თანხმობის შემთხვევაში სააკაშვილს კერძო კლინიკაში შაბათს, ან კვირას გადაიყვანენ

თანხმობის შემთხვევაში სააკაშვილს კერძო კლინიკაში შაბათს, ან კვირას გადაიყვანენ

გადაწყვეტილება მიღებულია. მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა აღნიშნულზე მისი თანხმობაა საჭირო. დღეს, ექს-პრეზიდენტს ციხეში მოინახულებს პირადი ექიმი და გადაწყვეტილებას გააცნობს. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, თანხმობის შემთხვევაში სააკაშვილს კერძო კლინიკაში შაბათს, ან კვირას გადაიყვანენ.

ექს-პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმებმა იუსტიციის სამინისტროში გამართეს შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.

როგორც კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა ზურაბ ფაღავამ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ინტენსიური დაკვირვებისთვის მოათავსონ.

„დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. დამთავრდა, ყველაფერი განვიხილეთ, რეკომენდაცია გავეცით. ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ, ვინაიდან გართულების ალბათობა მაღალია, იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, რეკომენდაცია გავეცით, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. ეს საათების საკითხი არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს“, - განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.

მაშ ასე, კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი პროფილაქტიკური მიზნებით ჰოსპიტალში გადაიყვანონ. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მიზანია, სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა უზრუნველყონ. მისი თქმით, მიღებულია გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული.

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია და ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენ კვალიფიციურ პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პირადი ექიმისგან განსხვებით, ტრადიციულად რადიკალურად განსხვევულ ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილის ადვოკატი, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილს უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ვარაუდობს, რომ 3-4 დღეში, ალბათ, დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი.

„ამ ეტაპზე არ არსებობს კონსილიუმის მიმართ უნდობლობის საფუძველი, რომელმაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს. განსაკუთრებულ, რაღაც დრამატულ ცვლილებებს ეს კონსილიუმი ვერ შეიტანს, თავისთავად ცხადია. ვნახოთ, შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად სანდო იყო ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ, უნდა, რომ ყველამ ილაპარაკოს მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი და ის მინიმუმ 6 წლით მოიხდის სასჯელს.

„ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და მინდა ბოდიში მოვუხადო. გარდა აქტუალური თემებისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე ყოველდღე საუბარი. მინდა ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, აღარ გავაკეთოთ სააკაშვილზე კომენტარი. ბუნებრივია, არჩევნებია და მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, შევახსენოთ რეალობა - მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. ის არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, მასკარადი, შეურაცხმყოფელი ქმედება არის მისი მხრიდან. ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ის არის ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ, უნდა, რომ ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე, ეს არის სამარცხვინო სიტუაცია.

ყველას სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, ამ ქვეყნაში არავის მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, მან ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, დაჩაგრეს და აწამეს, გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას არავის მივცემთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ისე დაიწყო შიმშილობა, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა პარტიამ კარგად იცის, რომ 9 წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულებია ჩადენილი და მოთხოვნებს ამიტომ ვერ აყენებს.

„საერთოდ გაუგებარია შიმშილობა, როდესაც მოთხოვნასაც კი არ აყენებ. სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, ალბათ, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში. მე მახსოვს 35-წლიანი ისტორია საქართველოში შიმშილობების და არც ერთი შიმშილობა არ მახსოვს მოთხოვნის გარეშე.

აქედან ჩანს ის, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებს მიხეილ სააკაშვილი, ვერც მისი რეჟიმის სხვა წარმომადგენელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში. ამას ეფუძნება ის, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ. შიმშილობა არის მათი კონსტიტუციური უფლება, შეუძლიათ იშიმშილონ, შეუძლიათ ჭამონ, როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტურისტი.

„ცოტა ღრმა ანალიზი გავაკეთოთ, რატომ მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ისე, რომ შედეგი ახარებს კრემლს?! - 2008 წელს, 2020 წელს, 2021 წელს. რატომ არის ამ ადამიანის ყველა ქმედება საბოლოო ჯამში კრემლის სიხარული და მიხვდით ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს არის ის ავანტურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც და, რა თქმა უნდა, ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობაც.

ისევე, როგორც ყველა ავტორიტარიზმი მოდის კეთილი სიტყვით, რეფორმებით და ამთავრებს სრული ძალაუფლებით, და ამ ძალაუფლების ტკბობით და მერე საშინელებებით, და მერე აი ამ „სტოკჰოლმის სინდრომით“ იმორჩილებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აი, ეს სურათი გვაქვს ჩვენ დღეს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვერევით, ეს დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ დაცვის მხარის განცხადებამ დასავლური მხარადაჭერა ვერ მოიპოვა. შესაბამისად, მორიგი ფეიკი, რომ სააკაშვილი მძიმედ არის, ანალიტიკოსების შეფასებით, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის გათვლილი. როგორც გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, სექტა „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია ახასიათებს როგორც ცხედრებით ვაჭრობა, ასევე სექტის პატიმარი ბელადის ჯანმრთელობის მდგომარეობით ვაჭრობა.

„მათი თვითმიზანია საინფორმაციო სივრცეში მუდმივად დომინირებდეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ხან ცუდად არის, ხან კარგად, რომელიც ასევე ემსახურება ერთ რამეს - გადაფარონ სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი თემები, რაც არის მაგალითად, საქართველოში პენგატონის ხელმძღვანელის ისტორიული ვიზიტი და ისტორიული ხელშეკრულება. საქართველო რადარებიდან კი არ გაქრა, როგორც „ნაცმოძრაობა“ აცხადებს, არამედ უფრო მკაფიო კონტურები გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც სანდო და სტაბილური პარტნიორი.

სააკაშვილის ექიმი შევიდა, გამოვიდა, ვიღაცამ კიდევ რაღაცა თქვა. ჩემთვის პირდად დაუჯერებელია, რომ დაუძლურებული, მოშიმშილე ადამიანი ინტენსიურად ისე წერდეს წერილებს, როგორც ამას აკეთებს 20 წლის ფეისბუქაქტივისტი. მაგრამ აქ ხომ ბელადის საკრალიზაცია ხდება, რომ მას აქვს ულევი, არამიწიერი ენერგიები ა.შ. ეს სექტისთვის დამახასიათებელი თვისებაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაფერზე ცდილობენ ხმაურის შექმნას. მისი თქმით, დაიწყება მანიპულაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ. ეს მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ მიერ გამრთულ აქციაზე მისული მოსახლეობის უმრავლესობის ინტერვიუებში ფიგურირებდა - „ჩემი პრეზიდენტი არ მინდა იყოს ციხეში, არ მინდა დაიჭირონ“.

„სააკაშვილზე, როგორც პიროვნებაზე კი არ იყო აქცენტი, არამედ - ჩემი პრეზიდენტიო ამბობდნენ. „მე, როგორც ქართველს, არ მინდა ჩემი პრეზიდენტი იყოს ციხეში“; „არ მინდა ჩემი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში“... ამ თემაზე დაიწყება საუბარი, რადგან რა მოტივით მივა გულშემატკივარი აქციაზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი მივიდეს. დანარჩენს, მერე, გზადაგზა მოუვლიან. გავიხსენოთ, მამა სარალიძის მოწოდებებზე მთავარი იყო მისულიყვნენ და მერე სათავისოდ აეწყოთ ყველაფერი. ეს მერამდენად მეორდება. სულ აქვთ გადასაწყვეტი ხალხის მოზიდვის ამოცანა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.