ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და მთელი ყურადღება მაინც დედაქალაქზეა გადასული. ამიტომ ორივე კანდიდატი ნიკა მელიაც და კახა კალაძეც ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს. მელიამ ტყუილი დაპირებების შემდეგ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარმოადგინა, თუმცა მელია ამ შემთხვევაშიც იტყუება, რადგანაც მას საკრებულოში უმრავლესობა არ აქვს და „ოცნების“ გარეშე, ვერც მოადგილეებს და ვერც ქალაქის სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს დანიშნავს. ამიტომაც ის იქნება სრულიად უუფლებო მერი, რომელიც კაბინეტის ჩამოყალიბებას საკრებულოს თანხმობის გარეშე ვერასდროს შეძლებს. უფრო მეტიც, 6 თვის თავზე საკრებულოს ორ მესამედს მისი იმპიჩმენტის დაყენება და ცენტრალურ ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების დანიშვნაც შეუძლია.
თუ საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა თბილისის ოპოზიციურ მთავრობას არ დაამტკიცებს, როდის წარმოიშვება პოლიტიკური კრიზისი?
თბილისი, როგორც დედაქალაქი, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, სხვაგვარად იმართება – მას ჰყავს მთავრობა, რომელშიც მერი, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და 10 რაიონის გამგებლები შედიან. თბილისის მთავრობა კოლეგიური აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. შესაბამისად, მთავრობის წევრების თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობას მერს სწორედ საკრებულო აძლევს.
რეალურად, ეს არ არის ის შემთხვევა, რასაც პოლიტიკური კრიზისის შექმნა და მერის გადაყენება შეუძლია. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 76-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიქცეს მერი ამ შემთხვევაში. ეს ჩანაწერი სწორედ იმისთვის გაკეთდა, რომ დედაქალაქმა ხელოვნური კრიზისი თავიდან აიცილოს და წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებებმა, ერთმანეთთან სასურველი თუ იძულებითი თანამშრომლობის ხარჯზე, ქალაქის მართვა შეძლონ.
იმისთვის, რომ თბილისის მთავრობის წევრები თანამდებობებზე დაინიშნონ, საკრებულო თანხმობას გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.
თუ საკრებულო მერს თანხმობას არ აძლევს, მერი უფლებამოსილია, 10 დღის ვადაში წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინოს მთავრობის წევრების იგივე ან ახალი კანდიდატურები. თუ თბილისის საკრებულო ისევ არ მისცემს თანხმობას, მერს შეუძლია, არაუმეტეს 3 თვით, დანიშნოს თბილისის ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების მოვალეობათა შემსრულებლები.
ამის შემდეგ, 3 თვის ვადაში, თბილისის მერი ვალდებულია, საკრებულოს წარუდგინოს თბილისის მთავრობაში შემავალი თანამდებობის პირების ახალი კანდიდატურები. საკრებულომ კი ამ ახალი კანდიდატურების დანიშვნაზე მერს თანხმობა ისევ დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით უნდა მისცეს.
თუ თბილისის საკრებულო მერს კვლავ არ მისცემს თანხმობას, მერს აღარ აქვს უფლება, თავის პირველი მოადგილის, სხვა მოადგილეების, საქალაქო სამსახურების უფროსებისა და გამგებლების მოვალეობის შემსრულებლად იგივე პირები დანიშნოს, რომლებიც ერთხელ უკვე ასრულებდნენ ამ თანამდებობის პირთა მოვალეობებს, მაგრამ მას შეუძლია, ამ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებად სხვა ადამიანები დანიშნოს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ „ოცნების“ საკრებულო მელიას მთავრობაში მოაზრებულ პირებს 10 დღის ვადაში ორჯერ არ დაამტკიცებს, ისინი მხოლოდ 3 თვით იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები, შემდეგ კი მათ მელია ან დაემშვიდობება, სახლში გაუშვებს და სხვებს წარადგენს, ანდა შიდა კარუსელს დაატრიალებს, თანამდებობებს გადაუნაცვლებს და ასე შეაბრუნებს საკრებულოში დასამტკიცებლად. და ასე, დაუსრულებლად იქნება მანამ, სანამ საკრებულო მერს თბილისის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობას არ მისცემს. თეორიულად, მელიას შეეძლება, 3 თვეში ერთხელ მოვალეობის შემსრულებლები ცვალოს და, თუ საკრებულო არცერთხელ არ დაამტკიცებს ამ ხალხს, 4 წელი მოვალეობის შემსრულებლებით გაიაროს. უბრალოდ, ამისთვის მას ბევრი ხალხი და მათი საკრებულოსთვის დაუსრულებლად წარდგენა დასჭირდება.
თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან განმარტავს იმ დეტალებს, თუ როგორ ხდება საკრებულოს მიერ მერის მოადგილეების და საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნა.
„საინტერესო ის არის, რომ ეს გაურკვეველი ე.წ. კოალიციური მთავრობა შედგება, როგორც პროდასავლური, ასევე პრორუსული ძალებისგან. როგორც ულტრამემარჯვენეებისგან, ასევე ულტრამემარცხენეებისგან. გასაკვირი ისაა, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია, არა თუ საკრებულოში, არამედ არჩევნებშიც კი არ მონაწილეობდა. მეორე მხრივ არის, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც არჩევნებში კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გლდანში საერთოდ მანდატის გარეშე დარჩა.
