შემზარავი მკვლელობა თბილისში - 25 წლის რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. ქალს ღამის 12 საათზე ესროლეს, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. როგორც მეზობლები for.ge-სთან ყვებიან მათ შვიდამდე გასროლის ხმა გაიგონეს, რასაც ქალის ყვირილი მოჰყვა. ის შველას და დახმარებას ითხოვდა. ეზოში ჩასულებს კი დჭრილი მეზობელი დახვდათ, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, ანასტასია შატალოვა ზაფხულის ქუჩა N23-ში მცირეწლოვან შვილთან და ძიძასთან ერთად ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.
ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც, ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ თავდასხმამდე ახალგაზრდა ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა. სავარაუდოდ, მან მკვლელი შეამჩნია და გაქცევა სცადა, თუმცა მამაკაცი დაეწია და მიჯრით 7-მდე ტყვია ესროლა.
რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი, უცნობია. ოფიციალური ვერსია არც დაკავებულებზე გავრცელებულა, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში სამი პირი დააკავეს.
ჯაბაევი - ვის ბინაშიც იმალებოდნენ, ბიძინა ხასია - ვისი ავტომობილითაც მივიდნენ გაზაფხულის ქუჩაზე და წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია, რომელმაც, სავარაუდოდ, ანასტასია შატალოვას იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცები გლდანში ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ.
გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე დაკავებულების ოჯახის წევრებიც საუბრობენ და ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა დაკავების მომენტში უფლებამოსილებას გადაამეტეს. თუმცა for.ge-ს ინფორმაციით, აყვანის ოპერაციისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარაც კი გახსნა.
არ არის გამორიცხული, ანასტასია შატალოვას მკვლელობა შეკვეთილი იყოს, შესაბამისად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო დამკვეთი. ამიტომ გამომძიებლები შესაძლოა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდნენ.
ანასტასია შატალოვა საზოგადოებამ სხვადასხვა მედიასაშუალებაში მიცემული ინტერვიუების შემდეგ გაიცნო. 25 წლის ქალი რამდენიმე ხნის წინ ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ზურაბ ბერიძეს უჩიოდა, დავის საგანი საერთო შვილი იყო.
მოკლული ყვებოდა, რომ მას ზურაბ ბერიძე მცირეწლოვნის ნახვის საშუალებას არ აძლევდა, მეტიც, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. საქმე ამ დრომდე სასამართლოში განიხილებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, ბერიძეს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
ცნობილია, რომ ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან სასამართლო დავა ჰქონდა, რომელსაც ახლა ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში კი სასამართლომ ზურაბ ბერიძე 50 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ქალის ადვოკატის თქმით, მამაკაცმა გარდაცვლილს შვილი დაუბრუნა და ზაფხულში შერიგდნენ. თუმცა არსებული ინფორმაციით, ბერიძეს და ანასტასია შატალოვას ორი კვირის წინ ურთიერთობა კვლავ დაეძაბათ. ქალი ადვოკატს ეუბნებოდა, რომ მას შეიძლება საფრთხე კვლავ დამუქრებოდა. ზურაბ ბერიძე კი ამბობდა, რომ ქალს ბავშვის მოვლისთვის არ ეცალა, ამიტომაც ის და-ძმასთან უნდა გაზრდილიყო.
პოლიცია ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლს რამდეენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდა. როგორც მისი ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე for.ge-სთან ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბერიძე პოლიციას ამ ეტაპზე არც დაუკითხავს და არც პოლიციის განოფილებაშია გადაყვანილი. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და მისი სახლიდან მხოლოდ კომპიუტერებია ამოღებული.
„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით“, - უთხრა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა ზურაბ ბერიძემ 18 ოქტომბერს ჟურნალისტებს.
„პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე. მე მასთან უკვე 6 თვეა ურთიერთობა აღარ მაქვს. არ ვიცი ეს საშინელი დანაშაული ვინ ჩაიდინა, მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით“, - უთხრა ზურაბ ბერიძემ ჟურნალისტებს და სხვა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
მოკლული ანასტასია შატალოვას ადვოკატი პაატა შავაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ანასტასია შატალოვამ პოლიციას შეატყობინა, მასზე და მის შვილზე ბერიძემ იძალადა და დაემუქრა. სასამართლომ ზურაბ ბერიძეს ბრალი წარუდგინა, შემდეგ კი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატის თქმითვე, ზურაბ ბერიძეს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც ვადა ამოეწურა. გარდაცვლილი ქალი მას 9-თვიანი ორდერის გამოწერაზე მოთხოვნის შეტანას სთხოვდა. სასამართლო 18 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა მათ ქალის მკვლელობის შესახებ შეიტყვეს.
„ისინი ერთი პერიოდი შერიგდნენ, თუმცა როგორც ანასტასია მეუბნებოდა, ეს არ იყო რეალური ურთიერთობის აღდგენა. მათ შორის რაღაცა პრობლემები ისევ არსებობდა. ზაფხულში თბილისიდან დამიკავშირდა, მითხრა, რომ მასზე და ბავშვზე ზურაბ ბერიძემ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. მას ემუქრებოდა და შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა. ვუთხარი შესაბამის უწყებებში განცხადება შეეტანა, რომ რეაგირება მომხდარიყო. გამოძიება დაიწყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ ბერიძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მოსამართლე დავით მამისეიშვილის მიერ დაკავების ორდერიც კი გაიცა. თუმცა მოგვიანებით ის 50 000 ლარიანი გირაოთი შეიცვალა. მას მუდმივად ეშინოდა, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა. 18 ოქტომბერს სასამართლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემატყობინეს, რომ მოკლეს“, - ამბობს გარდაცვლილი ქალის ადვოკატი პაატა შავაძე for.ge-სთან.
შსს განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად დადგინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. პოლიცია კი ყველა ვერსიაზე მუშაობს, რაც ამ ფაქტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
„მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.