„სააკაშვილს პოლიტიკური რეაბლიტაციის ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი, უნდა დავიჯეროთ, რომ ის გულწრფელია, რაც მისი წარსულის გამო საკმაოდ ძნელია“

„სააკაშვილს პოლიტიკური რეაბლიტაციის ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი, უნდა დავიჯეროთ, რომ ის გულწრფელია, რაც მისი წარსულის გამო საკმაოდ ძნელია“

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს პოლიტიკური რეაბლიტაციის ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი და უნდა დავიჯეროთ, რომ ის გულწრფელია თავის განცხადებებში, რაც სააკაშვილის წარსულის გამო საკმაოდ ძნელია. თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ არავის სულ მცირედი ეჭვიც კი არ დარჩეს, რომ სააკაშვილის პატიმრობის მიზეზები სამართლებრივია და ეს არაა პოლიტიკური შურისძიება.

for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

„უარი თქვით „ქართულ ოცნებაზე“ და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება, ოპოზიციის არჩევაზე გადის“, - აცხადებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას შემხვედრი მოძრაობები სჭირდება. ბატონო ზაზა, რეალურად რა არის სააკაშვილის მიზანი, რატომაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა ციხეში?

ზაზა ფირალიშვილი: ის, რომ სააკაშვილის რიტორიკაში შერიგებისაკენ მიმართული მოწოდებები გაჩნდა, კარგია, მაგრამ არ კმარა. მისმა პოლიტიკამ (ერთი წუთითაც არ ვივიწყებ მის დამსახურებებს) უამრავი ადამიანი შეურაცხყო და დაამცირა, ბევრი კი სიცოცხლესაც გამოასალმა. ცხადია, მან ბევრი რამ მოიმოქმედა, რომ ქვეყანაში კრიმინალური იდეოლოგია დაემარცხებინა, მაგრამ როგორ დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ ჩვენს ციხეებში წელიწადში 100-120 პატიმარი კვდებოდა? მე, როგორც ქრისტიანმა, ცხადია, უნდა მუვუტევო მას, როგორც ადამიანს, შევურიგდე, ვალდებულიც ვარ, ასე მოვიქცე, მაგრამ მიტევება არ გახლავთ პოლიტიკური ან სამართლებრივი აქტი. მას პოლიტიკური რეაბლიტაციის ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი. უნდა დავიჯეროთ, რომ ის გულწრფელია თავის განცხადებებში. ეს კი მისი წარსულის გამო საკმაოდ ძნელია.

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ არავის სულ მცირედი ეჭვიც კი არ დარჩეს, რომ მისი პატიმრობის მიზეზები სამართლებრივია და ეს არაა პოლიტიკური შურისძიება. ეს მით უფრო აუცილებელია პრემიერის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მუქარის შემდეგ, თუ სააკაშვილი ჭკუით არ იქნა, ბრალდებას დავუმძიმებთო. ყველაფერ სხვასთან ერთად სწორედ ასეთი განცხადებები ბადებენ ეჭვს ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე - შიგნით, და არა მხოლოდ სასამართლო სისტემის მიმართ. ამას ისიც დაუმატეთ, რომ მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენელთა მოსმენები, „ქართული ოცნების“ ლიდერთა მიმართ უცხოელთა ნდობა, რბილად რომ ვთქვათ, შერყეულია.

თუმცა, სააკაშვილმა ევროპული და ამერიკული მხარდაჭერა ვერ მიიღო, მას არ აღიქვამენ როგორც პოლიტპატიმარს, განსხვავებით ოპოზიციისგან...

- რაც შეეხება მხარდაჭერას, ნუ მოველით, რომ ამერიკელები ან ევროპელები მყისიერად და კატეგორიულად განაცხადებენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელის მიმართ ცალსახა ნდობა არ არსებობს. ისინი ერთბაშად არ ჩატეხავენ ყველა ხიდს, თუნდაც ქვეყნის პრემიერისა და მისი გარემოცვისაგან ისეთი განცხადებები ისმოდეს, რომლებიც სწორედ ყველა ხიდის ჩატეხვის სურვილად შეიძლება აღიქვან. მთავარია, რა ხდება დიპლომატიურ კულუარებში და, თუ დამიჯერებთ, იქ კარგი არაფერი ხდება.

ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ხდებოდეს, არის ის, რომ, თუ რამდენიმე განცხადებას გავიხსენებთ, დასავლელ პარტნიორებს ეჭვი გაუჩნდათ, შეუძლია თუ არა ჩვენს პოლიტიკურ კლასს სახელმწიფო ინტერესები თავის ბონაპარტისტულ ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ყველაფერს რუსეთს ვერ დავაბრალებთ, თუმცა ის ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დასავლეთის წინაშე წარვდგეთ, როგორც მუდმივ ქაოსში ყოფი არასახელწიფოებრივი საზოგადოება და ხალხი, რომელსაც სუზერენი სჭირდება.

რატომ ვერ აცნობიერებს ამას ხელისუფლება?

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ვერ გრძნობს ამას, ხელისუფლება ინფანტილური ყოყლოჩინობით პასუხობს დასავლელების ლამის ყოველ შენიშვნას. პრემიერის და „ოცნების“ ფორმალური ლიდერის განცხადებები უკვე, ლამის, ნებისმიერი მიმართულებით ან ქართული სახელმწიფოებრიობის გაუცნობიერებელი მიზანდასახული საბოტაჟის ნიშანია, ან პოლიტიკური კულტურის სავალალო დეფიციტისა. თავის მხრივ, ოპოზიცია ცდილობს დასავლეთის წარმომადგენელთა განცხადებებში მხოლოდ მისთვის სასურველი ამოიკითხოს.

როგორც ჩანს, ტყუილად არ მიგვითითეს რამდენჯერმე ქართულ პოლიტიკური კლასის ინფანტილურობასა და პოლიტიკური კულტურის დეფიციტზე. ჩვენი მდგომარეობის დრამატულობის ერთი მნიშნელოვანი მიზეზი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ გაზიარებული აზრია: მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც უნდა ისარგებლოს ხელისუფლების შეცდომებით თუ დანაშაულებებით. 2012 წლის შემდგომმა ყველა არჩევნებმა აჩვენა ეს. მისი ფაქტორი, ის მძიმე კვალი, რომელიც მან მრავალი ადამიანის სულში დატოვა კიდევ და კიდევ თამაშობს „ოცნების“ მაშველი რგოლის როლს.

სააკაშვილი ციხეშია, პარალელურად, ნიკა მელია იწყებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს. პარტია, რომელიც დამარცხდა არჩევნებში, 20 მუნიციპალიტეტში და მათ შორის თბილისში გვაქვს მეორე ტური, ამის ფონზე კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, ეს რამდენად ადეკვატურია, ვისზეა და რაზეა გათვლილი? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურის შედეგების აღიარებას არ აპირებს?

- კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობამ შეიძლება გარკვეულად მაინც შეუწყოს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბლიტაციას და ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას, თუმცა ძლიერი ეფექტის მოლოდინი არ მაქვს. თავისთავად იდეა, ცხადია, საინტერესოა. კოალიციური მთავრობა საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ კულტურას და გამოცდილებას მოითხოვს. დრო გვიჩვენებს, რამდენად მზად არის ჩვენი ამომრჩეველი, რომ ამ ფაქტში მისთვის სასურველი სიახლე დაინახოს.

ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიცია კიდევ ერთხელ ცდის, ზვავისებრი პროცესები აღძრას.

