მანდატურები მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებისაგან ”იცავენ”

მანდატურები მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებისაგან ”იცავენ”

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი რევაზ მაჭავარიანი მანდატურის ოქმის საფუძველზე სამსახურიდან მის გათავისუფლებას აპროტესტებს და სკოლის დირექტორს, ლევან ღურწკაიას პროკურატურაში უჩივის. 

ინციდენტი, რომელმაც პედაგოგისა და მანდატურის დაპირისპირება გამოიწვია, ფიზკულტურის გაკვეთილზე მოხდა. “პრესაგე.ტვ”-სთან საუბარში რევაზ მაჭავარიანი ამბობს, რომ მანდატურმა იგი მე-8 (ბ) კლასის მოსწავლის, გიორგი ჯალაღონიას ცემაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. 

რევაზ მაჭავარიანი: მეხუთე გაკვეთილი იყო. ბავშვები სპორტულ მოედანზე გავიყვანე და მოთელვითი ვარჯიში ჩავატარებინე. შემდეგ გავანაწილე და გავუშვი სათამაშოდ. მოედანზე დარჩენილი ორი მოსწავლე, გიორგი ჯალაღონია და გურამ ქორთუშვილი შევნიშნე, რომლებიც კამათობდნენ. მივუახლოვდი და თამაშებში ჩართვა ვთხოვე, მაგრამ სამი გაფრთხილების მიუხედავად კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რასაც გინება და უწმაწური სიტყვებიც მოჰყვა. 

მოზარდების გაშველებას ვერ ვახერხებდი. იძულებული გავხდი ორივესთვის ხელი ჩამევლო, რათა ერთმანეთთან მიახლოვების საშუალება არ მისცემოდათ. ამ დროს მანდატური ჯიმშერ ბაძაღუა მოგვიახლოვდა, მე გვარი მკითხა, ჯალაღონია კი გაიყვანა და გაესაუბრა. 

მას მეორე მანდატურიც ახლდა. გაკვეთილების დასრულების შემდეგ სამასწავლებლოსთან, სადაც კლასის ჟურნალი მიმქონდა, შეკრებილი პედაგოგები ვნახე, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მე თითქოს მოსწავლე ვცემე. მოულოდნელობისა და ნერვიულობის ფონზე არტერიულმა წნევამ ამიწია. პირველადი დახმარება  კოლეგებმა გამიწიეს... 

ორშაბათს, სკოლაში მისულს დირექტორმა დამიბარა და მითხრა, უნდა გაგათავისუფლოო. მიზეზი ვკითხე და მიპასუხა, მანდატურის ოქმის საფუძველზეო. იმავე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს, როლანდ ახალაიას მივმართე. საქმე უკვე გადაეცა შსს ზუგდიდის სამმართველოს, სადაც გამომძიებელს ახსნა-განმარტება მივეცი”. 

რამდენიმე დღის წინ რევაზ მაჭავარიანს კოლეგებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. შედეგად კი სკოლის ადმინისტრაცია და რესურსცენტრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ფიზკულტურის მასწავლებლის წინააღმდეგ ოქმის შემდგენი მანდატურები სკოლიდან დაეთხოვა. თუმცა, ისინი ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში მალევე გადაანაცვლეს. 

ინციდენტის შესახებ კლასის დამრიგებლის თხოვნით შედგენილ ბარათებში “დაზარალებულთან” ერთად თვითმხილველი მოსწავლეები ცემის ფაქტს უარყოფენ. 

“პრესაგე.ტვ”-მა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ იმ მიზეზით ვერ მოახერხა, რომ დირექტორის მითითებით, ახლადჩანაცვლებულმა მანდატურებმა ჟურნალისტებს სკოლის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. 

მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არც დირექტორს სურს. სკოლის ეზოში ლევან ღურწკაია მხოლოდ იმას ამბობს, რომ “მაჭავარიანმა მოსწავლეს ხელი გაარტყა”. 

რევაზ მაჭავარიანი: “დირექტორი უკანონოდ იმიტომ მოიქცა, რომ მას საკითხის განსახილველად არც სამეურვეო საბჭო, არც პედაგოგიური კოლექტივი და არც სკოლაში არსებული სადისციპლინო კომისია მოუწვევია. მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, არადა პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლის მანძილზე დირექტორებისგან შენიშვნა არასოდეს მიმიღია, მათ შორის ღურწკაიასგან”. 

რევაზ მაჭავარიანი არ გამორიცხავს იმასაც, რომ მოსწავლეები მის წინააღმდეგ გამოიყენონ და გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიაღებინონ.