რეალურია თუ არა „მწვანე პასპორტების“ ამოქმედება საქართველოში?

რეალურია თუ არა „მწვანე პასპორტების“ ამოქმედება საქართველოში?

არჩვენების შემდეგ კოვიდსიტუაციის მართვის კუთხით ბევრი რამ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები ამას ითხოვენ. რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მთავრობას ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს. ამირან გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ამ კუთხით მოუწევს ნაბიჯების გადადგმა, თუმცა რომელ მოდელს აირჩევს ქვეყანა, ამას საკოორდინაციო საბჭო აირჩევს.

„პროგნოზი საიმედო არ არის. დავალებები გაიცა, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის. ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება და ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო. „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება, დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება. ვერ გეტყვით როდიდან, რადგან თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა ამ „მწვანე პასპორტთთან“ მიმართებით, რომელს აირჩევს საქართველო, ეს უნდა იქნეს წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რასაც გამყრელიძე და მისი მომხრეები ფიქრობენ, მარტივად სულაც არ ეჩვენებათ სამინისტროში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. „მწვანე პასპორტების“ ფართოდ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ნაწილის საფუძვლიანი ანალიზი აუცილებელია, რათა ამან საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.

გაბუნიას თქმით, „მწვანე პასპორტების“ პრაქტიკა გარკვეული მიმართულებებით უკვე გამოიყენება - მაგალითად, კონფერენციებზე, ტრენინგებსა თუ სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეობა-დასწრებისას.

„რაც შეეხება მის ფართოდ გამოყენებას, ამაზე მუშაობა ექსპერტებთან ერთად მიდის. ამ ნაწილს სჭირდება როგორც ტექნიკური დამუშავება, ასევე აღსრულების ნაწილის ძალიან საფუძვლიანი ანალიზი, რათა არასასურველი თანმდევი ეფექტები, უკმაყოფილება, ასევე გაყალბების საფრთხეები არ გამოიწვიოს. სხვა ქვეყნებმა ეს გამოიარეს, ასე რომ, როდესაც ყველა ეს რისკი გადაზღვეული იქნება, ამაზე უფრო აქტიური საუბრისთვის მზად ვიქნებით და საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ“, - განაცხადა გაბუნია.

„მწავნე პასპორტებისა“ და არავაქცინირებულთა კონტროლის იდეას არ იწონებენ სავაჭრო სექტორში. „სითი მოლის“ დირექტორი, ლევან მესხელი აცხადებს, რომ ეს ძალიან საფრთხილო და რთული საკითხია.

„ჩემი ინფორმაციით, ყველა ქვეყანამ დაიწყო საჯარო სექტორიდან, ალბათ, ეს საკითხი იმის მიხედვით უნდა დალაგდეს, სად უფრო მარტივია ამის ადმინისტრირება. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც სავაჭრო ცენტრში, რომელსაც დღეში 30 000 ადამიანი სტუმრობს, როგორ უნდა შევძლოთ იმის შემოწმება, ვინ არის ვაქცინირებული და ვინ არა? ამის მარტივი მექანიზმი თუ იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ გასათვალისწინებელია მომხმარებლის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, შესაძლო ჩაკეტვა ყველა ბიზნესისთვის კატასტროფა იქნება. ბიზნესმა მცირედით აღდგენა უკვე დაიწყო და ახლა მისი გაჩერება, ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.

„სითი მოლი“ ტესტავდა თანამშრომლების 100%-ს. მას შემდეგ, რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ჩვენს ორივე ობიექტზე განთავსდა ვაქცინაციის პუნქტები და საინფორმაციო კამპანიაშიც ჩართული ვართ, ამან გარკვეული დროით შედეგები გამოიღო“, - აღნიშნა მესხელმა „საქმის კურსთან“ საუბრისას.

ჯერჯერობით საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 31.9%-ია სრულად აცრილი. ბოლო 24 საათში 5543 ადამიანი აიცრა, ხოლო სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.7%-ია. მთავრობის გეგმით კი, წლის ბოლომდე 60% უნდა აიცრას.