მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დააპატიმრეს, „ნაცმოძრაობის“ და მასზე მიტმასნილი ოპოზიციის საყვარელი თემა დიდ ეროვნულ შერიგებაზე საუბარი აღმოჩნდა. თაკო ჩარკვიანის ინიციატივით მოწყობილ მიტინგზეც გამოტანილი იყო ტრანსპარანტი „შევრიგდეთ ყველანი!“ ჩარკვიანის გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ კი იყო, „ჩემი შემოთავაზებაა, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი - ეს თქვენც გჭირდებათ“.
უფრო ადრე ეს იდეა გიგი უგულავამ გაახმოვანა და „მილენიუმის აქტზე“ ალაპარაკდა, რომელიც შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის ეპოქებს მოიცავდა. უგულავა მილენიუმის აქტის, ანუ ამნისტიის პერიოდსაც გვთავაზობდა, ეს უნდა შეხებოდა 2000-2021 წლების მონაკვეთს.
დიდ შერიგებაზე საუბარი, ერთი შეხედვით, კეთილშობილური იდეაა, მაგრამ გააჩნია, ვისთან რიგდები? ადამიანებთან, რომლებსაც მონანიების ნატამალი არ ეტყობათ? თანაც, რიგდები მოლაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, თეთრაძის და სხვა ადამიანთა ტრაგედიების ხარჯზე? შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ დიდ შერიგებაზე საუბარი?
პოლიტოლოგ თამარ კიკნაძეს აინტერესებს, ნაციონალებთან შერიგების შემთხვევაში იმ მსხვერპლთა ახლობლებსა და ნათესავებს რას ვეუბნებით, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს შეეწირნენ? თამარ კიკნაძის შეფასებით, ბევრი ცოდვა აქვთ ნაციონალებს ამ მხრივ ჩადენილი.
„მესმის, ქვეყნის კეთილდღეობიდან გამომდინარე, შეიძლება ყველა ნაბიჯზე წახვიდე, მაგრამ აქ არის დიდი დილემა, რომ მხოლოდ სამართლებრივ სახელმწიფოში შეიძლება აღმშენებლობის პროცესი. ამდენად, თუნდაც შერიგების აქტი არ იქნება სამართლიანი, როდესაც დამნაშავეს შესაბამისი პასუხი არ გაეცემა. ასეთ შემთხვევაში, მეორე მხარე დარჩება უკმაყოფილო. ასე რომ, აქ ოქროს შუალედია მოსაძებნი. რას ვეუბნებით მეორე მხარეს მდგომ უმრავლესობას, რომლებიც ძალიან დიდ გულისტკივილს და აგრესიას გამოხატავენ წინა ხელისუფლების მიმართ! პირადად მეც დაზარალებული ვარ, რამდენიმე სამსახურიდან გამათავისუფლეს იმის გამო, რომ ჩემს აზრს ვაფიქსირებდი, რადგან ჩემი ქვეყანა მიყვარს და არ შემეშინდა მათი რეჟიმის. ამის გამო რეპრესირებული გახლდით. მე არ მაქვს სამსახურის გაჭირვება და სხვაგან წავედი, მაგრამ რამდენი ღვაწლმოსილი პროფესორი გარეთ დატოვეს და 80-ზე მეტი ადამიანი, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, შეეწირა ამ პროცესს. რას უშვებიან ამ ცოდვას, რომელიც მათ ჩაიდინეს?“ - აღნიშნა თამარ კიკნაძემ for.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ 30 წელია, ამ ქვეყანაში ლაპარაკი მიდის შერიგებაზე და ეს ვერ მოხერხდა. თავის დროზე მოწოდებები იყო ამის თაობაზე, სიონში პარაკლისებსაც იხდიდნენ, სამღვდელოება, ილია მეორე ჩართული იყო ამ საქმეში, მაგრამ არ ხდება ასე მარტივად. შერიგება რომელიმე აქტზე ხელის მოწერით და ამ აქტის გაფორმებით არ მიმდინარეობს. რეალური შერიგება დაიწყება მაშინ, როცა ქვეყანაში არსებული ვითარება შეიცვლება.
პოლიტოლოგის თქმით, ჩვენ გვინდა, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ ისე, რომ ვერ ვაცნობიერებთ მიზეზებს. როცა ქვეყანაში არ არის დემოკრატიული ინსტიტუტები, მაშინ ეს შერიგება არ მუშაობს და ბლეფია. არც ერთმა ხელისუფლებამ არ შეუწყო ხელი ამ პროცესს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაეწყო ფუნქციონირება.
