სპორტული ჟურნალისტის პროფესია ურთულესი საქმიანობაა. ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა მკითხველს ინფორმაცია მაქსიმალური სიზუსტით უნდა მიაწოდოს. სპორტული მას-მედიის წარმომადგენელი ამ სფეროში ჩინებულად უნდა ერკვეოდეს და უხეში შეცდომების დაშვებას მაქსიმალურად მოერიდოს. გულშემატკივრები პრეტენზიულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან. ისინი ერთნაირი გულმოდგინებით არჩევენ როგორც საფეხბურთო მინდორზე მიმდინარე ბატალიებს, ასევე ჟურნალისტების მიერ გაანალიზებულ მოვლენებს.
სპორტის თემაზე მწერალ ხალხს საქმიანობა რთულ ვითარებაში უხდებათ. ალბათ ბედის ირონიას თუ დავარქმევთ, რომ სპორტი გაზეთების ბოლო გვერდების მუდმივი ბინადარია და გამომცემელ-რედაქტორებს შორის განსაკუთრებული „პოპულარობით“ ვერ სარგებლობს. რასაკვირველია საუბარი არასპორტულ გამოცემებზე მაქვს.
ჩემს კოლეგებს სხვადასხვა „სახალისო“ სპორტული ისტორიების დიდი პირადი „მარაგი“ გააჩნიათ. რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ოფიციალურად არსად გამოქვეყნებულა. გასულ წელს მათი ერთი ნაწილი მკითხველების სამსჯავროზე გამოვიტანე. დღეს ამ ტრადიციას გავაგრძელებ და სპორტული ჟურნალისტების მიერ „მოწოდებულ“ სხვა „მოგონებებს“ შემოგთავაზებთ. „ინფორმატორების“ თხოვნით, მათ ვინაობებს საიდუმლოდ შევინახავ. (მოგონებებში ავტორთა სტილი დაცულია)
1. ტურინის ოლიმპიადისთვის ჩვენი სპორტსმენების ანკეტებს ვაკეთებდი. ელენე გედევანიშვილს ველაპარაკები და ვეკითხები: ოლიმპიადაზე შენი პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი რა იქნება მეთქი. ელენეს ეგონა, „პრაიზვოლნი“ და „აბეზატელნი“ პროგრამებზე ვეკითხებოდი და მიპასუხა - გრანადა და რაფსოდიაო.
2. ერთხელ მოჭიდავეთა ნაკრების ექიმს ზურაბ კახაბრიშვილს რომელიღაც დამწყები ძიუდოისტისთვის დამწვარზე წასასმელად კოლხური თუ თურმანიძის მალამო მიუცია. ლაშა გუჯეჯიანი კიდე გახუმრებია იმ საცოდავს, კახაბრიშვილი კარგს რას მოგცემს, აჰა, ეს წაისვი, მე ძალიან მიხდებაო და ფინალგონი მიუცია. იმასაც არ დაუნანებია და წაუსვია მომეტებულად, რაც მეტი, უკეთ იმოქმედებსო. რაც ცხოვრებაში არ ურბენია, მაშინ ირბინა, ვერ ასწრებდა ვერავინ.
3. რუსთაველზე რამდენიმე მოჭიდავე მიდიოდა. ოპერას რომ მიუახლოვდნენ, ერთმა რაიონიდან დედაქალაქში ახალმა ჩამოსულმა ახალგაზრდა მოჭიდავემ ოპერა ეკლესიად მიიღო, მოიხსნა ჩანთა, ქუდი მოიხადა, ოპერისკენ შებრუნდა და დაიწყო პირჯვრის წერა და რაღაცის ბუტბუტი. მას თბილისელებმაც მიბაძეს - ზოგმა უვიცობით, ზოგმა მექანიკურად და მოკლედ, გადარიეს ხალხი.
