თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღე რჩება. არჩევნებამდე კი ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ მაღალ ნიშნულს მიაღწია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს. მის შიმშილობას გარეთ ოპოზიცია აპროტესტებს და მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს, ამასთან რეგიონებში აქციას მართავენ,
მმართველი გუნდი კი მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადება - პრემიერი-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა იმ რეგიონებს სტუმრობენ, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს.
მოკლედ, for.ge-თან პოლიტიკური ცხოვრების დუღილზე, მმართველი გუნდის წევრი, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილი: უპირველეს ყოვლისა, შიმშილობას რაც შეეხება, ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის რაიმე სიახლე არ არის. ამისთვის სპეციალური პროტოკოლებიც აქვთ, რომელიც ევროსაბჭოს მიერ არის შემუშავებული და ამ დროს სტანდარტულად მოქმედებენ. შესაბამისად, ციხის ადმინისტრაციამ იცის, როგორ მართოს პატიმარი და მის ჯანმრთელობას ყურადღება როგორ მიაქციოს. ამიტომ, გადაწყვეტილება თავად დაწესებულებამ, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოს.
რაც შეეხება იმ პრეტენზიას, რომ საავადმყოფოში უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი, იგივე თემის გაგრძელებაა, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით გვესმის - მაინც და მაინც სასამართლო ჩაინიშნოს. მათი სურვილია, რომ სააკაშვილის პატიმრობა აქციონ წარმოდგენად. ჯანმრთელობისთვის რაც საჭიროა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ადამიანს რა ყურადღებაც სჭირდება, ყველაფერი უკეთდება. შესაბამისად, ეს არის გარემოება, სადაც ცდილობენ, რომ პანიკა დათესონ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმის ნაწილია, რაც არაერთხელ გვინახავს - ადამიანის გამოყენება პოლიტიკური მიზნისთვის. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებენ, ეს მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. თუკი პირველ ტურამდე რეფერენდუმი ჰქონდათ, ახლა, მეორე ტურისთვის სააკაშვილის ციხიდან დახსნა აქვთ გამიზნული. ეს მთელი კამპანია არის იმისთვის, რომ რაღაცნაირად ციხე შიგნიდან აჯანჯღარონ იმ იმედით, რომ მიშა დაიხსნან.
გასაგებია, რომ ექს-პრეზიდენტს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ, მაგრამ თავად მიხეილ სააკაშვილი რატომ აყენებინებს თავს და ამისთვის შიმშილისგან თავს რატომ იკლავს?
- სააკაშვილი თავს იმიტომ აყენებინებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი საშუალება ამომრჩევლის გამოყვანის არის მიხეილ სააკაშვილი. საქმეც იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის სააკაშვილი. ეს არის ის, რაც ამ პარტიაში დევს. ეს ამ პარტიის გარკვეული პოლიტიკური წყევლაც არის. სააკაშვილის უცხოეთში ყოფნის დროს პარტიამ რამდენიმე თავმჯდომარე შეიცვალა, თუმცა სინამდვილე ერთია, მიხეილ სააკაშვილის გარეშე მათ ამომრჩეველი არ ჰყავთ. ეს თვითმმართველობის არჩევნებიც გამორჩეული იმით არის, რომ ჩაირთვება სამწლიანი რეჟიმი და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკარგავს მოტივაციას, რათა დესტაბილიზაციის შემდეგი ტალღა დაიწყოს. საგრძნობლად გრძელი ტალღა გამოუვათ - სამწლიანი და ამ ტალღას ისინიც ვერ გაუძლებენ, ამიტომაც არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი.
რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან აქცია მიმდინარეობს „თავისუფლება მიშას“, ასევე ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იქნება იმიტირებული ბუნტი. ხელისუფლება რამდენად არის მზად ასეთი ზეწოლებისგან?
- ეს არის დუღილის ტემპერატურის შენარჩუნება. საერთო ჯამში, მათი ხერხები ასეთია - ან რაიმე არსებული ვითარება გააბუქონ, ან რაღაც მოვლენა გამოიგონონ. ეს არის მთელი მედია ტაქტიკა, რასაც ისინი მიყვებიან. ჩვენ ვნახეთ, მათ მიერ გამოგონილი კრიმინალური ამბები, იგივე ბაშალეიშვილის, შაქარაშვლის საქმეები, სადაც ფაქტობრივად, ვერსიები გამოიგოეს და ამ გამოგონილი ვერსიებით, თავისი მაყურებელი და ამომრჩეველი დაზაფრული ჰყავდათ. შესაბამისად, ახლა ცდილობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააბუქონ. მეორე - ამით სინათლეს სახავენ გვირაბის ბოლოში, რომ ამომრჩეველი 30 ოქტომბერს ხმას თუ მათ მისცემს, ამით შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე გავლენა მოახდინონ. ეს არის გამოგონილი ვერსია. საუბარია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 64-დან 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს.
რუსთავში თქვენმა ამომრჩეველმა დავით კირკიტაძის შტაბბინა დაარბია. რამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ასეთი აგრესია?
- ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. სხვადასხვა კადრები ვნახე, მათ შორის სადაც თავად კირკიტაძე ვიღაცას ურტყამს. ეს სამართალდამცველების გასარკვევია. რა თქმა უნდა, პირადად მეც გავერკვევი.
თქვენ ახსენეთ, რომ 64 მუნიციპალიტეტიდან, 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური იმართება. აღნიშნულ საკითხზე for.ge-მ მასალაც მოამზადა, სადაც ექსპერტები საუბრობდნენ. ახლა თქვენგან გვაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირს „ქართულ ოცნებას“ ძირითადად გამარჯვება პირველივე ტურში დასავლეთ საქართველოში, რადგან თუ გადავხედავთ, ამ 20 მუნიციპალიტეტიდან, მეორე ტური, ძირითადად დასავლეთ საქართველოშია?
