მედიასივრცის გარშემო სახელისუფლებო ყულფი ვიწროვდება

მედიასივრცის გარშემო სახელისუფლებო ყულფი ვიწროვდება

 

 

-„სხვისი ჭირი“ სინამდვილეში არ არსებობს, მან შესაძლოა ნებისმიერ კარზე დააკაკუნოს-

 

ქართულმა მედიამ მუშაობის სტილის, ხოლო ხელისუფლებამ – მედიასთან ურთიერთობის ფორმის გამო მორიგი შენიშვნა დაიმსახურა. შენიშვნის ავტორი ამჯერად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აღმოჩნდა. სიტყვაძუნწი დიპლომატის გზავნილი მკაფიო იყო –

„მთავრობის საქმიანობის შესახებ და ასევე, ამ ქვეყანაში მთავრობისა და ბიზნესის გადაკვეთის საკითხების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობაა, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა საზიანო იქნეს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის“.

თუმცა ყველა სხვა წინასაგან განსხვავებით, ჯონ ბასის ეს განცხადება ადრესატთა ნაწილმა ეთერის, ნაწილმა კი ყურადღების მიღმა დატოვა.

 

ამერიკელი დიპლომატი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ქართულ მედიასივრცეში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. შექმნილ პრობლემებზე საუბარია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებშიც.

 

გავიხსენოთ თუნდაც წლევანდელ გაზაფხულზე გამოქვეყნებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში, სადაც საქართველოს შესახებ პირდაპირ წერია, რომ „არსებობს სანდო ინფორმაცია, რომ მთავრობამ შეზღუდა სიტყვისა და პრესის თავისუფლება“.

 

ხოლო „ნაციონალური მასშტაბით“ მაუწყებელი კერძო ტელეარხები, „რუსთავი 2“ და „იმედი“, ორი ყველაზე პოპულარული ტელეარხი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანობაში სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის გამტარებლებად მიიჩნევიან.

 

ჟურნალისტი ია ანთაძე ამბობს, რომ ამერიკელი დიპლომატის ეს განცხადება, ისევე როგორც მისი ვიზიტი ტელეკომპანია „თრიალეთში“ მეტად მნიშვნელოვანია, რადგან „ელჩის ეს ვიზიტი იყო ერთგვარი მხარდაჭერის გამოხატვა როგორც ტელეკომპანიის, ასევე იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც ხელისუფლების მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან“.

 

ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ერთი კუთხით. რადგან, არა მხოლოდ შეერთებული შტატების ელჩი, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ თემაზე გამოთქვამს კომენტარს, ხაზს უსვამს ორ პრობლემას – ერთია ხელისუფლების დამოკიდებულება მედიისადმი, მედიაპოლიტიკა ქვეყანაში და მეორე - თავად ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი.

 

„საქართველოში ჩვენ ერთდროულად ვაწყდებით როგორც ცენზურის, ასევე თვითცენზურის რეციდივებს. ცენზურას ახორციელებს მთავრობა, თვითცენზურას ახორციელებენ ჟურნალისტები. ამიტომაც მთლიანობაში ჩვენ საკმაოდ დაუბალანსებელი, მიკერძოებული და საკმაოდ უხარისხო მედია გვაქვს“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

 

მედიასივრცეში არსებულ პრობლემებზე ია ანთაძეც მიუთითებს. მედიაექსპერტი ხარისხიანი ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობაზე საუბრობს.

 

„ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ცოტა რამ ვიცით. ამიტომ აუცილებელია იმ ტიპის მასალების დადება, რომელიც დოკუმენტურად აჩვენებს, რომ ხდება კანონდარღვევა ამა თუ იმ სფეროში“, – ამბობს ანთაძე.

 

მისი განცხადებით, გადაცემა „60 წუთი“, რომელიც ცდილობდა, დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით წარმოეჩინა ხელისუფლების ნამდვილი სახე, ყველაზე პოპულარული იყო. 2003 წლის შემდეგ კი ჟურნალისტური გამოძიებები ტელესივრციდან გააძევეს. ხოლო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სტუდიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადაინაცვლეს.

