საქართველოს კონკურენციის სააგენტო, რომელიც მესამე წელია ფარმაცევტულ ბაზარს იკვლევს, საბოლოო დასკვნას წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს. მანამდე კი ბაზარზე არც წამლები იაფდება და ვერც მთავრობის გაცემული დაპირება სრულდება.
სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, კონკრეტული შედეგები უკვე შარშან უნდა წარმოედგინა, თუმცა ამ პროცესში ხელი პანდემიამ შეუშალა.
სააგენტოს უკვე მზად აქვს მონიტორინგის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი.
„პრაქტიკულად, დამუშავებულია საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყველა ძირითადი მოთამაშის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, ყველაზე მსხვილი კომპანიების მონაცემები. პერიოდი 2016-2020 წლებს მოიცავს.
შეფასებული იქნება ბაზარზე არსებული ვითარება, კომპანიების პოზიციები ბაზარზე და ბაზრის არსებული სტრუქტურის გავლენა ფასწარმოქმნაზე. ასევე, შერჩეული გვაქვს 6 ძირითადი მედიკამენტის ჯგუფი და თითოეულ მათგანზე წარმოდგენილი იქნება ფასწარმოქნის ანალიზი. მონიტორინგი მოიცავს კანონმდებლობის ანალიზს და შეფასებას კონკურენციის ჭრილში. გამომდინარე აქედან, წარმოდგენილი იქნება ჩვენი რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ბაზრის ეფექტიანი რეგულირების მექანიზმებს“, - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.
ის, რომ „მოქალაქეები და სახელმწიფო მედიკამენტების ფასების მძევლად იქცა“ და ამ მხრივ შესაძლოა, მთავრობამ მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღოს, ამის შესახებ ბოლო პერიოდში პირველად 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ალაპარაკდა.
ტიკარაძის შემდეგ უკვე პრემიერი-მინისტრმა „არსებულ მოსაზრებებზე“ დაყრდნობით 2 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია“.
მოგვინებით უკვე მათ მხარი ეკონომიკის მინისტრმა აუბა: „არ არის მთლად ეკონომიკური ფაქტორებით დასაბუთებული ის მაღალი ზრდა, რაც მედიკამენტებზე ფიქსირდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
აშკარაა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება წამლებს ვერ აიაფებს. ჯანდაცვის დარგის სპეცილისტების აზრით, რეგულირებას სჭირდება საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რაც გარკვეულ პერიოდს მოითხოვს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრობლემის სასწრაფოდ მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, ამის გარეშე რეალურად შეუძლებელია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, რა მიმართულებითაც მთავრობა მუშაობს.
„ფარმაცევტული ბაზარი ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში, სახელმწიფოსგან ამა თუ იმ ფორმით რეგულირდება. ეს აუცილებელია, რათა უზრუნველყონ ერთი მხრივ, ხარისხი და მეორე მხრივ - ხელმისაწვდომობა.
თუმცა, ნაკლები ადმინისტრაციული ბარიერი უნდა იყოს რეგისტრაციისთვის. თუნდაც ის ბარიერები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი წამალი შემოვიდეს ჩვენთან ან იწარმოებოდეს. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და ნაკლებ პრობლემური ბაზრის მოთამაშეებისთვის - მწარმოებელი იქნება, ბითუმად თუ საცალოდ მოვაჭრე.
ძალიან მნიშვნელოვანია, შევძლოთ და ბარიერები მოვხსნათ. მაქსიმალურად გავამარტივოთ მექანიზმები. ნაკლები ფასი უნდა ჯდებოდეს ხარისხიანი მედიკამენტის შემოტანა, ვგულისხმობ არა მხოლოდ თანხას, არამედ დროსაც. ეს საჭიროა, რომ კომპანიებმა ბაზარზე ხარისხიანი წამლები შემოიტანონ და ამით კონკურენცია გააფართოონ.
არ მაქვს ინფორმაცია, ღარიბაშვილი რას გააკეთებს, თუმცა სფერო რომ მოსაწესრიგებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტრო პირველად ჯანდაცვაზე მუშაობს და ეს საკითხი წამლების ფასის დარეგულირების გარეშე ვერ მოგვარდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზოიძემ.
იმას, რაზეც მთავრობის წევრები და ექსპერტები საუბრობენ, არგუმენტირებული პასუხი 3-წლიანი მუშაობის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს.