საწვავის სიძვირე და დეფიციტი თანდთან ენერგოკრიზისში გადაიზრდება

საწვავის სიძვირე და დეფიციტი თანდთან ენერგოკრიზისში გადაიზრდება

ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის საწვავი გაძვირდა და 1 ლიტრის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა. ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია და მინიმუმ წლის ბოლომდე არაფერი გამოსწორდება. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ზოგიერთ ქვეყანაში საწვავის კრიზისია, ხოლო მასშტაბურად მთელ კონტინენტზე კი ენერგოკრიზისს ებრძვიან.

ბოლო დღეებში ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 8-10 თეთრით უკვე გაძვირდა და როდემდე გაგრძელდება ფასების მატება უცნობია. მსოფლიოში უკვე საგანგაშო ტენდენციებია. საინტერესოა, რა ელის საქართველოს და როგორ აპირებს მდგომარეობიდან გამოსვლას?

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ის, რაც მოსალოდნელი იყო, უკვე მოხდა და ფასების მატების ტენდენცია 2022 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

„საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მაღალია და როგორც ვპროგნოზირებდით 80-დოლარიან ნიშნულს გადასცდა. გვქონდა რეკომენდაციები მთავრობისთვის, თვეების წინ ვამბობდით, რომ უნდა მოეხდინათ აქციზის განაკვეთის შემცირება ან საერთოდ გაუქმება იმის გამო, რომ ასე მკვეთრად არ გაზრდილიყო საწვავზე ფასი. სამწუხაროდ, ეს არ გაითვალისწინეს და ახლა გაძვირება ნამდვილად იქნება. იმის მიუხედავად, რომ ნიშნული მაქსიმუმზეა, ამაზე მეტსაც უნდა ველოდოთ უახლოეს თვეებში.

ვვარაუდობთ, რომ 2022 წლის პირველი კვარტალიდან შესაძლებელია, ოდნავ შეიცვალოს მდგომარეობა და შედარებით დაბალი ფასი იყოს საერთაშორისო ბირჟებზე“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდას იმპორტიორი ქვეყნებისთვის საკმაოდ ცუდი შედეგი მოაქვს. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის უკიდურესად მაღალი ფასების გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გაღარიბდეს. უკვე გამოთქვამენ შიშს, რომ ბევრი ოჯახი კომუნალურ გადასახადებს ვერ გადაიხდის.

ევროკავშირის კომისრის სამუშაოსა და სოციალური უფლებების საკითხებში, ნიკოლას შმიდტის თქმით, კონტინენტზე ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, 2022 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. ზოგიერთი ქვეყანა მხარს უჭერს ელექტროენერგიის გადასახადის გაუქმებას ევროკავშირში, მაგრამ ბრიუსელი ამ წინადადებას არ ემხრობა.

ელექტროენერგიისა და გაზის ფასი 2021 წლის დასაწყისიდან 400%-ზე მეტით გაიზარდა. ამას დაემატა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა - ოქტომბრის შუა რიცხვებში, „ბრენტის“ ფასი ბარელზე 85 დოლარზე მაღლა ავიდა.

ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დაეხმარონ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს საგადასახადო შეღავათებით. ჩეხეთის მთავრობამ მოითხოვა ელექტროენერგიის გადასახადების სრული გაუქმება კრიზისის მოგვარებამდე, მაგრამ ბრიუსელი მხარს არ უჭერს ინიციატივას.

საფრანგეთს ასევე არ სურს გაზისა და ნახშირის გადასახადების გაუქმება ან შემცირება. როგორც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა თქვა, მთავრობამ უნდა დაუჭიროს მხარი ხალხს, მაგრამ არ არის საჭირო საფასურის შემცირება.