შიმშილობა თუ სიმულანტობა, რათა საქართველოს მოსახლეობამ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულები შეცოდების მიზნით აპატიოს? რაზე აქვს გათვლა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა აცხადებენ, რომ უკვე 25-ე დღეა ის შიმშილობს და შესაძლოა, სიტუაცია ფატალურად დასრულდეს? მეორე მხრივ, გვარამია, გაბუნია და სხვა ენმ-ის ლიდერები ნაციონალების „გმირს“ მოუწოდებენ, რომ შიმშილი არ შეწყვიტოს, თუმცა „შფოთავენ“, რომ შესაძლოა, გლდანის მე-12 დაწესებულების ციხის საავადმყოფოში მოდელირებული ბუნტი დაიგეგმოს და სააკაშვილის ლიკვიდაცია მოხდეს.
პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუკი მესამე პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანა მოხდებოდა, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მის დახსნას საავადმყოფოდან შეეცდებოდნენ, რითაც ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების პროვოცირება უნდათ. ამიტომ, სააკაშვილის ე.წ. შიმშილი და შემდეგ მისი ლიკიდაცია ციხეში ერთი დიდი ფარსია, რომელსაც ენმ ქვეყანაში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისთვის იყენებს.
შიმშილი თუ სიმულაცია?
რა მოსდის ადამიანს, როცა ის შიმშილობს და რამდენი დღე ძლებს ადამიანის ორგანიზმი საკვების გარეშე? ჯანმრთელობის მხრივ რა კონკრეტულ სირთულეებს იწვევს შიმშილი და რამდენად რეალურია ის ფაქტი, რომ სააკაშვილი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს? ამის შესახებ დიეტოლოგს ლაშა ბერულავას ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყება აღნიშნული პრობლემების გამოვლენა. განსაკუთრებით მაშინ, თუკი მას ქრონიკული დაავადებები აწუხებს, მით უმეტეს სისხლის დაავადება, როგორიც ანემიაა.
„შიმშილის დროს ადამიანის ქრონიკული დაავადება მწვავდება. მდგომარეობა მალევე მძიმდება და თუკი ადამიანი მხოლოდ წყალზეა და ის შიმშილობს, არ იღებს არც ტკბილს და არც სხვა არაფერს, 5 დღეში ან კიდევ ერთ კვირაში ნივთიერებათა ცვლა იშლება; ინტოქსიკაციის პროცესი იწყება; ადამიანი დაუძლურებას და წარმოუდგენელ თავის ტკივილს იგრძნობს; მას გადაადგილება გაუჭირდება, არ ექნება საწოლიდან ადგომის და საუბრის თავი; შესაძლოა, წნევა დაუვარდეს ან პირიქით, არტერიულმა წნევამ მაღლა აიწიოს; თირკმელზე პრობლემები დაეწყება და არაა გამორიცხული, თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს“,-ამბობს დიეტოლოგი for.ge-სთან.
მისივე თქმით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძალიან გაუჭირდება, ასევე ნაღვლის ბუშტს, პანკრეასს, ყველაფერი მდგომარეობიდან გამოდის. ამასთანავე დიეტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ადამიანი შიმშილის დროს ჰიპოგლიკემიაში ჩავარდეს, ანუ სისხლში შაქრის დონემ აიწიოს და გონება დაკარგოს. ეს კი უნდა მოხდეს ერთ კვირაში, მით უმეტეს, როცა ადამიანს მსგავსი ქრონიკული დაავადება აწუხებს. ამიტომ ექიმი დარწმუნებულია, რომ 25 დღე სრულიად კვების გარეშე, ადამიანი მეტყველებას და გადაადგილებას ვერ შეძლებს.
„არ არის გამორიცხული, შიმშილის დროს, თუკი ადამიანს ქრონიკული პათოლოგია აქვს და წნევის ცვალებადობაც დაემატა, თავის ტვინის იშემია განვითარდეს, გამოიწვიოს ინსულტი. ყველა ორგანოს საკვები მოაკლდება და ამ ფონზე პილიორგანული უკმარისობა შესაძლოა წავიდეს და ყველა ორგანოს სასიცოცხლო ფუნქციას შეეხოს“, - ამბობს ექიმი for.ge-სთან.
ასე რომ, თუკი პატიმრის სიცოცხლეს შიმშილის დროს საფრთხე ემუქრება მას იძულებით კვებას უნიშნავენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიკა გვარამიას თქმით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.
იუსტიციის მინისტრი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ბატონი გვარამიას განცხადებას რაც შეეხება, ჰქონდათ მის ადვოკატთან კომუნიკაცია გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, რომ ხვალ გაიმართება შეხვედრა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა... მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება სრულად დაცული. ბუნებრივია, მაქსიმალურად შევეცდებით გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც როგორც ამ კონკრეტული პატიმრის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იურისტი მირიან ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ ნაციონალების მიერ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის თემა კიდევ ერთი დიდი ტყუილია, რომლითაც საკუთარ სექტას დასცინიან. ნიკოლაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი არის მატყუარა სიმულანტი, რომელიც შიმშილობასაც კი აყალბებს. თუმცა თუკი მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა და ეს ციხის ადმინისტრაციამ ექიმების მეშვეობით შეიტყო, მას ვალდებულება აქვს, რომ იძულებით კვება დაუნიშნოს, რაც კანონით და მინისტრის ბრძანებულებით არის განსაზღვრული.
