საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება, რომელშიც გარდა სინოდის წევრებისა, ჩართულია თეოლოგი გოჩა ბარნოვი და ბიზანტიოლოგი თამარ მესხი. შეხვედრა სტამბოლში, 22 ოქტომბერს უნდა შედგეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ აკონკრეტებს არც მთავარ დამფინანსებელს წმინდა სინოდიდან და არც მაღალ იერარქებს, რომლებიც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები არიან, მაგრამ ამბობს, რომ მათი დახმარებით თეოლოგების ჯგუფი ბართლომეოს პირველს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაჟღერებას სთხოვენ, რის სანაცვლოდაც, კი უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას დაჰპირდებიან.
„ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან. ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ, ჯერჯერობით) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთანთან.
შეხვედრაზე ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, „თეოლოგი“ გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება“, - წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ სტამბოლში გამგზავრებას მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტით გეგმავს. პროტოკოლის მიხედვით სტუმრები მსოფლიო პატრიარქთან პირისპირ რამდენიმე წუთი რჩებიან. თუმცა თეოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სწორედ მაშინ ისაუბრონ. ბარნოვი რომ საქართველოს პატრიარქის და საპატრიარქოს წინააღმდეგ მოქმედებს, ამის შესახებ საუბრობს თეოლოგი ლევან აბაშიძე, რომლის განცხადებით, ბარნოვი ახლა უფრო ღიად მოქმედებს.
„გოჩა ბარნოვი დიდი ხანია ღიად ლაპარკობს იმაზე, რომ ის ებრძვის საქართველოს საპატრიარქოს და წმინდა სინოდს. ამბობს, რომ უკვე ამათ არაფერი ეშველებათ, ესენი აღარ არიან ქრისტიანები, არიან რუსეთის აგენტები და ა.შ. მოუწოდებს ყველას და მათ შორის პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი ეკლესია უნდა გახდეს უფრო პროდასავლური. ასეთი ხაზი აქვს, რომელიც ცხადი და ცნობილია.
ბარნოვი 10 წელი საბერძნეთში სწავლობდა, მაგრამ რომ ჩადის და საქართელოს პატრიარქის, საპატრიარქოს, წმინდა სინოდის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს და ეუბნება, აბა, გვიშველეთ, დავიღუპეთო, ეს არ არის სწორი. დანარჩენი ღმერთმა განსაჯოს როგორც არის.
რაც შეეხება მეუფე შიოს ქადაგებას, სააკაშვილის ჩამოსვლამ კიდევ უფრო გაამწვავა პოზიციები როგორც პოლიტიკაში, მათ შორის საეკლესიო პოლიტიკაში. მღვდელმთავრების ნაწილმა ხელი მოაწერეს პეტიციას, ნაწილმა თქვა, რომ ხელმოწერა არ არის სწორი და ასე მოხდა კიდევ უფრო პოლარიზება, მათ შორის საეკლესიო იერარქიაში. გასაგებია, გვარამიამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს ვითარება. უკომპრომისო საინფორმაციო ომია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.
17 ოქტომბერს სამებაში, მეუფე შიომ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ამ ქადაგების კომენტირებისას „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია ღიათ ეთერით დაემუქრა მეუფეს და დაპირდა, რომ უმალ დადგება მისი მორალური სიკვდილი, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი გახდება. მეტიც, გვარამია ამბობს, რომ მეუფე შიოს წინააღმდეგ ფარულ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს.
ოპონენტების მიერ მეუფე შიოს და საპატრიარქოს წინააღმდეგ გალაშქრებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის განცხადებით, ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელი გვარამიას შეტევა მეუფე შიოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის მაგალითი, როგორ ებრძვიან სახელმწიფოს და მთავარ ფუნდამენტს, ეკლესიას.
„ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში ვხედავთ თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღვდელმთავრებზე, ეკლესიის წარმომადგენლებზე. მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას შეტევას მეუფე შიოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ მეუფე შიოს, მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას - მთავარ ფუნდამენტს.
ჩვენი მოსახლეობის წინაშე დღეს ძალიან მარტივი არჩევანია. ერთი მხრივ არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელმაც უკვე სამჯერ მიიღო ხალხის მანდატი და მეორე მხარეს არის ეს ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვამს კითხვას, ნიკა გვარამიამ საიდან იცის, უშიშროების არქივებში რა ინახება?! – „თუ იცის, გამოამჟღავნოს“.
მისი თქმით, კრებსები, რომელიც ასე მარჯვედ ჰქონდათ მომართული გადაცემაში, საუბრობს სრულიად საპირისპიროს.
