„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფინალური „თამაში“ ანგარიშით 41:0 დასრულდება“

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფინალური „თამაში“ ანგარიშით 41:0 დასრულდება“

„გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“ - ამ სლოგანით „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ფართო მასშტაბური აქცია გამართა.

მმართველი გუნდის აქციას, დილიდან, რეგიონებიდან მხარდამჭერთა კოლონები შეუერთდნენ. დილის 9 საათზე, სამეგრელოდან ავტოკოლონა თბილისისკენ დაიძრა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით თავისუფლების მოედნისკენ, ზუგდიდიდან და აბაშიდან წამოვიდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებით ქვეყნის ღირსებას იცავენ.

პარალელურად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა დილით ადრე შეკრება დაიწყეს ფოთშიც. ღონისძიების მონაწილეები დედაქალაქში მხოლოდ ერთი მოტივით მოდიოდნენ, როგორც ისინი ამბობდნენ, არ სურთ წარსულში დაბრუნება.

კიდევ ერთი ქალაქი, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ და დედაქალაქში გამოემართნენ, ქუთაისი იყო. ავტოკოლონები დაიძრა გურიიდანაც. თბილისში ჩამოსვლისა და მმართველი გუნდის მხარდაჭერის მთავარ მიზეზად, ადგილობრივებმა დღეს ქვეყნის განვითარების აუცილებლობა დაასახელეს.

მსგავსად გურიისა, მმართველი გუნდის მხარდამჭერები თბილისისკენ ბათუმიდან გამთენიისას დაიძრნენ. „არა რევანშს და ბრძოლა ბოლომდე!“ – ეს იყო ის მთავარი გზავნილები, რომელიც ბათუმში შეკრებილებმა დედაქალაქში წამოსვლამდე გააჟღერეს. თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერები კახეთიდანაც გამოემგზავრნენ.

 „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მსგავსად, „ოცნების“ აქციაზეც ადამიანების განწყობაზე მუსიკოსებმა იზრუნეს.

აქციის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. მმართველი გუნდის წევრებმა ახსნეს თუ რა არის აქციის გამართვის მიზანი.

„ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დამაგვირგვინებელი ღონისძიება. შესაბამისად, ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამება მოხდება. კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, თუ რამდენად ერთიანია ქართველი ხალხი და რამდენად ბევრი მხარდამჭერი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ გააგრძელოს ქვეყნის განვითარება. დღეს, ჩვენი აქციის მიზანია, რომ ის სიძულვილი დავამარცხოთ, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მოედინება. მომავალი სამი წლის განმავლობაში ვიაროთ განვითარების გზით. ეს არის აქციის მიზანი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ამ მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ შეკრიბა ხალხი, 2012 წელს, 2017 წელს და ახლა, როდესაც ჩვენ გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის დადებითი მიმართულება, რაც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში აქვს მოპოვებული - მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს არის ის სამი რამ, რის გარეშეც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა არ დადგება, რის გარეშე არ გაგრძელდება სწრაფი რეფორმები. დემოკრატია და კეთილდღეობა, დემოკრატია და თანამშრომლობა, ეს არის ის, რაც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არის და იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„თაობები და ოჯახები ვიკრიბებით იმისთვის, რომ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე და ხვალიდან გადაიფურცლოს ის მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ დავასრულოთ ერთად პოლარიზება, დაპირისპირება, უპასუხისმგებლობა, რასაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ უხვად იყოს ქართულ რეალობაში“, - განაცხადა აქციის დაწყებამდე რატი იონათამიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფინალური „თამაში“ ანგარიშით 41:0 დასრულდება“ - ასეთი შეფასება გააკეთა აქციის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

„არჩევნები ესაა ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც კი აქვს კაცობრიობას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საარჩევნო პროცესში. მიმდინარეობს თამაშის ბოლო წუთები, ფაქტობრივად, დამატებითი დრო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა, რომელიც ბოლო წუთებში კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ“, -აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა კი მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ.

„დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, თუმცა ძალიან ვწუხვარ, როდესაც ხშირად, ზოგიერთი ადამიანები და ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები, ისე იქცევიან, თითქოს პარტიის აქტივისტები იყვნენ და შეგნებულად ცდილობენ, ადამიანები გამოიწვიონ აგრესიაზე. ჩემი თხოვნა იქნება ყველა ჩვენი მხარდამჭერის მიმართ, რომ არ აყვნენ მსგავს პროვოკაციებს და მშვიდად გასცენ პასუხი ყველაზე პროვოკაციულ კითხვასაც კი, არანაირი აგრესია არ უნდა იყოს ჩვენი მომხრეების მხრიდან, ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და რჩევაც აქციის ყველა მონაწილის მიმართ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აქციის დაწყებამდე, კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

„პირველ რიგში, მინდა ყველა ჩვენს მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ამ 9-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას. სწორედ ეს გვაძლიერებს და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ პირველად 9-წლიან ციკლში არ იყო სამოქალაქო დაპირისპირება და ომი. ეს ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებას მივაღწევთ და გავაგრძელებთ თანმიმდევრულ სვლას ჩვენი სანუკვარი მიზნისთვის - 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის. ამას სჭირდება სწორედ ის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა, რომელიც დღეს აქ გვაქვს. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ - ცალკე ვერც მთავრობა და ვერც ცალკეული მინისტრი ვერაფერს შეძლებს, თუ არ გაერთიანდა მთელი საზოგადოება. უამრავი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა - უსაფრთხოება, ოკუპაცია, რეგიონში არსებული საფრთხეები. ამას, როგორც არასდროს, სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ქვეყნის სტაბილურობა, ეკონომიკის ფეხზე დაყენება. 2024 წელს განაცხადის გაკეთებით არ სრულდება ჩვენი მუშაობა - ჩვენი მიზანია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

აქციის ოფიციალური ნაწილი გახსნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც სიტყვა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა. პრემიერ-მინისტრმა აქციაზე შეკრებილებს ნდობისთვის, თავდადებისა და ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა, გულწრფელი მადლობით დავიწყო გამოსვლა. დიდი მადლობა ერთგულებისთვის თქვენი ნდობისთვის, თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის. მადლობა ყველას. დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში. სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა, ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც მთელი ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით. პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე, ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შემდეგ, ტრიბუნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაიკავა.

„2012 წელს, აქ თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა ერთიანობით საფუძველი ჩაუყარა ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების კარნახით მოქმედებს. მადლობა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა თავისუფლების ბრძოლის მოსაპოვებლად და ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა სიძულვილზე აგებული რეჟიმი. ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია უზრუნველყოს საქართველოს განვითარება. ყველას მინდა მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. 30 ოქტომბერს, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ - ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის გრძელდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე. ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნება. ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ გვაქვს სიძულვილი, არამედ გვაერთიანებს სიყვარული ერთმანეთთან. ჩვენი ოცნებაა საქართველო ძლიერი ქალაქებით, სოფლებით, ჩვენი ოცნებაა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ ოცნებით შეიქმნა ჩვენი პარტია და სწორედ ეს ოცნება, სამშობლოს სიყვარული მოგვცემს ძალას, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სადაც სამართლიანობა და მშვიდობა არაა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. ჩვენ, 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, რომელიც 18 წელია ქართული სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო მათი ლიდერი კი, დამსახურებულად, ციხეში იხდის სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა, ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სულ სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას დაუთმო.

„მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მობრძანებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, გავამართლოთ ეს ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისა და განვითარებისკენ. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს თავის წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების საქმეში, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას წარმოვადგენთ - დღეს ჩვენ ყველა ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის.

მე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, პატივისცემის, სიყვარულის, მიტევების, ჩვენი ისტორიისა და კულტურის საწყისებზე და ყველაზე მთავარი რაც ვისწავლე არის ის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და ჩვენს ხალხთან, ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას და მომავალს წაადგება.

ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, ყველა მუნიციპალიტეტი. უნიკალური, გამორჩეული, განუსაზღვრელი შესაძლებლობის მქონე სამშობლო გვაქვს. სწორედაც, თითოეული მუნიციპალიტეტის არსებული შესაძლებლობების გამოყენებისა და ახლის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი თბილისი და ძლიერი რეგიონები. დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი თავის მხრივ ყოველთვის იქნება როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და განვითარებას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა. ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ისტორიული არჩევანი და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო სრულიად ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

მე მჯერა, რომ 30 ოქტომბერი „ქართული ოცნების“, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება იქნება გარანტი განვითარების, სტაბილურობისა და სიმშვიდის.

ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა სამმა შვილმა და თქვენმა შვილებმა იცხოვროს ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ამის შემდეგ ტრიბუნა დაეთმო კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, რომლის შემდგომი გამომსვლელი რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე იყო.

აქციაზე მისულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სიტყვით ბოლოს, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიმართა.

„ჩემთვის შეუძლებელია ემოციის გარეშე გამოსვლა აქ შეკრებილი უამრავი ღირსეული, პატრიოტი ადამიანის წინაშე. დღეს ისევ ვდგავართ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა ღირებულებები, რა ფასეულობები გვამოძრავებს, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ.

დღეს აქ მთელი საქართველო, მისი ყველა კუთხის შვილები ვართ შეკრებილი, ის ადამიანები, ვინც საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანა სწორედ აქ, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში. ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ, სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ.

თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რის მოცემაც შეეძლო - ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრები და შესაძლებლობა, მეზრუნა თბილისზე და თბილისელებზე.

ამიტომ, მეც არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა ამ სიკეთეზე სიკეთითვე მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა.

და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს.

ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის. ცხრა წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვას და სიცრუეს. ეს ის მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ვაჩვენოთ როგორც ერთმანეთს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და რწმენის შეურაცხყოფის ადგილი არ არის. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას. მეტიც, ეს დესტრუქციული განწყობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ანადგურებს იმ ადამიანებსაც, ვინც თავად წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, ჩვენ ეს ადამიანებიც უნდა დავიხსნათ ძალადობრივი იდეოლოგიის ტყვეობისგან, უნდა შევეცადოთ, ავუხილოთ თვალი, მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივისცემისკენ. ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი – მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი.

სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში. 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში; კარი გავუხსნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი სიტყვითა და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებდნენ ქართულ პოლიტიკაში.

30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და მეორე დღიდანვე, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი, მომავალზე და პროგრესზე ორიენტირებული საქართველოს შენება. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენ ყველამ ერთად სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები და სოფლები. ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი. მჯერა, 30 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო. მოდით 30 ოქტომბერს არჩევნებზე. მოდით, რათა გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე“ ამ ლოზუნგით გამართული „ქართული ოცნების“ აქცია, პარტიის ჰიმნით „ჩემი საქართველო აქ არის“ დასრულდა.

trampi ......როგორც პროფესიონალი მიტინგოსანი ვამტკიცებ ---- ამდენი ხალხი არცერთ მიტინგზე არ ყოფილა ..
.ადრე .ყველაზე მეტი ხალხი სალომეს მიტინგზე იყო (გრეჩიხებმა რომ დაშალეს ) მაგრამ დღეს, მინიმუმ ორჯერ მეტი ხალხი იყო......
იყო სტადიონიდან წამოსული ძალიან ბევრი ხალხი ხალხი ....... 2009 წ 9 აპრილისაც ძალიან დიდი მიტინგი იყო..... მაგ მოედანზევე ბიძოს ჩატარებული მიტინგიც დიდი იყო, მაგრამ--------- დღევანდელს ვერცერთი ვერ შეედრება!!!
არადა ოცნების გულისთვის სულ არ მინდოდა იქ მისვლა, ფეხი უკან მრჩებოდა, მაგრამ......................... ვაი და ნაცებიიიიი???
ჰოოოდა იმიტომაც წავედი................
არა რა მართლა კაი ბუა ჰყავთ ამ დებილებს....9 წლის მერეც ისევ დედალ მამალს გვარჩევინებენ.....

უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო
სოფელში კაცი არ იყო და ვირი აირჩიეს მამასახლისადო...
ბრუციანებში ცალთვალა აირჩიეს სარდლადო.....
3 წლის უკან
trampi 100.000 ................... ეგ მარტო მოედანზე ცენტრში ................დანარჩენები ??
პარლამენტამდე რომ ხალხი იყო....ისინი??
ან პუშკინის ჩაყოლებაზე------კოლმეურნეობის მოედნამდე??
3 წლის უკან