რუსეთმა მორიგი თავდასხმა - ამჯერად დიპლომატიური უწყება ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე“. კერძოდ, სერგეი ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ტენდეცნიური დოკუმენტების გატანით, ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე გარკვეული საკითხების განხილვას. შესაბამისად, რუსეთის დიპლომატიური უწყება გამოდის ინიციატივით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით.
რა მიზანს ემსახურება რუსული გზავნილი? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. საქართველოს რუსეთთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი ნამდვილად აქვს და ეს უნდა მოხდეს ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში, ეს რეალობაა, რომელიც რუსეთმა კარგად იცის. რა ახალი თამაში დაიწყო რუსეთმა?
პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი მეტ-ნაკლები რეგულარულობით აყენებს ხომე ამ საკითხს, როცა გამოელევა თემები. ჩამოწერილი აქვს თემები და ახლა დადგა საზღვრების დელიმიტაციაზეა საუბრის ჯერი. ქართულმა მხარემ ეს განცხადება უნდა გაატაროს. რუსეთი, რომელიც ვერაფერში ეხმარება აფხაზებს და ოსებს, ცდილობს აჩვენოს მათ და პირველ რიგში მსოფლიოს, რომ რაღაცა შესთავაზა საქართველოს. დღეს, რუსეთი ვერაფერს ვერ უკეთებს მათ, ვერ ეხმარება. ვერც აღიარებაში ვერ ეხმარება, გაიყინა აღიარების პროცედურა. წარმოიდგინეთ, რომ დროულად ვაქცინასაც ვერ აწვდის.
ვაქცინის კუთხით პრობლემა შეიქმნა აფხაზეთში?
- რა თქმა უნდა, აფხაზეთში არ აქვთ საკმარისი ვაქცინა, ამიტომ ძალიან გაბრაზებული არიან. ბიზნესმენები რუსეში ყიდულობენ ვაქცინას და შემოაქვთ.
შემოაქვთ ფართო საზოგადოებისთვის, თუ პირადი გამოყენებისთვის?
- ბიზნესმენი ყიდულობს ვაქცინას, შემოაქვს აფხაზეთში, რომ შემდეგ მოხდეს მოსახლეობის აცრა. რამოდენიმე ბიზნესმენმა შეიძინა ვაქცინა და შემოიტანა აფხაზეში. მხოლოდ ამის მერე მისცა რუსეთმა რაღაცა ნაწილი. მანამდე ფეხს ითრევდა. მერე მისცეს -„Спутник-В“ - ლაითი ერთჯერადი დოზა, რაც არაა ისეთი ძლიერი როგორც „Спутник-В“. რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს სრული იგნორირება, მოგუდვა აფხაზეთის და სამხერეთ ოსეთის. პრინციპში ოსები ისედაც თანახმა არიან ანექსიისთვის, მზად არიან ამისთვის. აფხაზები არა, ამიტომ რუსეთი ცდილობს როგორმე მოახერხოს მათი სრული მოგუდვა, რათა მზად იყვნენ ანექსიისთვის. საბოლოო ანექსია იქნება მაშინ, როდესაც სრულად შევლენ რუსეთის დაქვემდებარებაში ისე, როგორც ეს მოხდა ყირიმში.
გარდა იმისა, რომ ტერიტორია ოკუპირებულია, ნელ-ნელა მიმდინარეობს სახელისუფლებო სტრუქტურების მითვისებაც. ანუ, მიმდინარეობს სრული ანექსიისთვის შემზადება...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. მათ შორის მიმდინარეობს უსაფრთხოების სამსახურების და თავდაცვის სტრუქტურების მითვისება. მაგალითად, ახლა რუსეთს ელექტროენერგიაზე უჭირავს თვალი. ელექტრორესურსების და ინფრასტრუქტურის მითვისება უნდა, რომ ენგურჰესზე მოლაპარაკებები საქართველოსთან პირდაპირ რუსეთმა აწარმოოს და არა აფხაზურმა მხარემ. ბევრი ასეთი საკითხებია ჯერ კიდევ მოუგვარებელი. ამ ფონზე რუსეთს სჭირდება ასეთი ყბადაღებული თემები, რომელიც არასდროს არ განხორციელდება. აი, ხომ ხედავთ, მე თქვენ გეხმარებით და საქართველოს ველაპარაკები დელიმიტაცია-დემარკაციაზე.
რაც საბოლოო ჯამში მაინც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს...
