უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ

იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ სამართლიანობის აღდგენას გვპირდება და მეორე მხრივ, უსამართლობის ერთ-ერთ იდეოლოგს და აღმასრულებელს, კოტე კუბლაშვილს თავზე ხელს უსვამს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლაზე ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ალაპარაკდა. ყოფილი მოსამართლე, ლალი ლაზარაშვილი დეტალურად ყვება იმის შესახებ, როგორ აიძულეს იგი თანამდებობა დაეტოვებინა და ეს მოხდა იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმის დაკვეთების შესრულებაზე უარი თქვა. ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე კონკრეტულ გვარებს ასახელებს, ვინც მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

როგორ ხდებოდა მოსამართლეების შერჩევა ცნობილ საქმეებზე და როგორ იმორჩილებდა მართლმსაჯულებას წინა ხელისუფლება, ამაზე ყოფილი მოსამართლე, ლალი ლაზარაშვილთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლალი ლაზარაშვილი: „ზოგადად, რეჟიმი დაინტერესებული იყო, რომ სასამართლო მორჩილებაში ჰყოლოდა. სასამართლოს დამორჩილება კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და პალატების თავმჯდომარეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მეშვეობით განხორციელდა. ისინი ახდენდნენ ზეწოლას მოსამართლეებზე, რათა მათ რეჟიმისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღოთ, ხოლო ვინც „ურჩი“ იყო, მათ წინააღმდეგ დევნის ღონისძიებები იწყებოდა, რათა დანარჩენი მოსამართლეებისთვისაც ეჩვენებინათ - თქვენც თუ ხმას ამოიღებთ, იგივე მოგივათო.

თქვენით დაინტერესება რატომ მოხდა, თქვენცურჩი მოსამართლეებისრიცხვში აღმოჩნდით?

- იყო კონკრეტული შემთხვევა, რის გამოც ბატონი კუბლაშვილი ძალიან განმირისხდა. ეს იყო შრომის დავების საკითხი. მაშინ მე ვმუშაობდი უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. იმ პერიოდში შემოვიდა მრავალი ასეთი დავა (შრომის დავა), სადაც თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებულები იყვნენ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით. სხვათაშორის, ეს ნორმა არ იყო ცალსახა, იყო ბუნდოვანი და მას წინა ხელისუფლება იმგვარად განმარტავდა, რომ დამსაქმებელს ნებისმიერ დროს, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე შეეძლო თანამშრომლის განთავისუფლება. მოსამართლეებსაც აიძულებდნენ, რომ ეს ნორმა ასე განემარტათ.

პირველ ინსტანციაში მიაღწიეს იმას, რომ სასამართლო ამ ნორმას ასე განმარტავდა და სხვათაშორის, სააპელაციო სასამართლოშიც. შემდეგ, როდესაც ეს საქმეები უზენაეს სასამართლოში ამოვიდა და ჩვენმა კოლეგიამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად არასწორი განმარტებაა, ჩვენ ვთქვით, რომ არასწორია თანამშრომლის ასე გათავისუფლება და არც ის იყო სწორი, რომ ასე გათავისუფლება სასამართლომ სწორად მიიჩნია. ამიტომ, ეს საქმე უკან დავაბრუნეთ.

ამის შემდეგ ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა დაგვიბარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეები და ძალიან მკაცრად გვესაუბრა.

ეს როდის მოხდა?

- ეს არის 2010 წლის 23 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება და კუბლაშვილმა ძალიან მალევე დაგვიბარა, როდესაც გაიგო, რომ ამ გადაწყვეტილებით საერთო პრაქტიკის წინააღმდეგ წავედით.

სად დაგიბარათ მან სასაუბროდ?

- მან დაგვიბარა თავის სამუშაო კაბინეტში.

კონკრეტულად რა გითხრათ კუბლაშვილმა?

- მან პირდაპირ გვითხრა - როგორ გაბედეთ, რომ ჩვენი დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ განმარტეთ ეს მუხლი. მისი ჩვენთან „გასაუბრება“ მიზნად ისახავდა იმას, რომ ჩვენ პოზიცია შეგვეცვალა და მსგავსი დავის განხილვისას ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოგვეტანა, თითქოს, ის ერთი გადაწყვეტილება შემთხვევით „გაიპარა“. მიუხედავად ამისა, პოზიცია არ შემიცვლია და დანარჩენი საქმეებიც ასევე განვიხილე, რამაც უკვე მათი უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია.

რა მოხდა ამის შემდეგ?

- იყო კიდევ მეორე თემა, რომელსაც პოლიტიკური ხელისუფლება განმარტავდა განსხვავებულად, ვიდრე რამდენიმე ჩვენი მოსამართლე. ეს ეხებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძოდ, შესაძლებელია თუ არა სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.

ზოგადად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ორი საფუძველი არსებობს. ერთი არის პროცესზე გამოუცხადებლობა, ხოლო მეორე მოპასუხის შესაგებლის წარმოუდგენლობა, ოღონდ კანონმდელობის თანახმად, ეს მეორე საფუძველი მხოლოდ პირველ ინსტანციას ეხება. აპელაციაზე ვრცელდებოდა თუ არა ეს მუხლი, სწორედ ამაზე გვქონდა დავა. აპელაციაზე რომ ეს ნორმა გაგვერვცელებინა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და ალოგიკურ შედეგს ვღებულობდით. გამოდიოდა, რომ თუ მხარე, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი დაწერა, პროცესზე მივიდა, ილაპარაკა (არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც მისი სასარგებლო არგუმენტები წერია), შემდეგ თუ ეს მხარე არ დაწერდა, რომ სააპელაციო საჩვარს არ ეთანხმება, მის წინააღმდეგ ავტომატურ რეჟიმში უნდა გამოტანილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ეს ემსახურებოდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. თუ დააკვირდებით, წინა ხხელისუფლებამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში სულ ამ სულისკვეთებით შეიტანა ცვლილებები.

თქვენ ყვებით ორი შემთხვევის შესახებ, რომელთა გამოც თქვენზე ზეწოლა დაიწყო. ეს გამხაურებული საქმეები იყო, თუ უბრალოდ წინა ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა საქმეზე ისეთი გადაწყვეტილება დამდგარიყო, როგორიც მას სურდა?

- ეს იყო რიგითი შრომითი დავები, მაგრამ იმ რეჟიმის პრინციპი იყო ასეთი. ზოგადად კი გეტყვით, რომ გამხაურებულ საქმეებს მე არ მაწერდნენ.

ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მათთვის თქვენი განწყობა იყო ცნობილი?

- დიახ, პოლიტიკური რეჟიმი მართავდა და წყვეტდა იმასაც, რომელ მოსამართლესთან რომელი საქმე უნდა მოხვედრილიყო, არა კანონის თანახმად (კანონის თანახმად, ეს რიგითობით ხდება), არამედ როგორც თვითონ აწყობდათ. პრინციპულ მოსამართლესთან გახმაურებული საქმეები არ ხვდებოდა, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც პრინციპულმა მოსამართლეებმა საქმეზე განსხვავებული აზრი დაწერეს და ამის გამო უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ამიტომ ამ საკითხს ძალიან მკაცრად აკონტროლებდნენ. ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ სფეროსადმი, რომ რიგითი მოქალაქეების საქმეებზეც კი მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული.

რა იყო კუბლაშვილთან თქვენი დაბარების შედეგი?

- როგორც მოგახსენეთ, მე პოზიცია არ შევიცვალე. ამ დროს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა ვასილ როინიშვილი, პროკურატურის კადრი, ისევე, როგორც ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე. როინიშვილის მისია იყო სამოქალაქო პალატაში „წესრიგის“ დამყარება. იმ დროს (2010 წლის ბოლოს) ერთადერთი სამოქალაქო პალატა იყო დარჩენილი, სადაც რეჟიმის წესები არ იყო დამყარებული და შესაძლებელი იყო, რომ რეჟიმისთვის სასურველი გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით არ გატანილიყო. პალატაში რომ უმრავლესობა ჰქონოდა, პოლიტიკურმა რეჟიმმა გადაწყვიტა ვასილ როინიშვილის ხელით, სულ ცოტა, ერთი მოსამართლის მოშორება და მისი მორჩილი კადრით ჩანაცვლება. ეს მოსამართლე აღმოვჩნდი მე.

ჩემთან იმდროინდელი პროკურატურის მეთოდებით დაიწყეს მუშაობა. როინიშვილმა დამიბარა და დამემუქრა, რომ ჩემს წინააღმდეგ აღიძვრებოდა დისციპლინური დევნა, იმის გამო, რომ რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილების გაგზავნის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადაზე გადაცილებული მქონდა. ამ დროს რიგითი მოსამართლეები საქმეებში ვიხრჩობოდით, ხოლო პალატის თავმჯდომარეები საქმეებს ან საერთოდ არ იხილავდნენ, ან ძალიან ცოტა საქმე ჰქონდათ. როდესაც ამ მუქარამაც არ გაჭრა, როინიშვილმა პირდაპირ შემომთავაზა, რომ თანამდებობა დამეტოვებინა.

