საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ზოგან ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და ზოგან - პანდემიური. მათი გავლენა (ეკონომიკური, სავაჭრო, ტურისტული) კი იმდენად დიდია, რომ რისკის ქვეშაა ნებისმიერი ძირითადი კომპონენტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ასულდგმულებს. ჯერჯერობით სპეციალისტები პირდაპირ გავლენას არ ელოდებიან, მაგრამ მომავალში დაზღვეული არაფრისგან არ ვართ.
25 ოქტომბერს თურქული ლირა დოლარის მიმართ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ვინაიდან ერთი დოლარის ყიდვა 9,66 ლირად იყო შესაძლებელი. წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 23%-ით გაუფასურდა, ხოლო ინფლაციამ 20% შეადგინა.
ლირის გაუფასურებას წინ უსწრებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მოწოდება თურქეთის ცენტრალური ბანკისადმი, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული 16%-მდე შეამსუბუქა.
„ჯიპი მორგანის“ პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე 20%-მდე გაიზრდება. ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის ასეთი სწრაფი შემსუბუქება არამიზანშეწონილია და დადებითი ეფექტიც ნაკლებად მოსალოდნელია.
„ლირის ისტორიულ გაუფასურებას, არ არის აუცილებელი, ლარის გაუფასურება მოჰყვეს“, - ასე აფასებს „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ლარის გაცვლით კურსზე თურქული ლირის გავლენას.
რთული მდგომარეობაა საქართველოს ჩრდილოეთითაც. კიდევ ერთ მეზობელ სახელმწიფოში ინფლაციის გარდა, მოსალოდნელია „ლოქდაუნი“, რომელიც თავისთავად დიდი პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას ზამთრის წინ და უშუალოდ ზამთარშიც.
კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრად ზრდის გამო 25 ოქტომბრიდან მოსკოვში შეზღუდვები დაწესდა, ხოლო ხუთშაბათიდან მორიგი „ლოქდაუნის“ გამოცხადებას აპირებენ.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განკარგულებით, 60 წელზე მეტი ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეზღუდებათ. ეს განკარგულებს 4 თვე იქნება ძალაში - 2022 წლის 22 თებერვლამდე.
გარდა ამისა, სობიანინი თავის განკარგულებაში რეკომენდაციას უწევს დამსაქმებლებს, თანამშრომლების 30% დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანონ.
ამასობაში, რუსეთში, სურსათზე სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ეკონომიკური კვლევების ფონდის „განვითარების ცენტრი“-ს მთავარი ეკონომისტი ვალერი მირონოვი სასურსათო ტალონების შემოღებას წინასწარმეტყველებს.
მისი თქმით, მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას ტალონები უნდა დაურიგდეთ და არა ფული, რომელიც შეიძლება არა სურსათზე, არამედ სხვა პროდუქტზე დახარჯონ.
„ჩვენი შიდა კონიუნქტურა საგარეო ბაზრებზეა დამოკიდებული. იქ ეკონომიკის მხარდაჭერა ცენტრალური ბანკების მიერ საფინანსო აქტივების შეძენისა და ეკონომიკაში ფულის გაშვებით ხდება. ამის გამო თითქმის ყველა პროდუქტი ძვირდება, მათ შორის სურსათი“, - განაცხადა ექსპერტმა.
რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს კვლევის თანახმად, ბოლო წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ხორცი გაძვირდა.
ფაქტია, რომ სამეზობლოში მეტად რთული ეკონომიკური და ეპიდემილოგიური ვითარებაა. არსებობს საფრთხე, რომ კრიზისი საქართველოზეც გავრცელდეს, რადგან ორივე ქვეყანა ჩვენი ყველაზე მჭიდრო სავაჭრო და ტურისტული პარტნიორია. სპეციალისტები ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთში მიმდინარე პროცესების გავლენაზე საუბრობენ. „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში „ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან“ ამ შეფასების გამომწვევი მიზეზებია განმარტებული.
„გასულ კვირას, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა და ელჩებთან დაკავშირებული განცხადების შედეგად, ლირა დამატებით დასუსტდა და აშშ დოლართან მიმართებაში, ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, „თიბისი კაპიტალი“ წინა შეფასებას ინარჩუნებს იმის შესახებ, რომ არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს მაშინ, როდესაც ლარი ლირის მიმართ მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე უფრო მეტად, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება. თურქეთის წილი იმპორტში დაახლოებით ცხრათვიანი ჩამორჩენით იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია.
ეს მიუთითებს, რომ თურქული იმპორტი, ძირითადად, კონკურენციას სხვა იმპორტს უწევს და არა ადგილობრივ მწარმოებლებს. არადა, ამ მხრივ ლირის ლართან კავშირი მხოლოდ ჯამური იმპორტის დინამიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, თურქეთში ექსპორტსა და გაცვლით კურსს შორის, რაიმე კორელაცია არ იკვეთება“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაში.