წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, დავით ქანთარია ყოფილმა ხელისუფლებამ ორჯერ დააკავა. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ რეპრესირებული ყოფილი ჩინოვნიკი ციხეში გატარებული მძიმე წლების მიუხედავად, ამბობს, რომ როგორც ყოფილ პატიმარს, გულის სიღრმეში ეცოდება პატიმარი სააკაშვილი, მაგრამ მან, როგორც დამნაშავემ, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს და ნახოს, როგორია ციხე.
for.ge დავით ქანთარიას ესაუბრა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იქნა საქართველოში, სადაც მას აქვს როგორც ბრალდებულის, ასევე მსჯავრდებულის სტატუსი. დაკავების დღიდან კეთდება განცხადება, რომ ის არის პოლიტპატიმარი. თქვენ, რომელმაც გამოიარეთ რეჟიმის საპატიმრო, ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი?
დავით ქანთარია: სააკაშვილი იყო ჩვენი ქვეყნის, საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, თუ მსჯელობენ, რომ ის პოლიტპატიმარია, ეს არის აბსურდი და ის არავითარი პოლიტპატიმარი არ არის. სააკაშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც სასამართლოს მიერ არის დადასტურებული და იხდის სასჯელს. როგორც კი დააკავეს, პირდაპირ ციხეზე გადაიყვანეს და არა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
მე არანაირი შურისძიება არ მალაპარაკებს. არ ვარ ის პიროვნება, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიშნისმოგებით მივმართო და ამითი გავიხარო, მაგრამ მან უნდა ნახოს ციხე, უნდა გაიგოს რას ნიშნავს ციხე! თუმცა, მას უნდა უნახა არა დღევანდელი ციხე, არამედ თავის მიერ შექმნილი სასჯელაღსრულების ის სისტემა, რომელშიც თურმე ისეთი „წესრიგი“ ჰქონდა, რომ მსგავსი ევროპაშიც არ იყო.
როგორი იყო ის ციხე, სადაც თქვენ 6 წელი გაატარეთ?
- ეს იყო აუტანელი პირობები! ადამიანის უფლებების გადათელვა! განსაკუთრებით ზუგდიდის ციხე, ცხოველებსაც არ ამყოფდნენ ისეთ სიტუაციაში, ეს იყო კატასტროფა. ე.წ. კამერებში, რომელიც 6 ადამიანზე იყო გათვლილი, ღამეს 18 კაცი ათენებდა და იყო ე.წ. „სმენკები“, ანუ მორიგეობით იძინებდნენ პატიმერები.
ორჯერ დაგაკავეს, მაგრამ დანაშაული ვერ დაგიმტკიცდათ. დღემდე უცნობია რაში მდგომარეობდა თქვენი ბრალდება და არც თქვენ გინახავთ ბრალდების შინაარსი. გამოიარეთ უმძიმესი პირობები, მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენ ამბობთ, რომ ადამიანურად არ გიხარიათ ექს-პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, ამავე დროს აცხადებთ, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გამოიარა მაშინდელი ციხის სისატიკე, ზეიმობდა სააკაშვილის დაკავებას. თქვენ გამონაკლისი ხართ ამ კუთხით. როგორ უნდა გავიგოთ თქვენი პოზიცია?
- პირველ რიგში, რაც შეეხება კითხვას - ისე დაგიჭირეს, რომ დღემდე არავინ ვიცით, რაში მდომარეობდა ბრალდებაო, ჩემო თამთა, არც მე არ ვიცი, რაში მდგომარეობდა ჩემი ბრალდება. ჩემი არც ბრალდება წამიკითვას და არც განაჩენი. ორივეჯერ ფოთთან დაკავშირებით დამაკავეს, მაგრამ რეალურად, ჩემი დაკავების მიზანი იყო პოლიტიკა.
რატომ შეიქმნა ეს პოლიტიკური საქმე, რა იყო მოტივი, წინაპირობა?
- სანამ სააკაშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში, როგორც ფოთის მერმა, გავმართე ხალხმრავალი მიტინგი, არც ერთ რეგიონში ასე ხალხმრავალი აქცია არ გამართულა. დღესაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ როგორც ფოთში, ასევე წალენჯიხაში, სადაც 9 წელი ვიყავი გამგებელი, რა გავაკეთე. გამომძიებელი რომ შემოდიოდა, მეუბნებოდა - ბატონო დავით, ვეძებთ თქვენს ქონებას, ან მიწის ფართობს, ნუთუ ვინმეზე გადაფორმებული არ გქონდათო? რაზეც ვუთხარი - მოძებნეთ და ჩემი ხელით გადაგიფორმებთ-თქო. პატიოსანი მუშაობით ვიყავი დაკავებული და შეიძლება ამით ჩემს შვილებს ბევრი რამ დავაკელი. პირველად, როგორც ფოთის მერი 333-ე მუხლით დამიჭირეს - ანუ, გადაცდომა.
333-ე მუხლი აპრობირებული მეთოდი იყო, მაშინ მაღალი თანამდებობის პირებს ამ მუხლით აკავებდნენ...
- სამეგრელოს ყველა მერი დაიჭირეს, ისევე როგორც გამგებლები. ზოგიერთი მათგანი ორ-ორჯერ დააკავეს და ამას აკეთებდა მანიაკი როლანდ ახალაია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მანიაკი იყო ეს კაცი. მიშასთვის თავი რომ მოეწონებინა, ყველაფერზე მიდიოდა და ნახევარი სამეგრელო ციხეში გამოკეტა.
ამის მიუხედავად, სამეგრელოს მოსახლეობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს, საკმაოდ საინტერესო მოვლენაა...
- სამწუხაროდ, დღეს სამეგრელო მხარს უჭერს სააკაშვილს. იცით, რომ პატიმარი ვიყავი და ვიცი რას ნიშნავს ციხე, ეს არის საშინელი ნოსტალგია შენი ახლობლების მიმართ. სააკაშვილს რა უჭირს, გარეთ ღამეს უთენებენ, დილით ციხის კარებთან რამდენიმე კაცი შეიკრიბება და საღამომდე მიშას ყვირიან. ეს იცით რატომ ხდება? - მას არ შეუძლია ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება, გარედან რომ უყვირიან, ესეც მისთვის სტიმულია. ყოველდღე რამდენი მნახველი შედის, ამით გააქვს დრო. საქართველოს ისტორიაში არ არსებობს ფაქტი და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ლავრენტი ბერიაზე, კომუნისტების შემდეგ პირველი პირი არ დაუკავებიათ.
გამსახურდია მოკლეს, შევარდნაძე გარდაიცვალა, მესამე პრეზიდენტი ციხეშია. ადამიანურად არ მიხარია. სააკაშვილი ჩემთან მეგობრობდა, ყოველთვის კარგს ეუბნებოდა პრეზიდენტ შევარდნაძეს. სააკაშვილი იყო პარლამენტში „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე, მე ვიყავი რეგიონის მიმართულებით „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე. ნორმალური ურთიერთობა გვქონდა და ამბობდა, რომ დათო არის არაკორუმპირებული გამგებელიო.
წალენჯიხაში ახალი სპორტდარბაზი გავხსენი, მიშა ჩამოვიდა, ნახევარი საათი აგდებდა ბურთს კალათაში და სანამ არ ჩააგდო მანამდე არ მოისვენა. მერე მითხრა, რომ ეს კადრი გააშვებინე ტელევიზიებსო. მაშინ მივხვდი, რომ დიდი „პიარშიკი“ იყო. მე, შემიძლია მივუტევო მას, მაგრამ ციხეში ზის და იფიქროს რა დააშავა! მას უნდა მიეცეს ფიქრის დრო და ეს დრო უნდა მისცენ თავის მომხრეებმა. მეუფეები, რომლებიც პეტიციას აწერენ ხელს, ლოცვისკენ მოუწოდონ. ამ კაცს იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, რომ უნდა ილოცოს.
კი ბატონო, მან შექმნა ვერტიკალი, პროექტი „პატრული“ რომელიც სხვათა შორის ლადო ჭანტურიას ეკუთვნოდა და სხვები მუშაობდნენ, იუსტიციის სახლები მათი გაკეთებულია, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ იმდენად შავი ლაქა დატოვა საქართველოს ისტორიაში ამ ხმაურიანი და უკანონო დაჭერებით, კერძო საკუთრების წართმევით და მერე თავისიანებზე გადაფორმებით, რომ ეს იყო უმძიმესი მოვლენა საქართველოსთვის.