ეს თქვენი განცხადების საფუძველზე უნდა მომხდარიყო?

- დიახ, ეს თითქოსდა, ნებაყოფლობით უნდა გამეკეთებინა და სამაგიეროდ, სხვა სამსახურს შემომთავაზებდნენ. ამდენად, მე უნდა მევაჭრა იმასთან დაკავშირებით, თუ რას შემომთავაზებდნენ. მან პირდაპირ ასეთი სიტყვები მითხრა - „მე აქ მჭირდება გუნდი, თქვენ კი აქ „დეტსკი სადი“ გამიმართეთო“.  როგორც ჩანს, პროკურატურაში ის თავის დროზე ამ მეთოდით მუშაობდა. „დეტსკი სადი“ კი იყო ის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ჩემს პოზიციას ვიცავდი.

რამდენადაც, არც ეს გეგმა გავიდა, მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ სისხლის სამართლის პალატაში გადავეყვანე. მე კი სისხლის სამართლის სპეციალისტი არ ვიყავი. მე ვარ ძირითადად სამოქალაქო სამართლის და დამატებით ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი. სულ სამ თუ ოთხ საქმეზე ვიყავი სისხლის სამართლის პალატაში მიმაგრებული და იქიდანაც ორ საქმეზე განსხვავებული აზრი დავწერე.

რატომ მიიღეს თქვენი სისხლის სამართლის პალატაში გადაწყვანის გადაწყვეტილება?

- ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა მათ მიზანს, რომ ამ სისტემიდან როგორმე განვედევნე. ჩემი საკითხი 2010 წლის 12 ნოემბერს პლენუმის სხდომაზე გაიტანეს. პლენუმს ჩემს გარდა 19 წევრი, აქედან 4 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ესწრებოდა. კუბლაშვილმა პლენუმს მიმართა წარდგინებით და მოითხოვა, რომ მე სისხლის სამართლის პალატაში გადავეყვანე. თავისი წარდგინება მან ასე დაასაბუთა, რომ ლალი ლაზარაშვილს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პალატებში მუშაობის დროს ჰქონდა ვადების დარღვევები და ამიტომ სისხლის პალატაში უნდა გადავიყვანოთ. ეს იყო მისი მოტივაცია და სხვა ვერაფერი მოიფიქრა. პლენუმის 19 წევრიდან 17-მა ამ გადაწყვეტილებაზე თანხმობა განაცხადა, წინააღმდეგი წავიდა მხოლოდ ორი მოსამართლე - ქალბატონი ნუნუ კვანტალიანი და ბატონი თეიმურაზ თოდრია (სამოქალაქო პალატის წევრები). აქედან გამომდინარე, უკვე ადვილი მისახვედრია, როგორი იყო სამოქალაქო პალატაში ძალთა ბალანსი, ანუ იქ სულ ცოტა სამი ე.წ. „ურჩი“ მოსამართლე იყო.

პლენუმის სხდომაზე გავნაცხადე, რომ ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით საუკეთესო მართლმსაჯულების განხორციელება შემიძლია მხოლოდ სამოქალაქო, ან ადმინსიტრაციულ სფეროში და ამიტომ ჩემი სისხლის სამართლის პალატაში გადაყვანის წინააღმდეგი ვარ-მეთქი. ჩემი ნება აბსოლუტურად იგნორირებული იყო.

გამოდის, რომ მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე დანიშნეს თანამდებობაზე?

- დიახ, სწორედ ასეა. ამით მათ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლი, საჯარო სამსახურის კანონი (რადგან არ შეიძლება საჯარო მოხელის სხვა სამსახურში გადაყვანა, მისი ნების საწინააღმდეგოდ). გარდა ამისა, არსებობს მოსამართლეთა სტატუტის შესახებ ევროპის ქარტია, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ მოსამართლის გადაყვანა, სხვა ადგილას გამწესება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი თავისუფალი თანხმობით. ამდენად, ეს გადაწყვეტილება ყველა კანონს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური რეჟიმის გადაწყვეტილება, რომელიც მათ რიგითი მოსამართლეების მონაწილეობით გააფორმეს. იმ მოსამართლეებზეც, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, სერიოზული ზეწოლა იყო. ყველაფერ ამის შემდეგ, იძულებული გავხდი სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე განცხადება დამეწერა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭომ იმავე დღეს დააკმაყოფილა. ასეთი ოპერატიულობის მიზეზი იყო ის, რომ ალბათ, ეშინოდათ, არ გადამეფიქრებინა.