4. ჯამარაულზე უნდა მოვყვე (მომკლავს ჯამარა თუ დამიჭირა, მაგრამ სად მნახავს). ერთხელ, საქართველოს ნაკრები რომელიღაც თამაშზე მიფრინავდა და ნაკრების წევრებმა თვითმფრინავში სეკას თამაში გააჩაღეს (მაშინ ჯოკერი ჯერ არ იცოდნენ). მოკლედ, წავიდა თამაში და ჯამარაული მაგრად იწეწება - ნაკრებში ჩამოსვლამდე თავის კლუბში აღებულ ხელფასს მთლიანად აგებს. ამ დროს თვითმფრინავი აეროპორტში დასაჯდომად მოემზადა, რაც ავტომატურად ნიშნავდა თამაშის დასრულებას. გამწარებულმა ჯამარაულმა იყვირა: ვაიმე, არ დასვათ თვითმფრინავი, თორემ დამექცა ოჯახიო!!!
5. რომელიღაც მოჭიდავეს რომელიც ესპანეთში იყო რაღაც ტურნირზე, თბილისის აეროპორტში ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს თუ შეხვდა. ამან უპასუხა რომ ეს პიროვნება მის წონაში არ ჭიდაობს.
6. ერთხელაც მოსკოვში ჩავიდნენ ჩვენი მოჭიდავეები და რამდენიმე მათგანი მეტროს მაგივრად „მაკდონალდსში“ შესულა.
7. ათენის ოლიმპიური თამაშების წინ ბიჭებმა ძიუდოისტებს ლიკანში, ბოლო შეკრებაზე ავაკითხეთ, და ყველასგან ინტერვიუები ჩავიწერეთ. მე ზვიადაური შემხვდა. ტრადიციული კითხვაა - შენი დებიუტი ძიუდოში. მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამაჩერა, ერთი ეგ მითხარი დებიუტი რა არისო?
8. ირაკლი მეძმარიაშვილი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. არჩევნების დასასრულს, მეძმარიაშვილი სიტყვით გამოვიდა და თავის მოხსენებაში ცნობილი ვეტერანი ფრენბურთელი ედუარდ სანთელაძეც ახსენა,ოღონდ შეეშალა და იგი მოფარიკავედ მოიხსენია. გვერდში მდგომებმა ირაკლის ჩუმად შეუსწორეს - ეგ მოფარიკავე კი არა, ფრენბურთელიაო.
ირაკლიმ კარგად ვერ გაიგო და - უკაცრავად, ხელბურთელიო.
- ხელბურთელი კი არა, ფრენბურთელი! - შეუსწორეს ისევ.
- კარგით, რა გამიხურეთ, რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს ბურთით არ თამაშობენ? - არ დაიბნა მეძმარიაშვილი.
9. ერთხელ შემეშალა და გაზეთში ჯამლეთ ხუხაშვილის მოღონიერებული „მაქაბის“ ნაცვლად ჯამლეთ ხუხაშვილის მოღორებული „მაქაბი“ დავწერე.
10. რედაქტორი მეკითხება: ხომ ერთია კიგბოქსინგი და ჭიდაობაო?
11. საქართველოს ნაკრების ბულგარული ფიასკოს შემდეგ, თბილისის ერთ-ერთ ეზოში გულშემატკივრები შეიკრიბნენ და ნაკრებს აგინებდნენ. საუბარში დანიასთან წაგებული 1:6-იც ახსენეს და გასაგები მიზეზის გამო იორდანიასთან წაგებაც ინატრეს. ეზოში მცხოვრებმა მოხუცმა გურულმა მეზობლები დააიმედა: - წავაგებთ, აპა - დანიამ რა გვიქნა და ი ორი დანია ხომ თლათ მოგვსპობსო...
12. თურმე ერთხელ რუსეთის რომელიღაც ქალაქში წასულა სპორტსმენთა დიდი დელეგაცია საქართველოდან. მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი მზია ჯუღელიც ყოფილა. დაინახა თურმე ჯუღელმა მაღაზიაში ქოქოსი და ბავშვივით დაიჟინა (რუსულად) - ია ხაჩუ კაკოსი და ჩაიხვია და ჩაიხვია ეს სიტყვა. ზოგმა ეგრევე დაიჭირა და ნელ-ნელა აპარებენ, ქალბატონო მზია, იქნებ, ქოქოსი და არა სხვა რამე, მაგრამ უშედეგოდ, - ნეტ, ტოლკა კაკოსი! არადა, დელეგაციაში თურმე არავინაა კაკო და არის თურმე ერთი ჟრიამული, არ გვაქვს ბატონო კაკოსი და რამე სხვას მოგიხერხებთო. მზიამაც, არ ვიცი, მართლა ვერ მიხვდა თუ ხუმრობას აჰყვა, დაიჟინა და დაიჟინა, არა, მაინდამაინც კაკოსი მინდაო. ბოლოს, როგორც იყო, მიუტანეს ქოქოსი, თუმცა ეს ისტორია ამით არ დამთავრებულა - დღემდე იცინიან ამის გახსენებაზე.