2006 წლამდე მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდებოდა მოვლენები. თქვენ, სამეგრელო და როლანდ ახალაია ახსენეთ, მას შემდეგ, რაც ახალაიების, იგივე მეგის ქარადავას ფაქტორი რომ შემოვიდა, ამის შემდეგ იწყება სწორედ ძალადობა და პირველი ეს იყო ე.წ. ციხის ბუნტის საქმე, რასაც შემდეგ მოჰყვა ქუჩაში ადამიანების დახვრეტა; ციხეში პატიმრების წამება და ა.შ. ანუ, როცა ვსაუბრობთ რეჟიმზე, ეს არ იყო მხოლოდ სააკაშვილი, აქ იყო მთელი ვერტიკალი...
- რა თქმა უნდა. იგივე როლანდ ახალაია პროკურატურამ 30 ათასით დააჯარიმა, ეს არის ყველა ჩვენთაგანის დაცინვა. ისეთი კრიმინალი, როგორიც როლანდ ახალაია იყო, მეორე არ დადიოდა. თვითონ იყო მექრთამე და კრიმინალი. სწორედ კორუფციის გამო მოხსნეს შევარდნაძის დროს და მიშამ შეიფარა. ეს კაცი ციხეში რომ არ ზის და თავისუფლად დადის ევროპაში, ეს არის უსუსურობა. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა - ირაკლი ღარიბაშვილი რომ უწყვეტად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სამართლიანობა ნაწილობრივ მაინც იქნებოდა აღდგენილი ამ ქვეყანაში. მე, მგონია, რომ ეს ბიჭი ამას გააკეთებდა.
ახალაიები და ქარდავა - ამ ორ გვარს, ამ ორ ძმას გადააყოლა სააკაშვილმა ქვეყანის იმიჯი. სანდრო გირგვლიანის მკვლელებს გადააფარა ხელი, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, თან ისე, რომ აწინაურებდა მათ. ამან დაღუპა სააკაშვილი და დაღუპა იმან, რომ ეს თვითონ ხასიათში აქვს. მას შეეძლო ერთი ხელის მოსმით გაენთავისუფლებინა ეს ხალხი, მაგრამ არ გააკეთა. დღეს იმის თქმა, რომ ახალაიას არ ვიცნობ, ქარდავას არ ვიცნობ, არ გამოვა. ვინც სჭირდება, იმათ იცნობს, ვინც აღარ დასჭირდა, არ იცნობს. აი, ეს არის უსუსურობა. თვითონ ხასიათიდან გამომდინარე, მიშა არის უსუსური კაცი - ძალად შექმნილი პერსონა.
რაც შეეხება მიტევებას, რომ მიუტევო, ამასაც სათავისოდ გამოიყენებს. იტყვის, რომ ვიმსახურებდი და ამიტომ მომიტევესო. ყველაფერს პიარისთვის იყენებს. ამიტომ, მისთვის და მისი მომხრეებისთვისაც ჯობია, რომ ეს კაცი იჯდეს ციხეში, გაიაზროს ყველაფერი, რაც გააკეთა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყოველ მესამე კაცს ციხეში რომ გამოამწყვდევ და პრობაციის სამსახურში ატარებ, არ არის ადვილი.
სამწუხაროდ, 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა საქართველოს...
- და, ამის შემდეგ ამბობენ - რატომ იხსენებთ იმ 9 წელსო.
დღეს ქართული ციხის ბინადრები არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა წინა 9 წელთან შედარებით, რეალობა განსხვავებულია. გარდა იმისა, რომ მაშინ მასიურად ხდებოდა პატიმრების წამება, მათ საკვებს არ აძლევდნენ და აშიმშილებდნენ, დღეს არც ერთი ეს პრობლება არ არის. თქვენ მოგიწიათ იმ ციხეში ყოფნა, რომლის დირექტორიც იყო ბაჩო ახალაია და მოადგილე მეგის ქარდავა. მესმის, რომ რთულია წარსულში მოგზაურობა, მაგრამ რეალურად რა ხდებოდა მაშინ? ე.წ. კარანტინის დაშლის კადრები რაც ყველამ ვნახეთ, ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი, მაგრამ რეალობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე იმ კადრებში იყო ასახული...
- თქვენ წარმოიდგინეთ ერთი ოჯახის სამი წევრი მართავდა ამ სისტემას. მამა პროკურორი, ერთი ძმა კუდ-ის უფროსი, მეორე - სასჯელაღსრულების. მამა განა მარტო სამეგრელოში მოქმედებდა, არამედ აღმოსავლეთ საქართველოსაც წვდებოდა მისი უკანონო ხელი შვილების მეშვეობით. წარმოიდგინეთ რა ხდებობდა - მამა იჭერდა, ერთი შვილი აღასრულებდა დაჭერას და მეორე შვილთან აგზავნიდნენ ციხეში. წარმოგიდგენიათ რა სისტემა იყო? ადამიანებზე ძალადობით თითქმის ტერაქტამდე ჰქონდათ მიყვანილი ეს პროცესი.
თავდაპირველად ზუგდიდის ციხეში ვიყავი, რამდენჯერმე იყო ძალადობის მცდელობა და მე თვითონ გავეცი პასუხი. იცით რაც დამართეს სულხან მოლაშვილს, ძალიან დატანჯეს ეს ადამიანი. ჩემს შემთხვევაში ასეთი რამ არ იყო, პირიქით, რამდენიმე ხელმძღვანელი პირისგან პატივისცემას ვგრძობდი. ზუგდიდის ციხიდან გადამიყვანეს ორთაჭალის ციხის საავადმყოფოში, სადაც უკვე ნაცემი ხალხი მოჰყავდათ.
რა ხდებოდა ციხის საავადმყოფოში?
- საკაცით მოჰყავდათ ადამიანები, რომლებიც იქ იხოცებოდნენ და გადაჰყავდათ ე.წ. მორგში. იქ ყავდათ ე.წ. „სომეხა“, ეს იყო სომეხი ეროვნების ადამიანი, რომელიც გვამებს ჭრიდა, ადამიანებს ორგანოებს აცლიდა და ნახერხით ტენიდა. დავით მირცხულავა და სულხან მოლაშვილი მიყვებოდნენ, რომ ძალიან ბევრჯერ გაუწიეს წინააღმდეგობა ამ „სომეხას“ და არ მისცეს გვამის გაჭრის საშუალება. ერთ მაგალითს გავიხსენებ, სოსო ჭანტურია - ეს იყო აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ყოფილი გამგებელი. ერთ კვირაში უნდა დაეტოვებინა საპატიმრო, მაგრამ უშუალოდ როლანდ ახალაიამ წლები დაუმატა.
ეს ადამიანი ციხეში ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად არ მივიდა და გარდაიცვალა. გადიყვანეს მორგში, სადაც „სომეხამ“ გაჭრა სოსოს გვამი, შიგნით რაღაცას ტენიდა, უფრო სწორედ ნახერხით უნდოდა გამოეტენა, მაგრამ სულხან მოლაშვილმა და დავით მირცხულავამ ეს არ დაანებეს. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სულხან მოლაშვილმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი ძალადობა უკვე აღარ ხდებოდა.
მერე, ჩვენ უკვე სხვებს ვიცავდით და ჩვენი თანდასწრებით პატიმრებზე ზეწოლა არ ხდებოდა, ერიდებოდათ. იგივე ოლეგ ფაცაცია, რომელიც შემდეგ დაიჭირეს, ჩემი თანდასწრებით ვერაფერს გაბედავდა. პოლიტიკოსების რიდი ჰქონდათ. „კანონიერი ქურდები“ ჰყავდათ ქვევით, სარდაფებში. რამდენიმე ადავოკატი ჰყავდავთ დაკავებული, მოკლედ პატიმრებს ჩვენზე ჰქონდათ თავი მოდებული, იმ თვალსაზრისით, რომ თავი დაეცვათ. ასეთი ვითარება იყო ციხის საავადმყოფოში, სადაც მოჰყავდათ უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები.
თქვენ, როგორც მაღალი თანამდებობის პირი, ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილხართ, მაგრამ ჯანმრთელობა ისევ ციხეში შეგერყათ...
- რა თქმა უნდა. ამ დაკავებებისა და სტრესის გამო გამომიჩნდა დიაბეტი, რომელმაც დამიზიანა თირკმელი და დღეს ვიმყოფები თურქეთში, ერთ-ერთი კლინიკაში, სადაც გავდივარ მკურნალობის კურსს. სწორედ, თურქეთიდან გესაუბრებით თქვენ. წელიწადნახევრის განმავლობაში ორჯერ დამაკავეს, მერე 6 წელიწადი ვიყავი ციხეში, შემდეგ ციხის საავადმყოფოში და დღემდე არ ვიცი, რაში მდგომარეობდა ჩემი ბრალდება.