- რასაკვირველია. იმ შემთხვევაში, თუ ქართველები გაბრიყვდნენ და დაიწყებენ ამაზე ლაპარაკი, ეს იქნება მომავალი სახელმწიფო საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არის შემოგდებული თემა, რომელიც არ იმუშავებს და რაზეც მკაფიო პასუხი გასცა ქართულმა მხარემ - მთავარი თემა არის რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ჟენევაში მიმდინარე დისკუსიის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოქალაქეებს ვიდრე არ ეცოდინებათ, სად გადის სახელმწიფო საზღვარი, გამყოფი ხაზი თუ ადმინისტრაციული საზღვარი, სამწუხაროდ, დაკავების შემთხვევები გაგრძელდება. რუდენკოს პოზიცია არის არგუმენტი იმისა, რასაც რეალურად ითხოს რუსეთის დიპლომატიური უწყება?
- ეს არის მუქარა. მაგრამ მან საინტერესოდ ახსენა - ადმინისტრაციული საზღვარი. ის, რომ ტერმინი ადმინისტრაციული საზღვარი ახსენა, ეს კარგია, მაგრამ მან ეს ახსენა იმ კუთხით, რომ მოდით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მაინც დაგველაპარაკეთო. ანუ, მათ უნდათ, რომ როგორმე ქართველები ჩაითრიონ მოლაპარაკების პროცესეში, სადაც ადმინისტრაციულ საზღვარზე ილაპარაკებენ, რაც ბუნებრივია, არ უნდა დავუშვათ. ეს არ არის იმ სახელწმიფოს საქმე, რომლის ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.
ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვა - ეს საკითხი დასვა ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ, რასაც მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, ჩაიშლა მოლაპარაკების პროცესი. ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ქართულ-რუსული-აფხაზური-ოსური მხარის მონაწილეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ამ ფორმატმა ფუნქცია ამოწურა. ჟენევა - ეს არის ფორმატი, ფორმატისთვის და რაუნდი - რაუნდისთვის, რომელიც არ არის შედეგზე ორიენტირებული. იქნებ დადგა დრო, მხარეებმა იფიქრონ ახალ ფორმატებზე, რომელიც მეტ-ნაკლებად დადებს შედეგებს. ძალიან მარტივია - თუ არ იქნება შედეგი, მაშინ რატომ უნდა არსებობდეს ეს ფორმატი?
- გასაგებია, გეთანხმებით, აბსოლუტურად სწორად სვამთ საკითხს, მაგრამ ალტერნატივა რა არის?
ალტერნატივა უნდა შემომთავაზოს ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა. არ მეთანხმებით?
- გეთანხმებით, მაგრამ სანამ არ იქნება ალტერნატიული ფორმატი მოფიქრებული, მანამდე ამ ფორმატის გაუქმება ვფიქრობ, რომ არ შეიძლება. იმაშიც გეთანხმებით, რომ ჟენევის ფორმატმა თავისი ფუნქცია ამოწურა. ქართულმა მხარემ 2008 წელს ჩათვალა, რომ თუ ჟენევის ფორმატის ფარგლებში გაუშვებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მაშინ ეს იყო გიგა ბოკერია, ჩავიდოდა და დაელაპარაკებოდა რუსეთს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ დახვდათ აფხაზები და ოსები. ამიტომ გაბრაზდნენ და დემონსტრაციულად დატოვეს ფორმატი, იმდენიც კი ვერ მოტვინეს, რომ ეს შეგნებულად შეიძლება გაეკეთებინა რუსეთს და დემოსტრაციულად დატოვეს პირველი სხდომა.
ამ ფორმატში აუცილებელიც არის აფხაზების და ოსების ყოფნა...
- რა თქმა უნდა, აუცილებელია. ამიტომ მერე სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება და წაიყვანეს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურები, ამით გაანეიტრალეს სიტუაცია. შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები თქვენ კარგად იცით, ამიტომ არ დავიწყებ ამაზე საუბარს. ჩავარდნები, რომელსაც თქვენ გაუსვით ხაზი, ყოველთვის ხდება. განსაკუთრებით ჰუმანიტარულ ნაწილში, როგორც კი საქართველო აყენებს დევნილების დაბრუნების საკითხს, მაშინვე აფხაზური, ოსური და რუსული დელეგაციის წარმომადგენლები ტოვებენ მოლაპარაკების მაგიდას.
არც პოლიტიკურ ნაწილშია დიდი წინსვლა...
- ამ ნაწილშიც გეთანხმებით, მაგრამ არ გადიან მაინც. ლაპარაკობენ, აბსოლუტურად წყალს ნაყავენ, მაგრამ ლაპარაკობენ. თქვენი მთავარი კითხვა - რა აზრი აქვს ამ ფორმატის არსებობას? - მეც მგონია, რომ ამდენი წელი გავიდა და ცოტა არ იყოს უხერხულია მისი არსებობა, მაგრამ სარკესავით არის. სარკე ტანსაცმელს ვერც გაგირეცხავს და ვერც გამოგიცვლის...