13. ერთ-ერთი გაზეთის სპორტულმა ჟურნალისტმა კალათბურთელ გიორგი ცინცაძეზე მასალა დაწერა. როდესაც წერილისთვის სათაურის შერჩევის დრო მოუვიდა, ეს საქმე დროებით გადადო. მასალა გვერდის ამწყობს მისცა და ასეთი რამ მიაწერა: "გიორგი ცინცაძე ... კაროჩე მერე მივაწერ რა." ალბათ მიხვდით, რომ სათაურის მოფიქრების დრო არ ჰქონდა და საღამოსთვის გადადო. თუმცა საღამოსაც დაავიწყდა და ამწყობმა პირდაპირ გლიჯა გვერდში ზემოთ მოყვანილი წარწერა.
14. წნორის „მილანის“ საფეხბურთო კლუბი ხომ გახსოვთ. მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ერთ პრესკონფერენციაზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: - ჩვენი კლუბის ფინანსები მზესუმზირის მოსავალზეა დამოკიდებულიო. მგონი, რობერტო ბაჯოც უნდა ჩაეყვანათ ლაგოდეხის ნაკრძალში სანადიროდ.
15. მანუჩარ მაჩაიძე მოსკოვის „სპარტაკში“ რომ თამაშობდა, შვებულებით თბილისში მოდიოდა და გუნდის ხელმძღვანელობამ დააბარა: - იზ ტბილისი ბეზ გოჩი (ანუ გოჭი) ნე პრიეჟაიო... მანუჩარიც რომ დაბრუნდა გოჩა (მისი ძმა) ჩაუყვანა…
16. ნუგზარ ჯუღელის მარგალიტები:
1945 წელს, უკაცრავად 19 საათსა და 45 წუთზე...
ტკაჩენკო ახტა, მაგრამ დინამოელებმა აიძულეს, ისევ უკან ჩამომხტარიყო...
ბურთითაა ასლან აბაშიძე (ასლან ბალაძე სინამდვილეში).
ბურთითაა გამოცდილი როსტომ თორღაშვილი, დინჯი და გრძელი ნაბიჯებით დაიძრა წინ... ჩაჰკიდა მაღალი ბურთი, იქ კი არავინაა...
"გინდა ახტი გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა.“
და აი! გაბრაზებულმა მსაჯმა ჩაბერა სასტვენს, თავისთან იხმო ფეხბურთელი და ხელი ტრუსისკენ წაიღო. საინტერესოა რა ფერს ამოიღებს? თუ ფერად ტელევიზორში უყურებთ, ან წითელს ამოიღებს ან ყვითელს, ხოლო თუ შავთეთრ ტელევიზორში უყურებთ, ან თეთრს ამოიღებს ან შავს!
17. თბილისის "დინამოს" თამაში ჰქონდა და მსაჯი მძიმე შეცდომებს უშვებდა. გაბრაზებული სანდრო იაშვილი არბიტრს ეუბნება: - რა არის, რეი ჩარლზი ხარ? მსაჯს რეი ჩარლზი ცხოვრებაში არ ჰქონდა გაგონილი, კომპლიმენტი ეგონა და უპასუხა: - რა არ ვგავარ თუ?
18. დიმიტრი ობოლაძეს „პორტუ“ - „რეალის“ შეხვედრა მიჰყავდა და შემდეგი იაღლიში მოუვიდა: ბურთი აქვს მიჩელ სალგადოს, გადააწოდა მიჩელ სალგადოს, მიჩელ სალგადომ ჩააწოდა, დაარტყა მიჩელ სალგადომ, მაგრამ ააცილა. და აი გვიჩვენებენ მიჩელ სალგადო მოედანზე შემოსასვლელად ემზადება.