პურის გაძვირების მორიგი ტალღა აგორდა!

პურის გაძვირების მორიგი ტალღა აგორდა!

რამდენიმე დღეა დედაქალაქში პური 10 თეთრთი გაძვირდა, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც 20-თეთრიანი მატებაა. მთავრობამ, როგორც ჩანს, ფქვილის სუბსიდირებაზე უარი საბოლოოდ თქვა, მეწარმეებს კი მეტის მოთმენა წარმოების გაკოტრების ფასად უჯდებოდათ. წელს მთავარი საკვები პროდუქტი უკვე მეორედ გაძვირდა და გამორიცხული არ არის, ფასი წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს.

ხაშურში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანია „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებლის ირაკლი ოშხნელის თქმით, პურის ფასი მაღაზიებში დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა.

„კონკრეტულად ჩვენს წარმოებაში პურის ფასის გაზრდა დაახლოებით 10 თეთრით მოგვიწია, თუმცა ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებიც ემატება და მაღაზიებში პური 20 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ღირებულებაა, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. გარდა ამისა, პურის ცხობისათვის საჭირო სხვა პროდუქტების ფასიც თითქმის ყოველდღიურად იზრდება. კატასტროფა ხდება. ჩვენი წარმოება სრულად ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულებაზეა დამოკიდებული“, - განმარტა მწარმოებელმა.

აღსანიშნავია, რომ პურზე ფასის მატება ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც. ფასი 10-დან 20 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ პურის ფასმა მინიმუმ 10 თეთრით მოიმატა. გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულების ზრდამ განაპირობა.

„ვადასტურებ, რომ პურის ფასზე 10-თეთრიანი ზრდა არის. დღეს მსოფლიოში ხორბლის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა, 300 დოლარს გასცდა. როგორც ცნობილია, ჩვენ სუბსიდირების პროგრამა დავასრულეთ, სახელმწიფო თითქმის 1 წელი ცდილობდა, პური არ გაძვირებულიყო, თუმცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტი ხორბალი მოჰყავთ, იქ პურის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში. არა მგონია, ისე მტკივნეული იყოს, ამ ფაქტს ფასების მკვერი ზრდა დავარქვათ.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე ფქვილის ღირებულების მატება დაიწყო, რამაც ჩვენი წარმოებების მუშაობა გაართულა. პურის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის გაუქმების შემდეგ, თვითღირებულებაში ვერ ვჯდებოდით. როგორც კი მსოფლიო ბაზარზე ცვლილებები იწყებოდა, ეს ჩვენზეც უარყოფითად აისახებოდა.

ჩვენ ეს საკითხი რამდენჯერმე დავსვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე. მინისტრის განმარტება იყო, რომ დღეს საქართველოში პურის ფასი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალია. ამ ადამიანმა თქვა ის სიმართლე, რაც არის. ვფიქრობ, დღეს პურის 10-თეთრიან მატებას ქვეყანა არ დაუქცევია“, - განაცხადა „ინტერპერსნიუსთან“ დოლიძემ.

მისი თქმით, არავის ინტერესში არ შედის ის, რომ პურზე ფასი გაიზარდოს. როგორც მალხაზ დოლიძე აცხადებს, დღეს ყველა პური შეფუთული იყიდება, რადგან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა.

„ჩვენ შეგვეძლო პური არ გაგვეძვირებინა, თუმცა არც ერთი პური შეფუთული არ გამოვიდოდა. მოსახლეობას კი ასეთი პური არ უნდა, ითხოვს, რომ ყველა პური შეფუთული იყოს. მარტო შესაფუთი მასალა 15-16 თეთრი ჯდება“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამომავლოდ პურზე ფასების მატება, მალხაზ დოლიძე პასუხობს, რომ ეს ისევ და ისევ ხორბლისა და ფქვილის ფასებზეა დამოკიდებული. მან ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა განმარტება, თითქოს თბილისის ცალკეულ უბნებში პურის დეფიციტია. როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, საქართველოში პურზე დეფიციტი არ არის.

„საქართველოში პურის დეფიციტი არ არის, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. დისტრიბუცია მუშაობს და მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ყოველთვის ვცდილობთ, მოსახლეობასთან მართალი ვიყოთ. თუმცა, თავს ზემოთ ძალა არ არის, როცა ხორბლისა და ფქვილის ფასი იზრდება. სხვათა შორის, დღეს ფქვილის ფასი 73 ლარი გახდა, რაც ძალიან არასასიამოვნოა“, - განაცხადა დოლიძემ.

რუსეთიდან ხორბლის ექსპორტისას დაწესებულმა საბაჟო გადასახადებმა ივლისის შემდეგ ხორბლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც საქართველოში პურის ფქვილის და საბოლოოდ კი პურის გაძვირება გამოიწვია. დღეს პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ ერთ ტომარა ფქვილს 73-75 ლარად ყიდულობენ, შესაბამისად პური 10-20 თეთრით გაძვირდა.

ხორბლის გადამამუშავებელი წისქვილკომბინატ „ბარაქას“ ხელმძღვანელი ლადო ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხორბლის ფასი დაახლოებით 10 დოლარით არის გაზრდილი. ერთი ტონა რუსული ხორბლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 320 დოლარია, ხოლო ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბალი 330 დოლარი ღირს.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ ყაზახეთიდან დაკონტრაქტებული გვაქვს ხორბლის იმპორტი და დაახლოებით 7 000 ტონის შემოტანა იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ რუსული და ყაზახური ხორბლის ღირებულება 10 დოლარითაა განსხვავებული, გადავწყვიტეთ გარკვეული პროცენტით ჩავანაცვლოთ რუსული ხორბალი. საწყის ეტაპზე საუბარია 30%-იან წილზე, შემდეგ კი შევხედავთ როგორი იქნება ფასთა სხვაობა. ჩვენთვის 10 დოლარით ძვირის გადახდა ყაზახურ ხორბალში მცირე თანხა არ არის, მაგრამ ალტერნატიული ბაზრის არსებობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა „ბიემთან“ ბიძინაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ღირებულება 70-73 ლარია, რაც ერთი თვის პერიოდის ღირებულებას 3-4 ლარით აღემატება.

აღსანიშნია, რომ ხორბლის იმპორტიორები და მწარმოებლები სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათების დაწესებას თითქმის ერთი თვეა ელიან, რაც მათ და ფქვილის იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. “ბარაქას” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ კუთხით სიახლეები არ აქვთ და როდის მიიღებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოებების ხელშესაწყობად გადაწყვეტილებას, არ იციან.