„ჩაიხედონ კარგად და ნახავენ, რომ რუსეთის არანაირი გავლენა არ იკითხება მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნაში. არანაირი გავლენა და კავშირები არ იკითხება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენასთან მიმართებით. ასე რომ იქადიან, კარგად იციან, რა ფაილები დევს უშიშროების კარტოთეკაში! საკითხავია, ნიკა გვარამიამ საიდან იცის, „კაგებეს“ არქივებში რა ინახება?! თუ იცის, გამოამჟღავნოს. ხათრი აქვს ჩვენი დიდი და ამიტომ არ აკეთებს ამას, თუ ეს რას მივაწეროთ?!
ნებისმიერი თავდასხმა მეუფე შიოზე არის პირდაპირი თავდასხმა პატრიარქზე, საპატრიარქოზე და ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობაზე. მეუფე შიომ იქადაგა სახარების შესახებ და ხალხი შეძრწუნდა ამის გამო. რატომ შეწუხდა ეს ხალხი, რა იყო აქ ნათქვამი ისეთი, რომელიც სცდებოდა სახარებას?! ეს ქადაგება იყო კაცთმოყვარეობაზე, იმ წესზე, რომელსაც გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრება შენდობის დროს და აქ იყო საუბარი იმაზე, თუ რას ნიშნავს მტრის სიყვარული და თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს, ეს უფრო მისი პრობლემაა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მეუფე შიომ 17 ოქტომბერს მრევლს მიმართა: „დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.
შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „მოიკვეთეთ უკეთური!“ იგი პირდაპირ აცხადებს ამას. და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ „თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა, თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე. თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი, და თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს. და გახსოვთ რას ამბობს უფალი? „იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!“ თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.
სწორედ აქ ჩანს მშვენივრად, თუ რა არის საფუძველი შერიგებისა, შენდობისა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ხდება რაღაც გარემოებები, ქრისტიანები უნდა ვეცადოთ, ვიაზროვნოთ სახარებისეულად და გავიხსენოთ, რას ამბობს ამაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, ეს მინდიდა, მეთქვა თქვენთვის“, - ამ სიტყვებით მიმართა მეუფე შიომ მრევლს, რომელიც ოპოზიციურმა არხმა კონტექსტიდან ამოიღო.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე რომ არიან, არაა ახალი ამბავი. ამით აიხსნება მათი ანტიჰუმანური ხელისუფლების წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულები და ოპოზიციაში ყოფნისას მათ მიერ შექმნილი ტოქსიკური გარემო პოლიტიკურ ველზე.
მისი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს საკვირაო ქადაგებისას ნათქვამს, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ პირადი მტერი ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან, ტოტალიტარული „ნაცსექტის“ შეპყრობილმა ტელერუპორმა, გვარამიამ გავეშებულად უპასუხა. მისი თქმით, რაც მეტს ილაპარაკებენ ეკლესიის წინააღმდეგ გაშლეგებული გვარამია და „ნაცსექტის“ უინტელექტო ე.წ. მოლაპარაკე თავები, მით მეტ აღუდგენელ ზიანს მიაყენებენ „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ტოტალიტარული სექტა არის რელიგიური დაჯგუფება, სადაც სექტის ლიდერის მიერ ითრგუნება სექტის წევრების ნება და ცნობიერების კონტროლის მეთოდით ხორციელდება მათი მართვა. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელერუპორი ნიკა გვარამია გააფრთებით ებრძვის ქართულ ფასეულობებს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს ახალი მოვლენა არ არის. განსაკუთრებით, ეს გააფრთებულად ხდება წინასაარჩევნო პერიოდიში. თავი, რომ დავანებოთ ეკლესიურ თემებზე ლაპარაკს, პოლიტ-ტექნოლოგიურად რომ შევხედოთ, ყოველთვის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის დამაზიანებელია როდესაც ისე ებრძვის ავტორიტეტულ ინსტიტუტს - ჩვენს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მე არ ვიცი, სააკაშვილის პარტიაში, მათ ხელმძღვანელობაში, მათ აზროვნებაში ლოგიკის რა მარცვლები არის ამ ქმედებების და განცხადებების უკან, მაგრამ ფაქტია, რომ ამითი ისინი თვითდაზიანების უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამენ. ამას მათ არა მხოლოდ მათი ოპონენტები, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ აპატიებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრობლემას ხედავას იმაში, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს დალაგებული პოლიტიკური სტრატეგია, შემთხვევით ნაბიჯებს ადგამენ და ელოდებიან, რომ ამ შემთხვევითი ნაბიჯებით რაღაცა გამოუვათ.
