„ერთი რამ ვიცი, ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს ოპოზიციას არანაირი საბაბი, რომ მათ დაიწყონ აქციები და გამოვიდნენ ქუჩაში“

„ერთი რამ ვიცი, ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს ოპოზიციას არანაირი საბაბი, რომ მათ დაიწყონ აქციები და გამოვიდნენ ქუჩაში“

„ბუნებრივია, სააკაშვილის გადაწყვეტილება, გააგრძელოს -გათვლილია იმაზე, რომ 30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ის, ალბათ, თვლის, რომ მისი შიმშილობა ხელს შეუწყობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად, ოპოზიციის ამომრჩევლის იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ შეწყვეტს, სრულიად ბუნებრივი მიზეზის გამო“, - განუცხადა  ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-ს.

ექიმთა კონსილიუმმა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში 19 ოქტომბერს მოინახულა, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანის მომხრეა…

- ის რომ, სააკაშვილი ითხოვს კერძო კლინიკაში გადასვლას, არ ვიცი, რამდენად შეესაბამება კანონს, რადგან პატიმრებთან ურთიერთობა კანონით განისაზღვრება. თუმცა, ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ არის რაიმე შანსი და შესაძლებლობა, იურიდიულ მხარეს ვგულისხმობ, სააკაშვილი გადაყვანილ იქნას კერძო კლინიკაში, ეს უნდა იყოს გამოყენებული.

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება 30 ოქტომბერს? შესაძლოა თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკრეტულ ქალაქებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვონ?

- ეს ჩემთვის ცოტა რთული განსასაზღვრია, რადგან არ ვიცი, რომელ რეგიონში რა ბალანსია. ეს დამოკიდებულია კანდიდატზე, რეგიონზე და კიდევ სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ასე ხელაღებით რაიმეს გადაწყვეტა და განსაზღვრა საკმაოდ რთულია.

თბილისში, მიუხედავად ყველაფრისა, კალაძე გაიმარჯვებს. ერთი რამ ვიცი, ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს ოპოზიციას არანაირი საბაბი, რომ მათ დაიწყონ აქციები და გამოვიდნენ ქუჩაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 14 ოქტომბრის მასშტაბურ აქციაზე თავისი სამოქმედო გეგმა გააჟღერა: 30 ოქტომბერს დაანონსებულია ასევე მასშტაბური აქცია. თქვენ პირადად რას ელოდებით 30-ში?

- ის, რაც დააანონსეს წინა აქციაზე, ეს არის ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ 30 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად. 30-ში აქციის დაანონსება მთლად სწორი არ იყო, რადგან 30-ში მოხდება არჩევნების შედეგების შეჯამება. გარდა ამისა, ამ არჩევნებსაც ეყოლებათ დამკვირვებლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება შეფასება.

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია ჩათვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, დაიწყება პერმანენტული აქციები. რა შედეგი ექნება, რთული სათქმელია, გარდა იმისა, რომ გარკვეული დესტაბილიზაციის შემცველი იქნება ეს აქციები. ამასთან, ხელისუფლება რა ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი გაგრძელება.

ჩვენ ამ აქციებს გარკვეულწილად მაინც შევეჩვიეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, არასასურველია. ამას დაემატა ის, რომ სააკაშვილი შიმშილობას მაინც გააგრძელებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იქნება, - ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იქნება იმისა, აქციები რა ხასიათს მიიღებს. მშვიდობიანი აქციები პრობლემა არაა, მაგრამ თუ ხელისუფლება ან ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ეს აქციები მთლად მშვიდობიანი არ იყო, მაშინ გარკვეული პრობლემები შეიქმნება ქვეყანაში.

14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას კონტრაქცია მოჰყვა…

- კონტრაქცია არის არაპროდუქტიული. არც ერთი ხელისუფლების დროს კონტრაქციას დადებითი შედეგი არ მოყოლია. როგორც წესი, ასეთი კონტრაქცია არ ამართლებს ხოლმე. ცოცხების აქციაც არასწორად მიმაჩნია და ის, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა, ესეც გასაგებია.

როდესაც ხელისუფლება, რომელსაც უამრავი მექანიზმი აქვს, კონტრაქციის ორგანიზებას იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მზადაა სამოქალაქო დაპირისპირებაზე წავიდეს. როდესაც ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, პრობლემატურია. მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ მოგწონს თუ არა, კონტრაქციები არის ხიფათის შემცველი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ მართალია, მას უამრავი მექანიზმი აქვს. სამოქალაქო დაპირისპირება, თუნდაც თეორიულად, არის ქვეყნისთვის დამანგრეველი.

ელოდებით 30 ოქტომბერს დაანონსებული აქციის საპასუხოდ კონტრაქციას?

ჩვენი ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია გვყავს, სამწუხაროდ, რომ რაიმეს გადაჭრით თქმა გამორიცხულია, რადგან რა მოუვათ თავში „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, არავინ იცის. კონტრაქცია იქნება ცუდი, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის.

განიხილება ვერსია, რომ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შესაძლოა უკრაინას გადასცეს ქართულმა მხარემ. რამდენად არის ეს შესაძლებელი?

- არ გამოვრიცხავ, რომ გადასცენ უკრაინას. მთელი მისი ჩამოსვლა, შიმშილობა, შემოპარვა და ა.შ. ბურუსით მოცულია. უამრავი კითხვის ნიშანია და ამაზე პასუხი არაა. სანამ ჩამოვიდოდა, ერთი თვით ადრე ღარიბაშვილი იყო კიევში, ზელენსკის შეხვდა. იქ რა ხდება, გაურკვეველია. ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ურჩევნია პატიმარი სააკაშვილი იყოს უკრაინაში და არა საქართველოში. ამიტომ, თუ უკრაინის მთავრობა „დაჟინებით“ მოითხოვს, რომ გადასცენ მისი მოქალაქე, „ქართული ოცნება“ რატომ იტყვის უარს ამაზე?!

Katana . "ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს ოპოზიციას არანაირი საბაბი, რომ მათ დაიწყონ აქციები და გამოვიდნენ ქუჩაში“
?
ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა გაიმარჯვოს!.. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში!
ხომ განაცხადა მელიამ - თუ არ გავიმარჯვებთ, შედეგებს არ ვცნობო!.. კიდევ რა ენაზე უნდა გვითხრან?
3 წლის უკან
trampi რად უნდა ამას კაკულია ნაცები ვერანაირად ვერ მოიგებენ
ზნაჩიტ დაიწყებენ მიტინგებს
2*2=4 ზუსტად ესეა
3 წლის უკან