 

„ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული მედია უარს ამბობს ჟურნალისტურ გამოძიებაზე და თუკი რამის დეფიციტია დღეს ქართულ მედიაში, პირველ რიგში, საგამოძიებო ჟურნალისტიკისა. არანაკლები დეფიციტია ანალიტიკური მასალებისაც“, – აღნიშნავს ანთაძე.

 

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი დიპლომატების ყურადღების ცენტრში, ტელე და ბეჭდვით მედიასთან ერთად ახლა, შესაძლოა ინტერნეტსივრცეც აღმოჩნდეს. რადგან ხელისუფლება, დასავლეთის მნიშვნელოვანი ზეწოლის შემდეგ, ტელემფლობელთა გამჭვირვალობის შემომტან კანონპროექტზე დაჩქარებული წესით კი მუშაობს, მაგრამ ელექტრონული მედიის კონტროლის ბერკეტების დათმობა აშკარად არ სურს. პირიქით, კონტროლის სფეროს გაფართოებას ცდილობს.

 

ამ ეტაპზე მის თვალსაწიერში ყველაზე მეტად უკონტროლოდ ინტერნეტ მედიასივრცე მოექცა. ჟურნალისტებს კი, ვინც ცენზურას არ ემორჩილება და არც თვითცენზურას ექვემდებარება, პროფესიული საქმიანობისთვის სულ უფრო მცირე სივრცე რჩებათ.

 

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ პროფესიული ეთიკის ერთგულება და შეძლონ პროფესიული სოლიდარობის დაცვაც.

 

ქორიძის განცხადებით, ჟურნალისტებს შორის ასეთი სოლიდარობა დღეს არ შეინიშნება და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. მედიაექსპერტის აზრით, ლოგიკურია, რომ „სხვადასხვა პროფესიული სტანდარტებისა და სხვადასხვა ღირებულებების მატარებელი ჟურნალისტები საერთო ენას ვერ პოულობენ “.

 

„ის, რაც პრესა.გე-ს ჟურნალისტებმა გააკეთეს, რასაც აკეთებენ ცალკეული ჟურნალისტები, როდესაც მაგალითად ტელევიზიებს, ან ისეთ გაზეთებს, სადაც ირღვევა პროფესიული სტანდარტები ყოველგვარი ხმაურის გარეშე ტოვებენ, არ უნდა გაიფანტოს. ეს ენერგია თანდათანობით უნდა მოგროვდეს. ეს მეტად მნიშვნელოვანია... რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს ქვეყანაში მაღალ ხარისხს და ჟურნალისტიკის თანამედროვე სტანდარტებს“, – ამბობს ქორიძე.

 

მედიაექსპერტის აზრით, თუ ეს არ მოხდა „ჩვენ გვეყოლება ისეთი ჟურნალისტური კორპუსი, რომელიც არის დამყოლი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ყველა დავალება ხან მითითების საფუძველზე, ხანაც მითითების გარეშე. რადგან ნაწილი ფიქრობს – მართალია არ მეუბნებიან, მაგრამ მაინც, ჯობს ასე გავაკეთო და თავი ქუდში მექნება“.

 

პროფესიული სოლიდარობის აუცილებლობაზე საუბრობს ია ანთაძეც. ჟურნალისტის განცხადებით, 2003 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლება საზოგადოების წარმოდგენაში იყო ახალგაზრდა, ენერგიული, დემოკრატიისკენ სწრაფული. მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფთ უყურებდნენ როგორც დემოკრატიის დამამკვიდრებლებს საქართველოში, ცივი წყალი გადაესხათ.  

