 19-ვე კანდიდატს, რომლებმაც მოიგეს ეს არჩევნები. მადლობა თქვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ, გამარჯვებას ზეიმობს ნიკა მელია და მოუწოდებს კახა კალაძეს - აღიაროს დამარცხება. მისი თქმით, იმ ადამიანებს არ მოსთხოვენ პასუხს, ვინც, მისი თქმით, პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან ისინი არიან მსხვერპლნი.

„ძალადობენ, ახლაც ძალადობენ, არ გაგივათ. აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ნუ გეშინია ბატონო კალაძე, ბატონო ღარიბაშვილო, ბატონო კობახიძე - არც იმ ადამიანებს მოვთხოვთ პასუხს, ვინც ახლა პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან ისინი არიან თქვენს მიერ დატყვევებული ადამიანები, მსხვერპლნი, რომლებიც ასევე უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.