საქართველო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ, კი ბათუმის ტრაგედიის გამო გლოვა იყო გამოცხადებული. არც ერთ და არც მეორე მოვლენას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელი არ შეუშლია, მთავრობის სახლის წინ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომაშტაბიანი აქციაა გაემართა.
მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მობილიზება დაიწყო და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის სასახლის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უკანა ეზოში ყვითელი ავტობუსებითა და ე.წ. პიკაპებით სპეცრაზმელები განლაგდნენ. პოლიციელებით სავსე რამდენიმე ერთეული ყვითელი ავტობუსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ხოლო ერთი ავტობუსი პარლამენტის ეზოშია მობილიზებულები.
თავიდან, ოპოზიციამ თავი შეიკავა აქციაში მონაწილეობისგან, თუმცა, ნაცებმა, როფოგრც ჩანს, დააინტერესეს „სტარტეგია აღმაშენებელი“ და მათაც აქციაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას იზიარებენ.
„დღევანდელი აქციის ძირითადი გზავნილებია: პოლიტდევნის შეწყვეტა, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, სასამართლო რეფორმების აუცილებლობა, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, რასაც სრულად ვიზიარებთ და მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული აქცია და არავინ აპირებს მანდატების ფრიალს, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ვინც იზიარებს ამ პათოსს, სულისკვეთებას, მივიღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არ არის ამ აქციის ორგანიზატორი, არც ლოჯისტიკაზეა პასუხისმეგებელი, მაგრამ ჩვენი წევრები, მეც, პირადად მივდივართ აქციაზე, რადგან სრულიად ვიზიარებთ, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, მით უმეტეს, ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს. დანარჩენი - ბრალის, თუ უდანაშაულობის დამტკიცება თავისუფალ, სამართლიან სასამართლოში უნდა მოხდეს და არა ჩინჩალაძის სასამართლოში. ზოგიერთი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი საკუთარ შარდს არ ანდობს საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ახლა ადამიანის გასამართლება, მით უმეტეს, ადამიანი, რომელიც შიმშილობს და შესაძლებელია, რომ სავალალოდ დასრულდეს ეს ყველაფერი, არ მგონია, რომ ამ სასამართლოს პირობებში სამართლიანად გადაწყდეს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობამ“ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება რეგიონებიდან დაიწყო. რეგიონებიდან დაძრულ კოლონას კი ხალხი გზაზე ცოცხებით ხვდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ. ქალაქის შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით იდგნენ და ავტომობილებს შეძახილებით აცილებდნენ: „წაიღეთ, გაიყოლეთ“, - ამ შეძახილებით და ცოცხებითა და ყავარჯნებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები გურჯაანიდან თბილისში მიმავალ ავტოკოლონასაც დახვდნენ.
აქტივისტები გზის სავალ ნაწილთან იდგნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციისკენ მიმავალ ადამიანებს სხვადასხვა შეძახილით აცილებდნენ. მსგავსი აქცია - პერფორმანსი თელავშიც გაიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქციას, პარტიის წევრი გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა.
„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ორგანიზაციულად სხვადასხვა პარტია არ იქნება აქ. დარწმუნებული ვარ, ამ პარტიების ძალიან ბევრი ლიდერი და ამომრჩეველიც აქ იქნება. გვჯერა, რომ ყველა ამ რეალურად პროდასავლურ და პატრიოტულ პარტიას აქვს გაცნობიერებული თავისი როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. დღეს აქ იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ასევე პირველყოვლისა მხარს უჭერს ცვლილებებს და საქართველოს გათავისუფლებას ამ პუტინისტური, მოღალატე რეჟიმისგან.
არავისთვისაა გასაკვირი, რომ არ რეჟიმის სასოწარკვეთილი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც პირწმინდად დამარცხდნენ, რომ ხელი შეუშალონ ხალხს, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება.
„სააკაშვილი განზრახ წავიდა ამაზე - პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის“, - უკვირს „გირჩელ“ სანდრო რაქვიაშვილს.
„ჩემთვის ამ აქციის მიზანი გაუგებარია, ჯერ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებაზე იყო საუბარი, თუმცა, ეს გაუგებარია, რადგან მიხეილ სააკაშვილი თვითონ ჩამოვიდა და გასაგებია, რომ ამით დამთავრდებოდა. ზოგადად არ მესმის ამ ყველაფრის მიზანი და შინაარსი, ამიტომ მე არ ვიქნები ამ აქციაზე. თუ ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ გასაგებია, რომ მე იქ არც უნდა ვიყო. თუ მიზანი მისი პატიმრობის გაპროტესტებაა, გასაგებია, როცა ის ჩამოდიოდა საქართველოში, ეს დასრულდებოდა პატიმრობით, მაშინ, რას ვაპროტესტებთ ვერ ვხვდები.
პრობლემაა არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არამედ ის, რომ ერთ მხარეს არის მილიონი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ციხეში უნდა იყოს, მეორე მხარეს ნახევარი მილიონი მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს და ამ დაპირისპირებიდან როგორ გამოვალთ, ეს არის პრობლემა. არ მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს როგორც პოლიტპატიმარს ვუყურებთ, ის რომ მართლა დაეჭირათ, ჩამოეყვანათ, „ოქეი“, რაღაც შინაარსი გაჩნდებოდა, ის ხომ განზრახ წავიდა ამაზე - პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, ამ ჟესტს რა მიზანი ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის, თორემ ზოგადად, სასამართლო რეფორმა რომ ჩასატარებელია, ამაზე პირველები ვიყავით ფაქტობრივად, როცა ვსაუბრობდით. თუ ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის ვიკრიბებით და ეს არის შინაარსი, „ოქეი“, მაგრამ მე არანაირი შთაბეჭდილება არ მრჩება, რომ რეფორმებზე და ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ მიზანზე“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
აქციას არ უერთდება არც „ლელო“. „დღევანდელ აქციას „ლელო-საქართველოსთვის“ არ უერთდება. თუმცა, ჩვენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში წარმოდგენილი ვართ“, - განუცხადა for.ge-ს „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
აქციაზე არ იქნება არც პარტია „ხალხის“ ლიდერი ანა დოლიძე, მიზეზი კი for.ge-თან საუბარში ასე განმარტა: „აქციაზე წასვლას არ ვაპირებ. სააკაშვილის პატიმრობსთან დაკავშირებით, ასეთი პოზიცია მაქვს - ის უნდა გასამართლდეს საერთაშორისო სტანდარტებით, სპეციალური პალატით, 6 საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლით ჰააგიდან. ამის გამოცდილება ბოსნია-ჰერცოგოვინაში უკვე იყო“, - გვითხრა ანა დოლიძემ.