„ახლა ოპოზიციას სჭირდება, 30 ოქტომბრამდე სააკაშვილს ან ჯანმრთელობის მდგომარეობა შეერყეს, ან საავადმყოფოში გადაიყვანონ, რომ უფრო ასწიონ ტემპერატურა. თუმცა სააკაშვილი თავს არ შეაკლავს არავის და არაფერს. პირადად ნიკა მელიას და დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებს ენდომებათ, სააკაშვილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ციხეში და ვერ დაუბრუნდეს აქტიურ ქართულ პოლიტიკას“, - აცხადებს for.ge- სთან საუბარში ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე.
კობა ხაბაზი ფიქრობს, რომ მიშას პატიმრობის ამდენი დღე ნიშნავს, რომ „რაღაც დავაკელით“. რა დააკლეს ნაცებმა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეს, უცხოეთის ჩართვა, თუ შიდა საზოგადოებრივი მობილიზაცია?
- როგორი კამპანიებიც არ უნდა ჩაატარონ ნაცებმა, სააკაშვილი ციხეში იჯდება ზუსტად იმდენი დრო, რა დროც მას მიუსაჯა სასამართლომ. კობა ხაბაზმა რაც არ უნდა იშრომოს, სააკაშვილი გარეთ ვერ გამოვა. ხაბაზის განცხადებაში საინტერესოა ის, რომ თავად კობა ხაბაზი, რომელიც სააკაშვილის ერთგულია, ხვდება, რომ „ნაცმოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიცია არ აკეთებს ყველაფერს, რომ სააკაშვილის თემა კიდევ უფრო აქტუალური იყოს. ალბათ, კობა ხაბაზი გულისხმობდა, პირველ რიგში, იმას, რომ სააკაშვილის გამო ჩატარებული მრავალათასიანი აქცია იმავე საღამოს, სულ რამდენიმე საათში დაიშალა. მან ვერ შეინარჩუნა მუხტი, რომ აქციები გამხდარიყო პერმანენტული, რეგიონებში გაგრძელებულიყო პროტესტი, ან სხვა ადამიანებს დაეწყოთ შიმშილობა სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად. ცხადია, ეს ყველაფერი სამართლებრივ სურათს არ შეცვლიდა და სააკაშვილს გარეთ მაინც ვერ გამოიყვანდა, მაგრამ კობა ხაბაზის მთავარი უკმაყოფილების მიზეზი ნიკანორ მელიას უნდა უკავშირდებოდეს. როცა მელიამ ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, ფაქტობრივად, სააკაშვილი არ უხსენებიათ და ნიკანორ მელიასთან ჩრდილოვან კაბინეტში აღმოჩნდნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 14 ოქტომბერს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს და აქციაზე არ მივიდნენ.
ამითაც აიხსნება, რომ მელიას „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადაყენებას უპირებენ და არა პირიქით, ვითომ თვითონ აპირებს გადადგომას?
- რა თქმა უნდა, მელიას თავმჯდომარეობის საკითხი, როგორც ჩანს, გუნდის შიგნით მომწიფებულია, მელიას ჰყავს თავისი მხარდამჭერები შიგნით, მაგრამ ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და, რასაც იტყვის სააკაშვილი, ისე იქნება. სააკაშვილის გადაწყვეტილებით იყო თავის დროზე გრიგოლ ვაშაძე არჩეული, მისივე დავალებით გაუშვეს გრიგოლ ვაშაძე, მოიყვანეს მელია იმიტომ, რომ ციხეში წასულიყო და სათქმელად ჰქონოდათ, მელია რიგითი წევრი კი არაა, არამედ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეში ზისო. რაც მთავარია, თავად ნიკანორ მელიამ მოახდინა წინასაარჩევნოდ „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირება და თქმა იმისა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის საერთოდ აპირებდა პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას. კიდევ ვიმეორებ, მან გვერდზე დაიყენა ისეთი ადამიანები, რომლებიც არ დაუდგნენ „ნაცმოძრაობას“ გვერდით სააკაშვილთან მიმართებით. ეს გარედან ძალიან ხილულად და ნათლად ჩანს.