როგორც ყოფილ პატიმარს, გულის სიღრმეში მეცოდება პატიმარი სააკაშვილი, მაგრამ როგორც დამნაშავის მიმართ, არავითარი სიბრალული არ მაქვს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ მიხარია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში ზის. არ არის ეს პრესტიჟული საქმე, ქვეყნისთვის არ ვარგა, როცა შენ, შენს პრეზიდენტს იჭერ, მაგრამ ამ კაცმა თვითონ მიიყვანა ვითარება ამ დონემდე. მისი მომხრეები ამბობენ, რომ აი, მიშამ გზები დააგოო და რა შუაშია გზების დაგება იმ ბრალდებებთან, რატომაც დაიჭირეს?!
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კილომეტრაჟობით ახლა უფრო მეტი გზა არის დაგებული. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა შევარდნაძის დრო დაიწყო, სუფსის ტერმინალიც მაშინ დაიწყო. იგივე ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულ ობიექტებს წითელი ლენტით ხსნიდა სააკაშვილი და ეს ყველამ ვიცით. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილმა არაფერი არ გააკეთა, გააკეთა, მაგრამ ყველაფერს გადაუსვა ხაზი, როდესაც ყველაზე მტკივნეულს შეეხო - თავისუფლებას, ადამიანის მორალს, სინდისს, ნამუსს, ღირსებას შეეხო.
არ ახსოვთ მაგიდაზე დასკოჩილი მეგრელი ბიჭები?! გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებასაც აქვს შეცდომები, მაგრამ შეცდომა დანაშაულში არ უნდა გადაიყვანო. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, ამაზეა ლაპარაკი. გერმანიაში დღემდე ჰიტლერის მიერ დაგებულ გზებზე დადიან, მაგრამ აბა, უხსენე რომელიმე გერმანელს ჰიტლერი! იგივე პინოჩეტი - არ გაასამართლეს? სარკოზი რატომ არის შინაპატიმრობაში? - გადაცდომის გამო, რომელიც დანაშაულში გადაიზარდა. სააკაშვილი 9 მილიონის გაფლანგვაზეა ბრალდებული და ესენი პიჯაკების საქმედ ნათლავენ.
სხვათა შორის მაშინდელი ხელისუფლების კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლაშა თორდიამ დადო დასკვნა, რომ არამიზნობრივად მოხდა თანხების გახარჯვა და მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა ვერა ქობალიას მშობლების მოგზაურობა. რეალურად, თორდიას დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება...
- დიახ, თავისივე აუდიტის სამსახურის უფროსმა ვერ უარყო ის, რაც ხდებოდა. თავისივე დანიშნულმა კადრმა დაუდო ეს დასკვნა.
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შექმნილია მულტიფუნქციური ჯგუფი, ექიმების ჩართულობაზე თანხმობა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ამ გადაწყვეტილით უკმაყოფილოა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შეეხო ეს ძალადობა. პატარა ქვეყანა ვართ, ჟორდანია ვაიძულეთ, რომ ქვეყნიდან გაქცულიყო; გამსახურდია მოვკალით; შევარდნაძე დავამხეთ, სააკაშვილი დავაპატიმრეთ, რაც განაპირობა მისმა ჩადენილმა დანაშაულმა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა მოვკლათ საპატიმროში! ამ ლოგიკით რითი განვსხვავდებით იმ რეჟიმისგან. როგორც ყოფილი პატიმარი, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად იმოქმედა სახელმწიფომ, როდესაც კონტროლზე აიყვანა ქვეყნის ნომერ პირველი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ძალიან ბევრი ადამიანი შედის მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში, მით უმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომელიც ძალაუფლების მისაღებად მიდის ყველაფერზე...
