მელიამ არჩევნებამდე სკოლის მოსწავლეებიც დააპურა და პენსიონრებიც - ოღონდ ტყუილებით

მელიამ არჩევნებამდე სკოლის მოსწავლეებიც დააპურა და პენსიონრებიც - ოღონდ ტყუილებით

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა მელიამ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია ტყუილით და პოპულიზმით დაიწყო. განსხვავებით პირველი ტურისგან, როცა ნიკა მელია ამბობდა, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმი იყო, ახლა ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა მელიას გამოსახულებიანი ბანერები, სადაც ის თბილისელ პენსიონერებს პენსიის 100 ლარით გაზრდას პირდება, როცა თბილისის მერს არავინ ეკითხება პენსიის მატებას, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი და მთავრობა იღებს. ასევე მელია ამტკიცებს, რომ თბილისის საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის კვება უფასო იქნება. საქმე ისაა, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის და ის განათლების სამინისტროს ეკუთვნის, ასე რომ, არც სკოლების საკითხის გადაწყვეტას ეკითხება არავინ მელიას.

რამ გაახსენა მელიას პენსიონერები, ბავშვები და დედაქალაქის მოსახლეობა? საკითხს ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე ასე ხსნის: „მგონია ნიკა მელიას შემთხვევაში საქმე ორ რამესთან გვაქვს - ერთი მხრივ, ეს ადამიანი აზრზე არ არის, რა არის მერის თანამდებობა და თვითმმართველობის ორგანოები როგორ იმართება. მეორე მხრივ კი, ის არის მატყუარა. ეს ადამიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და არა აქვს არანაირი წარმოდგენა, არც სახელმწიფოს მართვაზე, არც სახელმწიფო სამართალზე, ბიუჯეტზე და ა.შ. ის ასევე არის ცნობილი მატყუარა და მის გუნდში მაინც უნდა აეხსნათ, რომ ასეთ ტყუილს ხალხი მიხვდება. თვითმმართველობის ორგანოების მართვას რომ შევეხოთ, აქ არსებობს საკუთარი და დელეგირებული უფლებები. რაც შეეხება სკოლებში კვების, პენსიების გაზრდის და სტუდენტების საკითხს, ეს უბრალოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაში არ შედის. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება და სწორედ იმის გამო, რომ მერს არა აქვს ბიუჯეტში რესურსი, მასწავლებლების ხელფასი, პენსიები, სკოლებში კვება უზრუნველყოს, ეს ყველაფერი არის ტყუილი. ამ ყველაფერს განათლების სამინისტრო ანხორციელებს“, - ამბობს ლადო ბოჟაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პენსიებთან დაკავშირებით 2018 წელსაც იტყუებოდა, როცა მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ პენსიებს 400-ლარამდე გაუზრდიდა. არადა აღმოჩნდა, რომ ეს პრეზიდენტის კომპეტენცია აღარ იყო. ბოჟაძე ამბობს, რომ მერიას მხოლოდ აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი ქალაქის ბიუჯეტიდან გარკვეული დანამატები გასცეს. ეს იქნება წამლებზე დახმარება თუ სხვა საჭიროებისთვის მოსახლეობის დახმარება.

„რასაც მელია ამბობს, თუკი თბილისში მცხოვრებ ყველა პენსიონერს 100 ლარს დავუმატებთ, მაშინ გამოვა, რომ ყველა მიმდინარე პროექტი, რაც ქალაქში ხორციელდება, უნდა გავაჩეროთ. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ბაღების და სკვერების გაკეთება, მაშველების ხელფასების გაცემა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უბრალოდ, უნდა შევაჩეროთ. ეს არის საკუთარი ამომრჩევლების შეურაცხყოფა და მერე ყველა სხვა პენსიონერის, სტუდენტის, სკოლის მოსწავლის და მათი მშობლების. ჯერ ერთი, რომ ეს არ არის თვითმმართველობის ორგანოს პრეროგატივა და მეორე მისი ფინანსები მერიის ბიუჯეტში არ არსებობს“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ენმ-ისგან საზოგადოება უკვე დიდი ხანია ფუჭ და პოპულისტურ დაპირებებს მიეჩვია. ეს იყო, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს. ის, რომ ამ ბანერების შინაარსი მხოლოდ ნიკა მელიას დავაბრალოთ, სწორი არ იქნება. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ პოლიტიკური სლოგანების გამოსაქვეყნებლად, ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ხელმძღვანელებთან ერთად საკონსულტაციოდ იკრიბებიან და მსჯელობენ საზოგადოებას რა ახალი დაპირება შესთავაზონ. ხოლო ამ სლოგანებით „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ საკმაოდ არაკომპეტენტური პოლიტიკური საბჭო ყავს. შეუძლებელია პოლიტიკური პარტია კომპეტენციების და უფლებამოსილების გადანაწილებაში არ ერკვეოდეს.

„წარმოუდგენელია ამხელა გამოცდილების პარტიამ არ იცოდეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია არ არის, პენსიების მომატება, რადგან ეს ჯნდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა და სკოლებში უფასო კვება კი განათლების სამინისტროს გადასაწყვეტი. გამოდის, რომ ენმ დედაქალაქის მერს კი არ ირჩევს, მათ ილუზიაში ნიკა მელია, სულ მცირე, პრემიერ-მინისტრი იქნება. საზოგადოებას მინდა ვუთხრა ხაზგასმით, რომ ასეთი იაფფასიანი პოპულიზმი ძალიან სამარცხვინოა. ასეთი მდარე ხარისხის სლოგანებით, არ მინდა დავიჯერო, რომ წინა ტური რეფერენდუმი იყო, ახლა მეორე ტური მერის არჩევნებია. მე მგონი თავგზააბნეულები თავადვე არიან და ასეთი სამარცხვინო პოპულიზმით შორს ვერ წავლენ, მით უმეტეს პარტია არათანმიმდევრულობას კიდევ ერთხელ თავად ავლენს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში ხელმძღვანელობა უკვე მორღვეულია და მეორე ტურის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან დიდი რღვევა დაიწყება“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, როდესაც სოციალურ ქსელში მელიას ბანერები გამოქვეყნდა, მას ფეიკი ეგონა. ხოლო როცა ქუჩაში გავიდა და ნახა რომ ეს დაპირებები რეალურად ბანერებზე იყო განთავსებული, აბაშიძე ამბობს, რომ გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ არის ეს იმ ახალი სახეების შემოქმედება, რომლებიც ნიკა მელიამ თავის დროზე პარტიაში შეიყვანა და არაკომპეტენტურობით გამოირჩევიან? ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მელია ასეთ ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში პარტიაში ახლადგამოჩეკილმა წევრებმა ჩააყენეს.

 

Katana . კიდევ ერთ კურიოზზე წეღან ვუსმინე ტელევიზორში: მელია ამომრჩეველს ჰპირდება, თურმე, რომ ყოველწლიურად 100 სტუდენტის სწავლას დავაინანსებთ უცხოეთშიო!.. აღმოჩნდა, რომ ეს ხელისუფლება 900 სტუდენტს აფინანსებს უკვე! :)) ე.ი. მელია ჰპირდება, 900 სტუდენტს დავიყვან 100-ზეო! :)))
(შეიძლება არაფრის აზრზე არა ხარ, მაგრამ ხომ შეიძლება, წინასწარ გაიკითხო მაინც რაღაცა!)
3 წლის უკან