ეპიდემიოლოგები უკვე თამამად საუბრობენ კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ და ალაგ-ალაგ შეზღუდვების დაბრუნების ინიციატივითაც გამოდიან. ეს კი ისედაც კრიზისულ ვითარებაში ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვისაც დამღუპველი იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდის შემთხვევები კიდევ დაფიქსრიდება, შესაძლოა, ქვყანაში რეგულაციები გამკაცრდეს.
„თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას.
შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება“, - ამბობს გამყრელიძე.
როგორც გამყრელიძე ამბობს, თუ ვაქცინაციის პროცესი არ გააქტიურდება, ქვეყანას რთული მეხუთე ტალღა ელის.
„სამწუხაროდ, 18 სექტემბრიდან მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ გავზარდეთ აცრის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
პარალელურად ჯანდაცვის სფერო პანდემიურ ვითარებას აფასებს და მისი დაძლევის გზებზე საუბრობს, რაც ექიმების შეფასებით, შეზღუდვების დაბრუნებაზე გადის.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელის, ზვიად კირტავას შეფასებით, უნდა მოხერხდეს ვაქცინირების ტემპების სწრაფად გაზრდა, დისტანცირების და პირბადის ტარების წესის დაცვა. სხვაგვარად, მძიმე ახალი ტალღის ასაცილებლად, მთავრობას მოუწევს შეზღუდვების კვლავ დაწესება.
„შეზღუდვები ეკონომიკისთვის და სასწავლო პროცესისთვის ძალიან არასასურველი იქნება. იმ ქვეყნებმა, რომელთაც ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებელს (65-80%) მიაღწიეს, მოახერხეს - ეკონომიკის სრულად გახსნის მიუხედავად - კოვიდ-19-ის მძიმე შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება“, - განაცხადა კირტავამ.
ეკონომიტები კი ასეთ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, აუცილებელია არსებული რეგულაციების დაცვა და აღსრულების მექანიზმის გამკაცრება და არა მორიგი ლოქდაუნი, რასაც ბიზნესი ვერ გაუძლებს. ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომლის შეფასებითაც, ახლა ქვეყანაში არაპროგნოზირებადი ვითარებაა, არ უნდა კეთდებოდეს ნეგატიური განცხადებები, რაც ბიზნესის კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნის.
„ექიმების მოწოდებები, რომლებიც დღეს ისმის და ვირუსის ახალი ტალღების დაანონსება ბიზნესს აზარალებს და მის მომავალს ბუნდოვანს ხდის. სერიოზული გამოწვევების წინაშეა საქართველოს ეკონომიკა. 2020 წელს იმიტომ გვქონდა მძიმე მდგომარეობა, რომ მეორე კვარტალის ბოლოს შემოიღეს ლოქდაუნი.
პანდემიასთან ყველაფერი კავშირშია. შეზღუდვები საერთოდ რომ არ დავაწესოთ, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ზრდა გვქონდეს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობა იქნება. ამიტომ ბალანსია მოსაძებნი. შეზღუდვების შემოღებას და ახალი ლოქდაუნის გამოცხადებას, აჯობებს, მეტი ინვესტიციის მოსაზიდად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, ვაქცინაციის ტემპი დააჩქარონ და არსებული შეზღუდვებიც გაუქმდეს, თუკი ბიზნესს ხელს უშლის და აქტივობას ამცირებს“, - აღნიშნა ხორგუაშვილმა.