სააკაშვილის ზვარაკების მორიგი ფიასკო - წერედიანს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სააკაშვილის ზვარაკების მორიგი ფიასკო - წერედიანს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, შეთქმულება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-მა მტკიცებულების სახით ორსაათინი აუდიოჩანაწერის ნაწილი გამოაქვეყა, რომლის ჩაწერაც, სუს-ის წარმომადგენლის, ბაჩა მგელაძის თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, ჩაწერა განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ორსაათიანი ჩანაწერი თან დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს. ჩანაწერში ფიგურირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ წერედიანი, „დაიცავი არჩევნები“-ს თავმჯდომარე, გიორგი შერვაშიძე და პარტიის მხარდამჭერი ალექსანდრე მილორავა. ჩანაწერში ასევე ფიგურირებს ქალბატონი, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებისთვის დაუდგენელია. ამ სკანდალური საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებული სუს-ში გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქმის ფიგურანტები, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისას მის გატაცებას გეგმავენ.

როგორც ბაჩა მგელაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის N8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით. აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყონებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს“.

რაც შეეხება ფარული ჩანაწერის შინაარს, ამ სკანდალური ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი, ბესიკ წერედიანი ამბობს, რომ უნდა განმეორდეს მაიდანი და ერთი, ორი ადამიანი რომ დაზიანდება, პროცესები წავა უმართავი.

„ჩვენ, იცი, რა უნდა გავაკეთოთო? არჩევნების დღესო, კეთილი უნდა ვინებოთო, მე მეუბნება, კეთილი უნდა ინებოო, სახლში ყველას უნდა დაემშვიდობოო, მოხვიდეო და თუ საჭირო იქნებაო, თავიც გაატეხინოო... როგორც კი კიდევ ერთი აქცია იქნება ციხესთან, ეგრევე შევიკრიბებით, მივალთ ღარიბაშვილის სახლთან, გაფრთხილება უნდა იყოს ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრის, ეს სამი ლოკაცია უნდა იყოს.

ციხეს ვერ აიღებ, ერთადერთი გზაა, ამას სჭირდება პარტიის რესურსი. გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ არ ვიცი, როგორ გადაწყდება. ეს არის - მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანა, მიიყვან, ჩაკეტავ. გლდანის ციხის ირგვლივ რაც არის გზები, უბრალოდ, მანქანებით უნდა ჩახერგო. ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული, ვერ იზამენ ვერაფერს. როგორც კი დასჭირდება გადაყვანა, მერე გადაიყვანენ კლინიკაში. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს... იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად არ წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა, მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი.

ამათ იმდენად საზიზღარი მეთოდებით მოუწევთ მეორე ტურის გაყალბება, რომ ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოვარდნა. ჩვენ რომ ქუჩაში გავალთ, რომ წავა ეს პროცესები, ამის მართვა შეუძლებელია წვრილმანების დონეზე, თორემ გლობალურად შეიძლება მართო პროცესი ქუჩაში, მაგრამ წვრილმანებში ვერ მართავ და იქ ერთი ადამიანი, ორი და სამი ადამიანი დაზიანდება. მერე უკვე პროცესი წავა უმართავი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 30-სთვის, ეს ადამიანი დათმობას არ აპირებს და ჩვენ მართლები ვიქნებით ყველასთან, ეს ორი ამოცანა გვაქვს. ეხლა მინდოდა...“, - ამბობს წერედიანი.

ამავე ჩანაწერით წერედიანი გეგმის ერთ-ერთ ნაწილად განიხილავს აქციას პრემიერ-მინისტრის სახლთან და მთავრობის მეთაურის ცოლ-შვილს, ასევე მეზობლებს არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას.

„მზად ვართ ამისთვის, რომ დღეს კი არ მივუვარდეთ ღარიბაშვილს, უბრალოდ, გამოვიდეთ, დავდგეთ და ვუთხრათ, რომ კიდევ ერთი კონტრაქცია იქნება, ასეთი ნაგვის, რომელიც იქ არის და შენს სახლთან 11:00 საათამდე რომ მოვალთ 5 საათზე, არც შენ, არც შენს ცოლ-შვილს და არც შენს სამეზობლოს ცხოვრება აღარ გექნებათ. მოვიტან მეგაფონს, ვიყვირებ, გლანძღავ, გაფურთხებ, გლდანის ციხესთან, მანქანებს დავაყენებთ იქ, ნიკა რომ ლაპარაკობს ეხლა, გვარამია, „რუსთავი ორის“ ეზოში დღეს და ღამეს ვათენებდით. მელიას ნაცების ოფისში რომ ვიჯექით დღე და ღამე, იქ ვერ დავჯდებით მანქანაში 2-3 დღე? პარტიამ ეს უნდა გადაწყვიტოს. 70 000 კაცი რომ გვედგა იქ, ვეუბნებოდი, რომ ხვალამდე მივცეთ ულტიმატუმი, თუ არა და კანცელარიას მივადგეთ, ჰა 70 000 კაციო, ჰა მიკროფონიო და მართეო მითხრა და პასუხისმგებელი შედეგებზე შენ იყავიო.

იმ 70 000 კაციდან 7000 ხო მაინც დარჩებოდა ჩემნაირი გიჟი. ხო მაგრამ ახლა უყურე, რა სიტუაციაა. ორი ომი მაქვს გამოვლილი და „აკოპშიც“ რომ ზიხარ, მაშინაც რომ ისროლო, ბრძანებას ელოდები. ბრძანების გარეშე ომის დაწყება კატეგორიულად... მე ამას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე. იმისი პირდაპირი ბრძანების გარეშე, რომ შენ ეს უნდა დაიწყო და გააკეთო და როგორც კი ეს მითხრა... ვსო, დამთავრებულია რა. ორი კაცი რომ მოკვდეს, რომ გამოვიდეს, რომ გამოვიდეს მერე ის და გითხრას, რომ შენ შვილო კამანდა გქონდა ჩემგან? ეს რომ გააკეთე, ვინ გითხრა ამის გაკეთება?“, - ამბობს ბესიკ წერედიანი.

ჩანაწერებში ასევე ფიგურირებს დაუდგენელი პირი, რომელიც აცხადებს, რომ თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, შტურმის გარეშე გამოსავალი არ იქნება.

„ანუ, რისი თქმა მინდა, ყველა, ვინც კარგად ცხოვრობს დღეს, არ არიან დაცულები. თუ აირია ქვეყანა და შეუქცევადი პროცესები წავიდა... აი, ეს უნდა ვუთხრათ და გავაგებინოთ, რომ წამოვიდნენ 30-ში და აღარ შემოხაზონ. თუ გადაიყვანეს იქ, ციხის საავადმყოფოში, რას ვაკეთებთ? შტურმი მაშინ, აბა, სხვა რა?! აუცილებლად, შტურმის გარეშე გამოსავალი არ არის. აბა როგორ გინდათ თქვენ, უსისხლოდ შედეგი დამდგარა?!“, - აღნიშნავს ქალბატონი, რომლის ვინაობა გამოძიებისთვის ამ ეტაპზე დაუდგენელია.

ამასთან, ჩანაწერების თანახმად, წერედიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უმართავი პროცესები წავა - საპასუხოდ, იგივე ქალბატონი ამბობს, რომ დაიწყება „ბანდფორმირებების ავაზაკების თარეში“. ჩანაწერებში ასევე ფიგურირებს ალექსანდრე მილორავა, რომელიც აღნიშნავს, რომ „მხედრიონი მონაგონი იქნება მერე“.

ბესიკ წერედიანი, რომელმაც გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ბრალდების დადასტურების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც მედიასთან თქვა: „თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ დამიბარონ გამოკითხვაზე“. თუმცა, წერედიანმა აქვე არ გამორიცხა, რომ შეხვედრაზე ყოფილიყო მსჯელობა, თუ როგორ უნდა შეეშალათ ხელი სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

„პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში თითქმის ყოველდღე ვიკრიბებით. ციხესთან გასვლები, სტიკერები, დროშები - ცხადია, ამ ყველაფრის ორგანიზება ერთმანეთთან შეხვედრებს ითხოვს. ამ შეხვედრების დროს ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე. სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ხმა ნამდვილად ჩემია, მაგრამ ფრაზები სხვადასხვა დროს მომხდარი საუბრებიდან არის ამოღებული. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის ერთ-ერთი იყოს გაკეთებული ბიბლიოთეკაში. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ყოფილიყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ამ ადამიანის გადაყვანას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და მე, ბესო წერედიანს, შემიძლია 18 წლის ბავშვებთან დავგეგმო სახელმწიფო გადატრიალება, ესე იგი გადასატრიალებელია“, - ამბობს ბესიკ წერედიანი.

აღსანიშნავია, რომ პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. იუსტიციის მინისტრის განაცხადებით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა. „ნაციონალური მოძრაობა“ დეზინფორმაციის გავრცელებით და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მანიპულირებით ცდილობს ქვეყანაში არეულობის შემოტანას“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის კლინიკიდან გაყვანას შეეცდებოდა, ამის შესახებ რამოდენიმე დღის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებით, თუ გადაიყვანდნენ სააკაშვილს, პარტია 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდა საავადმყოფოსთან და ასეთ შემთხვევაში პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება.

„იმედი აქვს, რომ ციხეში დიდხანს არ დარჩება. ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, არის შემდეგი - თუ გადავიყვანდით კერძო კლინიკაში 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და, რა თქმა უნდა, მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, ჯაჯგური, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, აქაც ვუბრუნდები იმ პირველს სცენარს, იგივე სცენარია დაწერილი, აბსოლუტურად ერთი-ერთში.

მანდაც ანალოგიურად, იგივე პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან, ეს არის მისი ერთადერთი, თეორიული, გიჟური სცენარი. შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, მას ყველაფერი თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს. რა თქმა უნდა, ეს კაცი ილუზიაშია და ჯერ კიდევ ვერ ხვდება, საერთოდ სად არის. მუდმივ ქაოსში ამყოფებენ ქვეყანას - ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდა ამით. ჩვენ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე მას წარმოუდგენია. ასე რომ, ძვირფასო საზოგადოებავ, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის ჩანაწერის მთავარი ფიგურანტი ბესიკ წერედიანი ადასტურებს საუბრის შინაარს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანია ხალხი დაზაფროს, რათა არჩევნებზე არ მივიდეს. ბექა ბასილაია ამტკიცებს, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

„სუს ჩამდგარია, როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სამსახურში. რასაც ვუსმინეთ, ამის შეფასება რაიმე ტიპის კრიმინალად შეუძლებელია და უფრო მეტიც, ბრიფინგი მოაწყვეს, მოწმედ დავიბარეთ ეს ხალხიო, მოწმედ არ გამოცხადდნენ და სასამართლოში უნდა გამოვკითხოთო. ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული ბრიფინგი და ამ ბრიფინგს სამართლებრივი კომპონენტი არ გააჩნდა. სასამართლომ მსგავს ფაბრიკაციებში მონაწილეობის მიღებას სჯობს მიხეილ სააკაშვილის პროცესები ჩანიშნოს. სუს-ის ვიდეოები და ხალხის დაზაფვრის მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს“, - აცხადებს ბექა ბასილაია.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი.

„დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა.

ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში. ბუნებრივია, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.