„მაგათი ნაბიჯების ერთ ლოგიკაზე აწყობა ძალიან ძნელია. ძალიან ხშირად ეტყობათ, რომ შემთხვევით ნაბიჯებს, ან ემოციას აყვებიან. ახლა აგრესია გაუჩნდათ მეუფე შიოს მიმართ, იმიტომ, რომ ამოიკითხეს ეკლესიის მკაცრი პოზიცია სავარაუდოდ მათდამი და ხომ უნდა უპასუხონ, ემოციებს რა უყონ! მთელ დიპლომატიურ კორპუსს გამოუცხადეს ერთხანს ბრძოლა, მაშინაც ემოცია იყო მათთვის წამყვანი. ამიტომ, მათ მოქმედებაში რაიმე სტრატეგიაზე საუბარი ძნელია“, - უთხრა for.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ სწორად მოიქცია საპატრიარქოს პრეს-სპიკერი, რომელმაც პრევენციული განცხადება გააკეთა და შესაძლოა, იდუმალი გეგმის ნაწილი ჩაუშალა იმათ, ვისაც ეს ჩაფიქრებული ჰქონდა. მისი თქმით,
ბარნოვს და მესხს რომ ექნებათ კერძო საუბრები, იქ გაარჩიონ საქართველოს საკითხ. ამ აუდიენციის დროს პატრიარქი ბართლომე დათანხმდეს, რომ ის საქართველოს რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფს მხარს დაუჭერს, მით უმეტეს წინაასარჩევნოდ, ეს გვარამია-ბარნოვის ავადმყოფურ ფანტაზიებს უნდა მივაწეროთ.
„მე ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, ეს წარმოუდგენელი რამ არის. გვარამიას პეტიციის ხელმომწერ სინოდის წევრთა ნაწილს, ასევე მღვდელმსახურების ნაწილს, სამწუხაროდ ამოძრავებთ საპატრიარქოს გახლეჩა, საპატრიარქოში მინიმუმ ორხელისუფლებიანობის სიტუაციის შექმნა და სამომავლო გათვლა, რომ აი, ამ წიაღში აღმოცენდეს მომავალი პატრიარქი. ამიტომაც ტახტის მესაყდრის წინააღმდეგ გაილაშქრეს ამ ძალებმა. ეს ორკესტრირებულია „ნაცმოძრაობის“ მიერ, რომელსაც სამწუხაროდ სამღვდელოების გარკვეული ნაწილიც შეუერთდა და ისინიც დღეს ნაცები არიან.
სამწუხაროდ, ამ ნაცების მიზანია პირველი - მეუფე შიოზე დარტყმა და მეორე - დარტყმა საპატრიარქოზე. ისინი თითქმის ერთ-ერთში იმეორებენ 1924-26 წლის მოვლენებს, როდესაც 1924 წელს ბოლშევიკებმა ურჩი სინოდის წევრები, უბრალოდ, დახვრიტეს. მაგალითად მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, დახვრიტეს ქუთათელ გაინათელი მღვდელმთავარი, მაგრამ მაშინაც გამოჩდნენ სინოდის სხვა წევრები, რომლებმაც ჩაანაცვლეს თავიანთი დახვრეტილი ძმები და კოლეგები.
მაგალითად, ნაზარის ადგილი ქუთაისის კათედრაზე დაიკავა ეპისკოპოსმა დავით კაჭახიძემ, რომელმაც 1926 წელს დეკლარაცია მოამზადა, რომლითაც დაგმეს კათალიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია, დაგმეს მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, როგორც ანტიბოლშევიკური ელემენტები და მზადმყოფნა გამოთქვეს ბოლშევიკურ მთავრობასთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ეს დაუფასდა ეპისკოპოსს დავითს და ტახტის მემკვიდრედ იქნა დანიშნული, მაგრამ ვერ ეღირსა კათალიკოს პარტრიარქობას, ეპისკოპი დავითი 1936 წელს ჭლექით მოკვდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, დაახლოებით იგივე გზით მიდის დღეს გვარამია და ამ პეტიციის ხელმომწერი მეუფეები.
„არაფერი ახალი მათ არ შეუქმნიათ. მაშინ იყო ბოლშევიკური მიდგომა, დღეს გვაქვს ნეობოლშევიკური მიდგომა. დღეს მეუფე ნაზარის მკვლელთა იდიეოლოგიური მემკვიდრეები არიან გვარამია და ჟორიკა რურუა. ეპისკოპოს დავით კაჭახიძის იდიელოგიური მემკვიდრეები არიან ის მეუფეები, რომლებმაც ამ უგუნურ პეტიციას მოაწერეს ხელი“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.