- პრეზიდენტის საპატიმროში ყოფნა არ მიხარია. სიკვდილი განსაკუთრებით არ გამიხარდება არავისი. კი ბატონო, შევიდნენ ექიმები, ვიცოდეთ, რა ხდება მის თავს, რატომ არ ჭამს. გამოვიდა ამბავი, რომ დიდი რაოდენობით თაფლი მიირთვაო, თაფლი ძალიან კარგია, გლუკოზაა. ღმერთმა დაიფაროს სიკვდილისგან, ეს არავის არ უნდა. მან სასჯელი უნდა მოიხადოს. აქ სასიკვდილოდ არ ჩამოსულა სააკაშვილი, მას უნდა ქვეყნის არევა და ამიტომ ჩამოვიდა. ამბობენ, რომ ვაჟკაცურად ჩამოვიდაო. ვაჟკაცობა იქნებოდა თვითმფრინავის ტრაპთან რომ დაეჭირათ! წარმოიდგინეთ, ყოფილი პრეზიდენტი როგორც კონტრაბანდა, ისე შემოიტანეს ქვეყანაში.
თქვენი კითხვის მთავარი ნაწილი იყო, რომ ამდენი ადამიანი შედის და რამე არ დაუშავონო - აბსოლუტურად სწორად გაუსვით ხაზი და ამიტომ უნდა იყოს ეს კაცი კონტროლის ქვეშ, უნდა დააკვირდნენ. პატიმარი უნდა იყოს დაცული! სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები დაიდო და ვნახეთ, რომ წნევა და შაქარის დონე მწყობრში აქვს. აბა, ჩემი შემთხვევა ნახეთ დაკავების დღეს რა მაჩვენებლები იყო. ზუსტად მახსოვს ჩემი მაშინდელი მაჩვენებლები - 600 იყო შაქარი, წნევა დაფიქსირდა 230-120-ზე.
გასაგებია, რომ სააკაშვილი ნერვიულობს, ეს ბუნებრივია. დაკავების მომენტშიც არაყს სვამდა, გულს იმაგრებდა. მერე ვნახეთ, რომ გაღიმებული შევიდა ციხეზე, ნასვამი იყო. წინასწარ მოემზადა. ნამდვილად არ დავცინი, ამ კაცმა როგორც შეძლო, ისე შეიგულიანა თავი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მისი გეგმები სხვა იყო - 2 ოქტომბერს პირდაპირ მიტინგზე მისვლა და შემდეგ ისევ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა. არაა 2003 წელი. შევარდნაძე ასაკში იყო შესული, ორკვირიანი აქციით სააკაშვილმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და 9 წელი ვერ დაამთავრა რევოლუცია. დაიწყო და არ დაასრულა დაჭერების სერია. ყოველი მისი გამოსვლა იყო მიტინგი. სააკაშვილი არის მიტინგის წამყვანი.
თქვენ იცნობთ სააკაშვილს, ფიქრობთ, რომ ის გამოსწორდა, გაანალიზა ის შეცდომები, დანაშაული, რომელიც ჩაიდინა?
- ერთი წუთით დაუშვით, რომ ხელისუფლება ჩაიგდოს ისევ ხელში, წარმოგიდგენიათ რა რისკის ქვეშ დადგება ეს ქვეყანა?! თქვენ გგოქნიათ, რომ გამოსწორებულია და არ გაიმეორებს იგივეს, რასაც აკეთებდა?! ვის სჯერა, რომ ის გამოსწორდა?! ამიტომაც, ამ კაცმა უნდა იფიქროს, ილოცოს და გააანალიზოს რა ცოდვები და შეცდომები აქვს დაშვებული, იმ კარგთან ერთად, რომელიც აქვს გაკეთებული. ვიმეორებ, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს, რომ მერე ვინმემ არ წამოაძახოს ამ თაობას - მესამე პრეზიდენტი ციხაში მოკლესო. არა, არავითარ შემთხვევაში! ციხეს, როგორც შესასვლელი, ისე გამოსასვლელი აქვს. მე, ვუსურვებ მას თავის დროზე განთავისუფლებას და ჭკუაზე მოსვლას. დაანებოს თავი ყოველთვის მიტინგებზე და არეულობაზე ფიქრს!
ბევრი იფიქროს, გააანალიზოს ყველაფერი, რას აკეთებდა და სად ჰქონდა ზედმეტი გადაცდომა. უკრაინაში რამდნჯერმე წამოსცდა რა შეცდომებიც დაუშვა და ეს ხშირად გაიმეოროს, აქვს ამის დრო. მაგრამ, არ მჯერა მისი იმ განცხადებების, რომელსაც ციხიდან ავრცელებს და არ მჯერა, რომ 54 წლის ასაკში ცხოვრების წესს შეიცვლის.