„2012 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ალბათ, საქართველოში ერთადერთი ვიყავი, რომელმაც მოვუწოდე „ოცნებას“, თავი დავანებოთ წარსულს, ბოლომდე ჩვენ ვერ გავალთ ამ საკითხში და დავიწყოთ ნორმალური, დემოკრატიული, დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა. სამართლიანობის აღდგენაზე მიმდინარეობდა მაშინ დიდი საუბარი. მაშინ მომყავდა პოლონეთის მაგალითი, სადაც იარუზელსკიმ საშინელებები ჩაიდინა, მაგრამ მაშინ მათ შეძლეს და გადადგეს შერიგებისკენ ნაბიჯი. ვალენსამ გადადგა ეს ნაბიჯი. ამაზე რომ ვსაუბრობდი, იმავე გადაცემაში ჩაერთო ანა დოლიძე. მანაც იგივე თქვა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მაგალითი გაიხსენა, მათ შორის, ჩილეს პრობლემა, ასეთ შემთხვევაში შერიგება ხდება. ესპანეთში მოხდა შერიგება ფრანკოს მიერ, ბევრგან მოხერხდა შერიგება, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. როცა ეს ნაბიჯი გადაიდგა, ფრანკისტული რეჟიმი შეცვალა დემოკრატიულმა რეჟიმმა, კომუნისტური რეჟიმი პოლონეთში შეცვალა დემოკრატიულმა რეჟიმმა. საქართველოში ასეთი ცვლილებები არ მომხდარა. როცა ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს თავისთავად გამოიწვევს შერიგებას, მოახდენ ამის დეკლარირებას, თუ არა. მაგრამ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას გადმოიბარებ, იგივე სასამართლო და მოსამართლეები გყავს, რაც მას ჰყავდა, იქ შერიგება ვერ მოხდება“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
მანვე განმარტა, რომ შერიგება რთულია მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა ტრაგედიების ფონზე, მაგრამ შერიგება იმდენად მნიშვნელოვანი აქტია, თუკი ამ ნაბიჯზე მივდივართ, მაშინ რეალური სამართალი უნდა იყოს ქვეყანაში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავდგათ ეს აუცილებელი ნაბიჯი, რადგან, როცა იქნება, მაინც მოგვიწევს შერიგების დაწყებაზე ფიქრი.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ ნაცებთან ვერავითარი შერიგება ვერ მოხდება, რუსთაველს კარგად აქვს ნათქვამი, „თავსა ახლად ვერვინ იშობს“, ნაცებიც თავს ხელახლა ვერ იშობენ. დემოგრაფის აზრით, ესენი რომ იყვნენ ნორმალურები, ინტელიგენტები, მაშინ შეიძლება დათმობასა და შერიგებაზე საუბარი.
„იმერეთს რა ვუთხარი, ხატია დეკანოიძეს რომ მოუსმენენ, თქვენ გგონიათ, უფულოდ ხდება ეს ყველაფერი ქუთაისში? ერთ დროს ქუთაისი კულტურული ქალაქი იყო, თბილისს კვებავდა ინტელიგენციით, მაგრამ უგულავასთან, ბოკუჩავასთან შერიგება ვერ მოხდება. ერთადერთი გამოსავალია, ნაცებმა დატოვონ პოლიტიკური სცენა და ‘ნაციონალებისწასვლა სულაც არ იქნება ნაციონალური დანაკარგი. კაცის მკვლელებთან შერიგება შეიძლება? მანიაკები იყვნენ, ტკბებოდნენ, როცა მათ მიერ ნაწამები ხალხის სურათებს ხედავდნენ. ესენი ავადმყოფები არიან. თაკო ჩარკვიანის მკვიდრმა ბიძამ, ჯიმი ჩარკვიანმა დაწერა წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილს ემადლიერება, ჩვენს ოჯახზე დიდი ამაგი აქვსო. თაკო ჩარკვიანს კი იდეაფიქსი აქვს თავში და მთელმა მსოფლიომ რომ უთხრას, არ ხარ სწორი, მაგას ვერ გადაათქმევინებ. რაც შეეხება სააკაშვილს, მისი ბიძა მსხვილი მილიარდერია, ერთი მილიარდიც რომ გადმოაგდოს საქართველოში, მთელ საქართველოს ააყირავებს. მით უმეტეს, მაშინ, როცა ხალხს უჭირს“, - აცხადებს ანზორ თოთაძე ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, სინანულით შენიშნავს, რომ ახალგაზრდები არაფერს კითხულობენ, მარტო ტელეფონზე არიან მიბმულები, მათ არ იციან, რა მოხდა 10-13 წლის წინ, არც აინტერესებთ, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს. ამდენად, დემოგრაფი ფიქრობს, რომ ჩვენ ახალგაზრდებიც წაგვართვა მიშამ, ამას წლები უნდა, რომ ახალგაზრდები ქართულად აზროვნებდნენ, თავიანთი სამშობლო და ხალხი აინტერესებდეთ. თუმცა, ცხადია, ყველა ახალგაზრდაზე ამას ვერ ვიტყვით.