„თუკი ციხის ექიმები მიიჩნევენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინ სააკაშვილს იძულებით კვება დაენიშნება. მას გადაუდებელ დახმარებას გაუწევენ. ეს არის გადასხმები, მედიკამენტები და ხელოვნური კვება. მოშიმშილეს სიცოცხლეს ციხეში საფრთხე არ ემუქრება. მსგავსი რამ არ მოხდება, რომ შიმშილის გამო ადამიანს ციხეში სიკვდილის საშუალება მისცენ, მით უმეტეს სააკაშვილს არავინ მოკლავს, ეს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. არ ვიცი, კონკრეტულად სააკაშვილს რა დაავადება აწუხებს და ორგანიზმში რა პროცესები შეიძლება წავიდეს, მაგრამ როგორც ასეთი, შიმშილის გამო ვინმე მოკვდეს, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ეს არის მინისტრის კონკრეტული ბრძანებით გაწერილი“, - ამბობს ნიკოლაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, სააკაშვილი ცნობილი მატყუარაა და თაფლთან დაკავშირებული კომიკური სიტუაციაც საკმარისია ვირწმუნოთ, რომ ის რეალურად არ შიმშილობს და ძალიან კარგად იცის საკუთარი დაავადება და ორგანიზმი როგორ კვებოს, რათა დიდი ხანი გაძლოს.
„მთელი უბედურება ის არის, რომ სააკაშვილის, გვარამიას, მერაბიშვილის და მათი დამქაშების ტვინებში არაფერი არ იცვლება, ვერც ის 9 წელი ვერ გადააფასეს და ვერ გაიაზრეს ხალხმა უარი რატომ უთხრა.
სააკაშვილის შიმშილის მერე ციხეში ვითომ ბუნტის და გადატრიალების სცენარებზე საუბრი, რა თქმა უნდა, ხალხის დასაზაფრად კეთდება. თუმცა, არ ვიცი, თუ გამოუვიდათ, ხელისუფლება მართლა ღირსი იქნება. როგორ შეიძლება ამ ადამიანების უკან ხელისუფლებაში დაბრუნება, ახლა ხომ უფრო გაბოროტებულები და გამწარებულები არიან!“, - ამბობს ნიკოლაძე for.ge-სთან.
გაქცევის გეგმა?
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმა საქართველოში კერძო საავადმყოფოდან თავისუფლებაზე გასვლა იყო.
„სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა სიმულანტობას, თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ. რომ ის რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა ჰქონდათ და აქვთ, მისი ილუზიებით გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა. წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდში არიან საერთოდ - გაიყვანდნენ საავადმყოფოდან და გაათავისუფლებდნენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიზნის მისაღწევად ყველანაირ ავანტურაზე შეიძლება წავიდეს.
„სააკაშვილი არ იმყოფება ისეთ პირობებში, როგორშიც სულხან მოლაშვილი და სხვა ადამიანები იყვნენ. მათ პირადად სააკაშვილის და მისი ხელქვეითების ბრძანებით საშინლად აწამებდნენ. მსგავს ბინძურ ტყუილებს და ფეიკების მოგონებას, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან არანაირი გამოძახილი არ ექნება. ბრძოლის ბედი გადაწყვეტილია. 2 ოქტომბერს „ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა და ამ გამარჯვებას საბოლოოდ ერთ კვირაში გაიფორმებს“, - ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი for.ge-სთან.
რაც შეეხება სააკაშვილის 25-დღიან შიმშილს, მეტრეველი ამბობს, რომ ესეც ნაკლებად დასაჯერებელი ფაქტია და არაა გამორიცხული, რომ აქაც ადგილი გარკვეულ სიმულაციას ჰქონდეს.
„ენმ-მა იცის, რომ არჩევნებში დამარცხებულები არიან და ყველა ხერხს მიმართავენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ, ეს არის სააკაშვილის სიმულაციური შიმშილი თუ სამეგრელოში ვითომ სპეცრაზმის შევარდნა. მიუხედავად ყველა ამ მცდელობისა, მათ მაინც არაფერი გამოსდით. ხელისუფლება ძალინ კარგ მდგომარეობაშია და აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რათა მსგავს პროვოკაციას გაუმკლავდეს. ჩვენ ვნახეთ ზუგდიდში რამდენიმე ადამიანის დაკავების ფაქტი, პრემიერმა ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაიმე სახის არეულობის მოწყობას შეეცდება, სააკაშვილს გვერდით მიუჯდება.
ჩემი ინფორმაციით 34 დეპუტატი აპირებს პარლამენტი დატოვოს, რომლებიც ქუჩაში რევოლუციური სცენარის განვითარებას შეეცდებიან. ამის მცდელობა იქნება, აქცია დაანონსდება, მაგრამ არანაირი შედეგი არ ექნება. სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და თუკი რამე გადაცდომა იქნება, ამაზე რეაგირება როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენს საზოგადოებას ექნება. ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დასრულდა“, - ამბობს მეტრეველი for.ge-სთან.