ციხის კარები მაინც ვერ განიხვნენ

ციხის კარები მაინც ვერ განიხვნენ

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის გეგმა და თბილისის ცენტრში დაბარებული 100 000 მომხრის ნაცვლად 15 000 მხარდამჭერი - ეს არის 14 ოქტომბრის აქციის შედეგი, სადაც ენმ-მა პარტიული აქტივის მაქსიმუმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზება შეძლო. რატომ ვერ მოაგროვა მელიამ ამომრჩევლის 20%-მაინც, როცა არჩევნებზე ენმ-ს მხარს ნახევარ მილიონამდე ადამიანი უჭერს?

3-საათიანი აქცია კონცერტის და პოლიტიკური ლიდერების გამოსვლით წარიმართა, სადაც ხელისუფლებას სააკაშვილის გასათავისუფლებლად ულტიმატუმი მისცეს და აქვე მელია დაიმუქრა: „ბიძინა ივანიშვილო, თუ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე - გეგმა არის ერთადერთი და ეს არის გამარჯვება!“.

ამასთანავე ციხიდან მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს შემოუთვალა, რომ წყენა უნდა დაივიწყონ, თავად კი პირობა დადო, რომ რევენშს და შურისძიებას ადგილი არ ექნება.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან, უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენ ქვეყანას“, - ირწმუნება სააკაშვილი ციხიდან.

ანალიტიკოსები კი for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს აქციაზე, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება ვერ მოხდება. ხელისუფლებამ თუკი ეს გადაწყვეტილება მიიღი, მაშინ ის ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. მეორე მხრივ კი ენმ ამით ვა-ბანკზე მიდის და ერთი და იგივე წრეზე ტრიალს აგრძელებს. მიუხედავად სააკაშვილის ციხეში ყოფინისა, პარტიამ ამომრჩევლის მხოლოდ 2-3%-ის მობილიზება შეძლო, რაც მათივე ელექტორატში ნიჰილიზმს გააჩენს. ფაქტია, რომ ენმ-ს სამოქმედო გეგმა ქუჩის აქციების გარდა არა აქვს. ისინი იმპულსურად მოქმედებენ და პარტიაში არსებული დაპირისპირების ფონზე კიდევ უფორ მეტ პოლიტიკურ შეცდომას უშვებენ.

სად არის აქციაზე დაბარებული 100 000 ადამიანი?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაბარებული 100 000 კაცი აქციაზე არ მივიდა. მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე 15 000-მდე ადამიანი მივიდა, რომლის მობილიზებისთვისაც ქვეყნის მასშტაბით ენმ-ს 2 კვირა დასჭირდა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რამდენი ხალხიც არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, მიხეილ სააკაშვილი ციხეში 6 წლის განმავლობაში დარჩება, ხოლო 30 ოქტომბერს არჩევნებს ხელისუფლება მოიგებს.

„რამდენი ათასი ადამიანიც არ უნდა შეიკრიბოს თბილისის ცენტრში თუ სხვა ქალაქებში, საქართველო დემოკრატიული და სუვენერული სახელმწიფოა, კანონის უზენაისობის თანახმად კი, აქციებით და კონცერტებით გარეთ პატიმრები ვერ გამოდიან. სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, რომ 2003 წლის ნოემბერია, თუმცა დღეს 2021 წლის ოქტომბერია. საქართველო და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულიად შეცვლილია. ხალხის განწყობა სააკაშვილის დაპატიმრებისთანავე ემოციური ყოფილიყო, ეს ვერ დავინახეთ.

თუკი მისი დაპატიმრება ჩვენ მოსახლეობას უსამართლოდ მიაჩნდა, მაშინ მასობრივი და ფართომასშტაბიანი აქციები 1 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან უნდა ყოფილიყო. ჩვენ 1 და 2 ოქტომბერს ციხესთან მხოლოდ პარტიის ლიდერები და აქტივისტები დავინახეთ. დაახლოებით ორი კვირა დასჭირდათ იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით 15 000-მდე ადამიანი შეეკრიბათ. ამასთან, სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, თბილისში ადამიანები ზოგი მოტყუებით წამოიყვანეს, რომ სვეტიცხოვლობაზე მცხეთაში მიჰყავდათ. ზოგსაც ფული გადაუხადეს, ზოგი კი უბრალოდ თბილისში ექსკურსიის მიზნით წამოვიდა. კი ბატონო, აქცია გაიმართა და მერე რა, რა გეგმა აქვთ, ასე შეიკრიბებიან ხოლმე და გულს მოიფხანენ?“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ის, რომ თავისუფლებაზე 100 000 ადამიანი უნდა მდგარიყო და რუსთავის ციხის კარები გახსნილიყო, ილუზიაა და ილუზიად დარჩება. აქედან გამომდინარე, რუსთაველზე გამართავენ კონცერტს თუ სხვა ქალაქებში, სააკაშვილს იმ სასჯელებზე პასუხისგება მოუწვეს, რომლიც მან ჩაიდინა.

„მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურამდე და მეორე ტურის შემდეგაც ციხეში, მინიმუმ, 6 წელს გაატარებს. არა აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში თუ ტელეეთერებში რას გააკეთებს. ფაქტი ერთია, რომ ეს პარტია წაგებულია. მეორე მხრივ, რეგიონიდან ჩამოყვანილი ენმ-ის დამკვირვებლები და აქტივისტები მეორე ტურებისთვის ისევ უკან უნდა გადაისროლონ. რასაკვირველია 30 ოქტომბერს „ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ოპოზიციის ისევ სასაწარკვეთილ ქმედებებს ვიხილავთ. ენმ კვლავ ქუჩაში გამოვა, იტყვიან, რომ რევოლუციური მუხტია, მაგრამ ეს კინოფილმი ქართულ საზოგადოებას ნანახი აქვს. ამიტომ მეორე ტურების შემდეგ საფრთხე ხელისუფლებას კი არა ენმ-ს ემუქრება, რომლიც გარდაუვალი დაშლის წინაშე დგას, ხოლო მის ნანგრევებზე სხვა პატარა პარტიები აღმოცენდება“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

მელიას და სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი 30 ოქტომბრის შემდეგ

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციოანლურ მოძრაობას“ პარტიაში ორხელისუფლებიანობა ჰქონდა და სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მისი მომავალი გაურკვეველი გახდა. ამიტომ სააკაშვილმა მას პარტიული აქტივის მასქიმუმის მობილიზება დაავალა. მელიამ კი რაც შეძლო, ეს მხოლოდ 15 000-მდე ადამიანის მობილიზებაა, რომელიც 3 საათის შემდეგ დაიშალა. ანალიტიკოსი ამის ორ მიზეზს ასახელებს:

„პარტიის რეალური ბელადი და მმართველი სააკაშვილი ჩამოვიდა. მან პარტიის ნომინალურ მმართველს 100 000 მხადაჭერის ქუჩაში გამოყვანა მოსთხოვა. მელიას მინიმუმ 10 დღის ვადა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს და როგორც ჩანს, პარტიაში სააკაშვილისგან ამ რაოდენობის დაფინანსებას ითხოვდნენ. აი, ამ დამფინანსებელმაც ციხიდან შეუთვალა - სადაც ამდენი ფული მაქვს დახარჯული და ამხელა მხარდამჭერები მყავს, ნახევარი მილიონი ნუ იქნება და მომხრეების 20% მაინც მოიყვანეთო. 2-3%-ზე მეტი ამომრჩეველი მელიამ აქციაზე ვერ მოიყვანა. ამაზე დიდი მიზეზი ადამიანების მობილიზების რაღა უნდა ყოფილიყო, როცა მათი ბელადი ციხიდან დახსნას ითხოვს? მაქვს ეჭვი, რომ ამის მიზეზი ორია - ერთი, რომ მელია სააკაშვილზე ეჭვიანობს და იცის, მეორე ტურის წაგების შემდეგ მას ისედაც თავიდან მოიშორებენ და დიდი ალბათობით, თავი არ შეიწუხა. მეორე მიზეზი კი ის შეიძლება იყოს, რომ პარტია როგორც ერთი მყარი ორგანიზმი აღარ არსებობს და ის მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელიც არჩევნების დროს ფიქსირდება ხოლმე, სხვა მიზეზებით არის განპირობებული“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, 30 ოქტომბრის შემდეგ, როგორც ნიკა მელიას, ასევე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი გაურკვეველი ხდება. მელიამ თავი უკვე დაიზღვია და განაცხადა, რომ თუკი ის მეორე ტურს წააგებს, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ის ენმ-ში რიგით წევრად დარჩენას არ აპირებს, ამიტომ პარტიას დატოვებს. რაც შეეხება სააკაშვილს, მისი ეფექტი მეორე ტურის შემდეგ დაიკარგება და ის ისევე მიავიწყდებათ, როგორც ბაჩო ახალაია. ქართველიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის დაბრუნების ეფექტს 1 ოქტომბერს უკვე უნდა ემოქმედა. ეს კი არ მოხდა, ამიტომ, ახლა, ფულით მობილიზებული პარტაქტივი ქვეყანაში პოლიტკურ რეალობას ვეღარ შეცვლის.