შესაძლოა, მართალიცაა პრემიერი, როცა ამბობს, ყველაზე მეტად მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა?
- ცხადია, ყველაზე ბედნიერი 1-ელ ოქტომბერს იყო ნიკანორ მელია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ გამოჩნდა. სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება ახლა ყველას სჭირდება, განსაკუთრებით, მელიას მეორე ტურისთვის, მით უმეტეს, თუ მას პარტიიდან წასვლა მოუწევს. დანამდვილებით მინდა ვუთხრა მელიას, ის ვერ გახდება დედაქალაქის მერი. როგორც ჩანს, საერთოდ მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, რადგან დამარცხებული მელია, მით უმეტეს, არავის დასჭირდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ახლა ოპოზიციას სჭირდება, 30 ოქტომბრამდე სააკაშვილს ან ჯანმრთელობის მდგომარეობა შეერყეს, ან საავადმყოფოში გადაიყვანონ, რომ უფრო ასწიონ ტემპერატურა, თუმცა სააკაშვილი თავს არ შეაკლავს არავის და არაფერს. პირადად მელიას და დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებსაც ენდომებათ სააკაშვილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ციხეში და ვერ დაუბრუნდეს აქტიურ ქართულ პოლიტიკას.
მელია სააკაშვილს უკრაინაში აკითხავდა, მაგრამ რა უნდა იყოს ბოლოდროინდელი აშკარა დისტანცირების მიზეზი? სააკაშვილმა მას აგრძნობინა თავისი ადგილი?
- ერთია, როცა ადამიანი უკრაინაშია, ლაივებით ერთვება და ყველა მას გაქცეულ პრეზიდენტს ეძახის და მეორეა, როცა ადამიანი საქართველოში შემოიპარება, დაიჭერენ, ციხეში ჩასვამენ და შიმშილობას იწყებს. ხმების ის რაოდენობა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ აიღო 2 ოქტომბერს, სწორედ უკავშირდება სააკაშვილის 1-ელ ოქტომბერს დაპატიმრებას, განსაკუთრებით, რეგიონებში იყო განსხვავებული სურათი ამ თვალსაზრისით. ეს ხმები მათი მერობის კანდიდატების დამსახურება კი არ არის, მელიასი ან ვინმესი, არამედ იმის დამსახურებაა, რომ ხალხის ნაწილი გამწარდა პრეზიდენტის დატყვევების გამო. როცა შორს არის ადამიანი, ფინანსებს გიგზავნის, დირექტივებს გაძლევს, მაინც შენს გემოზე ხარ, ახლა კი სააკაშვილი საქართველოშია, ციხეშია, მნახველები შედიან, ამბავი გამოაქვთ, დავალებებს ღებულობენ. ბუნებრივია, გაქცეულ სააკაშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი ჰქონდა ამ თვალსაზრისით, ვიდრე ციხეში მჯდომ სააკაშვილს საკუთარ მომხრეებში. ამიტომ ნიკანორ მელიამ ჩრდილში გადაიწია და კიდევ დიდხანს დარჩება ჩრდილში. მისი ჩრდილოვანი კაბინეტი დარჩება ჩრდილოვან კაბინეტად, რადგან 30 ოქტომბერს დედაქალაქი აირჩევს კახა კალაძეს. „ნაცმოძრაობის“ შიგნით აშკარა შიდა პრობლემებია, წარმოიდგინეთ, ნინო ბურჯანაძის პარტია შეიყვანეს კოალიციაში, რომელსაც საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ეს იმისთვის უნდათ, რაც შეიძლება, მეტი ადამიანის ხმა წაიღონ. იმავე ბურჯანაძეს ვენები არ გადაუჭრია სააკაშვილის დაპატიმრების გამო. შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში კიდევ უფრო გაღრმავდება 30 ოქტომბრის მერე. ოპოზიციის დამარცხების პირველი ეტაპი იყო 2 ოქტომბერს, 30 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდება მათი დამარცხება.
