ეპიდემიოლოგები კოვიდ-19-ის შესაჩერებლად სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, გარდა შეზღუდვებისა. ბიზნესი კი, პირიქით, რაც დარჩენილია, იმ რეგულაციების გაუქმებასაც ითხოვს. მათ შორის დაპირსიპირება მწვავდება. როგორ შეთამხდებიან ჯანდაცვისა და ეკონომიკის დარგის წარმომადგენლები სრულიად გაურკვეველია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნახტომისებური ზრდა კიდევ დაფიქსირდება, შეზღუდვების გამკაცრების საკითხს დააყენებენ.
„შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსივობა. თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. აკუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაზე საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვიც, რომლის განცხადებითაც, გამკაცრების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა მაქსიმალურად გახდეს შესაძლებელი შემდგომი ტალღების თავიდან არიდება.
ბიზნესი კი სულ სხვაგვარად უყურებს საკითხს. მედიკოსების მოსაზრების კონტრარგუმენად მათ მოჰყავთ ის გარემოება, რომ ქვეყანამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე უდიდესი დანაკარგი მიიღო, რომლის აღდგენასაც დიდი დრო სჭირდება, ამიტომ შეზღუდვების მორიგი ტალღის გაძლება სრულიად წარმოუდგენელია. პირიქით, რაც დარჩენილია, ისინი იმ რეგულაციების გაუქმებასაც ითხოვენ.
„არტ-კაფე ჰოუმის“ მფლობელი გიორგი კეკელიძე რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის 23:00 საათამდე მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც მსგავსი შეზღუდვა დაწესდა, ობიექტის შემოსავლები განახევრდა.
„22:00 საათზე ობიექტის დახურვაზე გადაწყვეტილება როცა ამოქმედდა, ეს ჩვენთვის კატასტროფა იყო. ძლივს გადავრჩით. ახლაც პრობლემები გვაქვს, როცა ამ შეზღუდვამ 23:00 საათამდე გადაიწია. ეს ბარებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამ დროს საკვებ ობიექტებზე მოთხოვნა ნაკლებად არის, უფრო ალკოჰოლზეა აქცენტი გაკეთებული.
ღონისძიებას რომ ვაკეთებთ, ბილეთებს 10 ლარად ვყიდით და ამ თანხით იმ მინიმალურ ხარჯს მაინც ვანაზღაურებთ, რომ ტექნიკურად ღონისძიება გამოგვივიდეს და შედგეს. სხვა მხრივ, ძალიან შემცირებული, განახევრებულია შემოსავლები, ისევე როგორც თანამშრომლები. ასე რომ, ძალიან ცუდი ვითარებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საათობრივი შეზღუდვა მოიხსნას“, - აღნიშნა კეკელიძემ „ბიზნეს მედიასთან“.
კომპანია „გეო ჰაუსის“ დირექტორის პაატა რაჭველიშვილის თქმით, პანდემიის გამო შექმნილ კრიზისს კომპანიამ თავი ძლივს დააღწია. კიდევ ერთი შეზღუდვა კი ბევრი მათგანს საერთოდ დაუსვამს წერტილს.
„ადგილობრივ ბიზნესს არსებულ ვითარებაშიც კი უჭირს არსებობა. ძლივს ავიღეთ გეზი განვითარებისკენ. კიდევ ერთი შეზღუდვით შეიძლება საპირისპიროდ შეტრიალდეს ვითარება და ამას უკვე ბიზნესი ვეღარ გადაიტანს. მიმაჩნია, რომ მორიგი ლოქდაუნი უდიდეს უფსკრულს გააჩენს. ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის ახლა მნიშვნელოვანია მეტი თავისუფლება, დარჩენილი რეგულაციების მოხსნა და არა მათი გამკაცრება. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ რეგულაციები საერთოდ არ დაწესდება. ბიზნესი ისედაც ძლივს დგას ფეხზე“, - განაცხადა რაჭველიშვილმა.