ხელისუფლების წარმომადგენლებიც კიდევ და კიდევ დაგვპირდებიან, რომ უახლოეს წლებში საბოლოოდ დაასრულებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა კი, ეჭვი მაქვს, თავადაც ესმოდეთ, რას ნიშნავს ეს. სამწუხაროდ, ხელისუფლების მთელი საშინაო პოლიტიკური კურსი „ნაციონალების საბოლოო დამარცხების“ ფორმულით გამოიხატება და ისევ და ისევ 2012 წლის განწყობებზე ცდილობენ აპელირებას. არადა 2012 წელი ვერ გამეორდება, რადგან მას შემდეგ უზომო სახელფასო დანამატები და პრემიები იყო, მას შემდეგ გადაიბარეს მანკიერი სასამართლო სისტემა ისე, რომ არც უცდიათ მისი გაუმჯობესება, მას შემდეგ ჩაშალეს ანაკლიის პორტის პროექტი, მას შემდეგ დაუშვეს შეცდომები საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, მას შემდეგ იყო თამაშები პრორუსულ ფუნდამენტალისტურ ძალებთან, ანტივაქსერებთან და ა.შ. და ა.შ.

ასეთი „საბოლოო მიზნების“ განხორციელების პოტენციალი დღეს არც ერთ მხარეს არა აქვს და კიდევ კარგი, რომ ასეა. ძირითადი ოპონენტების ცეცხლოვანი ურთიერთდაპირისპირება წლების განმავლობაში გაჭიმულ რუტინად იქცა. ორივე მხარე თავისი რიტორიკის ტყვეობაშია და ვფიქრობ, სააკაშვილის განცხადება შერიგების შესახებ ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის პოვნის ცდა იყო, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად ენდობა მას რიგითი მოქალაქე და რამდენად შეძლებს თავისი წარსულის ბნელი მხარისაგან გათავისუფლებას.

ბატონმა ირაკლი მელაშვილმა თქვა და გავიმეორებ: „ოცნება“ დღეს იმ ილუზიაშია, რომ გამარჯვებულმა ყველაფერი უნდა წაიღოს მუნიციპალიტეტებით დაწყებული და სპორტული ფედერაციებით დამთავრებული. ასე სახელმწიფო არ შენდება. დღეს შანსია, რომ ადგილებზე შეიქმნას განსხვავებული პოლიტიკური ცენტრების თანამშრომლობისა და დიალოგის რეჟიმი. ამის ნაცვლად კი გაისმის პრემიერის სტალინისტური ყაიდის მუქარა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა არ ექნებათ იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ოპოზიცია გაიმარჯვებსო. ასეთი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, შორია არა მხოლოდ დემოკრატიული პრინციპებისაგან, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური აზრისაგან. სიტყვამ მოიტანა და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ დიდი ფინანსური ინექციებით ბონაპარტედ ვერ აქცევ იმას, ვინც ბონაპარტედ არ შობილა.

კახა კალაძე, რომელიც უპირობო ლიდერია, ნიკა მელიასთან მეორე ტური დასჭირდა. ანუ, იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ასოცირდება დანაშაულთან, კალაძე ამბობს, რომ არჩევნებს რაღაცა დააკლო. როგორ ფიქრობთ, რა დააკლო კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებს, რომელიც დღეს ამბობს, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე. კალაძე შეძლებს გამარჯვების ბოლომდე მიყვანას? ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარეშე დარჩენილი „ქართული ოცნება“ შეძლებს დადოს ლელო?

- კალაძე ის ერთ-ერთი მცირეთაგანია „ქართულ ოცნებაში“, ვინც, თუ შეიძლება ითქვას, ნეიტრალური ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპათიებს იმსახურებს. არ ვიცი, გრძნობს თუ არა ამას ბატონი კახა, მაგრამ მას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ის უარყოფითი პოლიტიკური კაპიტალი, რომელსაც „ახალგაზრდა ოცნებელები“ ქმნიან. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მან პირველ ტურში გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო. მეტს, უბრალოდ, ვერ შეძლებდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, მე ასე თავისუფლად არ ვილაპარაკებდი ამ ფაქტორის არარსებობაზე. პირიქით. „ახალგაზრდა ოცნებელები“ მთლიანად მისი ფსიქოკულტურული და პოლიტიკური გემოვნების პროდუქტს წარმოადგენენ. ვინც ვერ ჩაჯდა ამ გემოვნებაში, ან თავად წავიდა, ან განდევნეს. თქვენ წარმოგიდგენიათ, ირაკლი ღარიბაშვილი ან ირაკლი კობახიძე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან მუდმივ კონტაქტში არ არიან?

