ნაციონალების ოცნება კოალიციური მთავრობის შექმნაა. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე, ნიკა მელიას უნდა თვითონაც იტივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე, ამიტომაც მოიგონა კოალიციური მთავრობები, თუმცა ჯერ მელიამ არჩევნები მოიგოს და მერე ილაპარაკოს კოალიციაზე.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ აქ უფრო ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი. არის ასეთი ტენდენცია დემოკრატიულ ქვეყნებში, რომ საზოგადოებამ არჩევნების წინ იცოდეს მომავალი მთავრობის კონფიგურაცია. პოლიტოლოგის განმარტებით, როცა კოალიციაზეა საუბარი, ესეც არასწორადაა გაგებული, რადგან არის ხელოვნური კოალიცია და არის რეალური კოალიცია. ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნებამდე ლაპარაკობენ, რომ კოალიცია ექნებათ, ნიშნავს ხელოვნურ კოალიციაზე საუბარს, რადგან არავინ იცის არჩევნების შედეგები. იქნებ, სულაც არ სჭირდებათ კოალიცია?!
„76 მანდატს თუკი ვაკონტროლებ, რატომ უნდა შევქმნა კოალიცია, იმიტომ, რომ წინასწარ ვთქვი ამის შესახებ? ტერმინის დევალვაცია ხდება კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას. თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, უნდა წახვიდე კოალიციაზე, მაგრამ კოალიციასაც თავისი იდეოლოგია აქვს. მე არ წავალ „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაზე იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მომწონს, არ არის სწორი მიდგომა, არც ისაა სწორი მიდგომა, „ქართულ ოცნებასთან“ არ წავალ კოალიციაზე. მე თუ ხელისუფლებაში მოვდივარ რაღაც პროგრამით და, თუ მყავს ამომრჩეველი, რომელიც თვლის, რომ, დავუშვათ, ატომური ელექტროსადგურები საქართველოში არ უნდა აშენდეს, ამ დროს რომელიმე პარტია ამას ეწინააღმდეგება, ცხადია, მასთან კოალიციაში ვერ შევალ, რადგან ამომრჩეველმა ამ ნიშნით მომცა ხმა. დღეს კი რა ხდება? გახარიას მოუწოდებენ, თქვას, არის თუ არა ოპოზიციაში, ზეწოლა მიდის მასზე, რომ რომელიმე ნაპირზე მიაგდონ, მნიშვნელობა არ აქვს, მიაგდებენ „ქართული ოცნების“ ნაპირზე, თუ „ნაცმოძრაობის“ ნაპირზე“, -აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე აზრით, გახარიას აქვს სტრესი ორივე მხრიდან-ნაციონალების და „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან ეს ორი ნაპირია დღეს საქართველოში. რეალურად, გახარიას ამომრჩეველი სწორედ ისაა, ვისაც არც „ნაცმოძრაობა“ უნდა და არც „ქართული ოცნება“. როგორც კი გახარია რომელიმე მხარეს გადაიხრება, იმ წამსვე მისი პარტია დაკარგავს ამომრჩეველს. მით უმეტეს, ყველა პატარა პარტიამ დღეს უკვე დაკარგა ამომრჩეველი.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობის დასახელება ოპოზიციის მხრიდან ფანტაზიის სფეროა. ანალიტიკოსის შეფასებით, 64 მუნიციპალიტეტიდან „ქართულმა ოცნებამ“ 44 მუნიციპალიტეტის მერის არჩევნები მოიგო, პრაქტიკულად, 64-ივე მუნიციპალიტეტში „ოცნებას“ ჰყავს უმრავლესობა და დანარჩენ ოლქებშიც 30 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხის მხარდაჭერით. ამდენად, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი აბსურდია.
ზოგადად, ლადო ბოჟაძის თქმით, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი თეორიულად დასაშვებია სწორედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დასაშვებია სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, 2024 წლისთვის 5%-იანი ბარიერიდან 2%-მდე ბარიერის დაწევას „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, რაც „ქართული ოცნების“ ინიციატივაა. თუმცა იქნება თუ არა კოალიციური მთავრობა, ამას გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი 2024 წელს და, თუ იქნება კოალიციური მთავრობა, ეს იქნება სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.
„ვინ იქნება კოალიციურ მთავრობაში, ამასაც გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი და „ქართული ოცნება“. ახლავე შემიძლია გითხრათ, თუ იქნება კოალიციური მთავრობა 2024 წელს, ამ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც გახარიას პოლიტიკური პარტია ისევე, როგორც ახლა არც ერთ თვითმმართველობაში ჩვენ არავისთან საკონსულტაციო არც ღიად, არც ფარულად არ გვაქვს, არც „ნაცმოძრაობასთან“, არც გიორგი გახარიას პარტიასთან. ეს არის „ქართული ოცნების“ პრინციპული პოზიცია, რასაც ბოლომდე გავიტანთ“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ ჩვენთან საუბრისას.