ციფრებში დაკარგული „მთავარი არხი“ და მის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ტყუილში გამოიჭირეს ამტკიცებს, რომ კომპანია Ipsos-მა კვლევა გააყალბა და კომპანიას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. არადა თავად კომპანიის საიტზე გამოქვეყნებული მონაცეემები „მთავარი არხის“ გასაჯაროებულ მონაცემებს რადიკალურად სცდება. გვარამიამ განაცხადა, რომ კომპანიასთან თნამშრომლობას წყვეტს, რადგანაც მას ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე აქვს, რის შემდეგაც კომპანიამ მონაცემები შეცვალა.
Ipsos-ს ვებ-გვერდი რამდენიმე ხნის განმავლობაში გაითიშა და error საიტზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის უკრაინულ გვერდზე ზუგდიდს „ქართული ოცნების“ კანდიდატი იგებდა, ხოლო „მთავარ არხზე“ ციფრები ანზორ მელიას სასარგებლოდ გამოქვეყნდა.
საიტის პარალიზებამდე ორგანიზაციის უკრაინულ გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი მამუკა წოწერია 51%-ით ლიდერობდა, თუმცა ამ შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული ციფრები გამოაქვეყნა კვლევის დამკვეთმა, „მთავარმა არხმა“, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ანზორ მელიას 9%-იანი უპირატესობა ჰქონდა.
ციფრებით მანიპულაციაზე პირველი კომენტარი გაკეთდა ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატის მამუკა წოწერიას შტაბში. შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ კვლევის ზუგდიდის ნაწილის ცვლილება შეგნებულად მოხდა.
„იფსოსის“ კვლევებთან დაკავშირებით უნდობლობის კიდევ ერთ მიზეზად მმართველ პარტიაში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვა გამოკითხვების შედეგებსაც ასახელებენ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ კვლევები რეალურ შედეგს მინიმუმ 9 პროცენტით ჩამორჩება. კვლევის საველე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან შეკითხვები აქვს პრემიერ-მინისტრსაც.
კვლევის შედეგების ნაკლებად სჯერათ სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც. ოპოზიციის ნაწილში ამბობენ, რომ შესაძლოა, „იპსოსთან“ შეკითხვები მათაც გააჩნდეთ.
არც თბილისში და არც სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნების მეორე ტურია, მმართველი პარტია მარცხს არ ელოდება. „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი საზოგადოების მხადაჭერაში დარწმუნებულია.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის თქმით, თეორიულად, ენმ-ის კანდიდატმა რომელიმე ოლქში მაინც რომ გაიმარჯვოს, ერთადერთი, რასაც იზამენ, ის გახდება ლოკალური, რევოლუციური შტაბი. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერი ჩავა იქ და ეცდებიან ერთი რაიონიდან დიდი რევოლუცია დაიწყონ და ამაზე დიდ იმედებს დაამყარებენ. ეს მათთვის ხელჩასაჭიდი რეგიონი იქნება და იტყვიან, რომ 9 წლის გნმავლობაში, როგორც იქნა, გაიმარჯვეს. ზუგდიდში გამარჯვება კვლევებით უნდოდათ გაემყარებინათ, რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვიდათ.
„რა თქმა უნდა, 9-წლიანი წაგების შემდეგ, ენმ-ისთვის და მისი ელექტორატისთვის მნიშვნელოვანია, ერთ რეგიონში მაინც მოიგონ. მათ ეს მოგება სჭირდებათ არა მოსახლეობისთვის პრობლემების მოსაგვარებლად, მაგალითად გზები დააგონ და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაჭრან, არამედ მას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს რესურსი, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოაწყოს და ისევ ქუჩაში გამოვიდეს.
ერთადერთი ფორმალური საბაბი ეგზიტპოლი იყო და ახლა ეს საბაბიც გამოეცალათ, რადგანაც ხელისუფლებამ ტყუილში ამხილა და ყველა შესაძლებლობა დაკარგეს. ალბათ, ახლა მათი საბოლოო იმედი მაინც მიხეილ სააკაშვილი იქნება, რაც ისევ დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოუვათ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ თავიდანვე წაგებული თამაში დაიწყო, რადგან ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა. ხოლო რამდენჯერაც არჩევნებს რეფერენდუმი დაარქვეს, ხალხთან რეფერენდუმში იმდენჯერ დამარცხდნენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რთულია, მტკიცებულებით ფორმაში, რომელიმე მხარეს მონაცემების გაყალბება დავაბრალოთ. თუმცა, თუკი ლოგიკას გავყვებით, ხელისუფლებას ამ კვლევის გაყალბება თუ უნდოდა, მაშინ მონაცემებს ერთ რეგიონში კი არა, რამდენიმეში მაინც შეცვლიდა. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული კვლევის გადაკეთება „მთავარ არხში“ მოხდა, ხოლო ამბის გაჟონვის შემდეგ კი იძულებული გახდნენ, ისრები კომპანიაზე გადაეტანათ.
„თუკი ხელისუფლება ამ კვლევას გააყალბებდა, მაშინ რამდენიმეე რეგიონს შეცვლიდა და არა ერთს. ამიტომ ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, ეს უფრო „მთავარი არხის“ მიერ შეცვლილი მონაცემებია, ან კომპანიას შეეშალა დ სხვა მონაცემები გადასცა. ბევრი ვერსიაზე შეიძლება ვიმსჯელოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს თავად ენმ-ის შიგნით კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ არის მიმართული. მიზეზი კი ისაა, რომ მისი ფსიქოლოგიური გატეხვა მოხდეს და პარტიიდან წავიდეს. თავად მელიამაც თქვა, რომ შიგნით ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა და არც დაუმალავს, რომ მის მიმართ გარკვეული ანტიპათია არსებობს. ამიტომ, ამ სიტუაციაში, მხოლოდ ხელისუფლების კვალი არ უნდა დავინახოთ“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ახლა ენმ-ისთვის ერთ რეგიონში გამარჯვებაც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას სჭირდება საკუთარ ამომრჩეველს აჩვენოს, რომ 9 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაიმარჯვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათსავე ელექტორატში დიდი ნიჰილიზმი გაჩნდება, რაც პარტიას მხარდამჭერების დაკარგვის ფასად დაუჯდება. ნაციონალები ზუგდიდს ამიტომ ებღაუჭებიან და კვლევებშიც აქცენტი ამ რეგიონზე გაკეთდა. მათთვის ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. ესაა პოლიტიკური დაპირისპირების საშუალება, სადაც რაღაცა გამარჯვებას მაინც უნდა მიაღწიონ.