- ვივარაუდებ, რომ დასავლეთ საქართველოში უფრო მეტი ოლქია და ამიტომაც გამოდის, რომ მეორე ტური იმართება. სხვათა შორის ამომრჩეველიც უფრო მეტია. თუმცა, მეორე ტური აღმოსავლეთ საქართველოშიც არის - თელავში, თიანეთში და რუსთავშია. მეორე ტურს გეოგრაფიასთან კავშირი არ აქვს. სხვათა შორის, ამ არჩევნებზე ყველაზე ცოტა მეორე ტური ტარდება. ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნები იყო, ამიტომ შედარება შეიძლე მერისა და მაჟორიტარისა, რადგან პიროვნება ირჩევა. საპარლამენტო არჩევნების დროს 55%-ში გვქონდა მეორე ტური, ახლა 33%-ში გვაქვს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს თუ შევადარებთ, თითქმს 70%-ში იყო მეორე ტურები. ასე რომ, ეს უჩვეულო არაა. მათ შორის შეგახსენებთ, რომ 2017 წლის არჩევნების დროს 64 მუნიციპალტეტიდან, ორ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვერ გავიდა - თიანეთში და ოზურგეთში. დღემდე, ამ ორ რეგიონში „ოცნების“ მერები არ არიან. ერთის მხრივ ეს დემოკრატიის ნაწილია, მათ შორის მეორე ტურებიც. ცაგერში და ბაღდათში ჩვენს კანდიდატებს 45-50 ხმა დააკლდათ, რომ პირველივე ტურში გაემარჯვათ.
მეორე ტურების გამართვა ასევე გამოიწვია გიორგი გახარიას პარტიამ. აბსოლუტურად ყველგან რომ არ ყოფილიყო გახარიას პარტია, „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. ეს ციფრებშიც ჩანს. ამაზე ვსაუბრობდით, რომ მისი პოლიტიკური მიზანი მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მეორე ტურების შექმნა იყო. სამწუხაროდ, ზოგ ადგილას ეს მოახერხა.
ეს ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ გიორგი გახარიას პარტიას მმართველი გუნდი რეალურ კონკურენტად აღიქვამს?
- არა მგონია, რადგან ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ აღარ ჩანან და აქტიურებიც აღარ არიან. ახლახანს წავიკითხე, რომ რომელიღაც რაიონში მისი პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა. ვფიქრობ, რომ ახლა იქნება პროცესი მათი დაშლის. რასაც ჩვენ ვვარაუდობდით და ვსაუბრობდით, ისე მოცხდა - შეუძლებელია პრემიერ-მინისტრი ამ შედეგისთვის გადადგეს - პოლიტიკაში ბრინჯაოს პრიზიორი იყო და მესამე ადგილზე გახვიდე. ამისთვის თუ იბრძოდა, ვნახეთ რა შედეგიც მოიტანა მისმა თბილისში მერობისთვის ბრძოლამ. თავიდანვე ვამბობდით, რომ მისი კანდიდატურა იქნებოდა ნიკა მელიასთვის მეორე ტური.
ასევე არ შემიძლია არ გკითხოთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ თუკი მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატები გავლენ მერებად, მათ ცენტრალური ხელისუფლება მუშაობაში ხელს შეუშლის. მისმა ამ განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მართლა ამასაპირებთ? ასევე მინდა გითხრათ, რომ არის მუნიციპალიტეტები, სადაც მერი „ქართული ოცნებიდან“ არის, მაგრამ მაჟორიტარი - ოპოზიციიდან, ასეთია გორი და მცხეთა. ამ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა?
- აქ პრობლემა „ოცნებაში“ კი არა, პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობაშია“. მათი გაცხადებული დღის წესრიგი არის არა ის, რომ მათ მუნიციპალიტეტები აინტერესებთ - იქ წყლის, გზების გაყვანა თუ სხვა რამე, მათ პროგრამა არ აქვთ, ეს რამდენიმე დღეა უბრალოდ ლოზუნგებს იძახიან. მათი დღის წესრიგი არის, არა ძალაუფლება მუნიციპალურ დონეზე, მათი მიზანია ხელისუფლება დაიბრუნონ და ახლა დაემატა მიხეილ სააკაშვილის დახსნა ციხიდან. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და მათი კანდიდატი გახდება მერი, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ითანამშრომლებს ოპოზიციონერ მერთან, საქმე ისაა, რომ ამ მერის დღის წესრიგი იქნება არა ის, რომ მუნიციპალიტეტი მოაწესრიგოს, არამედ ის, რომ რამენაირად აიძულოს „ქართული ოცნების“ ცენტრალური ხელისუფლება, ხელისუფლება დათმოს. აქ რა თანამშრომლობაზე შეიძლება საუბარი, როდესაც მუნიციპალიტეტის მერს ამბოხის გეგმები ამოძრავებს. ამიტომ არის პრობლემა, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ მერი მოაწყობს რევოლუციურ კომიტეტს იმისთვის, რომ რეგიონიდან აჯანჯღაროს ცენტრალური ხელისუფლება, არ გამოვა თანამშრომლობა და დაზარალდება თავად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
რაც შეეხება, „ოცნების“ მერისა და ოპოზიციურ მაჟორიტარის ურთიერთობას, მაჟორიტარი პარლამენტშია წარმოდგენილი და ის რეგიონში გადაწყეტილებას არ იღებს. თვითმმართველი ორგანო დამოუკიდებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად, ამ დროსაც ზარალდება ამომრჩეველი, როდესაც მაჟორიტარი ოპოზიციონერია.