თბილისის გარდა, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის მეორე ტურში 19 რეგიონში მოუწევს ბრძოლა. ამ 19 რეგიონდიდან კი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იბრძოლებენ მმართველი გუნდის კანდიდატები.
For.ge დაინტერესდა, აღნიშნულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში მოსახლეობა „ქართულ ოცნებაზე“ მეტად რატომ ენდობა ნაციონალურ მოძრაობას“?
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ კახეთში პრობლემა იმიტომ არ აქვს, რომ არჩევნების წინ რთველია და ამით მოსახლეობის გულს იგებს.
„მიზეზი ბევრია, თუმცა, დიდი განსხვავება არაა - პლუს-მინუს 5-10 პროცენტში თამაშობს. აქ არ არის ისეთი რადიკალური სხვაობა, რომ სადღაც ძალიან კარგად ჰქონდეთ საქმე და სადმე ცუდად. უბრალოდ, ეს 50% ზღვარი ნიშნავს იმას, რომ სადღაც ცოტა ქვემოთ აღმოჩნდებიან და სადღაც ცოტა ზემოთ. მე თუ მკითხავთ, „ოცნებას“ საქმე ყველგან ცუდად აქვს. ეს ჩანს იქიდანაც, რომ თელავში მეორე ტურია, თბილისიც პრობლემატურია. კი, დასავლეთში შეიძლება კიდევ უფრო ცუდად აქვთ საქმე, ვიდრე აღმოსავლეთში. არაფერს ვამბობ ქვემო ქართლსა და სამჯხე-ჯავახეთზე, იმიტომ რომ იქ უმცირესობით დასახლებული მუნიციპალტეტებია და იქ არჩევნები საერთოდ, სპეციფიურ ხასიათს ატარებს. ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ელექტორატი ხელისუფლებისკენ იხრება ხოლმე. მიზეზებს არ ჩავუღრმავდები, თუ რატომ ხდება ასე ხოლმე.
რაც შეეხება სხვაგან, კი ბატონო, „ოცნებას“ აღმოსავლეთ საქართველოში ოდნავ უკეთ აქვს საქმე, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ეს შეიძლება გამოწვეულია იმით, რომ გაჭირვება დასავლეთ საქართველოში უფრო მაღალია. კახეთი ისეთი რეგიონია, სადაც არჩევნების წინ ყურძენს იბარებენ და ამით ამომრჩევლის გულს იგებენ. ამის მიუხედავად, პრინციპულ სხვაობას ვერ ვხედავ. ასე რომ იყოს საქმე - აქ 70% ჰქონდეს და იქ 30%, კი ბატონო, გამოგყვებით ლოგიკაში, მაგრამ ასე არაა - განსხვავება იმდენად დრამატული არაა, რომ ჩვენ რაღაც სერიოზული სისტემური პრობლემა დავინახოთ“, - გვითხრა ხუხაშვილმა.
ექსპერტი გია აბაშიძე კი თვლის, რომ არჩევნების მეორე ტური ცუდი სულაც არ არის და ნებისმიერ დასავლეთის ქვეყნებში ეს მიღებულიც არის.
„ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებში სადაც მეორე ტური იმართება, განსხვავებული აზრი და პრულარიზმი გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე სხვაგან. სხვა მუნიციპალიტეტებმა არ მიწყინონ, რადგან ყველას აქვს თავისი არჩევანის უფლება და მას აფიქსირებს პირველი ტური იქნება თუ მეორე.
თუმცა, ბოლო წლების ტენდეციაა, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ყოველთვის იმარჯვებს. სამწუხაროდ, პოლიტიკური მოცემულობაა ისეთი, რომ მიუხედავად ხარვეზებისა და შეცდომებისა, „ქართული ოცნება“ ქართველი ერის წინაშე დამნაშავე არაა. მისი მოწინააღმდეგე ყოველთვის, სამწუხაროდ, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის დამნაშავე რეჟიმის პარტია. აქედან გამომდინარე, საზოგადოების უმრავლესობა „ოცნებას“ აძლევს ხმას. ეს ასე იქნება იქამდე, ვიდრე თანდათან არ გაძლიერდებიან კონსტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საპირწონე იქნებიან მმართველი პარტიის“, - განუცხადა გია აბაშიძემ for.ge-ს.
ექსპერტ ლევან ალაფიშვილი for.ge -ს მიერ დასმულ კითხვას ასე განმარტავს: „მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს მიერ სწორი დაკვირვების შედეგად, სწორად დასმული კითხვაა და მრავალი განზომილება აქვს, თუკი ისტორიულ ასპექტში განვიხილავთ. აღმოსავლეთ საქართველოს ეთნიკური უმცირესობით დასახლებული მუნიციპალიტეტები, როგორც წესი, იყო და კვლავაც რჩება სახელისუფლებო საარჩევნო ყულაბად თუ ბეღლად. ყოველთვის, თუკი გადახედავთ, ასე იყო ყოველთვის. ამას ღრმა სოციალური და პოლიტიკური ფესვები აქვს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთში განსაკუთრებით ორი რეგიონი უნდა გამოვყოთ. პირველი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. აჭარა იყო საარჩევნო ბეღელი თუ ყულაბა, ოღონდ იქ არსებული პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის ცენტრიც ასლან აბაშიძე იყო. ყოველთვის ასე იყო და რომელიც შეიცვალა.
მეორე - ზუგდიდი, რომელიც ყოველთვის მიმცემი და განმაპირობებელი იყო საარჩევნო შედეგებისა. არ შეიძლება ვთქვათ ამ რეგიონზე ყულაბა. ეს რეგიონი დიდი ხანია მოდის იმ დიდი ჭრილობით, რომელიც სამოქალაქო ომმა მიაყენა. როგორც წესი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ტიპის ლიდერების მიმდევრები არიან. შესაბამისად, მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს ამ რეგიონში სწორედ ზვიად გამსახურდიას მომხრეების შემორიგებისა თუ პოლიტიკური ალიანსის გამო, ეს რეგიონი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. როგორც ჩანს, ეს ასეა და ვითარება არსებითად არ იცვლება. ამ ადგილობრივმა არჩევნებმაც გვაჩვენა, რომ ზუგდიდი და რეგიონები კვლავ რჩებიან არა სახელისუფლებო საარჩევნო ყულაბად, არამედ სახელმწიფოებრიობის მძიმე ჭრილობის ერთგულებად. თუნდაც გავიხსენოთ წინა საპარლამენტო არჩევნები - ზუგდიდმა არჩევანი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის სასარგებლოდ. მეორე ტურში ადმინსიტრაციული რესურსის ჩარევით, საბოლოო შედეგი გვაქვს ის, რაც გვაქვს. ყოველ შემთხვევაში სანდრა რულოვსის განსაკუთრებული პოპულარობა რეალურად სხვა არაფერი არ იყო, თუ არა სიყვარული იმ ადამიანისადმი, რომელიც მძიმე ჭრილობების მოშუშების მხარდამჭერად მიაჩნდათ. რეალურად, ზუგდიდი ყველა არჩევნების დროს იყო განმაპირობებელი სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული არჩევნების შედეგებისა“, - გვითხრა ლევან ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 რეგიონში 30 ოქტომბერს გაიმართება.