„არა სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებას!“ - დაზარალებულები საპროტესტო აქციას იწყებენ

„არა სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებას!“ - დაზარალებულები საპროტესტო აქციას იწყებენ

პოლონელი დეპუტატის, ანა ფოტიგას ინიციატივით, ევროპარლამენტარებმა საერთო წერილი შეადგინეს. წერილი, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა და მას ჯერ არც ხელმომწერები ჰყავს, პირველადი ვერსიით უკვე გავრცელდა. წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად. ევროდეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

ანა ფოტიგას და „ნაციონალური მოძრაობის“ საპაუხოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები დღეს, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორი, ა-რ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმომწერებს შეუერთდა რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც არიან საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრები. მისი თქმით, ეს მეუფეები თავის პოზიციას გაჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასზე ზრუნვის საბაბით და იმით ხსნიან, რომ ზოგადად ძალიან აწუხებთ ერის გახლეჩისა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის პრობლემები, რის გამოც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ.

„თუმცა, არ გვგონია, ისინი იმდენად გულუბრყვილო ადამიანები იყვნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავს ასეთ მოთხოვნაზე ხელმოწერა. თუ მაინც გულუბრყვილო პოზაში განაგრძობენ დარჩენას, ასეთ შემთხვევაში, გვინდა მათ და სხვებსაც ავუხსნათ - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ისინი მოითხოვენ, რეანიმირებული და რეაბილიტირებულ იქნას: ქუჩებში ადამიანების მკვლელობები და ციხეებში პატიმართა მიმართ წამებები და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობები; სახელმწიფოს ინტერესების სახელით მოქალაქეებისთვის ქონებების ჩამორთმევები; საპროტესტო აქციების გადაჭარბებული ძალის გამოყენებით და სამაგალითო სისასტიკით დარბევები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში თან ახლავს მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობები; ანტირუსული ისტერიის საფარქვეშ ტერიტორიებისა და ქონებების რუსეთზე გადაცემისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელი მოქმედებები და ა.შ.

თუ ჩვენი „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერთან სააკაშვილს არავითარი შეხება არ ჰქონია და ის უდანაშაულოდ ზის ციხეში, მაშინ პირდაპირ უნდა განაცხადონ, რომ ან სააკაშვილის მმართველობის ამ ბოროტებებს ადგილი არ ჰქონია და 2003-12 წლებში მიშა ახალი საქართველოს დამაარსებელი და აღმაშენებელია, ან უნდა აღიარონ, რომ კი, ბევრი ბოროტება ხდებოდა მისი მმართველობის დროს, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

პოლონელი დეპუტატის ინიციატივით შექმნილი წერილი მოულოდნელი არ ყოფილა „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც პარტიაში აცხადებენ, პარტიის დამფუძნებლის გათავისუფლებაზე, ისინი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც მუშაობენ. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი იბრძვიან ამ ქვეყნის და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში.

„აქ არ არის საუბარი, ვის რა პოლიტიკური სიმპათია, ან ანტიპათია გააჩნია. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება.

ყველა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის უკანონო პოლიტპატიმარია“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ თუ ვინმეს კითხვა ჰქონდა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ, რომ არ არის სანდო მართლმსაჯულება და არის პოლიტიკური დევნა.

„ძალიან სამწუხაროა საქართველოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ ადეკვატური საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმ რეალობის მიმართ, რაც არის მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის თვალსაზრისით. თუ ხელისუფლებაში ვინმეს კიდევ შეუძლია რეალობის ობიექტურად აღქმა, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ ჯერჯერობით არ იცის ვინ აწერს ხელს ამ წერილის, თუმცა მიაჩნია, რომ ვინც ხელი მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს. ქარუმიძის თქმით, ევროკავშირს რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.

„ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც ხელი მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს. ევროკავშირს ამ რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპარლამენტში, რათა უფრო გავამყაროთ ჭეშმარიტი, დასავლური დემოკრატია. გვჯერა, რომ დასავლურ ცივილიზაციას კანონის უზენაესობა უდევს საფუძვლად“, - წერს „ტვიტერზე“ ლევან ქარუმიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლბა ქვეყანას მართავს კონსტიტუციით, კანონმდებლობით და არა სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნებით.

„ჩვენ ქვეყანას ვმართავთ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით და არა სააკაშვილის ლობისტების ინტერესებითა და მოთხოვნებით. წერტილი ამას აქ ესმება. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გულშემატკივარი ნებისმიერი ადამიანის პოზიცია, მაგრამ როდესაც მათი პოზიცია სცდება საქართველოს გულშემატკივრობას და გადის კონკრეტული პირების პოზიციაზე, მათი პოზიციები აღარ არის საინტერესო.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს გულშემატკივრები იქნებოდნენ, ვერავის აზრს ვერ დავაყენებთ საქართველოს კონსტიტუციაზე, კანონზე და სამართალზე მაღლა. სამართალი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება კიდეც. მთავარი დამნაშავეები უნდა დაისაჯონ - სააკაშვილი და არაერთი სხვა. მერაბიშვილმა უკვე მოიხადა და მეგის ქარდავაც ახლახან ჩამოვიყვანეთ, არიან ციხეში. კიდევ რამდენიმეა აუცილებლად ჩამოსაყვანი, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი. ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი თუ ეპარებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ ეს სასამართლო მოსყიდულია.

„მინდა, ანა ფოტიგას შევახსენო - ევროპული სტანდარტი ის არ არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუპირისპირდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამას გარკვეულწილად ხალხმა ხელი არ უნდა შეუწყოს, მით უმეტეს, ევროპარლამენტარი თუ ხარ. არც ერთ მათგანს არ უთქვამს, ადამიანისთვის რამდენად მტკივნეულია, როცა შვილს მოუკლავენ და არის თუ არა კონკრეტული ადამიანი დამნაშავე იმისათვის, რაც ჩაიდინა.

თუ მათ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებათ, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო მოსყიდულია, როგორც ეს აღნიშნეს ოპოზიციის ლიდერებმა და მისი მოსყიდვის გამო იღებენ სააკაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ორი თუ სამი ევროპარლამენტარი იმას აწერს ხელს, რომ ყველანაირი სტანდარტი დავივიწყოთ, ციხიდან გამოვუშვათ ადამიანი, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურს უნდა ჩაუდგეს სათავეში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.