ტრაილერში შექმნილ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სააკაშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ეს ხუმრობაა. თუმცა რამდენად ჰქონდა სახუმაროდ საქმე ექსპრეზიდენტს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობდა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მათ შორის, გზის ასაბნევად გიული ალასანიასთან ერთად გამოფრენასაც ასახელებდა. რისთვის ქმნიდა სააკაშვილი ვიდეოჩანაწერებს ტრაილერში, არ იცოდა, რომ ეს შეიძლება ხელში ჩავარდნოდათ ჩვენს სამართალდამცველებს?
- განუბაჟებელი ექსპრეზიდენტი არ ენდობა არავის. მისთვის ოჯახის წევრებიც კი (დედა, მეუღლე, შვილები) არიან ინსტრუმენტები მისი პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის. მისთვის ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობს. წარმოიდგინეთ, ტრაილერი აღმოჩენილიყო გზაში, იქვე დაეკავებინათ (და არა ისე, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა, ბათუმში ფოტო გადაიღო), მაშინ სააკაშვილი იტყოდა, მე უკანონოდ კი არ გადავკვეთე საზღვარი, უკრაინაში მომიტაცა საქართველოს ხელისუფლებამ, ან რომელიღაც სპეცსამსახურმა, უკანონოდ გადმომალახინეს საზღვარი, უკანონოდ შემომიყვანეს საქართველოში. ეს უკვე შემოპარვა კი არ გამოვიდოდა, არამედ მოტაცება, ტრაილერში ჩაკეტვა და ის ფაქტი, რომ მას თურმე დევნიან. ამის დასაზღვევად გააკეთა ეს ყველაფერი.
რობერტ სტურუამ აღნიშნა, ნაცებს რომ ვუყურებ, არა მგონია, ისინი ნორმალურნი იყვნენ, განსაკუთრებით, მათი ბელადიო, მაგრამ სააკაშვილს სარეჟისორო ნიჭს, სცენარების წერის ოსტატობას ვერ დავუკარგავთ.
- სააკაშვილი რომ პიარში კარგად ერკვევა, ეს ფაქტია. მას კარგად შეუძლია მასების მართვა, მათზე ზემოქმედება, ახლაც თითქოს შიმშილობდა, ამ დროს კი აღმოჩნდა, შხაპს როცა იღებდა, გისოსებზეც ახტა, გულის ფორმაც გაუგზავნა მომხრეებს, კიდეც დაუყვირა, მიყვარხართო. 21 დღის ნაშიმშილარ ადამიანს შხაპში დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია? ეს ხომ ზღაპარია? საარჩევნო კამპანიის დროს ადამიანები გვეუბნებიან, კი დამნაშავეა, ციხეში ჩასმის ღირსია, მაგრამ რომ შიმშილობს, რამე რომ მოუვიდეს? ანუ ადამიანურ სენტიმენტებზეა გათვალა, თორემ მისი მომხრეებიც და ადვოკატებიც არ ამბობენ, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა.
ცალკეული პოლიტოლოგებიც ამბობენ, სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ არ უნდა დაეჭირათო. თუკი დამნაშავეა, რას ნიშნავს, არ დაიჭირონ?
- თითქოს ყოფილი პრეზიდენტობა იმუნიტეტია. საფრანგეთის პრეზიდენტიცაა დაკავებული, სხვა დანარჩენი პრეზიდენტებიც. თუ ევროპაზე ვლაპარაკობთ და დასავლურ ღირებულებებზე, ევროპელისთვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავება პოლიტიკური დევნა კი არ არის, არამედ კანონის უზენაესობის აღსრულება. ადამიანი მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული და მსჯავრდებული, თანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამით აიხსნება, თუ რატომ არის დასავლეთი ჩუმად სააკაშვილთან მიმართებით. ნიკანორ მელიას დაპატიმრებას უფრო მეტი რეაქცია მოჰყვა, ვიდრე სააკაშვილის დაპატიმრებას.
