საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს 14 აპრილია - ჩვენთვის, ქართველებისთვის, განსაკუთრებული დღე, დედაენის დღე. ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა ქართულ ენას, მაგრამ ვერავინ შეძლო მასზე გამარჯვება.
დღეს 35 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა - სტუდენტები და მოსწავლეები წინ აღუდგნენ საბჭოთა ხელისუფლების გადაწვეტილებას, გაეუქმებინა საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა. მათ, საქმით და ათასი სიტყვით, დაუდასტურეს ქართულ ენას გულწრფელი ერთგულება - მშობლიური ენის დასაცავად საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდნენ და არ შეუშინდნენ რეალურ საფრთხეს, განსაცდელს, რომელიც პროტესტის ასეთ ფორმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მათ პროტესტს უფროსი თაობის არაერთი ღირსეული წარმომადგენელიც შეუერთდა. ახალგაზრდების ამ ნაბიჯმა და პრინციპულმა პოზიციამ, რომელიც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო, ნაყოფი გამოიღო - ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი დაუბრუნდა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა საბჭოთა იმპერიის არსებობის განმავლობაში. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია იმიტომაც, რომ სწორედ 14-მა აპრილმა მისცა ბიძგი გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას საქართველოში.
დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ, რუსთაველის გამზირზე იმ ახალგაზრდებს შორის მეც ვიდექი. არასოდეს დამავიწყდება ის ამაღლებული განცდა, რომელიც, დიდი საფრთხის მიუხედავად, ყველას გვაერთიანებდა. დღეს ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ქართული ენა და აღვუდგინოთ მას თავისი განსაკუთრებული ადგილი. მე დაგპირდით და ჩვენი მთავრობა ასრულებს დანაპირებს – სპეციალისტებთან და საზოგადოებასთან ერთად იგეგმება სხვადასხვა პროექტის შემუშავება სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი"