პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების ბინადარ ექსპრეზიდენტს ახალი ბრალი წარუდგინა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას კი ბრალი დაუმძიმა. გამოიძება ბრალდებულს მძიმე დანაშაულის დაფარვას და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავება. რაც შეხება დაკავებულ კიდევ ერთ პირს, გიორგი ნარიმანიძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარედგინა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულ ნარიმანიძეს ნათესაური კავშირი აქვს ელგუჯა ცომაიასთან.
ბრალდების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ, რძის ნაწარმით სავსე ტრაილერში დამალულმა გადმოკვეთა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს „IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით.
აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ცომაიამ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა.
ამის შემდეგ, უკვე 01:50 საათზე ცომაიამ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა. ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ მამა-შვილი წოწერიები მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით.
სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ცომაიამ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. ცომაია ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი და მამა-შვილი წოწორიები და წავიდნენ აბაშის მიმართულებით, ჩავიდნენ სოფელ ტყვირში მდებარე ცომაიას საცხოვრებელ სახლში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 29 სექტემბერს, დღის საათებში, ცომაია დაუკავშირდა მის მეგობარ ნარიმანიძეს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. პარალელურად, ცომაია და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის „TRANSIT“-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.
29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა ნარიმანიძე და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და თბილისში, ცომაიას საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ.
ცომაიას საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ცომაია, რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო ნარიმანიძემ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში და კახეთის გზატკეცილის გავლით, მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე.
ამ მარშრუტის გავლის შემდეგ, ბრალდებული და მსჯავრდებული სააკაშვილი უკვე რუსთავის N12 დაწესებულებაში, სამარტოო საკანში აღმოჩნდა. სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ რეალურად, სამართლებრივი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს, შესაბამისად, სასაცილოც კია სააკაშვილისთვის. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით,
დაკავებიდან 20 დღის შემდეგაც კი „ქართული ოცნება“ სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ვერ ბედავს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ელოდება.
„ჩვენ აბსოლუტურად სხვა კუთხით ვუყურებთ ამ საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი დაბრუნება ქვეყანაში არის გმირობა, მან გააკეთა განცხადება, რომ დაბრუნდებოდა საქართველოში და დაბრუნდა კიდეც. მეორე მხარეს კი ვხედავთ მხდალ ხელისუფლებას, რომელიც 8 წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარმსდგარიყო მართლმსაჯულების წინაში და 20 დღეა უკვე ადამიანი პატიმრობაში იმყოფება და პროცესს არ გვინიშნავენ.
აი, ამ საქმეზეც, წარდგენილ ბრალდებაზეც, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვერ გაბედავენ სასამართლო პროცესის ჩანიშვნას იმ ეტაპამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და მეტყველება შეუძლია მისი შიმშილობიდან გამომდინარე. ბრალის დადგენილებაში მითითებულია სხვადასხვა პირთა ჩვენებები, თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვინ არიან ეს ადამიანები, ნაწილი იქნება, ალბათ, პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ არ გაგვიმახვილებია ამაზე ყურადღება იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს უბრალოდ სასაცილოა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე დაკავებულის, გიორგი ნარიმანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქევშ მყოფს სააკაშვილთან შეხება არ ჰქონია. როგორც შოთა თუთბერიძე აცხადებს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, გაცდენილია სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჩარჩოებს და ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი.
„პროკურატურის მიერ სატელეფონო შეტყობინებით მოწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ გადაწყვიტა ადვოკატი ჩამოაცილოს საქმეს, არის საბჭოთა პროკურატურის პრაქტიკის გაგრძელება. გადაწყვეტილება, რომ ადვოკატი ჩამოსცილდეს საქმეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, არის დაუსაბუთებელი როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად იმიტომ, რომ არ არსებობს აცილების არც ერთი საფუძველი.
აღნიშნულს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზანი, განხორციელდეს ზეწოლა დაკავებულ პირებზე, მათ შორის უკვე იმ პირებზე, რომლებსაც ბრალი წარედგინათ, მამა-შვილ წოწორიებზე და მათ შორის ბატონ ცომაიაზე, რათა მოპოვებული იქნას მათთვის სასურველი მტკიცებულებები, ჩვენებები, რაც გამოყენებული იქნება, ცხადია, ამ საქმის ფარგლებში, მათივე წინააღმდეგ ან მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. მე ვერ გეტყვით, რა იქნება ბრალდების ოფიციალური პოზიცია, თუმცა ამ ეტაპზე მას ედავებიან ბრალის დაფარვას. ერთადერთი შეხება, რაც ჰქონდა დაკავებულს, ის იყო, რომ მას პატარა ავტომობილი გადააბარა სხვა ბრალდებულმა, ცომაიამ“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი თანახმაა, მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
„მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში. ეს რასაკვირველია, დღეს და ხვალ არ მოხდება. შაბათ-კვირას ან არ ვიცი, როდის იქნება. კიდე გასავლელია რაღაც პატარა საკითხები ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროსთან, ამას გავარკვევ ყველაფერს ხვალ-ზეგ. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი აღარ შიმშილობს, არავითარ შემთხვევაში, ის შიმშილობას აგრძელებს, შეწყვეტაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მისი ანალიზები გავიარე. რაღაც უკეთესია, რაღაც უარესია“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. მისივე თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.