დიტო გელოვანი: დედებისა და აფეთქებების შესახებ

დიტო გელოვანი: დედებისა და აფეთქებების შესახებ

- ყველაფერი თავისით დალაგდა. ნათქვამია, წყალი საგუბარში დგებაო. ა, უყურეთ, ახლა თქვენ: კვიშილაძე გემრიელებს მიირთმევს! მისია და მიირთმევს. ქუჩულორია მელაა და მასეთები ლაქიობით არიან მაძღრები. ეგეც თავის ადგილზეა ახლა. ჭონიას, მართალია არ მოხვედრია იმდენი, რამდენიც ერგება, მაგრამ მისი ხვედრი მაინც ახვედრა ღმერთმა. საცოდავი ვარამია მართალი კაცია. სამართალმა პური უნდა ჭამოს, პური და სხვა არაფერი. არც ერგო ღომის მეტი უბედურს. თავისით ჩადგა წყალი კალაპოტში. ასეც უნდა მომხდარიყო და ასეც არის ეს.

- ასე რომ არის ეგ, სხვაა, მაგრამ ასე თუ უნდა იყოს, ეს არის საკითხავი - თქვა დათა თუთაშხიამ - რომ დაჭამეს ერთმანეთი და აღარც ერთი აღარაა ადამიანი მაგათში.

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)

ისიც ასეა - ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. იყო, მაგრამ საკითხავი ის არის, თუ უნდა ყოფილიყო, ან როგორ უნდა ყოფილიყო. უნდა ყოფილიყო 9 აპრილის აღნიშვნა, მაგრამ როგორ? იმას არ ვგულისხმობ, დღისით, მზისით, პოლიტიკოსები და მათთან დაახლოებული და გათანაბრებული პირები გვირგვინებს რომ ეზიდებიან პარლამენტის წინ და ვერ გადაუწყვეტიათ, 9 აპრილს დაღუპულებს გლოვობენ თუ ამავე დღს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას ამხნევებენ - ცოტაც და, გიშველითო.

მაგას არ ვგულისხმობ, დღისა და მზის ამბებს. ის მაინტერესებს, 9 აპრილს, გამთენიისას რაც ხდება ხოლმე - 24 წელი ერთი და იგივე სახეები, სანთლები, ჩუმი საუბრები და მონატრება ერთმანეთისა და ერთობისა. ასე ხდება ხოლმე, მაგრამ გასული კვირა სულ სხვა იყო. ტყემლით მაინც სულ სხვააო და... ნაცბოზბანდასთან ერთად მართლაც სულ სხვა აღმოჩნდა.

ხალხი იდგა და 1989 წლის 9 აპრილის ნაცვლად 2003 წლის 22 ნოემბერს განიცდიდა. გაივლის რამდენიმე დღე და აბდულა გიულისთან შეხვედრის წინა დღეს ალასა გიულის ბიჭი ტრაილერს დაეჯახება. არავის განუცდია. ამ 24 წელიწადში განცდაც ბევრი იყო და განსაცდელიც.

გასული კვირის იმ ღამეს, 9 აპრილი რომ თენდებოდა ხელში გვირგვინებით და სახეზე უტიფრობით თვით ნაციონალები გამოგვეცხადნენ - უგულავა, ნასარიძე, იონათამიშვილი... ქართველები სულსწრაფები ვართო, ემოციურებიო... ნაცების დანახვაზე მხოლოდ ერთმა ვერ მოთოკა ნერვები, მაგრამ იმანაც მხოლოდ ერთხელ შესძახა „ბოზებო“ და ამის შემდეგ დაძაბული სიჩუმე (თუ ჩუმი დაძაბულობა?) დადგა.

19 აპრილისთვის ემზადებიან, ძალისხმევას არ იშურებენ და 9 აპრილის გახსენებაც ალბათ დიდ ძალისხმევად დაუჯდათ.

9 აპრილი იყო, ნერვები უნდა მოგვეთოკა და მოვთოკეთ კიდეც, შევეცადეთ, ნაცებზე არ გვეფიქრა და სხვა რამეზე დაგვეხარჯა ენერგია.

9 აპრილი იყო და წინა დღეს ჩელენტანო გამახსენდა - ორნელა მუტიზე ფიქრებს შეშის დაპობით რომ იქარვებს. რატომ უნდა გამხსენებოდა ჩელენტანო? ერთი ნიუსი წავიკითხე და მაგაზე გამახსენდა. ნაცებიც გამახსენდნენ და ამ მოგონებებში გადავარდნას, ვგონებ, ისევ ნიუსის გახსენება სჯობს: „ნინოწმინდის საბაჟოზე დაავადებული სათესლე კარტოფილით სავსე კონტეინერი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დაავადებული კარტოფილი, რომელიც საერთო ჯამში 39 000 კილოგრამს შეადგენდა, საქართველოში სომხეთიდან შემოიტანეს“.

ნაცვლად იმისა, რომ ნაცები დაეკავებინათ, კოჰაბიტაციააო და... დაავადებული სათესლე კარტოფილით სავსე კონტეინერი დააკავეს.

ისე, რა განსხვავებაა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სომხეთიდან შემოტანილ დაავადებული სათესლე კარტოფილით სავსე კონტეინერს შორის? ვფიქრობ, არც არანაირი. ასე რომ, სულ ნაცებს რომ გავიძახით, ტაფტალოგიის თავიდან ასაცილებლად, შეგვიძლია ასეც ვთქვათ - „სომხეთიდან შემოტანილი დაავადებული სათესლე კარტოფილები 19 აპრილისთვის ემზადებიან“.

რას იზამ... ვერავის აუკრძალავ, რომ სადმე მივიდეს და ყვავილები მიიტანოს. ვერც ნაციონალებს მიუთითებ, ამ დროს აქ არ დაგინახოთო, ვერც ენჯეოშნიკებს ეტყვი რამეს, როდესაც 14 აპრილს დედა-ენის ძეგლთან ყვავილებს აწყობენ. ვიღაც 19 აპრილისთვის ემზადება, ვიღაც შუალედური არჩევნების შემდეგ დაივიწყებს შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახსენებულს, რომ „ენა დედაა ერისა“ და ვერც მიხეილ სააკაშვილს წაართმევ „სწრაფი რეგენერაციის უნარს“.

„თურქეთში მომხდარი ინციდენტის დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ვიცი ის, რომ პრეზიდენტმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, გაუკეთდა ოპერაციაც, თუმცა ეს დიდი და მძიმე ოპერაცია არ არის. მოხდა მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. რაც შეეხება პრეზიდენტის საერთო მდგომარეობას, რამდენადაც ვიცი, დღეს თურქეთის პრეზიდენტს ხვდება და მისი შრომისუნარიანობა ალბათ აღდგენილია. საერთოდ, რეგენერაციის სწრაფი უნარი აქვს. ძალიან არ ინერვიულოთ - პრეზიდენტი კარგად არის!“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიგი წერეთელმა.

ეს გიგი წერეთელი, როცა აწყობს, თავს ისე მოისულელებს ხოლმე, რომ ვაი საყვარელო! ინციდენტის დეტალებიც მშვენივრად იცის და ისიც, რომ რეგენერაციის სწრაფ უნარს, ხშირად მუდმივი დეგენერაციის მდგომარეობაში მყოფები ახერხებენ. წერეთელმა ვითომ ის არ იცის, მაგრამ ვითომ ძაან მაგრად ერკვევა მედიცინაში - ეს დიდი და მძიმე ოპერაცია არ არის, მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია მოხდაო. ფრაგმენტები, რა - „ილუზიონია“, მამაძაღლი?!

ვინც დეტალები არ იცის, ვაცნობებ, რომ მიშიკომ და მისმა რაზმმა ითამაშეს ფეხბურთი, მიიღეს შხაპი, გადაკრეს ას-ასი გრამი, შემდეგ წამოგორდნენ მხარ-თეძოზე, ისევ მიიღეს მისაღები და ის იყო, ჩიხირთმისა და ბოზბაშის ღირსებებზე აპირებდნენ კამათის გაჩაღებას, რომ მიხეილ I გრძელი ველოსიპედს მოახტა და, როგორც დაზარალებული მძღოლი (სააკაშვილს თვალს რომ მოკრავ, რომც არ დაგეჯახოს, უკვე დაზარალებული ხარ) ყვება, აღმართში ტრაილერს გადაუსწრო.

ჰოდა, მეორე დღეს რამდენიმე ახალგაზრდამ ვარდების მოედანზე მდებარე ველოსიპედის ძეგლი გვირგვინით შეამკო - ეს გვირგვინი იმ ველოსიპედს ეძღვნება, რომლითაც თურქეთში სააკაშვილი დაიმტვრაო. უფრო მეტიც - ამის შემდეგ ველოსიპედის მონუმენტთან გამოცხადდა რამდენიმე ზრდასრული მოქალაქე, რომლებმაც იასამნის თაიგული მიიტანეს

სიმართლე გითხრათ, ჩვენი თანამოქალაქეების გულისხმიერებით და გამომგონებლობით აღფრთოვანებული დავრჩი და მეგონა, გიული ალასანიას გაზრდილს და თემურ ალასანიას აღზრდილსაც ანალოგიური განცდა დაეუფლებოდა, მაგრამ შევცდი - სააკაშვილი გაოგნებული იყო. დახეთ ნიუსს: „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქული მედიცინის დონით გაოგნებულია. ამის შესახებ პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან აბდულა გიულისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ბოლო დღეებში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ მაგრად და სწრაფად ვითარდება თურქეთის რესპუბლიკა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მომიხდა ორი დღის გატარება თურქულ ჰოსპიტალში. მინდა ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ მომზადებისა და თურქული მედიცინის დონით. ყველაფერი შეიქმნა ბოლო წლებში და არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო. მაგრები რომ არიან, ისიც ადასტურებს, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, აგერ თქვენს წინაშე ვდგავარ, იმიტომ რომ არ შემეძლო არ მოვსულიყავი ამ ოფისში“.

საერთოდ, სპეციალიზაციის ამბავია. თურქეთი ტრამვატოლოგებით არის განთქმული (მიშიკოს ხელი გაუკეთეს), რუსეთში ძლიერი კარდიოქირურგები ყავთ (მიშიკოს გული გაუკეთეს), შტატებში პლასტიკური ქირურგიაა მაღალ დონეზე (მიშიკოს სახეს გაუკეთეს), მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი - სერიოზული ფსიქიატრები გვყავს და ამაში მიშიკოც მალე დარწმუნდება. ერთადერთი, რაც ჩვენში არ მომწონს, არის ის, რომ ხანდახან ადამიანების კეთება არ გამოგვდის, რადგან შეხედეთ მიშიკოს და კარგად დააკვირდით გოკას... დამზადებულია საქართველოში!

და ამის შემდეგ თავად შეაფასეთ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება - „ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს, რომ მესამე პრეზიდენტს მაინც კულტურულად მოექცეს“.

ჩვენში დარჩეს და, ურიგო არ იქნებოდა, მესამე პრეზიდენტი მაინც რომ მოგვქცეოდა კულტურულად.

„დამზადებულია თბილისის ინსტრუმენტალურ ქარხანაში“ - ეს სიტყვები, თუ არ აწერია, აუცილებლად უნდა ეწეროს დავით ბაქრაძეს. ზემოთ გოკა და მიშიკო ვახსენე და სხვა ბევრის მიმატება-დაყოლებაც შეიძლებოდა, მაგალითად დავით ბაქრაძისთვის, რომელიც, ბრტყელტუჩა გივი თარგამაძისგან განსხვავებით, არის ქლიბი.

საკონსტიტუციო ცვლილებები მოვითავეთ, ბუსუსებიანი პრეზერვატივები გადავაგორეთ, ჩოხები ჩავიცვით და თითქოს მოწყენილობას უნდა დაესადგურებინა, რომ კოჰაბიტაციურმა პოლიტელიტამ დისტანცირებული საზოგადოებისთვის ახალი გასართობი გამოიგონა.

პირველი - აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის შექმნა და დაკითხვაზე სააკაშვილის მისვლა-არმისვლა.

მეორე - დამოუკიდებლობის დღე და მასზე სამხედრო აღლუმის ჩატარება-არჩატარება.

სააკაშვილი იძახის, დაკითხვაზე არ მივალო. წულუკიანი უთვლის, ისე კარგად მივა, მზე მაღლა იქნებაო. ანუ, დაკითხვა მოხდება დღისით. რას ამბობს შეშინებული თაგვის ფერი ბაქრაძე? 2008 წლის აგვისტოში ამბობდა, დანა-ჩანგალი მოვიმარჯვოთ, კოვზებით აღვიჭურვოთ და მტერს ვეკვეთოთო, ახლა კი ამბობს: „2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გამოძიება ჩაატარა. გახსოვთ მაშინ ეს პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. საპარლამენტო კომისიაში მისული იყო პრეზიდენტი და მან კომისიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცა“.

ჯერ ერთი, სააკაშვილი-ბაქრაძე-დავითაია ჩემთვის სულაც არ არის ქართული მხარე და მეორეც... რა „ღიად და გამჭვირვალედ“, შე მართლა ქლიბო, შენა! შუშა და გამჭვირვალე მახათას მთაზე სააკაშვილს თვალები ჰქონდა, ეს იყო და ეს!

სოზარ სუბარი ამბობს, სააკაშვილს პასუხისმგებლობის ეშინიაო. მამენტ - კი. ალბათ, საგამოძიებო კომისიის ხსენებაზე სააკაშვილი სულ მტვერში ფორთხავს და არაადამიანური ხმით ყვირის.

იმისი არ იყოს - კაზა კრიჩალა ნიჩილავეჩესკიმ გოლოსომ!!!

რაც შეეხება სამხედრო აღლუმს... მახსოვს, დავით კირკიტაძე, ალეკო შალამბერიძე და კობა ბექაური რეზერვისტების ფორმაში გამოწყობილები ესწრებოდნენ სააკაშვილის საპარლამენტო ბენეფისებს. ახლა ალექსა სხვა ხალხში ჟრიამულობს, ამიტომ იქით კირკიტაძე, აქეთ ბექაური და შუაში სამში მაღალი სააკაშვილი, კოვზებით და ჩანგლებით შეიარაღებულები, ვფიქრობ, არ იქნება ცუდი სანახავი. ამით ფული დაიზოგებოდა და სამხედრო ძალის დემონსტრირებაც იმ გამარჯვების შესაბამისი იქნებოდა, 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველზე რომ ვიზეიმეთ.

არ უნდა მეთქვა პირველ პირში. იმ „ზეიმზე“ არც მე ვიყავი და არც თქვენ, ჩემო მეგობრებო. იქ არც არმაზ ახვლედიანი იყო. 2003 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე არმაზ ახვლედიანი არსად არ ყოფილა. მე დედას ვიგინები 2003 წლიდან, ბერძენიშვილები - 2004 წლიდან, ზვიად ძიძიგური - 2005 წლიდან, კობა დავითაშვილი - 2006 წლიდან, ირაკლი ოქრუაშვილი - 2007 წლიდან, ნინო ბურჯანაძე - 2008 წლიდან... 2011 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ თითქმის ყველა იგინებოდა პირველი ოქტომბრის არჩვნების შემდეგ ოცნებებში გადავარდნილი რამდენიმე ასეული ნაცის გარდა...

არმაზ ახვლედიანისგან არაფერი ისმოდა... მაგრამ, არსებობს წონასწორობის კანონი. შეგახსენებთ, რომ ამ კანონის თანახმად, თუ რომელიმე ქვეყანაში მოსახლეობის ერთ ნაწილს სიმსუქნე აწუხებს, მეორე ნაწილი ჭლექით იტანჯება, და სწორედ წონასწორობის კანონის დადასტურებაა ის, რომ ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ, ლამის, ყველგან არმაზ ახვლედიანის ხმა ისმის. ხან აქუსთან ზის, ხან „ბარიერში“ სუფევს, ხან კვესიტაძესთან აკეთებს აქცენტებს და ხანაც ნინო შუბლაძესთან აფიქსირებს პოზიციას. ყველა ოჯახში შეაბიჯა და მართალია ვერცერთი ოჯახის წევრი ვერ გახდა, მაგრამ გახდა წევრი „ქართული ოცნებისა“ და არა უბრალოდ წევრი, არამედ... „პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ დღეს მიიღო“ - იუწყებოდა ჩემთან და სიმართლესთან დაძმობილებული სააგენტო.

ჩვენთან ხომ ასეა - დადექი სარკესთან, დაჯექი ტელევიზორში, წამოწექი დივანზე და დაელოდე, როდის გაღიარებენ ექსპერტად და შემდეგ, როდის დაგნიშნავენ თანამდებობაზე.

„ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის 25-მდე წევრი მთავრობის კანცელარიასთან მეორე დღეა, შიმშილობს. მოშიმშილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რათა მარტვილში შექმნილი ვირთარება გააცნონ. მოშიმშილეები არ აკონკრეტებენ, თუ რა თემებზე უნდათ საუბარი ბიძინა ივანიშვილთან და აცხადებენ, რომ მარტვილში არსებულ პრობლემებზე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებენ“ - ესეც „ინტერპრესნიუსმა“ მაცნობა.

არ ვიცი, შეხვდნენ თუ არა მარტვილელები ივანიშვილს და გააცნეს თუ არა მარტვილში არსებული პრობლემები, თუმცა დაახლოებით მაინც შემიძლია ვივარაუდო, რა პრობლემის წინაშე დგანან მარტვილელი მეოცნებეები - თანამდებობებზე სულ დედააფეთქებული ნაცები და დედმამააფეთქებული უსაქმურები ინიშნებიან. ასეა მარტვილში, ასეა ზესტაფონში და ასეა ყველგან.

ასე კია, მაგრამ შენ ისა თქვი, ასე თუ უნდა იყოსო - ასი წლის წინ ეს მხოლოდ დათა თუთაშხიას ადარდებდა, ახლა კი ყველას ადარდებს, დედააფეთქებული ნაცებისა და დედმამააფეთქებული უსაქმურების გარდა.

„თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს თავმჯდომარე დღეს იტალიის ელჩის მოადგილეს ეუჯენიო კარლუჩის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენები იყო“ - ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე არის ნაცი, არის უსაქმური და მისი სახლიდან სულ აფეთქებების ხმა ისმის.

ახლა, საქმიან ხალხზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა.

„თემურ ჭყონიას „კოკა-კოლას“ და „მაკდონალდსის“ აფხაზეთში შეტანა სურს. აღნიშნული საკითხი ბიზნესმენმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე დასვა. როგორც თემურ ჭყონია აცხადებს, „კოკა-კოლასა“ და „მაკდონალდსის“ რუკის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორია მას ეკუთვნის, ამიტომ აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება უნდა მოხერხდეს“ - რა თქმა უნდა, მიხვდით, რომელი სააგენტოც მომაწოდებდა ამ ინფორმაციას.

საინტერესოა, „კოკა-კოლამ“ და „მაკდონალდსმა“ თავიანთ საქველმოქმედო რუკებში ტაო-კლარჯეთი რომ შეიტანონ, რას გააკეთებს თემურ ჭყონია? რას და - მაშინვე მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას მოიშველიებს. ეს ისევე ცხადია, როგორც ის, რომ ასჯერ ორმოცდაათი არის...

„ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ დიტო ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში 8 წლის თენგო ზაკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად 5000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ოფიციალურ გვერდზე ფონდის დამფუძნებელმა მიმართვა გაავრცელა და ბიზნესმენებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „ჩვენ მოხარულები ვართ, ბიზნესმენების აქტიურობით ქველმოქმედების მიმართ. დღეს ბ-ნ ხვიჩა მაქაცარიამ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში, 8 წლის თენგო ზაკაშვილს სიცოცხლის გადასარჩენად 5 000 ლარი ჩაურიცხა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ხვიჩა ამ კეთილი ქველმოქმედებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენი ოჯახის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე და ჟურნალისტები მოხარული ვიქნებით თუ ბატონ ხვიჩას სხვა ბიზნესმენები მიბაძავენ რომ დაეხმარონ ჩვენს პატარა მეგობარს“, - ნათქვამია მიმართვაში. ხვიჩა მაქაცარია ცნობილი ბიზნესმენია, რომლის აქტივებს საქართველოში არაერთი ბიზნესი უკავშირედება. ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა დააფუძნა „სი ბი ეს ჯგუფი“, რომელიც რამდენიმე მსხვილ კომპანიას გაუწევს ოპერირებას. ხვიჩა მაქაცარის სახელს უკავშირდება ათი ათასობით სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში, ეკლესიების მშენებლობებში მონაწილეობა და სხვა საქველმოქმედო საქმიანობა. თუმცა, ის ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ანიჭებს უპირატესობას“ - იყო ასეთი ტექსტი, რომელსაც ნიუსს ვერ დავარქმევ. ნიუსებს წერენ ჟურნალისტები და ასწორებენ რედაქტორები და კორექტორები, ამ ტექსტს კი არც ერთი მათგანი არ შეხებია. იგი დაიწერა იმის კარნახით, ვინც „ჩრდილში ყოფნას ანიჭებს უპირატესობას“.

ყველაფერი ხომ შედარებითია? ჩრდილიც. ამჯერად ვერ არის მთლად ისეთი ჩრდილი, მზემ ცოტათი მაინც რომ არ დაგწვას. აღნიშნული გულამოსკვნილი ქველმოქმედი და ცნობილი ბიზნესმენი არის ის, ვის სახელსაც უკავშირდება „კავკასუს ონლაინის“ წართმევა მისთვის, ვისაც წაართვეს და სამარშრუტო ხაზების ტენდერის „მოგება“ იქ, სადაც „ტენდერი ჩატარდა“.

ვამბობთ მაქაცარიას და ვგულისხმობთ შარანგიებს. ვამბობთ შარანგიებს და ვგულისხმობთ სააკაშვილს, ვამბობთ სააკაშვილს და ყველას, ვისაც ვგულისხმობთ, ალალად და უსაყვედუროდ ყველას მოხვდა არმაგედონის ზანგის!

სამაშველო სამსახურს ქედაში ორი ძროხა გადაურჩენია და ორივე ძროხა ყოფილა დედალი.

ხატია დეკანოიძე ამბობს, გამომცემლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენო. ხატია დეკანოიძე ყოფილა მამალი.

მაია რჩეულიშვილი წუხს, „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ აქციები მესამე ძალის მიერ არის მართულიო. რჩეულიშვილები არიან დედალ-მამალი.

ეს ყველაფერი გასაგებზე გასაგებია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას სთხოვს, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლის გამკაცრებას გაგებით მოეკიდოს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, გაიზრდება ისეთი ადგილების ოდენობა, სადაც თამბაქოს მოხმარება აიკრძალება“...

აი, ეს კი აღარ მესმის, მაგრამ ვხვდები, რომ არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც უმალ ნაც-ბოზ-ბანდასთან შეძლებს თანაარსებობას, ვიდრე მწევლებთან.

ნუ ამიკრძალავთ მოწევას, ილ... დიმიტრი ვარ და მალე პურის რიგში უნდა მოვკვდე.

ვ.მ. (ვიღაცას მაგონებს) ჭონია, სარჩო რომ დააბინავა, ვახშამს შეუდგა. გაფიცხებულ ხაჭაპურს შეექცა, მერმე არაყი გადაკრა და ქინძმარი მიაშველა მოხარშულ ლოქოს. ამას, რატომღაც, ცივი მჭადი, ნიორი და შაქარი დააყოლა. თითქოს, გაძღა. ვახშმის მონარჩენი დააბინავა, ჯამი გარეცხა, წამოწვა კიდეც, მაგრამ ცოტა ხანში ფელამუში მოინდომა და კაი ძალი მიაკლო. ისე გააფთრებული ჭამდა, ვითომ სულ ერთი საათის წინ არ ყოფილიყო, ცუცა დოღონაძის დედლის ძვლებს თავზე რომ გვაყრიდა მე და დათა თუთაშხიას.

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)