თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღე რჩება. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება.
„2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე! თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისს და საქართველოს რევანში და არეულობა არ სჭირდება.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ ამომრჩეველს. გასული ორი თვის განმავლობაში, თბილისელებს ჩაგაბარეთ დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ რა გავაკეთე ქალაქისთვის წინა 4 წლის მანძილზე, როგორ წარმომიდგენია თბილისის განვითარება და რას ვგეგმავ შემდეგი 4 წლისთვის.
ამ დროის განმავლობაში, უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტი გავხდით მე, ჩემი მეუღლე, მშობლები და რაც ალბათ, ყველაზე მძიმეა, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი მოწინააღმდეგე ნიკა მელია კი, მისი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძვის, თუმცა ექს-პრეზიდენტისთვის მიძღვნილი აქცია, მელიამ თავის წინასაარჩევნო კამპანიად გამოიყენა.
„პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური, დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით და ეს გვინდა. ამ ყველაფრის დიახაც პიონერებიც გვინდა ვიყოთ, გვიხარია, რომ კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თანამებრძოლს დღეს ეს კომპლექსი აღარ აქვს. ეს არის გზავნილი, რომელიც მინდოდა ყველა ოჯახში შესულიყო“ - განაცხადა მელიამ აქციაზე.
თბილისში მეორე ტური ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი გიორგი გახარიას მიერ „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატებისთვის „წართმეული“ ხმებია.
ექსპერტები მეორე ტურში სწორედ ექს-პრემიერის ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც ისინი for.ge-თან საუბარში აცხადებენ, მნიშვნელოვანია გიორგი გახარიას მხარდამჭერები მეორე ტურში ვის დაუჭერენ მხარს. თუმცა, ანალიტიკოსები არ მალავენ, რომ ეს შესაძლოა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყოს.
„მეეჭვება, რომ მთლიანობაში იყოს დიდად განსხვავებული შედეგი, ვიდრე აქციებისა და დაკავების გარეშე იქნებოდა. ამ აქციებმა ორმხრივი სახე მიიღო - როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. შესაბამისად, როგორც მელიას, ისე კალაძის მხარდამჭერები მობილიზაციას აკეთებენ. უფრო ზუსტად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების, ისე მისი მოწინააღმდეგეების მობილიზაცია ხდება. თავად სააკაშვილის დაკავებაც მობილიზაციის ფაქტორი იქნება, როგორც ერთი, ისე მეორე მხარესთვის.
ასევე, თავის დროზე, როდესაც მოსახლეობის ნაწილი გახარიას მხარს უჭერდა, ეს ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისგან არ მიუღია. სავარაუდოა, ეს უფრო იყო იმ ადამიანთა ხმები, რომელებიც უკმაყოფილოები არიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“. ამ შემთხვევაში, რადგან ისევ ეს ორი პარტია დარჩა ერთმანეთის წინააღმდეგ, ვფიქრობ, გახარიას ამომრჩევლის დიდი ნაწილი „ოცნების“ კანდიდატებს მისცემს ხმას“, - განუცხადა for.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურში შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს, როგორს ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა.
„მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ და აქციებმა, არ მგონია მოქალაქეთა არჩევანზე რადიკალურად იმოქმედოს. როგორც „ნაცმოძრაობას“, ასევე „ოცნებას“ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. ვინც „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას, ისევ „ოცნებას“ მისცემს და ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“, ის ისევ თავისი პარტიის ერთგული დარჩება.
თუმცა, ასევე საკითხავია სხვა ფაქტორები რა გავლენას მოახდენს. ეს არის თუნდაც რა პოზიციას დაიკავებენ გახარიას მხარდამჭერები?! თავად გახარია ამბობს, რომ არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. მაგრამ, საინტერესოა ერთი ფაქტორი - ის მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, რომ ასევე არავის დაუჭირონ მხარი, თუმცა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ გახარიას ელექტორატი თავის მხარეს გადაიბიროს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ფაქტია, ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. თუმცა, მათი რეიტინგი ისეთი მაღალი არაა, როგორიც გახარიასია. ასევე, საინტერესოა, „ქართული ოცნება“ ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებას როგორ მოახერხებს. ჩვენ გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვალები ჩამოაწერა, რათა „ქართულ ოცნებას“ გაემარჯვა. ამ შემთხვევაში გახარიას ხმები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე“, - გვითხრა ექსპერტმა.
„დღეს, პრობლემა არა მიხეილ სააკაშვილშია, არამედ დღეს მართლაც დგას „ნაცმოძრაობაში“ პრობლემა, როგორც სამარცხვინო და უნამუსო პოლიტიკური ძალისა, რომელიც რა თქმა უნდა, არც ერთ ვარიანტში ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, თუნდაც ერთ ცალკეულ აღებულ რაიონში“, - ასე თვლის ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი და მეორე ტურის წინ შანსებს აფასებს: „პირველი ტურის შედეგს, მე მაინც მივაწერ ავანტურას, რომელსაც შეიძლება, რომელიმე ოპოზიციური კანდიდატის პირელივე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, რაღაც გამართლება ჰქონოდა. თუმცა, დღეს იგივე ამომრჩეველი, რომელმაც შეგნებულად არ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, არა იმიტომ, რომ ნაცამომრჩეველია, არამედ სუბიექტური მოტივაცია ამოძრავებდა, მეორე ტურში ამ ავანტურის გაგრძელებით უკვე ხიფათს შეუქმნის თითოეული ქალაქს და იმ ქალაქის მაცხოვრებელს. ძალიან რთულია მწყობრად მართო რეგიონი, ქალაქი ერთ სიტუაციაში, როდესაც ბიუჯეტი არის ცენტრალური ხელისუფლების ხელში, იმ ხელისუფლების ხელში, რომელსაც არ სცნობენ, რომელსაც ბოლო პერიოდში ე.წ. ხელიფულებას უწოდებენ. იმედი აქვთ, რომ ოპოზიციური მერის შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა დალაგებული ექნებათ, მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენ რაიონსა თუ ქალაქს წინსვლის საშუალება ექნება, სადაც სახელისუფლებლო პროგრამები და გეგმები განხორციელდება.
შენ თუ გაიმარჯვებ ოპოზიციონერო და მერი გახდები რომელიმე რაიონში, რომელსაც არ გიწარმოებია საარჩევნო კამპანია და ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამით ვერ წარსდექი - ამ სიტუაციაში ის ქალაქი მართლაც მეცოდება, იმ ქალაქის მაცხოვრებელი მართლა მეცოდება, იმიტომ, რომ საერთო წინსვლის პირობებში ჩვენ მივიღებთ ჩამორჩენილ წერტილს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მოსახლეობა მეორე ტურში არაემოციურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მეორე ტურში ტრადიციულად აქტიურები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სექტანტი ამომრჩევლები, მაგრამ ისეთი გაღიზიანებულია „ნაცმოძრაობის“ ბოლოდროინდელი მოქმედებებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც, რომ მათი მხრიდანაც აუცილებლად დიდი აქტიურობა იქნება.
რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიის ხმებს, არ ველოდები მათი მხრიდან ღია დეკლარირებას. შეიძლება არ თქვან, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეული რაოდენობის მათი მხარდამჭერები არჩევნებზე მივლენ და დარწმუნებული ვარ, მათი რჩეული ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება“.