 

„ხელისუფლება სულ უფრო მეტად მიისწრაფვის ავტორიტარიზმისკენ, მაგრამ ეს უხერხულობას არ უქმნის. დემოკრატიისგან დისტანცირებას სხვადასხვა მიზეზებით „ამართლებს“. მათ შორის საგარეო მიზეზებითა და იმით, რომ რა დროს დემოკრატიაა, როდესაც თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას,“ – ამბობს ანთაძე.

 

აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება სულაც არ იყო დემოკრატიული და არც დემოკრატიულობის დიდი პრეტენზია ჰქონდა. ხან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ხანაც სოციალური პრობლემების მოგვარების მიზეზით, დემოკრატია, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება, სულ უფრო მეტად ინაცვლებდა უკანა პლანზე.

 

ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეული მედიისთვის აღმოჩნდა. პირველ ეტაპზე სატელევიზიო სივრციდან გაქრა ტოკშოუები. შემდეგ დაიხურა ტელევიზიები, ჟურნალისტები მოხვდნენ ციხეში, ხელისუფლებისთვის არასასურველ ტელევიზიებს ლიცენზირების მოტივით არაერთი პრობლემა შეექმნათ. მფლობელები შეეცვალათ. ამ ეტაპზე კი, ხელისუფლების ახალი სამიზნე – ინტერნეტ მედიასივრცე აღმოჩნდა.

 

ია ანთაძე ფიქრობს, რომ მედია ამ სირთულეებიდან გამოსვლას მარტო და დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. სიტუაციის დაძლევა მხოლოდ საზოგადოების სოლიდარობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

 

„ვგულისხმობ არა მხოლოდ მედიას, არამედ საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, იყოს დემოკრატიული. ეს ადამიანები თუ არ გაერთიანდნენ და ერთმანეთის გვერდით არ დადგნენ, სიტუაცია ვერ გამოსწორდება”, – აღნიშნავს ანთაძე და დასტურად სკოლებში დირექტორებად მანდატურების დანიშვნის მაგალითები მოჰყავს.

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა დირექტორი, ვინც სამინისტროს გადაწყვეტილებებს წინააღმდეგობა გაუწია, რადგან ისინი დემოკრატიის თვალსაზრისით მიუღებელი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. არც სხვა დირექტორებმა, არც მედიასაშუალებებმა ამაზე ხმა არ ამოიღეს. მსგავსი ვითარებაა დევნილებთან დაკავშირებითაც. ჩვენს თვალწინ უამრავი უსამართლობა ხდება, მაგრამ ისე ვუდგებით, თითქოს ეს ჩვენი კი არა, სხვისი საქმეა“, - ამბობს ანთაძე.

 

მედიაექსპერტების განცხადებით, ასევე ხდება მედიაორგანიზაციებშიც.

 

„ის, რაც „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში“ მოხდა, იმსახურებდა სოლიდარობას, რომელიც ჩვენ არ გამოგვიხატავს. იქ ახალი უფროსის დანიშვნისთანავე მივხვდით – ეს იყო ხელისუფლების მიერ ინტერნეტ მედიასივრცის გაკონტროლების მცდელობა. ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს სივრცეში დავრჩით და არ გვითქვამს – როდესაც ხელისუფლება უკვე ინტერნეტის გაკონტროლებას ცდილობს, ეს სერიოზული სიგნალია“, – აღნიშნავს ია ანთაძე,

 

ექსპერტების აზრით, ხელისუფლების მიერ ინტერნეტმედიის გაკონტროლების მცდელობა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს მარგინალური ქვეყნების რიგებში მოხვედრის საფრთხე ემუქრება. მედია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, ამ ტიპის პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებს. ამიტომ, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სოლიდარობა მაშინ, როდესაც ხელისუფლება დემოკრატიასთან ურთიერთობის კუთხით უარეს და უარეს ტენდენციებს ავლენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარსებო გარემო ისე დავიწროვდება, რომ საზოგადოებას ბოლოს მაინც მოუწევს თქმა – ასე ცხოვრება აღარ გვსურს...