გასაგებია, მაგრამ თუნდაც პოლიტიკური ფორმატი მხოლოდ იმიტომ უნდა გქონდეს, რომ ილაპარაკო? ეს არის გაუგებარი...
- თუ მხარეები მზად არიან დიალოგისთვის, ეს კარგი ფორმატია. თუ მზად არ არიან, მაშინ რაც არ უნდა ფორმატი შექმნა, აზრი არ აქვს. ფორმატში კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის მხარეების უუნარობაში - ჩამოაყალიბონ რა უნდათ. გულახდილად გეტყვით, თუ იგივე სიტუაცია შეიქმნება, მაშინ რა აზრი აქვს სხვა ფორმატის შექმნას? მხარეებს არ უნდათ ერთმანეთთან საუბარი. ეს არის შეხვედრები, სადაც ადამიანები მხოლოდ ლაპარაკობენ და ერთმანეთს არ უსმენენ. ასე გაგრძელდება დიდხანს, თუ რომელიმე მხარე არ ჩათვლის, რომ მოვიდა დრო საკითხის მოგვარების.
ეს პოზიცია ან ქართულ მხარეს უნდა მომწიფდეს, ან რუსულ მხარეს. აფხაზები და ოსები ვერაფერს შეცვლიან. ჟენევა მართლა კარგი ინსტრუმენტია, იქ არის გაერო, ეუთო, ევროკავშირი, აშშ, ანუ სერიოზული შეკრული ფორმატია, თუ, რა თქმა უნდა, მხარეებს უნდათ რამის გაკეთება. თუ არ უნდათ, არაფერი არ გამოვა, რა ფორმატიც არ უნდა შექმნა. არც ქართული და არც რუსული მხარე, რომელსაც ჯიუტი მხარე ჰქვია, არ არიან მზად შეცვალონ სიტუაცია. ამას უყურებენ ამერიკელები, ევროპელები და ხედავენ, რომ მზად არ არიან.
ამით დროს კარგავს ქართული მხარე და იგებს მხოლოდ რუსეთი?
- რა თქმა უნდა. დროს კარგავენ აფხზებიც და ოსებიც, ამ დროს რუსეთი ადუნებს მათ ყურადღებას და უფრო კარგად ამზადებს ანექსიისათვის. საბოლოო ჯამში, თუ ვინმე დაკარგავს ყველაფერს, ეს არის ქართული მხარე. ჩვენ არ ვართ საკმარისად მოქნილები, რომ გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები და გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან.
ფაქტია, რომ შექმნილი სიტუაცია აწყობს რუსეთს, მაგრამ აწყობს კი საქართველოს ეს სიტუაცია?
- სხვათა შორის ამ კითხვას ვსვამდი როცა მინისტრი ვიყავი - „გვაწყობს ეს სიტუაცია, როცა ყოველი ჟენევის პროცესის დასრულების შემდეგ ვკარგავთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას?“
რა პასუხს ღებულობდით? ფაქტია, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და ყოველ დღე ვკარგავთ ტერიტორიის ნაწილს, რაც ძალიან მტკივნეულია...
- აფხაზები და ოსები დგებიან და მიდიან მოლაპარაკების პროცესიდან, მათი არგუმენტი არის ამორალური, უსაფუძვლო, მაგრამ ლოგიკური - თქვენ ყოველ წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეგაქვთ რეზოლუცია დევნილების დაბრუნებაზე, ჩვენ იქ არ გვიწევენ და რა აზრი აქვს თქვენთან ლაპარაკს ჟენევაშიო. გამოიტანეთ რეზოლუცია და გელაპარაკებით, ან დაანებეთ თავი ჟენევას და ილაპარაკებთ ჩვენს გარეშეო. ჩემი წინანადება იყო ერთი წელი ჩავაგდოთ და არ შევიტანოთ რეზოლუციის პროექტი, მაგრამ ჩვენები ამბობენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.
გარდა სამედიცინო ნაწილისა, სხვა რა შევთავაზეთ აფხაზებს? კეთდება ასეთი შეფასება, რატომ უნდა ვიზრუნო აფხაზი მოქალაქის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, მის ევროპულ საზოაგდოებასთან ინტეგრაციაზე, როცა მე მეზღუდება აფხაზეთში გადააგილება? არის ეს პრობლემა ორივე მხარეს...
- ელექტოროენერგიის თანხას, რომელსაც ისინი ასე ხარჯავენ, ჩვენ ვიხიდით. მოდის აფხაზი შენთან სამკურნალოდ და მკურნალობ. სადაც კი ხელი მიგიწვდება, რომ შენს ტერიტრიაზე აღასრულო კანონი, ეს შენი ვალდებულებაა და ეს უნდა გააკეთო. სადაც ისინი მოდიან, უნდა მიიღო. სადაც არ მოდიან, იქ უნდა იმუშაო. მეტი შეღავათი შეიძლება იყოს იგივე განათლების კუთხით. მაგალითად, გალელები გადმოდიან სასაწავლებად, მაგრამ მათ არ აქვთ ისეთი პირობები, როგორსაც რუსეთი სთავაზობს და არა მარტო გალელები, არამედ აფხაზებიც მიდიან რუსეთში.
