ლიდერი ლიდერის წინააღმდეგ

ლიდერი ლიდერის წინააღმდეგ

იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბრის აქციით კმაყოფილია და ამბობენ, რომ თავისუფლებაზე იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე ელოდნენ, როგორც ჩანს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი არ არის. მან ენმ-ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას ახალი დავალება მისცა და მოუწოდა, რომ პერმანენტული აქციები დაიწყოს. მიუხედავად ენმ-ის აღტყინებისა, რომ ორი კვირის განმავლობაში პირველად შეძლეს ამდენი ადამიანის მობილიზება, სააკაშვილის ციხიდან დახსნა ვერ შეძლეს.

ექს-პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუკი 14 ოქტომბრის აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდოდა, მაშინ ხელისუფლება შეშინდებოდა და მას ციხიდან გაათავისუფლებდა. თუმცა, როგორც დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, ნიკა მელია ამ პათოს არ იზიარებს და აქციაზე მან მხარდამჭერებს 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მელიას არ უთქვამს, რომ ქუჩის აქციებით ენმ-ის მთავარ ბელადს დაიხსნიდა. მან სააკაშვილი მხოლოდ მამაცობისთვის და მხნეობისთვის შეაქო. როგორც ჩანს, მელია ქუჩის აქციების დიდი მომხრე არ არის და მან კონცერტ-აქციის გამართვით მოვალეობა მოიხადა. პარალელურად, მელიამ ხელისუფლება გააფრთხილა, რომ არჩევნები არ გააყალბონ, რადგანაც ბევრნი არიან და ჭკუას ასწავლიან.

როგორც იკვეთება, მელიას ორ ფორნტზე ბრძოლა უჭირს, თუმცა ცდილობს, მოსახლეობა არ შეაშინოს და ხელისუფლების ნათქვამი, რომ ენმ-ი დესტრუქციული ძაალა და მას მხოლოდ ქვეყნის არევა უნდა, ამ მასობრივი აქციებით არ გაამართლოს. გარდა ამისა, ყოველდღიური აქციების გამართვა დიდ რესურსს მოითხოვს, რომელიც მეორე ტურისთვის მზადებაში პარტიას ხელს შეუშლის. სავარაუდოდ, სააკაშვილი შეშინებულია და ფიქრობს, თუკი მისი ციხეში ყოფნა დროში კიდევ გაიწელება, გათავისუფლების საკითხი კიდევ დიდი ხნის განამვლობაში გადაიწევს. მეორე მხრივ, მისი ადვოკატები სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების შესახებ განცხადების მომზადებას აპირებენ. მიუხედავად მე-5 პრეზიდენტის უარისა, როგორც ჩანს, სააკაშვილი ციხეში ვეღარ ძლებს და ყველა ხერხით ციხიდან გამოსვლას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა წაიკითხა.

მესამე პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა:

„მეგობრებო, თანაქალაქელებო, თანამემამულეებო, უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა.

რა თქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ - ზუსტად ვიცი.

ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებზე გამარჯვებისთვის.

გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული“, - წერს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.

სააკაშვილმა ემიგრანტებსაც მიმართა:

„ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

სააკაშვილსიგან განსხვავებით სრულიად სხვა პათოსი აქვს ნიკა მელიას. მან 14 ოქტომბრის აქციაზე მხადამჭერებს 30 ოქტომბრისთვის მობილიზება და არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა და დაამატა: „თუკი ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, აქცია ამის შემდეგ ისეევ გაიმართება“.

სააკაშვილის ეპისტოლარული ჟანრი ერთია და მეორეა რეალობა. როგორც ჩანს, სააკაშვილი 14 ოქტომბერს მობილიზებული მხადამჭერებით მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის. გარდა ამისა, სააკაშვილს, შესაძლოა, თავად მელიაც კი აღიზიანებს უკვე,  მელიას გეგმა გამარჯვებაა (არჩევნებში) და „არაფერი მეტი სხვა“, როცა სააკაშვილი ციხის გისოსებს აწყდება და გარეთ გამოსვლას ლამობს.

„მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავდადებით არაფრად ჩააგდო დევნისა და ციხის საფრთხე და ამ თავგანწირვამ რეჟიმი გაბზარა, უსამართლობა დაასუსტა... 30 ოქტომბერს ან ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება, ან გპირდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე“, - ამბობს მელია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი უფრო აგრესიული მოქმედებების მომხრეა, ხოლო ნიკა მელია, ამისგან თავს იკავებს. ამის მიზეზი კი საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნეგატიური მუხტის კიდევ უფრო გაძლიერებაა. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილის მოთხოვნამ - პერმანენტული აქციები დაიწყონ და ქვეყნის ჯანჯღარი გააგრძელონ, შესაძლოა, ხალხი შეაშინოს. ეს კი პარტიას მხადამჭერებს დააკარგვინებს. ამიტომ მელია უფრო ფრთხილობს და ხვდება, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ ეს ტაქტიკა არ გამოადგება.

„ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს დესტაბილიზაცია აღარ სურს. სააკაშვილის სურვილი კი არის, რომ ნებსიმიერი საშუალებით ციხიდან გამოვიდეს. ამიტომაც თავისი პარტიისგან ხელისუფლებაზე მასქიმალურ ზეწოლას ითხოვს. ხედავს სამართლებრივი გზებით მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება და უნდა აქციებით ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს. არ გამოვრიცხავ, მას უფრო დესტრუქციული მეთოდი ჰქონდეს ჩაფიქრებული. ყველა კარგად ხედავს, რომ სააკაშვილი შიმშილით სპეკულირებს. მისი მომხრეების ნაწილი ამბობს, რომ ის კვდება და შიმშილსგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ხოლო ნიკა გვარამია შედის და ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტი მხნედ არის და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შედიან იქ მღვდელმთავრები და ერთგვარი პილიგრიმობა აქვთ გამართული. სააკაშვილთან შესვლამ და მონახულებამ უკვე რიტუალური სახე მიიღო. სააკაშვილი, რომ მართლა ცუდად იყოს, ისინი განგაშს ატეხავდნენ“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ სააკაშვილმა შიმშილობის ტექნიკა ძალიან კარგად იცის და ამიტომაც იღებს ისეთ აუცილებელ ელემენტებს, რომ მისი მდგომარეობა არ დამძიმდეს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ექს-პრეზიდენტს შიმშილობა იმისთვის სჭირდება, რათა მისი პიროვნების კიდევ უფორ მეტი აქტუალიზება მოხდეს. სააკაშვილი იმპულსური ადამიანია, რომლისთვისაც მოკლევადიანი შედეგია მნიშვნელოვანი. ამიტომ მელიას ახლა ახალი დავალება მისცა და ყოველდღიური აქციები უნდა. ეს კი მეორე ტურისთვის საკმაოდ რთული იქნება.

„როგორც ჩანს, სააკაშვილი 14 ოქტომბრის აქციის მუხტმა არ დააკმაყოფილა. ამიტომ უნდა, რომ ციხიდან მალე გამოვიდეს. როგორც ჩანს, მას აწვდიან მცდარ ინფორმაციას, რომ აქციის მერე ხელისუფლება შეშინებული და დათრგუნულია. როგორც მას სჩვევია ხოლმე, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ ახლაა დრო და ხელისუფლებას მაქსიმალურად უნდა მიაწვეს. რა თქმა უნდა, პერმანენტული აქციები ენმ-ის საარჩევნო კამპანიას დააზიანებს. ასეთ რეჟიმში პარტიის ყოფნამ, შესაძლოა, მოსახლეობაში უკურეაქცია გამოიწვიოს. ხალხი იფიქრებს, რომ ენმ არ შეცვლილა, ისევ იგივე ძალად დარჩა და მისი უკან დაბრუნების შემთხვევაში, უარეს სიტუციაში აღმოვჩნდებითო. ამიტომ ეს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის ამომრჩეველში მობილიზებას იწვევს. ისეთივე დესტრუქციულ გზაზე დგას, როგორშიც ამ წლების განმავლობაში იყო და სააკაშვილის შერიგების ამბავს არ დაიჯერებენ“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ახლა ენმ-ს საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება აქვს გამოცხადებული. ამიტომ 14 ოქტომბერს რუსთაველზე რა რაოდენობის ამომრჩეველიც იყო, მისი მაქსიმუმიც ეს იქნება. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი იქნება ხალხის ქუჩაში გამოყვანის მერე რას აპირებენ. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილს პერმანენტული აქციები მაშინვე უნდა მოეთხოვა, როგორც კი ის დააკავეს. მისი აზრით, ეს ყველაფერი მაქსიმუმ რესურს მოითხოვს, ამიტომაც ენმ-ს ერთდროულად ქუჩის აქციები და არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდება.

„სააკაშვილის ციხიდან აქციებით გათავისუფლება წარმოუდგენელია, ამიტომ გაუგებარია ჩემთვის პერმანენტული აქცია მას რას მოუტანს. ეს გაამართლებდა მაშინ, როცა ის დააკავეს. 1 ოქტომბერს თუკი ციხესთან აქციები დაიწყებოდა მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ეს კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ 14 ოქტომბრის მერე ყოველდღიურად რამდენი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ? ეს ელექტორატი ხომ რეგიონებში უნდა იყვნენ და მეორე ტურებისთვის მოემზადონ! სავარაუდოდ, სააკაშვილს გამოსვლა ეჩქარება, მაგრამ მხოლოდ აქციების იმედად არ უნდა იყოს. მას ხელისუფლება ამ მიზეზით არ გაათავისუფლებს, მით უმეტეს მეორე ტურის წინ, ან თუნდაც მის მერე. ჩემთვისაც გაუგებარია სააკაშვილის და მელიას პათოსი. ის ამბობს, რომ მეორე ტურებისთვის უნდა მოვემზადოთო, ექს-პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ პარალელურად აქციები უნდა გაიმართოს. ამას რამდენად შეძლებენ არ ვიცი. კი ბატონო, ძლიერი და მყარი პარტიაა და ვნახეთ, ამომრჩევლის მობილიზება შეძლეს. ეს კი სააკაშვილის ფაქტორია, მაგრამ ბოლომდე აქციებით რას მიაღწევენ, ეს ცოტა გაუგებარია“, - ამბობს for.ge-სთან ძაბირაძე.

რაც შეეხება ენმ-ის მცდელობას, რომ  დასავლეთის ყურადღება მიიქციოს, ესეც უშედეგო მცდელობად მიაჩნია ძაბირაძეს: „კი ბატონო, მაგრამ დასავლეთიდან სააკაშვილი ჩამოსვლამდე გააფრთხილეს. ნიკა მელიას დაკავების დროს დასავლეთის რეაქცია და სააკაშვილის დაკავების დროს მათი მხრიდან გამოხატული გამოხმაურება სხვადასხვაა. ხელისუფლების მიმართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან დამოკიდებლება მელიას დაკავების შემდეგ სწრაფად შეიცვალა. ახლა კი, არც ერთმა საელჩომ და არც ერთმა ელჩმა განცხადებაც არ გააკეთა. ამიტომ მსგავსი განცახდების გაკეთება, რომ 14 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი დღე, არ შეიძლებოდა. ეს მათსავე ამომრჩეველში ნიჰილიზმს იწვევს და ამით ელექტორატს უფრო დაკარგავენ. სააკაშვილი ციხიდან დახსნას ითხოვს და კონცერტის გამართვით მას ვერ დაიხსნიან.