„ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურები ჯერ არ მოუგია და თავს უკვე გამარჯვებულად ასაღებს, მოსახლეობას კვლავ ატყუებს და ეუბნება, რომ თუკი ნიკა მელია თბილისის მერი გახდება, ის კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს და ერთპიროვნული მმართველი არ იქნება. ეს კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიციაა, რომლითაც საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ენმ ხელისუფლებაში ძალაუფლებას დანარჩენ ოპოზიციაზეც გადაანაწილებს. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება მოგებულ პარტიას ერთპროცენტიანი პატარა პარტიები ან ურეიტინგო პოლიტიკოსები? ან ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ კოალიციას ენმ ორ თვეში არ დაშლის?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს არის ნაციონალების სატყუარა, რომლითაც როგორც ოპოზიციას, ასევე ამომრჩეველს იტყუებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. ნიკა მელიას საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ექსპო ჯორჯიაში წარიმართა.
ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე იქნებიან. დასახელებული არიან სხვა პირებიც, რომლებიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მერიაში პოსტებს გადაინაწილებენ.
თბილისის მერობის ოპოზიციის კანდიდატი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.
„გამარჯვების შემდეგ მე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ. ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხა და გაერთიანდა ახლა, წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ თბილისი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილი კი ჰაერში გამარჯვების სუნს „გრძნობს“ და მხარს კოალიციურ მთავრობას უჭერს.
„მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში - შეიცვალოს „ოცნების“ რეჟიმი მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეფექტიანი მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით“ - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან გვამცნო.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისი ტყვეობიდან დახსნის გზა მეორე ტურში, არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეჟიმისთვის ხმების გაყალბების შესაძლებლობის არმიცემაზე გადის.
„უმნიშვნელოვანესია ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, პოლიტიკურმა პარტიებმაც და მოქალაქეებმაც და არჩევნებში დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ რეჟიმი და დავიცვათ არჩევნების შედეგი. მივესალმები ხალხზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგის მთავარ ოპოზიციურ გზავნილად ქცევას. მივესალმები ამ გზავნილების კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ჩვენს გულშემატკივარს შევახსენებ, რომ ჩემი ტყვეობიდან დახსნის გზა სწორედ 30 ოქტომბერს, მეორე ტურში, არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეჟიმისთვის ხმების გაყალბების შესაძლებლობის არმიცემაზე გადის.
ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი და ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიერ დასახელებული ე.წ. კოალიციური მთავრობა ერთი დიდი ფარსია და სხვა არაფერი.
„ნიკა მელიას მიერ დასახელებული ე.წ. კოალიციური მთავრობა დედაქალაქში ძალიან დიდი ფარსის ნაწილია. წრმოგიდგენიათ, პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად იმარჯვებს და სხვა ოპოზიციურ ლიდერებს თანამდებობებზე ეპატიჟება? ანუ ამას ვინმე მართლა იჯერებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს მართლა რამეს შეეკითხება? ესენი იქნებიან ჩვეულებრივი ფასადი, რომლითაც ოპოზიციური ამომრჩევლის მოტყუება უნდათ. იგივეს აკეთებდა ედუარდ შევარდნაძე, როცა ხელისუფლებაში პირველად მოვიდა, დემოკრატიის თამაში დაიწყო. როგორ, არჩევნები მოვიგო და შენ უფროსად დაგიყენო? მაგას ხომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იზამს.
მერე ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ მათ ორ კვირაში, ან კიდევ ორ თვეში არ მოხსნის, ან კოალიციურ მთავრობას არ დაშლიან? ეს კეთდება ორი რამისთვის. პირველი მელია და ენმ ფიქრობს, რომ ამით ოპოზიციურად განწყობილ და შუაშისტ ამომრჩეველს მიიმხრობენ. მეორე - აჩვენებენ, რომ ნაციონალები მარტო ხელისუფლებაში აღარ ბრუნდებიან. ანუ შიში იმის შესახებ, რომ ისინი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ, საზოგადოებაში უნდა გაფანტონ. თუმცა ჩვენი მოქალაქეები ასეთი გულუბრყვილოები აღარ არიან“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ნიკა მელიამ მეორე ტური მოიგოს, რადგან მან თავის ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენობის მობილიზება უკვე შეძლო. სააკაშვილის ეფექტმა ენმ-ის ამომრჩევლისთვის იმუშავა, მაგრამ მეორე ტურისთვის ეს ეფექტი უკვე „ოცნების“ ელექტორატზე გადავა. 1%-იანი „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვა პატარა პარტიები მელიას ამომრჩეველს ვეღარ შემატებენ. გიორგი გახარიას ამომრჩეველი მათზე ბევრად მეტია. ისინი ანტიმიშა ელექტორატია, ამიტომაც ან სახლში დარჩებიან, ან თუ მივლენ ხმას კალაძეს მისცემენ. საყვარელიძე ამბობს, რომ „ოცნებას“ საჯარო სამსახურში დასაქმებული მოსახლეობის რესურსიც აქვს, რომლითაც იმაზე მეტი ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებს, ვიდრე ენმ. ამიტომ ასეთი კოალიციის შექმნა მხოლოდ თავის და ამომრჩევლის მოტყუებას ემსახურება.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას მიერ წარმოდგენილი ე.წ. კოალიციური მთავრობა ისეთივე ფეიკია, როგორიც მისი დაპირებები.
„კი ბატონო, გამოაცხადოს მელიამ ჩრდილოვანი კაბინეტი და თანამდებობები გაინაწილონ. ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ფარსი და სატყუარაა, რომლითაც მელიას ხმების მობილიზება უნდა. ძალიან კარგად იცის, რომ მეორე ტური წაგებული აქვს, ამიტომ აღარ იცის ეს ამომრჩეველი საიდან მოიყვანოს და ერთპროცენტიან პარტიებს მიადგა. ეს კოალიციაც ისეთივე აბსურდია, როგორც მელიას ბანერებზე დატანებული დაპირებები. კაცმა ისიც არ იცის, რომ სკოლებში კვება მერის საქმე არ არის და მას განათლების სამინისტრო კურირებს. ასევე არ იცის, რომ თუკი ყველა თბილისელ პენსიონერს 100 ლარს დანამატს გაუკეთებს, ეს დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედია.
რეალურად მიჭირს ლოგიკა დავინახო 324-ხმიანი თაკო ჩარკვიანის და 1%-მდე ვერ ასული ელენე ხოშტარიას მსგავსი პოლიტიკოსების მხარდაჭერას რა ეფექტი და გავლენა უნდა ჰქონდეს? სამწუხაროა, რომ ეს ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი ჯერ კიდევ არსებობს და კიდევ იარსებებს. ეს არის იმის ბრალი, რომ ოპოზიცია 2020 წელს ენმ-ის ორბიტაზე მოხვდა და მისგან თავს ვეღარ იხსნის. მესამე ძალაზე პრეტენზიის მქონე „ლელოს“ ლიდერი ნაციონალების ვიცე-მერობას რომ დასჯერდება, ამის მერე რა ორპოლუსიანობაზე ვწუწუნებთ“,-ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.