„სააკაშვილი თუ გაანთავისუფლეს, მერწმუნეთ, მთელი საქართველო გარეთ გამოვა - ის თუ გამოუშვეს, ეს სახელმწიფო აღარ იქნება და რა სამართლიანობაზე იქნება საუბარი!“

„სააკაშვილი თუ გაანთავისუფლეს, მერწმუნეთ, მთელი საქართველო გარეთ გამოვა - ის თუ გამოუშვეს, ეს სახელმწიფო აღარ იქნება და რა სამართლიანობაზე იქნება საუბარი!“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარასკევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლბის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. მათი აქციის მეორე დღეს კი, რუსთავში, სადაც ექს-პრეზიდენტი იხდის სასჯელს, 9-წლიანი რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახების წევრებმა კონტრაქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს და სამართლიანობამ იზეიმოს.

For.ge 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს ესაუბრა.

ია მეტრეველი: ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს. ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი. სააკაშვილი არის ყველაფრის თავი და თავი, ის არის „გველეშაპის თავი“, რადგან თუ რამე ცუდი მოხდა და დღემდე ვერ ამოვისუნთქეთ, ის არის ყველაფრის შემოქმედი. ამიტომ, დიდი ხნის წინათაც უნდა ყოფილიყო პასუხისგებაში მიცემული. მას ერისა და ქვეყნის წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და პასუხი უნდა ეგო. რა თქმა უნდა, ამ დღეს ძალიან ველოდებოდი და ჩემთვის ნამდვილად ემოციური იყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა და აღნიშნული პარტიის წევრები თვლიან, რომ ექს-პრეზიდენტი პოლიტპატიმარია, ასევე მის გათავისუფლებას ითხოვენ. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის სასჯელს, თუ სხვადასხვა გარემოებების გამო, ხელისუფლება იძულებული გახდება, მისი ექსტრადირება განახორციელოს?

- „ნაციონალური მოძრაობისგან“ რა უნდა გვიკვირდეს?! პირდაპირ შავზე თეთრს ამტკიცებენ და რასაც თავად აშავებდნენ, ახლა აქეთ გაბრალებენ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს - თითქოსდა სააკაშვილი პოლიტპატიმარია. რომელ პოლიტპატიმრობაზეა ლაპარაკი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, რომელიც ჯერ ბოლომდე არაა მიყვანილი. რამდენი ოჯახის ტკივილი აწევს კისერზე! ასე რომ, სად პოლიტპატიმრობა და სად სააკაშვილი! დიდი იმედი მაქვს, რომ ის სასჯელს მოიხდის და უნდა მოიხადოს კიდეც. „ნაციონალურ მოძრაობას“ მცდელობები აქვს, რომ რამენაირად გაათავისუფლონ, თუმცა მჯერა, რომ ეს არ მოხდება. ეს თუ მოხდა, მერწმუნეთ, მთელი საქართველო გარეთ გამოვა და ამას არ შევეგუებით. ის თუ გამოუშვეს, ეს სახელმწიფო აღარ იქნება და რა სამართლიანობაზე იქნება საუბარი! ამიტომ, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. კანონით კი, მას ექსტრადირება არ ეკუთვნის.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მეორე დღეს, 9-წლიანი რეჟიმის დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-12 დაწესებულების წინ კონტრაქცია გამართეთ. აღნიშნულ აქციას მიეცემა პერმანენტული სახე თუ ეს ერთჯერადი აქცია იყო?

- სპონტანურად დაგეგმილი აქცია იყო. აქცია რამდენიმე საათში დაიგეგმა. მართლაც, იმდენი ხალხი მოვიდა და ამას პლუს გვირეკავდნენ, არ ვიცოდით, თორემ მოვიდოდითო. გაგრძელდება აქციები თუ არა, ამას გვაჩვენეს ვითარება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამის გაგრძელება არ უნდა დაგვჭირდეს.

საინტერესოა, ბუტას საქმეში თავად მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა რა კონტექსტში იკვეთება?

- მას ბრძანება ჰქონდა გაცემული - ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, მოკალით და პოლიციას პირდაპირ ჰქონდა ყველაფრის უფლება მიცემული. გარდა იმისა, რომ უდანაშაულო ბავშვს ესროლეს, შემდეგ ბანდიტობა დააბრალეს. სააკაშილმა გასცა ბრძანება, რომ ბოლომდე „მიაწექით“, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოსო, ამიტომ ბავშვები ბანდიტებად გამოაცხადეს.

ბუტას გარდაცვალების შემდეგ, როდესაც თქვენ სამართლიანობის აღდგენას ითხოვდით, თქვენზე თუ იყო ზეწოლა?

- ჩემზე რაღა ზეწოლა უნდა ყოფილიყო, ჩემზე ის ზეწოლა იყო, რომ ორ-ორი მანქანა დამდევდა და მყარაულობდნენ - სად მივდიოდი და მოვდიოდი.