ცხოვრების მეტი საშუალება აქვთ, უფასოდ ცხოვრობენ პანსიონატებში, ცხოვრებენ, აქვთ განსაკუთრებული და სხვა ტიპის სტიპენდიები. ჩვენ როგორც იქნა მივაღწიეთ, რომ ჩვენთან ჩამოსული გალელი სტუდენტი სწავლობს უფასოდ, მაგრამ რა პრობლემაა, ახალგაზრდა, რომელიც ცხოვრობს სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში, მათ რუსულად ვასწავლოთ უფასოდ? აფხაზი სტუდენტისთვის სწავლა უნდა იყოს იმ ენაზე, რაც მას უნდა და არა მარტო ქართულ ენაზე უნდა ისწავლონ. ამით პირდაპირ ვეუბნებით, კეთილი ინებეთ, ისწავლეთ ქართული ენა, ჩამოდით და ისწავლეთ.
რადგან სწავლა არაა რუსულ ენაზე, ამიტომ მიდიან რუსეთში?
- რა თქმა უნდა. საქართველოში უმაღლესი განათლება უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე რუსეთში, მაგრამ აქ სწავლის საშუალება არ აქვთ. სახელმწიფომ რომ დაუშვას ამ სტუდენტებისთვის რუსულ ენაზე სწავლება, დარწმუნებული ვარ, რომ წელიწადში სულ ცოტა 100 სტუდენტი ჩამოვა საქართველოში.
ერთია, რომ ამის გაკეთება არის კარგი, მაგრამ მეორეა, რამდენად აქვთ ამის სურვილი აფხაზ აბიტურიენტებს?
- დამერწმუნეთ, სექტემბერი არ გავა 4-5 ახალგაზრდა არ გამოვიდეს ჩემთან კონტაქტზე და არ მკითხოს, როგორ შეიძლება თქვენ რუსულ ენაზე სწავლა? რაზეც გამზადებული ტექსტით ვპასუხობ - ჩვენთან რუსული სწავლა არის ფასიანი. ზოგიერთი გალელი სწავლობს სოხუმში და მათი თანატოლები ეკითხებიან, როგორ შეიძლება სწავლა გააგრძელონ თბილისში, რადგან საქართველოდან უფრო ადვილია გააგრძელო სწავლა უცხოეთში.
აფხაზები აღიარებენ პირად საუბარში, რომ მათი მთავარი პრობლემა არის რუსეთი?
- პირად საუბარში ძალიან გულახდილები არიან, საჯაროდ ნაკლებად საუბრობენ, მათ არ აქვთ კარგი პირობები თავისუფლების კუთხით. რუსები თვლიან, რომ აფხაზები ურჩები არიან.
სად, რა მიმართულებით გამოჩნდა აფხაზების ურჩობა რუსებთან მიმართებაში?
- ძალიან ბევრი მიმართულებით გამოჩნდა. პირველი, ეს იყო მიწის საკუთრების საკითხი. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მიწები არის ე.წ. სახელმწიფოს საკუთრებაში.
სხვათა შორის ვლადისლავ არძინბამ არ დაუთმო რუსეთს ეს საკითხი...
- კი, ნამდვილად, სწორად ამბობთ. ამიტომ, რუსეთი დღემდე გაბრაზებულია. ვერ მიითვისა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მიწები. მეორე - ეს არის უძრავი ქონების შეძენა, რუსები ვერ ახერხებენ უძრავი ქონების შეძენას, დიდი პრობლემაა ამ კუთხით. მესამე - ტრანსკავკასიური გზა კოდორის ხეობაზე. აფხაზებმა მაშინვე კოდორის ხეობას დაარქვეს ნაკრძალი და თქვეს, რომ ნაკრძალზე არ შეიძლება მაგისტრალური გზების გავლა.
რუსეთს უნდა ჩრდილოეთ კავკასია პირდაპირ ჩამოდიოდეს აფხაზეთში, ამაზეც უარი თქვეს აფხაზეთში. ისე რომ, აფხაზები თითქოს ყველაფერში ემორჩილებიან რუსებს, არ არის ასე. რაღაცებში ემორჩილებიან, იგივე ეკლესიის საკითხებში. ამიტომ, კარგად უნდა შევხედოთ ამ ხალხის ინტერესებს, შიშებს, მოლოდინებს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. სამწუხაოდ, ჩვენ არ ვუღრმავდებით აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ისე, როგორც ქვეყანას და სახელმწიფოს სჭირდება.