გამოდის, რომ ასე თუ ისე, მაინც მიაღწიეს იმას, რომ თქვენი ნებით წამოხვედით სამსახურიდან.

- დიახ, მათ მოსამართლეებთან მუშაობის, ანუ მათი დამორჩილების ძალიან ბევრი მეთოდი ჰქონდათ. ჩემი შემთხვევა ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო, მაგრამ მე ერთადერთი არ ვყოფილვარ.

თუ სცადეთ მიგემართათ შესაბამისი ორგანოებისთვის, რომ ან სამსახურში აღედგინეთ, ან თქვენი გათავისუფლების საკითხის შესწავლა მომხდარიყო?

- გასული წლის ოქტომბრამდე ვინმესთვის მიმართვას არანაირი აზრი არ ჰქონდა. თუმცა ახლაც, წესით, ვისაც უნდა მივმართო, იმ უწყებებში ისევ ის ადამიანები მუშაობენ. საუბარია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომელიც ახალი შემადგენლობით ჯერ არ შეკრებილა. ჩემი მაგალითი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლება მოსამართლეებს.

აქვე გეტყვით, რომ 2007 წელს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პროკურატურის კადრი იყო. ეს ადამიანი იმისთვის მოვიდა სასამართლოში, რომ ადმინისტრაციული პალატა დაემორჩილებინა, რაც მან მოახერხა არა მხოლოდ უზენაეს სასამართლოში, არამედ სამივე ინსტანციაში. პირველი, ვისაც იგი აშკარად შეეჯახა, მე აღმოვჩნდი. მე შევეწინააღმდეგე სახელმწიფოს მონაწილეობით წარმოებულ ქონებრივ დავებში. კერძოდ, შევეწინააღმდეგე იმას, რომ სახელმწიფოს მიერ მოქალაქისთვის ერთხელ  მიცემული ქონება უკან წაგვერთმია, რათა ამ ქონებების ხელახლა გადანაწილება მომხდარიყო.

ჩინჩალაძის ინიციატივით ჩემს წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო იმ მოტივით, რომ თითქოს, ვადებთან დაკავშირებით რაღაც დარღვევები მქონდა და ამის გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შენიშვნა გამომიცხადა.

ვინ განიხილა თქვენი საქმე?

- ჩემი საქმე მაშინ განიხილეს ლაშა კალანდაძემ, აკაკი მინაშვილმა, მურთაზ ზოდელავამ და მამია ფხაკაძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავიდანვე რეჟიმის მორჩილი იყო და მოსამართლეებს მისი ხელით ებრძოდნენ.

აქვე გეტყვით, რომ როდესაც მაიძულებდნენ, რომ სამსახურიდან წავსულიყავი, სწორედ ამ დროს, როდესაც ვასილ როინიშვილი ჩემთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ჩემი და იუსტიციის სამინისტროდან სრულიად უსაფუძვლოდ გაანთავისუფლეს. მე რომ მორჩილი მოსამართლე ვყოფილიყავი, ჩემს დას უსამსახუროდ არ დატოვებდნენ.

ამასთანავე, მე ასე ვთქვათ, სისტემურად დამბლოკეს, რათა სამსახური არსაც დამეწყო. უზენაესი სასამართლოდან წამოსვლის შემდეგ, 2011 წლის ზაფხულში თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. სულ გამოცხადებული იყო სამი ვაკანსია, საიდანაც საკონკურსო კომისიამ კონკურსი მხოლოდ ერთზე დანიშნა, დანარჩენი ორი თანამდებობა კი ვაკანტური დატოვა. ამ დროს კონკურსში ვმონაწილეობდი მე და კიდევ სხვა ბევრი ღირსეული იურისტი და აქედან ერთ-ერთს მაინც გვეკუთვნოდა ამ თანამდებობის დაკავება.

მოგეხსენებათ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში პოლიტიკური რეჟიმი აკონტროლებდა ამ კონკურსს, რათა რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანი იქ არ მოხვედრილიყო. საკონკურსო კომისიის წევრები კი იუსტიციის სამინისტროს და სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ.