„ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა არის მკვლელობა“ - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ვალის დაბრუნებას ცდილობს

„ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა არის მკვლელობა“ - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ვალის დაბრუნებას ცდილობს

მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის მხრიდან არც მხარდაჭერა აქვს და არც პატივისცემა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დენიელ ფრიდი ამბობს, რომ სააკაშვილს მოლოდინები არ გაუმართლდა და ქვეყანაში ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარი არ განვითარდა. დენიელ ფრიდის თქმით, მისთვის გასაკვირია, რატომ იმეორებს სააკაშვილის მთავრობის შეცდომებს „ქართული ოცნება“. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას რომ ესაუბრებოდეს, ჰკითხავდა: „მართლა გეშინიათ ამ ადამიანის? და, ახლა?“ როგორც ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.

„ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია, მაგრამ ჩემთვის, ასევე, მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყის წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში“, - განაცხადა ფრიდმა.

გარდა ამისა, ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ ისევ დიდი მხარდაჭერა აქვს, ისევე როგორც არჩევნებმა აჩვენა ისიც, რომ ოპოზიცია ბევრ ქალაქში ძლიერად არის წარმოდგენილი.

„ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს მისი პერსონის გარშემო ყურადღება არ მოადუნოს. ამჯერად მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ურჩევნია დარჩეს იქ, სადაც იმყოფება, სანამ ამ სიტუაციას ან მისი სიკვდილი, ან თავისუფლება არ დასრულებს. ექს-პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცვის მხარის განცხადებით მძიმეა, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს აცხადებს გლდანში ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლება წირავს მიხეილ სააკაშვილს და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. მისი თქმით, შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

„ამ ჩარევის რესურსი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს, ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნიკოლოზ ყიფშიძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლება სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავს, რაც მკვლელობის ტოლფასი იქნება.

„მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანა არის მკვლელობა. თვითონაც ეს პოზიცია აქვს. ყველა ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით იმაზე, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ყოველ წუთს. კონსილიუმის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში. გუშინდელი პრობლემები გამოვასწორეთ, მაგრამ ახლა შეიძლება ახალი პრობლემები წარმოიქმნას“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტი პირადი ექიმის უცხოეთში ვიზიტებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა. საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმე ერთ-ერთია, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი. გამოძიების მასალების თანახმად, სხვადასხვა ხარჯებს შორის საქმის მასალებში აღწერილია მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის უცხოეთში ვიზიტების ხარჯები, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

საქმეში მტკიცებულების სახით დართული გადახდის ქვითრების მიხედვით, მხოლოდ 2011-12 წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტები ბიუჯეტს 124 644 ლარი დაუჯდა. გერმანია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, აშშ - ამ ქვეყნებში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტი ბიუჯეტიდან არის ანაზღაურებული, როგორც ავიაბილეთების, ისე სასტუმროების მომსახურეობის და სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შიმშილობის აქციას, ექს-პრეზიდენტი დღეში 5 ლიტრა ლიმონათს, უზარმაზარი რაოდენობით თაფლიან ჩაის სვამს და პლუს მიირთმევს სეფისკევერებს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არანაირი საჭიროება იმისა, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. მინისტრის განმარტებით, არანაირად არ ხდება პაციენტის იძულებითი წესით განთავსება პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში და ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს.

იმ შემთხვევაში, თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა სიმულიანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება, რომ როგორმე გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში.

„წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა აქვთ, მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს მათი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან და გაათავისუფლებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან, რომ კაცი ჩამოვიდა და თავისი ფეხით შევიდა ციხეში. როგორი ბრიყვული და გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც ღმოჩნდა.

მეორე - წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო ჯგუფს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა მას გამოსულიყო რუსთაველზე და მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის გეგმა მეორე ტურისთვისაც არ შეცვლილა და წარმოადგენს არა არჩევნებისთვის მზადებას, არამედ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდება სააკაშვილის თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე იზიარებს ხელისუფლების პოზიციას, რომ კერძო კლინიკაში გადაყვანილი სააკაშვილის დაცვა და იზოლირება გაცილებით სახიფათოა. ამავე დროს შესაძლოა, ძალიან არასტაბილურობის შემომტანი. ამიტომ, ძაბირაძე მიმართავს ხელისუფლებას ციხის საავადმყოფო მოაწყონ ისე, რომ ასეთი ტიპის ავადმყოფი, თუ მოშიმშილე იყოს სრულიად დაცული და ნეიტრალური. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოში იქნება იზოლირებული და მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება.

„ბატონმა ფრიდმა თქვა, რომ რევოლუციის დრო არ არისო, დავამატებდი იმას, რომ რევოლუციის არც განწყობა არ არის მოსახლეობაში. ასე არ ხდება რევოლუცია, რომ ვიღაცას მოუნდება და რევოლუციას გააკეთებას. საზოგადოებაში უნდა იყოს განწყობა და მზაობა იმისა, რომ მოხდეს რევოლუცია, თუნდაც ისეთი, რაც 2003 წელს გააკეთა იგივე მიშა სააკაშვილმა, მაგრამ მას შემდეგ 20 წელი გავიდა. სრულიად განსხვავებული ვითარებაა, სხვა ატმოსფეროა და სააკაშვილიც სხვა არის, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს.

სააკაშვილი მაშინ იყო მომავალის იმედი, ევროპული განათლების ადამიანი, იყო ინიციატივის მქონე და ენერგიული. მისი პერსონის მიმართ მოლოდინი იყო მოსახლეობაში, რომ მოვა და რაღაცა სიკეთეს გააკეთებს. ეს არ იყო მარტო მაშინდელი ნაციონალების გადაწყვეტილება, მთელი ოპოზიციური ელიტა იყო გაერთიანებული და ლიდერი იყო სააკაშვილი. დღეს კარდინალურად განსხვავებული ვითრებაა. როდესაც ამბობენ, რომ მან სახელმწიფო შექმნა, თუ მან სახელმწიფო შექმნა, იმ სახელმწიფომ დაიჭირა და რას ედავებიან, ვერ გავიგე. მე ვიცი, რასაც ვედავები - ის ავტორიტალური სახელმწიფო, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, არ დაშალა ივანიშვილმა. ის სისტემა გვაქვს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და რას დავობენ, ეს არის გაუგებარი. მაგრამ მათ არც სახელმწიფო ადარდებთ და არც რეჟიმი, მათ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ დაძაბულობის შენარჩუნებას არჩევნებამდე. 30 ოქტომბრის შემდეგ განსხვავებული იქნება სტრატეგია. მისი თქმით, ნებისმიერ საფეხურზე ოპოზიციას სააკაშვილის ხელმძღვანელობით თვითონვე აწყობს ლაპარაკი იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი ავადმყოფობამდე მიიყვანა პოლიტიკურმა რეპრესიებმა და აღარც მკურნალობენ.

„რამდენი მეტი მინუსი მოიძებნება ხელისუფლების მხარეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ეს აწყობს, რაც არც გასაკვირია და არც აღმაშფოთებელი. უამრავი მაგალითები ვიცით, როდესაც მმართველი ხელისუფლების დანამუსების გამო ხვდებოდნენ ციხეში და მერე იქიდან აპროტესტებდნენ ხელისუფლების ქმედებას. პროცესი ზუსტად ისე მიდის, როგორც ლოგიკით უნდა მიდიოდეს. ოპოზიცია ცდილობს შექმნას ხელისუფლებისთვის მაქსიმალურად მიუღებელი დაძაბულობა და ცდილობს, ამ დაძაბულობისთვის დაიხმაროს მიშას ფაქტორი. მათ უნდათ დაძაბულობა და ახლა უყურებენ ამ დაძაბულობის შენარჩუნებით რა შეიძლება გამოვიდეს. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც მუდმივად დესტაბილიზაციით მუშაობს.

არ ვიცი, რატომ წამოვიდა სააკაშვილი საქართველოში. ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში ჩამოვიდა და მას ახლა განთავისუფლება უნდა, ცოტა ღიმილის მომგვრელია. იმიტომ, რომ ჯერ ერთი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა პოლიციას, მაშინ, როდესაც უკრაინაში ვნახეთ, რომ სახურავებზე დარბოდა, როცა დაპატიმრების საფრთხეს ხედავდა. მაგდაგვარი წინააღმდგობა სააკაშვილის მხრიდან ამჯერად არ ყოფილა. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი და მისი მომხრეები უბრალოდ, ცდილობენ ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას და მის შენარჩუნებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Katana . მგონი, ერთხელ უკვე ვიკითხე: დიმიტრი საძაგლიშვილს ეს გვარი სულ ჰქონდა, თუ ადვოკატობა რომ დაიწყო, მერე შეარქვეს?
3 წლის უკან
Katana "საქმეში მტკიცებულების სახით დართული გადახდის ქვითრების მიხედვით, მხოლოდ 2011-12 წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტები ბიუჯეტს 124 644 ლარი დაუჯდა... (Sic!).
გერმანია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, აშშ - ამ ქვეყნებში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტი ბიუჯეტიდან არის ანაზღაურებული, როგორც ავიაბილეთების, ისე სასტუმროების მომსახურეობის და სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები."
!
რას ვერჩით, ავკარგიანი კაცი ყოფილა! :))
აბა, ის არის კარგი, წლების განმავლობაში ბიძინას "პენსიით" რომ ედგათ სული, ის ხალხი ისევ ბიძინას რომ აგინებს?! :))
3 წლის უკან