სხვათა შორის, მეთიუ ბრაიზამ აგვიხსნა, რას ნიშნავს დასავლეთის მდუმარება სააკაშვილთან მიმართებით, რომ ევროპა და ამერიკა დაიღალნენ საქართველოთი და აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში.
- ასე მარტივად არ არის საქმე. დასავლეთს რომ აღექვა, თითქოს სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა, როგორ გგონიათ, ახალი ენერგიით არ დაგვმოძღვრავდნენ?
ტრაილერის ვიდეოჩანაწერი როგორ განაწყობს საზოგადოებას? ხალხი არ იფიქრებს, რამდენად არასერიოზული კაცი გვყოლია პრეზიდენტად?
- სააკაშვილის მომხრეებზე არა მგონია, ამან იმოქმედოს, მათ ძალიან კარგად იციან, როგორი რჩეულიც ჰყავთ, დანარჩენ საზოგადოებას კი ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ასეთი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში. ამას ემატება მოქმედი პრეზიდენტის გაქცევა, მოქალაქეობაზე უარის თქმა… ტრაილერის ვიდეომასალა მის მომხრეებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან კაცი მსოფლიო დონის პოლიტიკოსი ჰგონიათ და ამ დროს არაჟნებში დამალული შემოიპარა და სამარცხვინო ვიდეოები გადაიღო, ხუმრობით გადაიღო და ერთობოდა, მარტო რომ იყო გამოკეტილი არაჟნებთან ერთადო, ეს არაფერს ცვლის. ბოლოს და ბოლოს, ნავალნიმ აიღო ბილეთი, ჩაფრინდა და იცოდა, რომ ტრაპთან დააკავებდნენ, მაგრამ მას ეყო ვაჟკაცობა და მაინც გარისკა, სააკაშვილი კი, ეს „ბუმბერაზი“ კაცი, ჩაჯდა არაჟნებში. ამ დროს ედრება ზვიად გამსახურდიას, რომელმაც სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას. ორადორი გზა არსებობს სააკაშვილის გარეთ გამოსასვლელად, ეს არის შეწყალება და ყველამ ვიცით ზურაბიშვილის პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით, თანაც, პრეზიდენტს მხოლოდ ორ საქმეზე შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული სააკაშვილი, ანუ რომელზეც უკვე მისჯილი აქვს და მეორე გზაა, დანარჩენ ორ საქმეზე, რომლებშიც ის ბრალდებულია, საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს ამ მუხლების ამნისტირება. სააკაშვილს იმდენი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, თუ ამნისტირება შეეხება, მაშინ, ალბათ, ყველა ციხე უნდა გავაღოთ და ყველა პატიმარი გარეთ გამოვუშვათ. ამიტომ არც საქართველოს პრეზიდენტი და არც საქართველოს პარლამენტი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოვა ზუსტად იმ წამს, როცა გაუვა სასამართლოს მიერ მისჯილი ვადა.
გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე რატომ ამბობს უარს? ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ მისი მმართველობის აქილევსის ქუსლი სწორედ გლდანის ციხე იყო, სადაც პატიმრებს აწამებდნენ?
- შიშის ფაქტორი, ალბათ, არის, რადგან გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილი გაიგონებს გლდანის ციხიდან პატიმრების დამოკიდებულებას მისდამი, უფრო კარგად მოისმენს, რაც მოისმინა მანამდე რუსთავის ციხეში. თორემ სააკაშვილი სადაც არ უნდა გადაიყვანონ, საქართველოს სახელმწიფო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, ვალდებულია, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. მას არ სურს დისკომფორტი და იმის მოსმენა, რისი მოსმენაც არ უნდა გლდანის ციხეში მყოფი პატიმრებისგან.