ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობის“ დასრულებას უკვე მერამდენედ აანონსებს. პრემიერი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, სააკაშვილის მომხრეებს ჯერ კიდევ სჯერათ ექსპრეზიდენტის დემაგოგიის, სიცრუის, სიყალბის. ამიტომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, პოლიტიკურად განულდეს, ბოროტების ჩამდენი ეს ორგანიზაცია დასრულდეს, მათთვის ხმის მიცემა იყოს დიდი სირცხვილი, რადგან საუბარია უმძიმეს დანაშაულებზე, ტერიტორიების დაკარგვაზე, ადამიანების გაუპატიურებაზე, წამებაზე, ბიზნესების წართმევაზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც თვლის, რომ „ნაცმოძრაობა“ ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან და, მათ შორის, ერთ-ერთია მელია. კობახიძის აზრით, 18 წელია, ამ ქვეყანას ხელს უშლიან ნაციონალები, მაგრამ როგორც კი დასრულდება არჩევნები, არა თუ სააკაშვილი ციხეში, „ნაცმოძრაობაც“ არ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას და ამისთვის მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს.
როგორ უნდა დასრულდეს „ნაცმოძრაობა“, ამის შესახებ სხვადასხვა ვერსიებია. ერთ-ერთი ვერსიით, ნაციონალები სათანადოდ და დამსახურებულად რომ ემხილებინათ, მაშინ არავის ექნებოდა ამ პარტიის წევრობის სურვილი და სირცხვილი იქნებოდა ნაცობა. ბევრი ფიქრობს, რომ დაგვიანდა ეს პროცესი, „ქართულ ოცნებას“ ცხრა წელი ჰქონდა ამ საქმისთვის, მაგრამ ნაცების დასრულება ვერ მოახერხეს. დღეს კი, რომც უჩვენონ კასრების თუ ციხის კადრები, ისეთი სტარტი აქვთ აღებული ნაცებს, არც შერცხვებათ.
საერთოდ, დასრულებადია თუ არა „ნაცმოძრაობის“ მსგავსი პარტიები?
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაციონალების დასრულება დაგვიანებულია, მაგრამ მაინც ძალიან მარტივია ნაცობის დასრულება. ანალიტიკოსის რეკომენდაციაა, გამოაძრონ ციხის კადრები, კასრების კადრები, გამოიძიონ, რა ხდებოდა 2008 წლის ომში და მარტივად, თავისით დასრულდება ნაცობა. მთავარია, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ილაპარაკოს, როგორც ხელისუფლებამ, სახელმწიფომ.
„თავიდანვე ვიძახდი, რომ „ნაცმოძრაობა ასაკრძალი იყო, როდესაც გამომჟღავნდა მათი მმართველობისას ჩადენილი დანაშაულებანი. არანაირი გამოძიება ამას არ სჭირდებოდა, ზედაპირზე იყო კასრების კადრებიც, ციხის კადრებიც, წართმეული ბიზნესებიც, 2008 წლის ომიც, რომელზეც თვითონვე თქვეს, ჩვენ დავიწყეთო, ჩვენ თვითონ მოვაწერეთ ხელიო, მერე გვეუბნებოდნენ, თქვენ არ თქვათო. ასეთი დონის სექტანტები არიან. ეს იყო სამშობლოს ღალატი, რომელმაც გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა, ეთნიკური წმენდა და მისცა საშუალება რუსეთს, განეხორციელებინა თავისი მიზნები. ნაცვლად იმისა, ამაზე პასუხი მოეთხოვათ, „ქართულმა ოცნებამ“ კასრების კადრები გაანადგურა და აბსურდულ ბრალდებებზე ეკამათება სააკაშვილს. ამას სჭირდება დამნაშავეების დაჭერა და ახსნა დასავლეთ ევროპელი კოლეგებისთვის, რა ხდებოდა საქართველოში სააკაშვილის დროს. ჩვენს სახელმწიფოს თვითონვე უნდა მოეხდინა ნიურნბერგის სასამართლოს ორგანიზება“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მისი მოსაზრებით, შესაძლოა, ამერიკის ელჩს ამასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოეთქვა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა საამისო პოლიტიკური ნება, მათთან შეგზავნილები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის კადრები, ვითომ ოპოზიციონრები, სინამდვილეში, ისინი ნაცებზე მუშაობდნენ. ეს ადამიანები ახლა კი არ გამხდარან მიშას მომხრეები, თავიდანვე ასეთები იყვნენ, ოღონდ არ ელოდნენ 2012 წელს რეჟიმი რომ შეიცვლებოდა. შემდეგ უკვე მათ გამოფიტეს, გამოხრეს იქაურობა, მოხდა ინფილტრაცია და გადაიქცა ერთიან კონგლომერატად „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. დღეს კი ვინ ნაცია „ოცნებაში“ და ვინ ქოცია ნაცებში, ძნელი გასარკვევია.
„ამის დაფერთხვა უნდა მოხდეს, იდეოლოგიურად სიტუაციის გამოკვეთა უნდა დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სიტყვები შესრულდეს ნაცების დასრულებასთან დაკავშირებით. სადაც ასეთი სექტაა ოპოზიციურ ველზე მთავარი პოლიტიკური მოთამაშე, სადაც სამი მეინსტრიმული მედია მათ ავადმყოფურ, აგრესიულ ნარატივს ავრცელებს, ხოლო მმართველი პარტია იმაზეა ორიენტირებული, რასაც აშავებს, ამას ჩამოაწერს „ნაცმოძრაობის“ ცოდვები, რადგან ნაცებზე უარესი არაფერია - ასეთმა მიდგომამ განიცადა ფიასკო. ახლა „ოცნება“ მიხვდა, რომ რაღაცები შესაცვლელია, მაგრამ საკმაოდ გვიანია. მძიმე შედეგები დადგა აჭარაში, სამეგრელოში, აჭარაში როცა ასეთი შედეგი დგება იმის გამო, რომ ტვინი არ გაანძრიე და საკადრო საკითხები არ გაიარე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ხარ ამაზე“, - მიიჩნევს სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ცხრა წელი იმაში გაილია, ნაცები არ დასრულებულიყვნენ. ნაცები სჭირდებათ, როგორც გასაბერი თოჯინა, სწორედ ასეთია „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ხელში, ბერავენ და ბერავენ ამ თოჯინას და ისიც იკლაკნება და იკლაკნება. ამიტომ, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ვისაც არ უნდა ნაცები და სურს ნაცების გაშვება, პირველ რიგში, უნდა გაუშვას „ქართული ოცნება“.
„არ გინდა „ნაციონალური მოძრაობა“? დაარტყი „ქართულ ოცნებას“ და შენ ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავ. ეს უკვე ჩემი ფორმულაა. ვიდრე იარსებებს „ქართული ოცნება“, იარსებებს „ნაციონალური მოძრაობაც“. „ქართული ოცნება“ ვიდრე ხელისუფლებაშია, არასდროს არ დაამთავრებს ორ რამეს, არ დაამთავრებს სიღარიბეს და არ დაამთავრებს „ნაცმოძრაობას“. ყოველთვის ამ ორი ფენომენით მანიპულაცია იქნება. რა დროს რეგიონალური გამოწვევებია, რა დროს სიღარიბეა, რა დროს პენსიები და ჯანდაცვაა, აგერ, „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის. „ქართული ოცნების“ გარეშე ნახავთ, როგორ დაიფუშება „ნაციონალური მოძრაობა“. არაფერი არ აქვს „ნაცმოძრაობას“ საარსებო, გარდა იმისა, რომ იყოს პარაზიტი „ქართული ოცნების“ სუფრაზე“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.