ივანიშვილის ფაქტორი რეალურად რომ გამქრალიყო, „ოცნება“ უკვე რამდენიმე ნაწილად იქნებოდა დაშლილი. ცუდი საკადრო გემოვნება და რწმენა, რომ მხოლოდ ფინანსური ინექციებით პოლიტიკური სინამდვილის მოდელირება შეიძლება, მისი აქილევსის ქუსლია. ჯერ ერთი, ფინანსები ამოწურვადი რესურსია. გარდა ამისა, არსებობს ბევრი რამ, რასაც ფინანსებით ვერ მოაგვარებ. ბისმარკად ვერ აქცევ იმას, ვინც არ არის ბისმარკი და ვერც პარტიის კონცეპტუალურ სიღატაკეს დამალავ.

2 ოქტორმბის არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ხელისუფლების შეცვლის სურვილი და არჩევანი ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაკეთდა, მაშინ, როდესაც არის გიორგი გახარია, რომელიც ხელისუფლების მთავარი სამიზნე იყო. შეიძლება შეიქმნას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ალტერნატივა და ეს შეიძლება იყოს გიორგი გახარია?

- ამას დრო გვიჩვენებს. ბატონ გიორგი გახარიას ბევრი საინტერესო თვისება აქვს და ბევრთან შედარებით რესპექტაბელურად გამოიყურება. მის მიმართ მოლოდინიც იგრძნობა. მაგრამ ყველაფერი ეს არ კმარა პოლიტიკური ალტერნატივის შესაქმნელად. ამას მეტი გადამდები ენერგია და ისეთი სახელმწიფოებრივი კონცეფცია უნდა, რომელშიც რიგითი ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი პირად და ეროვნულ პერსპექტივას დაინახავს. რაც აქამდე, საკმაოდ მოკლე დროში გააკეთა, მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რასაც ადგილობრივ არჩევნებში მიაღწია. მან ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ეფექტის დაძლევა.

ჩემს აზრს მოგახსენებთ. სხვა მცირე ქვეყნების მსგავსად, ჩვენს წინაშეც უმწვავესად დგას კითხვა: როგორ გავხდეთ გლობალური სამყაროს ღირსეული წევრები ისე, რომ არ დავკარგოთ საკუთარი თავი? როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი არსებობის ძირეული პარადიგმები და ამავე დროს, არ „გავებუტოთ“ გლობალურ სამყაროს?

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ საზოგადოების დიდი ნაწილის გაუცხოვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო არა მხოლოდ ის ჰიპერპოლიზებულ პიართან შერწყმული სისასტიკე, რომლითაც ქვეყნის მოდერნიზაცია მიმდინარეობდა, არამედ მისი კავშირიც იმ მსოფლმხედველობრივ წრეებთან, ვინც ჩვენს კულტურულ პარადიგმებში მხოლოდ კულტურის კარიკატურას ხედავს.

ამ წრეებმა მთლიანად მოახდინეს ევროატლანტიკური ორიენტაციის მონოპოლიზება. უფრო მეტიც, მათ თითქოს ხალისითაც გადაულოცეს ეროვნული იდეა პრორუსულ ნაციონალ-მისტიკურ წრეებს. ვერ განსაზღვრეს და თავისი ზერელე დამოკიდებულების გამო ვერც განსაზღვრავდნენ, რომ ამით სწორედ ევროატლანტიკური ორიენტაციის დისკრეტიტირებას ახდენდნენ. მათი წყალობით მივიღეთ ევროატლანტიკური ორიენტაცია ეროვნული იდეის გარეშე. ასე აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოს როლში.

სწორედ ასე შეიქმნა ის სივრცე, რომელიც სასწრაფოდ დაიკავეს მოსკოვთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ძალებმა. დღეს ისევ ბევრია დაინტერესებული ჩვენი ეროვნული იდეა კვლავ საბჭოთა ეპოქაში შობილი ნაციონალ-ფეტიშისტური და ნაციონალ-მისტიკური ფორმებით გამოიხატებოდეს. ლიბერალებისთვის ეს ეროვნული იდეის მანკიერების არგუმენტია, იმის საშუალებაა, რომ დასავლეთს თავი შესთავაზონ, როგორც ერთადერთმა შესაძლო ცივილიზაციურმა მოკავშირემ.

მოსკოვისათვის კი ამგვარი ქართული კონსერვატიზმი მიგნებაა, რადგან ეძლევა საშუალება, მოკავშირედ შესთავაზოს თავი და ნაციონალ-მისტიკური ილუზიების „ჭეშმარიტებაში“ დაარწმუნოს. მათ ხომ სწორედ ასეთები ვჭირდებით: აბსტრაქტული პატრიოტიზმის ნარკოტიკულ თრობაში მყოფი ეგზოტიკური არსებები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოდერნიზაცია ვერ აქცია ეროვნულ იდეად. უფრო მეტიც, მისი მმართველობის ბოლო წლებში მოდერნიზაცია საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილის მიერ აღიქმებოდა, როგორც ეროვნულ იდეასთან დაპირისპირებული რამ.

თუმცა, ექს-პრეზიდენტი ყოველი მისი განცხადებით ცდილობს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასთან გაავლოს პარალელები...

- ამიტომაც, სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები ზვიად გამსახურდიასთან სულიერი ნათესაობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობაა.

2012 წელს ამომრჩევლმა უარყო არა ქვეყნის მოდერნიზაცია, არამედ მისი ძალადობრივი ხასიათი ნაციონალ-ნიჰილისტურ იდეოლოგიასთან ერთად. სწორედ, პირველ რიგში, საკუთარ ხალხზე ძალადობამ, ნიჰილიზმმა და ჰიპერტროფირებული პრ-ით გაჩენილმა უნდობლობამ გადაფარა ის, მართლაც, ბევრი კარგი რამ, რაც მოდერნიზაციის გზაზე გაკეთდა.

ვფიქრობ, ბატონი გიორგი გახარიას, ისევ, როგორც ნებისმიერი ახალი პოლიტიკური მოძრაობის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს მოდერნიზაცია ქართულ ეროვნულ იდეასთან დააკავშიროს და ახალი ქართული სახელმწიფოს კონტურები შემოგვთავაზოს. ასეა თუ ისე, მძლავრი მსოფლმხედველობრივი ღერძის გარეშე, რომელსაც უბრალო ადამიანისათვის ენთუზიაზმის მომტანი იქნება, ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალა მცირე ხნის მცდელობების შემდეგ, სამწუხაროდ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ქართულ ოცნებას“ მიეკედლება.

შეუძლებელია მოდერნიზაცია და ეროვნულ ღირებულებებზე ზრუნვა, თუ უბრალო ადამიანი ყველაფერ ამაში ვერ დაინახავს დიდ ისტორიულ პროცესს, რომელშიც თავადაც მონაწილეობს, ვერ აღმოაჩენს, რომ მას და მის საზოგადოებას რაღაც ესაქმება იმ სამყაროში, რომელშიც აღმოჩნდა. დღეს ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ მესამე ძალა, არამედ ისეთი პოლიტიკური აქტორი, რომელიც არსებული ვითარების პოლიტიკურ ალტერნატივას შემოგვთავაზებს და თანაც ამ შემოთავაზების ადექვატური იდეოლოგიისა და ენერგიის მატარებელი იქნება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ დღემდე ვერ შევძელით, რომ შრომა და განათლება ჩვენი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ფუნდამენტი გამხდარიყო. გადახედეთ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების პროფესურის ხელფასებს და იოლად დაინახავთ, თუ როგორ აფასებს სახელმწიფო მაღალი კვალიფიკაციის ადამიანების შრომას და, შეაბამისად, განათლების მიმართ რა დამოკიდებულება ინერგება.