„ღირსებისა და თავისუფლებისათვის“ - ამ მთავარი გზავნილით თბილისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე, მმართველი პარტიის მხარდამჭერები საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. მმართველი პარტიის მხარდამჭერები 27 ოქტომბერს დილიდან დაიძრნენ აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ახალციხიდან, კახეთიდან და სხვა რეგიონებიდან. ისინი სამარშუტო ტაქსებით, ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ბოლო გაჩერება კი თავისუფლების მოედანი იყო, სადაც 17:00 საათზე მათ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობა არასოდეს დაუშვებს იმ შეცდომების გამეორებასა და იმ წარსულის დაბრუნებას, რომელიც 9 წელის განმავლობაში იყო.
„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს. პროგრესი და წინსვლა ყველა სფეროში ხელშესახებია. სახელმწიფო მოქალაქეს გვერდით დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია, რაც მთავარია ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა, ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას. დღეს არავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, ვინაიდან წინ უამრავი საქმეა გასაკეთებელი.
ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ და რომ აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის რეჟიმის მმართველობა. ჩვენ ეტაპობრივად აღვადგინეთ სამართლიანობა და დავაკავეთ მჩაგვრელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი. ახალია, უგულავა, მერაბიშვილი, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. პირველ ოქტომბერს კი, საქართველოდან გაქცეულ და ქურდულად, ლაჩრულად შემოპარულ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში. ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას“, - განაცხადა პრემიერმა.
აქციაზე შემდეგი გამომსვლელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო. მან აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.
„სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულაიდ სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
„სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ნდობას გავამართლებ“, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა და ამავდროულად მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მმართველი გუნდის მხარდამჭერებს.
„ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა, ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს მეგობრებო, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ქალაქის და ჩემი ხალხის უკეთესი მომავლის... ყველას გვესმის, რომ 30 ოქტომბერს, ჩვენ, პირველ რიგში, ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს და მე დარწმუნებული ვარ თქვენს სწორ არჩევანში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
27 ოქტომბრის აქცია ჯერ კიდევ მის გამართვამდე კონტრაქციად შეაფასეს ოპოზიციამ და მმართველი ძალისადმი კრიტიკულად განწყობილმა ანალიტიკოსებმა.
ექსპერტ გია ხუხაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ „ქართულ ოცნებამ“ სწორედ, კონტრაქცია გამართა და სურს, რომ სიგნალი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებსაც გაუგზავნოს. მათაც აჩვენოს, რომ არცთუ ცოტა მხადამჭერი ჰყავს და არჩევნების გაყალბებაზე საუბარი ზედმეტია.
„ოცნებამ“ დადო იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ ენმ-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ. ამას აკეთებენ ასევე დასავლეთისთვის საჩვენებლად, რომ არჩევნების გაყალბებაზე საუბარიც კი ზედმეტია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებულ მძიმე ფონზე პრობლემები გადაწყვიტოს, ფაქტობრივად, ოთხშაბათი საჯარო სექტორისთვის უქმე დღედ გამოაცხადა - სამსახურის ნაცვლად, ავტობუსებში ჩასხეს და აქციაზე ჩამოიყვანეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა for.ge-სთან.
„ქართული ოცნების“ მცდელობას, ფაქტია, ფუჭად არ ჩაუვლია, აქცია მართლაც მრავალრიცხოვანი იყო, რაც ირიბად იმის მტკიცებულებაც იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც ისევ ისე მიუღებელია, როგორც 2012 წელს. მიხეილ სააკაშვილმაც 2021 წელს, 2012 წლის მსგავსად შეკრიბა ქვეყნის მოსახლეობა, რომ მისთვის და მისი პარტიისთვის უარი, კიდევ ერთხელ, დანარჩენი სამყაროს დასანახად ეთქვათ.
როგორც სოციალურ ქსელში სპეციალისტები წერენ, „ოცნების“ მიერ გამართულ აქციაზე ასი ათასამდე ადამიანი იყო. გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ აქციის წარმატებას მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობა არ განსაზღვრავს.
„კი ბატონო, აქციაზე ნამდვილად ბევრი ხალხი იყი, მაგრამ ნებისმიერ აქციას სული რომ ჩაბერო, მხოლოდ წარსულის უარყოფა არ კმარა. აქცია რომ ცოცხალი იყოს, მას მომავლის რწმენის გაღვივება სჭირდება. აქციაზე კი ისევ 9 წელზე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმზე ისაუბრეს. ხელისუფლება ხალხს ეუბნება - აწმყო შეიძლება არ ვარგა, მაგრამ ბნელ წარსულს ჯობიაო... სხვა რა აქვთ სათქმელი?! როცა მომავლის ენერგია არ არის, ნებისმიერი აქცია მკვდარია, ხალხის რაოდენობის მიუხედავად. რაც შეეხება იმაზე საუბრს, რომ „ქართული ოცნების“ კონტრაქცია შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდეს, ამას ნამდვილად არ ვეთანხმები. დაპირისპირების რესურსი არც „ოცნების“ და არც ოპოზიციის მომხრეებში არ მეგულება“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ეს არ ყოფილა ძალის დემონსტრირება, რადგანაც როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებასაც საკუთარი მხადამჭერები ჰყავს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ-ს თუკი გონიერება ეყოფა, მიხვდება, რომ მცირე მხარდაჭერა არც „ოცნებას“ აქვს, ამიტომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ არ უნდა წაიყვანოს და მუქარას შეეშვას.
„სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს წინააღმდეგ გამართული კონტრაქცია იყო. როგორც 14 ოქტომბერს ენმ-ის მხარდასაჭერად მოხდა პარტიის ელექტორატის მობილიზება, იგივე „ოცნებამაც“ გააკეთა. ამაში რამე გასაკვირი რატომ უნდა იყოს? თუკი მათ ჰყავთ მხადამჭერები, აბა „ოცნებას“ მხარს არჩევნებში ვინ უჭერს? - ეს ხალხი, რომელთა რაოდენობა დღეს რუსთაველზე 1000 000-მდე იყო. ამიტომ მგონია, ენმ-ს ჭკუა უნდა ეყოს, შეეშვას მუქარას და 30 ოქტომბრის მეორე ტურების შედეგი მიიღოს, რაც იქნება.
კი ბატონო, ალბათ, ვიღაც იფიქრებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკა ისევ პოლარიზებული გახდა, თუმცა ვსვამ კითხვას, აბა ამერიკაში ობამა და ტრამპი რომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ტრამპი ლამის დააკავეს, ეს რა იყო? ანუ, იქ პოლიტიკა პოლარიზებული არ იყო და საქართველოში არის? გვინდა თუ არა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხმას „ოცნებას“ აძლევს და ასევე სამწუხაროდ, ენმ-ს ნახევარ მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომ გასაკვირს აქ ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, „ნაციონალებს“ ვურჩევ, ხალხის გინებას შეეშვან და ოპონენტების მხარდამჭერების პატივისცემა ისწავლონ “, - ამბობს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.
პარლამენტამდე რომ ხალხი იყო....ისინი??
ან პუშკინის ჩაყოლებაზე------კოლმეურნეობის მოედნამდე??