საკრებულოში წარმომადგენლობაც კი არ ჰყავს და ისიც კოალიციაშია შეყვანილი. აქედან გამომდინარე, თავად კოალიციის იდეა ამ შემადგენლობით სრულიად წარმოუდგენელი რამ არის. როცა დედაქალაქში „ოცნებას“ ამ წუთში 28 მანდატი აქვს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საბურთალოზე ჩვენ 29-ე მანდატსაც დავიმატებთ.
რაც შეეხება მოადგილეების დანიშვნას, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, დედაქალაქში არჩეულ მერს საკრებულოს უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, რომ მოადგილეები და სხვა სამსახურების ხელმძღვანელები დანიშნოს. აქედან გამომდინარე „ოცნებას“ მყარი უმრავლესობა და კალაძის გამარჯვების შემთხვევაში არავის მხარდაჭერა არ დაგვჭირდება. აი, მელია კი ჩვენს გარეშე მოადგილესაც კი ვერ დაინიშნავს“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ და დავუშვათ, ნიკა მელიამ გაიმარჯვა, ის საკრებულოს თანხმობის გარეშე ვერავის დანიშნავს. მას მხოლოდ 3 თვის განმავლობაში საკრებულოს უარის შემთხვევაში მათი მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა შეუძლია. ამის შემდეგ მერი ისევ ვალდებულია იგივე თანამდებობაზე ახლა სხვა კანდიდატები წარმოადგინოს. თუ საკრებულომ ამაზეც უარი უთხრა, ისევ იგივე წრეზე წავა და კვლავ 3 თვე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან.
„რაც შეეხება მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხს. 6 თვის განმავლობაში საკრებულოს ახალი მერის გადაყენება არ შეუძლია. ეს კი იმის გამო, რომ ამას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდეს. შემდეგ თუ მერი არ ასრულებს ან ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ბუნებრივია, საკრებულოს იმპიჩმენტის მექანიზმის გამოყენების უფლება აქვს. ამ შემთხვევაში საკრებულოს ორი მესამედის გადაწყვეტილებით, მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. თუ საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტს არ ამტკიცებს და მერთან მის ოდენობაზე ვერ შეთანხმდება, მაშინ ორივე დათხოვილი იქნება. ცენტრალური მთავრობა მერის შემსრულებელს დანიშნავს და ახალი არჩევნები ჩატარდება“, - განმარტავს ბოჟაძე for.ge-სთან.
რაში სჭირდება რეალურად ენმ-ს ე.წ. კოალიცია?
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ, ეს ე.წ. კოალიცია მხოლოდ ფარსია და ორივე მხარეს ერთმანეთი სჭირდება. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ-ის მხრიდან სტრატეგიულად სწორი გათვლაა, რადგანაც მას ეს პატარა პარტიები მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ერთიანი ოპოზიციის ილუზია შექმნას. არადა კარგად იციან, რომ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც მეორე ტურებს წააგებენ. მიუხედავად ამისა, ამხელა ვა-ბანკზე მიდიან. ენმ ამ პატარა პარტიებს ჩაყლაპავს და საბოლოო ჯამში 2024 წლისთვის, როგორც „ლელო“, ასევე „ევროპული საქართველო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და ხოშტარიას პარტია „დროა“ იძულებულები გახდებიან ენმ-ის ბლოკში გაერთიანდნენ და არჩევნებში მონაწილეობა ასე მიიღონ.
„რა თქმა უნდა, ეს კოალიცია არის ერთი დიდი ტყუილი და ფარსი, რადგანაც ბოლომდე ჯერ ნიკა მელიამ არ იცის, სად იქნება და არჩევნების მერე პარტიის ლიდერად დარჩება თუ არა. მეორეც, მე არ მგონია მამუკა ხაზარაძეს მელიას მოადგილეობა სურდეს და ამით აღფრთოვანებული იყოს. უბრალოდ, ეს არის პოლიტიკური ტრუკი, რომლითაც ამომრჩევლის მოტყუება უნდათ. საბოლოო ჯამში, ორივე მხარეს ერთმანეთი აწყობს. „ლელო“ მიხვდა უკვე, რომ ენმ-ის გარეშე თავის გადარჩენის საშუალება აღარ აქვს და მასთან ალიანსში შევიდა. სხვა გზა არა აქვს არც ჯაფარიძეს და არც ხოშტარიას.
ორივეზე მეგონა, რომ უკეთესი პოლიტიკური შედეგი ექნებოდათ, მაგრამ რაც აქვთ, ვხედავთ, ესეც ისევ „ნაციონალებთან“ კოაბიტაციის გამო. რაც შეეხება ენმ-ს ისინი ამ პატარა პარტიებს ყლაპავენ, რადგანაც მესამე ძალის შექმნის შანსი საბოლოოდ გაქრეს. ასევე 2024 წლის არჩევნებისთვის მათთან ბლოკად გაერთიანდება და უფრო მეტი მანდატით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ამ კოალიციის მთელი აზრი. თუმცა აქაც არ არის იმის გარანტია, რომ ხვალ და ზეგ „ნაციონალებმა“ ეს პატარა პარტიები თავადვე არ მოიშორონ. ამიტომ ამ ჩრდილოვანი კაბინეტის პოლიტიკური ბედი და მომავალი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რეალურად, 2024 წლამდე თუ მიაღწევენ და საბოლოო ჯამში, ისევ ნაციონალებთან არ დაბრუნდებიან, ეგ კიდევ ცალკე საკითხავია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.